პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ჩიხში იმყოფება რომელშიც თავი თვითონ შეიყვანა და არაადეკვატური განცხადებებებით გამოირჩევა.
„ეს არის ჩიხიდან გაკეთებული განცხადება. პრეზიდენტი არის ჩიხში. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამბობდით. პრეზიდენტმა საკუთარი თავი თვითონ შეიყვანა ჩიხში. როცა ჩიხში ხარ, არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებ. ყველა ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებები სამართლიანი არ არის“,-განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მომხდარა.
„ქვეყნდებოდა სოციალური კვლევები, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული ტელევიზიებიც აქვეყნებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს. სოციალური კვლევის შედეგები დაემთხვა არჩევნების შედეგებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თუ იყო ერთეული შემთხვევები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება გვქონდეს რეაგირება. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების სისტემურ გამოყენებას, არის ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.