Home რუბრიკები პოლიტიკა „ოთხი ეკა“ და სააკაშვილი, ანუ ვინ მართავს საქართველოს

„ოთხი ეკა“ და სააკაშვილი, ანუ ვინ მართავს საქართველოს

GEWORLD.GE:
«ვიკილიქსი» ამ ბოლოხანს ისე გვანებივრებს საქართველოს შესახებ დოკუმენტების გამოქვეყნებით, რომ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება – არც ასეთი მასშტაბური გაჟონვაა შემთხვევითი და არც ამ დოკუმენტების ხასიათი. დეპეშებსა და დოკუმენტების მასივში საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი ერთი დოკუმენტი მართლაც სენსაციურ ხასიათს ატარებს. იგი იმ ქართველ ქალებს ეძღვნება, რომელთაც წამყვანი პოზიციები უკავიათ დღევანდელ ხელისუფლებაში.

 
გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას რედაქციის კომენტარებით. თავად  დოკუმენტი სახელწოდებით «ვინ მართავს საქართველოს» იხილეთ დანართში.
მეტად საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტი მომზადებულია 2007 წლის 21 აგვისტოს, გაგზავნის თარიღად კი 2011 წლის 30 აგვისტოა მითითებული. რას უნდა ნიშნავდეს ეს და რაში დასჭირდათ 4 წლის წინანდელი დოკუმენტის ამერიკის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გადაგზავნა? მით უფრო, რომ საელჩოების საქმიანობაში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან – აგვისტო საკუთარი თავის მოყვარული დიპლომატებისთვის მკვდარი თვეა. ვის დასჭირდა ასე სასწრაფოდ უკვე კარგა ხნის მოძველებული ბიოგრაფიული ცნობების გაგზავნა?
ასევე გაუგებარია, გენდერული თანასწორობის მოყვარულმა ამერიკელებმა რატომ გამოარჩიეს ცალკე ქალები. დასკვნაში ნათქვამია:
«აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერ, დასავლური განათლების მქონე ოფიციალურ პირებს შორის ხელისუფლების ბევრი წამყვანი პოსტი უკავია ქალებს. პარლამენტის სპიკერსა და 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» სულისჩამდგმელს, პარლამენტში დამაბალანსებელი ძალის მქონე ნინო ბურჯანაძესთან ერთად, საქართველომ შეიძლება იამაყოს მთავრობაში საკვანძო პოზიციებზე, მათ შორის ძალოვან სამინისტროებში, ქალთა დიდი წარმომადგენლობით. ჩვენ მიერ ქვემოთ მოცემულია ამ ქალთა და მათი საქმიანობის დახასიათება».
ჯერ ერთი, ხელისუფლების ბევრი წამყვანი პოსტი ქალებს არ უკავიათ. პარლამენტში სულ 9  ქალია (ანუ 6% – ასეთივე მაჩვენებელი იყო წინა პარლამენტებშიც, მაგრამ მაშინ ამას ამერიკელები «ცოტას» უწოდებდნენ), ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში 19 მინისტრიდან სამი ქალია: ეკა ტყეშელაშვილი (ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში), ვერა ქობალია (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი) და ხათუნა კალმახელიძე (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი). რამდენად კმაყოფილია აშშ-ის საელჩო მათი მიღწევებით, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას მათი მთავრობაში ყოფნა-არყოფნის საკითხზე მეტად ის პრობლემები აწუხებს, რომელთა მოგვარება მათ არც შეუძლიათ და არც იციან.
დოკუმენტის მომზადების პერიოდში პირველ თანამდებობას მხოლოდ ნინო ბურჯანაძე (პარლამენტის თავმჯდომარე) და ანა ჟვანია (კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი) იკავებდნენ. დანარჩენები უმეტესად მოადგილეობას კმაყოფილდებოდნენ. ეს დაახლოებით ისეა, როგორც საბჭოთა პერიოდში, როცა რაიკომის მეორე მდივანი აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო. გენდერული ბალანსი ამ სახით კომუნისტებსაც უყვარდათ.
აქ უპრიანია, 2004 წელს ახალგაპრეზიდენტებული  სააკაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები გავიხსენოთ, ახალი მთავრობის ფორმირების წინ რომ თქვა:
«იქნება საშუალო ასაკის, ახალგაზრდობისკენ გადახრილი კაბინეტი, ეს შემიძლია გითხრათ; იქნება სიმპათიური; იქნებიან შიგ ქალები _ რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
ქალები და პროფესიონალები. ჩემი იდეალია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ქალი იყოს _ ოღონდ ეს ბურჯანაძეს არ უთხრათ _ ის, რა ჰქვია, პარლამენტის თავმჯდომარეც ქალი იყოს და, საერთოდ, მინისტრების უმრავლესობა იყვნენ ქალები. მართლა მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი. მოხდა ისე, რომ კაცი აირჩიეს ამჯერად; ესეც დროებითია … მიყვარს ქალები და იმედია, რომ ვუყვარვარ ასევე მათ» (ხაზგასმა ყველგან ჩვენია. _ რედ.).
სხვათა შორის, თავად ნინო ბურჯანაძე, რომელსაც «არ უნდა უთხრათ», რომ ქალი პრეზიდენტი სასურველია, ამ დასკვნაში დახასიათებული არ არის, სამაგიეროდ, ხაზგასმით უთითებენ, თუ რომელი ქალბატონია მისი კადრი და მასთან მეტად დაახლოებული, თუმცა მათ ქვემოთ მივუბრუნდეთ.
