Home რუბრიკები საზოგადოება ჯერ კიდევ შეიძლებოდა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება

ჯერ კიდევ შეიძლებოდა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება

ვალერი ჩხეიძე

გენერალლეიტენანტ ვალერი ჩხეიძესთან რედაქცია შეთანხმებული იყო საუბრების ციკლის გამოქვეყნებაზე, რომლითაც გაზეთის მკითხველი გაეცნობოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებულ, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე დაფარულ ფაქტებსა და მოვლენებს.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ ღირსეულმა ადამიანმა და სახელმწიფო მოღვაწემ აღნიშნული პროექტის მხოლოდ ერთი წერილის დამთავრება მოასწრო. დღევანდელი პუბლიკაციაშეწყვეტილი თხრობისპრემიერაც და ფარდის დაშვებაც არის ერთდროულად. “საქართველო და მსოფლიოსრედაქცია კვლავ უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს უმძიმესი დანაკლისის გამო. უშიშროების გენერალლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ სახელმწიფო უშიშროების დაცვას შესწირა მთელი თავისი ცხოვრება. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსებისა და მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1984-1987 წლებში ავღანეთში სპეციალურ დავალებას ასრულებდა. მომდევნო წლებში დააწინაურეს უშიშროების მინისტრის მოადგილედ, სასაზღვრო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად. ვალერი ჩხეიძის საუბარი ჩაიწერა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა არმაზ სანებლიძემ.

_ ცოტა უკან გადავინაცვლებ და გავიხსენებ, რომ, როცა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ჩვენთვის გადმოცემა დაიწყო, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა ოლქის სარდალს, გენერალ პატრიკეევს მისწერა:

“Леонид Онисимович, прошу организовать передачу движимого и недвижимого имущества десятой Ахалцихской дивизии”.

(ახალციხის დივიზიის უძრავ-მოძრავი ქონება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა გადაეცათ).

და შემდეგ: “Прошу проследить, чтобы вооружение и боеприпасы были использованы только в целях учебы и тренировок, а не в гражданских противостояний” (უბრძანა, თვალი მიედევნებინა, რათა მხოლოდ სწავლებისა და წვრთნისთვის გამოეყენებინათ და არა სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის). ეს ნიშნავდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სრულად ფლობდა ინფორმაციას საქართველოში იმ დროს არსებული ვითარების შესახებ და, ალბათ, სურდა ამ მოსალოდნელ სისხლიან საქმეში მისი ჩაურევლობის დასამტკიცებლად ამ ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება ალიბის სახით.

ან, იქნებ, მართლაც ჰქონდა დამუშავებული სამოქალაქო დაპირისპირების გეგმა და ამთავითვე ცდილობდა მშვიდობისმყოფელის როლის მორგებას?

არაფერია გამორიცხული, იმ დროის რუსეთის ხელმძღვანელობაში არსებულ არეულობას თუ გავითვალისწინებთ. დემოკრატების ლოზუნგი იყო: “წაიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენსაც შეძლებთ”, “დერჟავნიკებიკი რუსეთის ახალი იმპერიის იდეით იყვნენ დაციკლულნი და განდგომილი რესპუბლიკებისერთ ჭერქვეშგაერთიანებას ცდილობდნენ ათადან და ბაბადან ცნობილი დებულებით: “გათიშე და იბატონე!”.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ მიერ საქართველოსთვის დასატოვებელი სამხედრო ტექნიკა კარგა ხნის წინათ იყო ჩამოსაწერი და დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად ვერ გამოდგებოდა _ დღეს თუ არა, ხვალ მწყობრიდან გამოვიდოდა.

ასეც მოხდა.

ისიც საინტერესოა, რომ ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში უკრაინისგან ნაყიდი ტანკები სწორედ იმ შეიარაღების ნაწილი იყო, რომელიც გრაჩოვმა საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა.

დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ასეთი დასკვნების გაკეთება.