ყურადღებას იქცევს ისიც, რომ საელჩოს ქალთა ნუსხაში ასევე არ არის შეყვანილი სალომე ზურაბიშვილი, თუნდაც «ოპოზიციის ხმის» სახით (როგორადაც თინა ხიდაშელი გვევლინება). მით უფრო, რომ ვიდრე «ქაჯების წასვლაზე» გააკეთებდა ხმამაღალ განცხადებას, საქართველოში 2003 წლამდე საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ვფიქრობთ, ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ჩამოთვლილ ქალბატონს განსაკუთრებულ  დამსახურებად ინგლისური ენის ცოდნას უთვლიან. ზოგი მას სრულყოფილად ფლობს, ზოგის ცოდნის დონე კი «დამაკმაყოფილებელია». ცხადია, სალომე ზურაბიშვილმაც იცის ინგლისური, მაგრამ პირველი ენა მისთვის მაინც ფრანგულია, ამიტომაც ვერ მოხვდა იგი ამ «პერსპექტიული ქალბატონების» სიაში.
თავად ამ ქალბატონების დახასიათება და მეტსახელებით მოხსენიება მეტად სახალისოა. ასე მაგალითად, ეკა ზღულაძე «ძალოვანი სამინისტროს ძალა» ყოფილა, ეკა ტყეშელაშვილი _ «სასამართლო რეფორმის ტვინი», ეკა გიგაური _ «ენერგიული შემსრულებელი სასაზღვრო პოლიციაში», ანა ჟვანია _ «არასამთავრობო სექტორის პატივცემული წარმომადგენელი», ნონა წოწორია – «პროკურატურის ხავერდის ხელთათმანი», ელენე ხოშტარია _ «საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მებრძოლი», მაია ნადირაძე _ «პარტიის სახე».
პარტიამ სახე, კარგა ხანია, დაკარგა. ნადირაძემ მაღალანაზღაურებადი სინეკურა მიიღო ხელისუფლებისგან ენერგომარეგულირებელი კომისიის წევრობის სახით. როგორც ამბობენ, თვეში ერთხელ ქუთაისში კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის იგი მრავალათასიან ხელფასს იღებს. იმ დროისთვის კი (2007 წ.) ამერიკის საელჩო მას ასე ახასიათებს:
«მაია ნადირაძე, 46 წლის, არის საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე. ამავე დროს, იგი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახე. როდესაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მაია იძლევა შესაბამის განმარტებას. მისი რეპუტაცია გარკვეულწილად შებღალულია წარსულში მის მიერ პარტიების ხშირი ცვლის გამო. მაგალითად, წარსულში იგი იყო ყოფილი პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერი, შემდეგ გახდა ტრადიციონალისტების ლიდერი და ბოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამორჩეული წევრი. იგი დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი».
აშშ-ის საელჩო უზუსტობას უშვებს _ მაია ნადირაძე «ტრადიციონალისტთა» ლიდერი არასოდეს ყოფილა, მიუხედავად აკაკი ასათიანთან მისი მეგობრობისა. საელჩოს  არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომ მაია ნადირაძის პირველი ქმარი, იმჟამად პოლიტპატიმარი ირაკლი ბათიაშვილი იყო. მას მხოლოდ წლინახევრის შემდეგ, 2008 წლის იანვარში გაათავისუფლებენ პატიმრობიდან. ვინმემ შეიძლება მიიჩნიოს, რომ აშშ-ის საელჩო პირადი ცხოვრების ამგვარ დეტალებს დელიკატურად უვლის გვერდს, მაგრამ ყველა ქალბატონის შესახებ ცნობაში ხაზგასმით არის მითითებული, დაოჯახებულია თუ არა იგი და რამდენი შვილი ჰყავს. მეტიც, ანა ჟვანიას შესახებ იმაზეც კი არის მითითება, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა ბოლო პერიოდში, რის გამოც მკურნალობას გადის ისრაელში. იგი დაქორწინებულია და ელოდება პირველ შვილს შემოდგომაზე. იგი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე.
საელჩო ხაზგასმით იტყობინება, რომ ჟვანიამ, რომელიც იყო პრეზიდენტის მრჩეველი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, არასამთავრობო სექტორში გამორჩეული მუშაობის შემდეგ, გადაინაცვლა ქართული საზოგადოების ყველაზე მამაკაცურ სფეროში. ამერიკელების აზრით, იგი არის ნიჭიერი, ღრმად მოაზროვნე და მშვიდად მოსაუბრე. შემდეგ მის სამსახურებრივ პრობლემებზეც უთითებენ:
«ჩვენ გავიგეთ, რომ მას პრობლემები აქვს მის მოადგილესთან (და არა მარტო მასთან), რომელიც უარს აცხადებს, წარუდგინოს მას დეტალური ანგარიშები».
და მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი მოადგილეც კი არ აბარებს ანგარიშს, აშშ-ის საელჩო მაინც დაასკვნის:
«თუმცა ჟვანია, შესაძლებელია, მოვიაზროთ სამომავლოდ პოლიტიკაში, ვინაიდან მას დიდ პატივს სცემენ საქართველოში მისი პატიოსნებისა და პრინციპების გამო».
ანა ჟვანიას საქართველოში ზოგადად არ იცნობენ, არც მისი პრინციპების თაობაზეა ვინმე ინფორმირებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს; მთავარია, რომ მას აშშ-ის საელჩო სცემს პატივს.
საელჩოს ინფორმაციას ოთხი ეკა ხსნის: ეკა ზღულაძე, ეკა ტყეშელაშვილი, ეკა გიგაური და ეკა შარაშიძე.
«ეკა ზღულაძე, 29 წლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2006 წლის მაისში. ამ პოსტზე მან შეცვალა ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. არსებობს ხუმრობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს თანამდებობა მხოლოდ იმ ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც ჰქვიათ «ეკა». ზღულაძე არის დაუღალავი ბიუროკრატი, რომელიც მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა მინისტრის _ მერაბიშვილის მოსვლამდე და ასრულებს მას შუაღამისას. იგი არის ენამახვილი, მცოდნე და სწორხაზოვანი მოსაუბრე (შენიშვნა: ეს არ იქნებოდა ცალკე აღნიშვნის ღირსი, ლაპარაკი რომ ყოფილიყო მამაკაცზე და, სხვათა შორის, ნორმად ჩაითვლებოდა ქართულ პოლიტიკაში). ეკა იშვიათად ან საერთოდ არ თმობს მის პოზიციას. ზოგჯერ მისი ეს თვისება მისი პოზიციების სიხისტეს განაპირობებს, მაგრამ ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნისა და დებატების წარმართვის გამოკვეთილი ნიჭის გამო, მან იკისრა მთელ რიგ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლის როლი. სწორედ იგი იქნა გაგზავნილი აფხაზეთის თაობაზე ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებზე ბონში, რათა დაეცვა ზემო კოდორის ხეობაში საქართველოს პოზიციები. გარდა ამისა, იგი რეგულარულად მიემგზავრება ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში. ზღულაძე თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას, არის დაქორწინებული».
პირველ ადგილზე საელჩოს დასკვნაში ეკა ზღულაძე ანბანური რიგით ვერ მოხვდებოდა. ეს უფრო იმას უკავშირდება, რომ იგი «საქართველოს ხერხემლის» – ვანო მერაბიშვილის მოადგილეა. როგორც ჩანს, აშშ-ც აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ როლს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება იმას, რომ ზღულაძე «არასოდეს თმობს პოზიციებს», საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს ეკა ზღულაძის განცხადება 2008 წლის აგვისტოში იმის შესახებ, რომ «რუსული ტანკები თბილისზე აღარ მოდიან – ორჭოსანთან გადაუხვიეს»!
მომდევნო ეკა ტყეშელაშვილია. საოცარია, აშშ-ის საელჩოს უცერემონიობა ტყეშელაშვილის ქებისას კოტე კუბლაშვილის უუნარობაზე ხაზგასმისას. დოკუმენტი ნათლად წარმოაჩენს იმ «სამთავრობო კარუსელებსაც», რომლითაც პრეზიდენტი და მისი გარემოცვა იქცევდნენ თავს. ერთი და იგივე «ნაცელიტა» ისეთი თავბრუდამხვევი ტემპით ცვლიდა სავარძლებს, რომ მათი თანამდებობების დამახსოვრება მოსახლეობასაც უჭირდა და ჟურნალისტებსაც.
«ეკა ტყეშელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილეობამდე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო მანამდე მთავრობის გარეთ მოღვაწეობდა ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში სამართლებრივი კუთხით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კუბლაშვილის ნაკლებად წონადი ფიგურის ფონზე იგი მოიაზრება სასამართლო რეფორმის ტვინად. ზღულაძის მსგავსად, ტყეშელაშვილი მუდამ დარწმუნებულია თავის სიმართლეში. თუმცა იგი უკეთესი დიპლომატია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ზრდილობიანობისა და სამართლებრივ ფარგლებში აფიქსირებს მის უთანხმოებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით».
რიგით მესამე ეკაა ეკა გიგაურია, სასაზღვრო პოლიციის რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
«მან სასაზღვრო პოლიციაში მუშაობა დაიწყო 2004 წლის შუიდან, კერძო სექტორში გარკვეული პერიოდით მუშაობის შემდეგ და ექვსი თვის შემდეგ დაწინაურებული იქნა ამჟამინდელ თანამდებობაზე, რომელზეც შეცვალა ბრიგადის გენერალი. ამ პოსტზე ეკამ მოახდინა სასაზღვრო პოლიციის სამხედრო ძალიდან სამართალდამცავ ძალად გარდაქმნა. ამავე დროს, იგი ხელმძღვნელობდა ახალწვეულთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლის რთულ პროცესს, კოორდინირებას უწევდა რა ტესტირებების, ინტერვიუებისა და ტრენინგების ჩატარებას ახალი თანამშრომლებისათვის. ცნობილია, რომ იგი ეფექტურად და პროდუქტიულად მუშაობდა მის უფროსთან, ბადრი ბიწაძესთან (ამავე დროს, სპიკერ ბურჯანაძის მეუღლე), მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ცნობილი არის მოძველებული საბჭოთადროინდელი მართვის სტილით. გავრცელებული ჭორის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ეკა არ არის სპიკერ ბურჯანაძის ნათლული. იგი არ არის დაქორწინებული და ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მის მამას ეკავა მაღალი თანამდებობა შევარდნაძის მთავრობაში 1990-იანი წლების ბოლოს».
დღეს ბრიგადის გენერლის შემცვლელი ეკა გიგაური «საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს» აღმარულებელი დირექტორია. როცა სააკაშვილი კორუფციის დამარცხებით იწონებს თავს, იგი სწორედ ამ ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა. «საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს» მტკიცებით კი, თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა «ეფექტური» ან «ძალიან ეფექტურია».  ასე გამოიყურება ეკა გიგაურის «ეფექტურობა და პროდუქტიულობა» ნაციონალური ხელისუფლების სამსახურში.
მეოთხე ეკა შარაშიძეა. მის შესახებ ცნობები ისეთივე არადასამახსოვრებელია, როგორც მისი მუშაობა, მაგალითად, დღეს ქობალიას მიერ გასკანდალებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე. ერთადერთი, რაც ყურადღებას იქცევს, ის არის, რომ «იგი მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში და პრემიერ-მინისტრთან შეკამათების შემდეგ გადავიდა სამუშაოდ თბილისის მერიაში». როგორც ჩანს, ეკა შარაშიძე სააკაშვილის ხელისუფლებაში იმ უმცირესობის წარმომადგენელია, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია შეკამათების უნარი.
«პროკურატურის ხავერდოვან ხელთათმანად» წოდებული ნონა წოწორიას შესახებ ვკითხულობთ: «ნონა წოწორია, გენერალური პროკურორის მოადგილე, არის გენერალური პროკურორის მარჯვენა ხელი. მასზე შეიძლება დაყრდნობა, იგი არის საიმედო და საკმაოდ მაღალი ნდობით სარგებლობს როგორც ქართველებში, ასევე უცხოელებში მისი ზომიერი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების გამო. იგი 30 წელს გადაშორებულია, ზღულაძესა და ტყეშელაშვილზე უფროსია და ეკუთვნის ქართველ ქალთა სხვა თაობას. იმის გამო, რომ მას უცხოელებთან ურთიერთობის ოდნავ მეტი გამოცდილება აქვს, ზოგი მას უფრო სასურველ მოსაუბრედ მიიჩნევს. ამავე დროს, იგი უფრო მეტად «ქალურია», ტრადიციული გაგებით, იგი არ საუბრობს გულახდილად და პირდაპირ. მან ახლახან შეწყვიტა აკადემიური პროგრამა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რათა დაბრუნებულიყო საქართველოში ახლო მომავალში ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. წოწორია არ არის დაქორწინებული».
ნონა წოწორია დაინიშნა კიდეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლედ და, საოცარი დამთხვევით, იქ სანდრო გირგვლიანის საქმეს განიხილავდა. რამდენად მართებულია, ქვეყანაში უსამართლო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი იმავე მოსამართლემ განიხილოს, რომელიც მის წარმოებაში გენერალური პროკურორის სტატუსით მონაწილეობდა, მკითხველმა განსაჯოს.
შემდეგი სამი ქალბატონი აშშ საელჩოს ნუსხაში «ბურჯანაძის ნათლულები» არიან. ლალი ფაფიაშვილი _ «პარლამენტის მშვიდი, მაგრამ ეფექტური წევრი», ირინა ქურდაძე _  «სპიკერის მარჯვენა ხელი» და ნინო ნაკაშიძე _ «საქართველოს წარმდგენი საზღვარგარეთ». ნიშანდობლივია, რომ ბურჯანაძის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ლალი ფაფიაშვილი ირინა ქურდაძემ შეცვალა. თავად ფაფიაშვილმა კი პარლამენტის წევრობას «გამოჰკრა ხელი». ნინო ნაკაშიძე კი, როგორც მოარული ხმები ამტკიცებს, ნინო ბურჯანაძის ინგლისური ენის რეპეტიტორი იყო და სწორედ ამ დამსახურებისთვის შეიყვანა იგი საარჩევნო სიაში საკუთარი კვოტით ბურჯანაძემ. ნაკაშიძემ ჯერ დავით ბაქრაძე შეცვალა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ხოლო 2008 წელს, ნინო ბურჯანაძის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, მას «საფლავში არ მიჰყვება»; ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსად ინიშნება, ხოლო სულ რაღაც 6 თვეში – საქართველოს ელჩად ჩეხეთის რესპუბლიკაში.
არც დანარჩენი ორი «ნათლული» რჩება შერისხული ექს-სპიკერის ბანაკში. მათაც საკუთარი კარიერა არჩიეს პოლიტიკაში მათი მომყვანის ერთგულებას. თუმცა პოლიტიკური ღალატის თემა მხოლოდ ქალებში როდია აქტუალური; თავის დროზე უდროოდ გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს _ ზურაბ ჟვანიასაც ასე უღალატეს თანამებრძოლებმა და სააკაშვილის ნავში ჩახტომა ამჯობინეს.
ერთი სიტყვით, რას ემსახურებოდა აშშ-ის საელჩოს ეს ნაგვიანევი დოკუმენტი, უცნობია, მაგრამ ერთი კი ნამდვილად უდავოა _ იგი მეტისმეტად წააგავს საბჭოთა ხანაში ახალგაზრდა კომუნისტების დათვალიერებას. როგორც ჩანს, ამერიკელებისთვისაც «კადრები წყვეტენ ყველაფერს», განსაკუთრებით _ ინგლისური ენის მცოდნე და ამერიკაზე ორიენტირებული კადრები.
P.S. გასული საუკუნის 70-იან წლებში პოპულარული პოლონური ტელესერიალის «ოთხი ტანკისტი და ძაღლი» პესონაჟებიდან ერთ-ერთი – საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის ქართველი წევრი სააკაშვილის გვარს ატარებდა. გრიშა სააკაშვილი ეკიპაჟის სული და გული იყო, მძღოლი-მექანიკოსი. იგი ოსტატურად მართავს ტანკს და, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაზე მთელი ეკიპაჟი იყო შეყვარებული, გრიშა საკაშვილი მაინც ყველაზე მეტად იყო მასზე მიჯაჭვული. ფილმის მიხედვით, იგი ერთადერთი არაპოლონელია ტანკის ეკიპაჟში და ტემპერამენტული ქართული ხასიათით გამოირჩევა. გრიშა სააკაშვილი თავს სანდომირელად აცხადებს, რადგან დაიღალა იმის ახსნით, თუ სად არის საქართველო.
 
დანართი
დეპეშა 07TBILISI2084, ვინ მართავს საქართველოს 
თუკი თქვენ პირველად ნახეთ ეს გვერდები, გთხოვთ, წაიკითხოთ შესავალი კაბელის სტრუქტურის შესახებ, ასევე, თუ როგორ შეგიძლიათ განიხილოთ იგი სხვებთან ერთად. ასევე, იხილეთ, ხშირად დასმული შეკითხვები.

 

კოდი

შექმნის თარიღი

გაგზავნილია

კლასიფიკაცია

წარმომავლობა

07TBILISI2084

2007-08-21 07:31

2011-08-30 01:44

კონფიდენციალური

საელჩო, თბილისი

VZCZCXRO5438
OO RUEHDBU RUEHFL RUEHKW RUEHLA RUEHROV RUEHSR
DE RUEHSI #2084/01 2330731
ZNY CCCCC ZZH
O 210731Z AUG 07
აშშ საელჩო, თბილისი
TO RUEHC/SECSTATE WASHDCსასწრაფო 7361
INFO RUEHZL/ევროპული პოლიტიკური კოლექტიური სასწრაფო
კონფიდენციალური, ნაწილი 01 (04), თბილისი 002084
SIPDIS
SIPDIS
DEPARTMENT FOR DAS BRYZA, EUR/CARC, DRL, AND INR
E.O. 12958: DECL: 08/20/2017
TAGS: PGOV PINR PHUM GG
თემა: ვინ მართავს საქართველოს
REF: A. თბილისი 2050
B. თბილისი 1604
გრიფრირებულია საქმეთა რწმუნებულის მარკ პერის მიერ. მიზეზები: 1.4 (B) AND (D).
1. (C)  დასკვნა: აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერ, დასავლური განათლების მქონე ოფიციალურ პირებს შორის ხელისუფლების ბევრი წამყვანი პოსტი უკავიათ ქალებს. პარლამენტის სპიკერსა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის სულისჩამდგმელ და პარლამენტში დამაბალანსებელი ძალის მქონე ნინო ბურჯანაძესთან ერთად, საქართველომ შეიძლება იამაყოს მთავრობაში საკვანძო პოზიციებზე, მათ შორის ძალოვან სამინისტროებში ქალთა დიდი წარმომადგენლობით. ჩვენს მიერ ქვემოთ მოცემულია ამ ქალთა და მათი  საქმიანობის დახასიათება. დასკვნის დასასრული.
ეკა ზღულაძე: ძალოვანი სამინისტროს ძალა
——————————————
2. (C) ეკა ზღულაძე, 29 წლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2006 წლის მაისში. ამ პოსტზე მან შეცვალა ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. არსებობს ხუმრობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს თანამდებობა მხოლოდ იმ ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც ჰქვიათ “ეკა”. ზღულაძე არის დაუღალავი ბიუროკრატი, რომელიც მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა მინისტრის მერაბიშვილის მოსვლამდე და ასრულებს მას შუაღამისას.  იგი არის ენამახვილი, მცოდნე და სწორხაზოვანი მოსაუბრე (შენიშვნა: ეს არ იქნებოდა ცალკე აღნიშვნის ღირსი,  ლაპარაკი რომ ყოფილიყო მამაკაცზე და, სხვათა შორის,  ნორმად ჩაითვლებოდა ქართულ პოლიტიკაში). ეკა იშვიათად, ან საერთოდ არ თმობს მის პოზიციას. ზოგჯერ, მისი ეს თვისება მის პოზიციების სიხისტეს განაპირობებს, მაგრამ ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნისა და დებატების წარმართვის გამოკვეთილი ნიჭის გამო, მან იკისრა მთელ რიგ საკითხებზე  სამინისტროს წარმომადგენლის როლი. სწორედ იგი იქნა გაგზავნილი აფხაზეთის თაობაზე ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებზე ბონში, რათა დაეცვა ზემო კოდორის ხეობაში საქართველოს პოზიციები. გარდა ამისა, იგი რეგულარულად მიემგზავრება ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში. ზღულაძე თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას, არის დაქორწინებული.
 ეკა ტყეშელაშვილი: სასამართლო რეფორმის ტვინი
——————————————— ——–
3. (C) ეკა ტყეშელაშვილი, 30 წლის, არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. მას Muskie Fellow პროგრამის ფარგლებში დამთავრებული აქვს ნოტრ დამის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიღებული აქვს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართალის მაგისტრის ხარისხი. იგი არის ნიჭიერი, უნარიანი და დინამიური პიროვნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილეობამდე, იგი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო მანამდე მთავრობის გარეთ მოღვაწეობდა ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში სამართლებრივი კუთხით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კუბლაშვილის ნაკლებად წონადი ფიგურის ფონზე იგი  მოიაზრება სასამართლო რეფორმის ტვინად. ზღულაძის მსგავსად, ტყეშელაშვილი მუდამ დარწმუნებულია თავის სიმართლეში. თუმცა, იგი უკეთესი დიპლომატია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ზრდილობიანობისა და  სამართლებრივ ფარგლებში აფიქსირებს მის უთანხმოებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ტყეშელაშვილი აღიარებს სამართლებრივ რეფორმაში არსებულ ჩავარდნებს,  თუმცა, ამავე დროს, აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა მათ აღმოსაფხვრელად და არ ეშინია შეეწინააღმდეგოს საერთაშორისო ექსპერტებს, როდესაც მიაჩნია, რომ მათი იდეები არ გაამართლებს საქართველოს პირობებში. თუკი არსებობს მოსამართლე, რომელიც არასოდეს არ მოექცევა გარე ძალების გავლენის ქვეშ,  ეს ტყეშელაშვილია.
ეკა გიგაური: ენერგიული  შემსრულებელი სასაზღვრო პოლიციაში
——————————————— ——-
4. (C) ეკა გიგაური, 30 წლამდე, არის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. მან სასაზღვრო პოლიციაში მუშაობა დაიწყო 2004 წლის შუიდან, კერძო სექტორში გარკვეული პერიოდით მუშაობის შემდეგ და ექვსი თვის შემდეგ დაწინაურებული იქნა ამჟამინდელ თანამდებობაზე, რომელზეც შეცვალა ბრიგადის გენერალი. ამ პოსტზე ეკამ მოახდინა სასაზღვრო პოლიციის სამხედრო ძალიდან სამართალდამცავ ძალად გარდაქმნა. ამავე დროს, იგი ხელმძღვნელობდა ახალწვეულთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლის რთულ პროცესს, კოორდინირებას უწევდა რა ტესტირებების, ინტერვიუებისა და ტრენინგების ჩატარებას ახალი თანამშრომლებისათვის. ცნობილია, რომ იგი ეფექტურად და პროდუქტიულად მუშაობდა მის უფროსთან, ბადრი ბიწაძესთან (ამავე დროს, სპიკერ ბურჯანაძის მეუღლე), მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ცნობილი არის მოძველებული საბჭოთადროინდელი მართვის სტილით. გავრცელებული ჭორის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ეკა არ არის სპიკერ ბურჯანაძის ნათლული. იგი არ არის დაქორწინებული და ცხოვრობს  მშობლებთან ერთად. მის მამას ეკავა მაღალი თანამდებობა შევარდნაძის მთავრობაში 1990-იანი წლების ბოლოს.
 TBILISI 00002084  002 OF 004
 ეკა შარაშიძე:  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
——————————————— ———–
5. (C) ეკა შარაშიძე, ორმაგი ქართულ-ამერიკული მოქალაქეობით, არის პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ამ წლის დასაწყისიდან. მანამდე იგი მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში და პრემიერ-მინისტრთან შეკამათების შემდეგ გადავიდა სამუშაოდ თბილისის მერიაში.  იგი პრეზიდენტმა თავის ადმინისტრაციაში აიყვანა და გიორგი არველაძის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გადასვლის შემდეგ, იგი მალევე გახდა ადმინისტრაციის უფროსი. მას განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, შესაბამისად თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.
 ანა ჟვანია: არასამთავრობო სექტორის პატივცემული წარმომადგენელი
—————————————
6. (C) ანა ჟვანია, 30 წელს გადაშორებული, არის საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი. იგი ამ თანამდებობაზე მოვიდა გასულ წელს, ჩაანაცვლა რა ბათუ ქუთელია, რომელიც გადაყვანილი იქნა ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. ეს არ იყო ადვილი გადასვლა. ჟვანიამ, რომელიც იყო პრეზიდენტის მრჩეველი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში  – არასამთავრობო სექტორში გამორჩეული მუშაობის შემდეგ –გადაინაცვლა ქართული საზოგადოების ყველაზე მამაკაცურ სფეროში.  იგი არის ნიჭიერი, ღრმად მოაზროვნე და მშვიდად მოსაუბრე. ჩვენ გავიგეთ, რომ მას  პრობლემები აქვს მის მოადგილესთან (და არა მარტო მასთან), რომლიც უარს აცხადებს წარუდგინოს მას დეტალური ანგარიშები. თუმცა, ჟვანია შესაძლებელია მოვიაზროთ სამომავლოდ პოლიტიკაში, ვინაიდან მას დიდ პატივს სცემენ საქართველოში მისუ პატიოსნებისა და პრინციპების გამო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით  სერიოზული პრობლემები ჰქონდა ბოლო პერიოდში, რის გამოც მკურნალობას გადის ისრაელში. იგი დაქორწინებულია და ელოდება პირველ შვილს შემოდგომაზე. იგი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე.
 ნონა წოწორია:  პროკურატურის ხავერდის ხელთათმანი
——————————————— —————
7. (C) ნონა წოწორია, გენერალური პროკურორის მოადგილე, არის გენერალური პროკურორის მარჯვენა ხელი. მასზე შეიძლება დაყრდნობა, იგი არის საიმედო და საკმაოდ მაღალი ნდობით სარგებლობს როგორც ქართველებში, ასევე უცხოელებში მისი ზომიერი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების გამო. იგი 30 წელს გადაშორებულია, ზღულაძესა და ტყეშელაშვილზე უფროსია და ეკუთვნის ქართველ ქალთა სხვა თაობას. იმის გამო, რომ მას უცხოელებთან ურთიერთობის ოდნავ მეტი გამოცდილება აქვს, ზოგი მას უფრო სასურველ მოსაუბრედ მიიჩნევს. ამავე დროს, იგი უფრო მეტად “ქალურია” ტრადიციული გაგებით, იგი არ საუბრობს გულახდილად და პირდაპირ. მან ახლახან შეწყვიტა აკადემიური პროგრამა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რათა დაბრუნებულიყო საქართველოში ახლო მომავალში ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად.  წოწორია არ არის დაქორწინებული.
 ლალი ფაფიაშვილი: პარლამენტის მშვიდი, მაგრამ ეფექტური წევრი
——————————————— ——————
8. (C) ლალი ფაფიაშვილი არის სპიკერ ბურჯანაძის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გასული პარლამენტის წევრი. იგი არის 35 წლის და წარმოადგენს ქართველ პოლიტიკოს ქალთა   შედარებით უფროს თაობას, რასაც მოწმობს მისი ჩაცმულობა და ქცევა. სპიკერის მსგავსად, იგი ზრუნავს საკუთარ გარეგნულ მხარეზე (ფერთა შეხამებით, მაკიაჟითა და ფრჩხილებით ბევრი მას ბურჯანაძეს აგონებს). იგი არის თავდაჭერილი, ზრდილობიანი და ცდილობს არავის მიაყენოს შეურაცხყოფა. შესაბამისად, მას პატივს სცემენ მისი კარგად გააზრებული მოსაზრებების გამო, რომლებსაც იგი დამაჯერებლად გამოთქვამს (ამასთან, მას გააზრებული აქვს, რომ ბურჯანაძის გუნდის წევრია). პარლამენტში მოღვაწეობის დროს, ფაფიაშვილმა მხარი დაუჭირა წელს საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ მთელ რიგ რეფორმებს, რის შედეგადაც საქართველო ადამიანთა ტრეფიკიგის შესახებ ანგარიშში პირველად გადაინაცვლა პირველ დონეზე. ფაფიაშვილი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.
 ირინა ქურდაძე: სპიკერის მარჯვენა ხელი:
—————————————–
9. (C) ირინა ქურდაძე არის სპიკერი ბურჯანაძის ადმინისტრაციის უფროსი და ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გასული პარლამენტის წევრი. შესაძლოა, სპიკერის ადმინისტრაციაში იგი არის ყველაზე დიდი ნდობით აღწურვილი და, ამავე დროს, ყველაზე ეფექტურიც. პაპიაშვილის მსგავსად, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებამდე, იგი ძალიან ფრთხილად აანალიზებს საკითხებს. იგი არის თავშეკავებული და არ აქვს დიდი ფუნქციები სპიკერის ადმინისტრაციის გარეთ, თუმცა სპიკერი მას ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებებს აძლევს.  მაგალითად, როდესაც საელჩომ გასულ წელს მიმართა სპიკერს იმ კანონის მიღების გამო, რომელიც კრძალავდა ცალმხრივ კომუნიკაციას, სპიკერმა ამ საკითხში გარკვევა დაავალა  ქურდაძეს. ზოგჯერ გასაოცარია, თუ როგორ ახერხებს მშვიდად მოსაუბრე ქურდაძე გაუმკლავდეს საქართველოს პარლამენტში გამართულ მძაფრ დებატებს. ცხადია, რომ ცალმხრივი კომუნიკაციის შესახებ კანონი მიღებული იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წამყვანმა  პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით) გადაწყვიტა მისი წინ წამოწევა. ქურდაძეს ინგლისური ენის ცოდნა დამაკმაყოფილებელია, იგი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.
 ნინო ნაკაშიძე: საქართველოს წარმდგენი  საზღვარგარეთ
———————————————-
10. (C) ნინო ნაკაშიძე, 51 წლის, ამჟამად საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და, საპარლამენტო წყაროების თანახმად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე, რომელიც ამ თანამდებობაზე შეცვლის დავით ბაქრაძეს, გახდა კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 23 ივლისს. ნინო არის ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გასული პარლამენტის წევრი.  პირდაპირი და  თავდაჯერებული, ნაკაშიძე არის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი და სტაბილური მდედრობითი სქესის ფიგურა. იგი ხშირად მოგზაურობს ევროპაში, რათა რეკლამირება გაუკეთოს საქართველოს პოზიციებს საზღვარგარეთ.  მის გავლენას ნაწილობრივ განაპირობებს მისი სიახლოვე სპიკერ ბურჯანაძესა და მისი ადმინისტრაციის წამყვან ფიგურებთან, მათ შორის, ირინა ქურდაძესთან და თეა გოგუაძე-აპფელთან, რომელთანაც მას ახლო ურთიერთობა აკავშირებს. იგი დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.
 მაია ნადირაძე:  პარტიის სახე
——————————-
11. (C) მაია ნადირაძე, 46 წლის, არის საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე. ამავე დროს, იგი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახე. როდესაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მაია იძლევა შესაბამის განმარტებას. მისი რეპუტაცია გარკვეულწილად შებღალულია წარსულში  მის მიერ პარტიების ხშირი ცვლის გამო. მაგალითად, წარსულში იგი იყო ყოფილი პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერი, შემდეგ გახდა ტრადიციონალისტების ლიდერი და ბოლოს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამორჩეული წევრი. იგი დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.
ელენე ხოშტარია: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისათვის მებრძოლი
——————————————– —–
12. (C) ხოშტარია არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ნატო-ს მიმართულებით. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები, შრომისუნარიანობა და ნატო-სთან ინტეგრაციის  კუთხით მიმდინარე სხვადასხვა რეფორმებისათვის ძალისხმევის კოორდინირების უნარი უმნიშვნელოვანესია ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს განაცხადის წარმოჩენის თვალსაზრისით.  მას აქვს საუკეთესო ურთიერთობების ნატო-ს წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან და საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, რომლებიც ჩართულები არიან ნატოს მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში. ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროში ხოშტარია გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც იგი მუშაობდა ბარამიძის,  მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ამჟამად ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის თანაშემწედ კადრების დარგში. ამავე დროს, ხოშტარია არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის ახლო მეგობარი. ხოშტარია, რომელიც ახლახან გახდა 30 წლის, არის ამომავალი ვარსკვლავი. არის დაუქორწინებელი. იგი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და არის პრესტიჟული მოსკოვის სახელმწიფო დიპლომატიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
თინა ხიდაშელი: ოპოზიცის ხმა
————————————–
13. (C) თანა ხიდაშელი, ორმოც წლამდე, არის ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია),  ავტორიტეტული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე. იგი, სხვა გამოჩენილ ქართველებთან, მათ შორის, ირაკლი ალასანიასთან, გაერთანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელთან, კუბლაშვილთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად ეკუთვნის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის 1995 წლის გამოშვებას. მასსა და ოქრუაშვილს შორის კეთილგანწყობა კვლავაც არსებობს. ამავე დროს, იგი არის ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენელი და სახე. ხიდაშელი არის ნიჭიერი და სასიამოვნო მოსაუბრე, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ იგი საკმაოდ   ბევრს ლაპარაკობს და ზოგჯერ აოცებს თანამოსაუბრეებს მისი მკაცრი და ურყევი (თუმცა, ზოგჯერ დაუბალანსებელი) პოზიციის გამო გარკვეულ საკითხებზე. მისი მეუღლეა დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. მათ ჰყავთ ერთი შვილი.
 კომენტარი
——-
14. (C) ჩვენი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტი ქალბატონის გამოჩენას უნდა ველოდოთ მომავალში ქართულ პოლიტიკაში. უეჭველია, რომ ისინი წამყვან როლს თამაშობენ ქართულ პოლიტიკაში (და ქართულ საზოგადოებაში, რომელიც კვლავაც პარტიარქალური და მამრობითი სქესის მიერ დომინირებულია), უზრუნველყოფენ რა  რეფორმების შედეგებს, რომლებიც დადებითად წარმოაჩენენ სააკაშვილის ხელისუფლებას.  აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ  თითქმის ყველა მათგანს, სააკაშვილის მთავრობის სხვა ბევრ წამყვან ფიგურასთან ერთად, მიღებული აქვთ განათლება დასავლეთ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში. კომენტარის დასასრული.
TBILISI 00002084  004 OF 004

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here