მაშინ ეს შეუძლებელი იყო.

მკითხველის ყურადღებას მივაქცევ იმასაც, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი განსაკუთრებული გონიერებითა და ღრმა აზროვნებით არ გამოირჩეოდა და ის წერილი, რომელსაც იგი აწერდა ხელს, შედგენილი იყო, სულ ცოტა “გე-ერ-უს” ანალიტიკოსების მიერ და ეფუძნებოდა სპეცსამსახურების ხანგრძლივ და საფუძვლიან სტრატეგიულ პროგრამას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ე.წ. პერესტროიკის დროს იყო შედგენილი სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი სამხედრო ინსტიტუტების სპეციალისტების მიერ. შესაძლებელია, პოლიტბიუროსთვის გვერდის ავლითაც კი.

გრაჩოვზე ვლაპარაკობდი. ერთი მედესანტე მიყვებოდა, რომ გრაჩოვი რიაზანის სასწავლებელში პარაშუტით რომ გადმოხტა, ცუდად დაეშვა, თავი დაარტყა და მას შემდეგ რაღაც უცნაურობები დასჩემდაო, თუმცა მე მას მაინც პატივს ვცემდი, როგორც მამაც მებრძოლს ავღანეთში, საბჭოთა კავშირის გმირს.

მაგრამ მინისტრობის პერიოდში მისი ქმედება ბინძური იყო.

როგორც კი რამდენიმე ტანკი მიიღო თენგიზ კიტოვანმა, დაიჯერა, რომ უძლეველი არმიის სარდალი იყო. აფხაზეთში შესვლას წინ არანაირი მომზადება არ უძღოდა _ არც სახელდახელოდ შეყრილი მოხალისეების წვრთნა, არც ტექნიკის გასინჯვამომზადება და ..

ქუჩურ ტერმინსგამოვიყენებ _ ბაცნობა იყო: _ აბა, წავედიიით! და _ ავოეე!

ამ დროს ზუგდიდში ცეცხლი გიზგიზებს _ უაღრესად გამწვავებულია დაპირისპირება ზვიადისტებსა და მხედრიონელებს შორის.

კიტოვანს იმ თათბირზე ვუთხარი, აფხაზეთში შესვლას აპირებთ და ზურგში ისეთ შეიარაღებულ დაჯგუფებას იტოვებთ, რომელიც ნებისმიერ მომენტში გადაგვიკეტავს კომუნიკაციებს, უწინარეს ყოვლისა, რკინიგზას, და იძულებულები ვიქნებით თბილისიდან სოხუმში თვითმფრინავებით ვიფრინოთ ან საზღვაო გზა გამოვიყენოთ. ორივე ძვირი სიამოვნებაა, ამის საშუალება კი სახელმწიფოს არ აქვს.

კიტოვანი, როგორც ვთქვი, მაშინ დამეთანხმა. იმ მომენტში ომის დაწყება თავიდან ავიცილეთ.

აქ ერთ სცენას გავიხსენებ, რომელიც ჩემი თანდასწრებით გათამაშდა და რომელმაც სულ სხვა კუთხით დამანახვა აფხაზეთის კონფლიქტის მამოძრავებელ მიზანთა შორის ერთ-ერთი, არცთუ უმნიშვნელო.

ომი დაწყებულია. დაგომისში იმართება დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკება. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა, რუსეთისას _ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვი, მაგრამ წამყვანი ფიგურები მაინც გრაჩოვი და კიტოვანი არიან.

თავდაცვის მინისტრები მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ სხედან.

გრაჩოვი:

_ თენგიზ, დამიბრუნებ თუ არა სოხუმში ჩემს აგარაკს და თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმს?

მაშინ გავიფიქრე: “ჩემო ძვირფასო უფროსებო, სარდლებო, აი, თურმე რისთვის ომობთ _ აგარაკებისა და სანატორიუმებისთვის”…

მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ აფხაზი კორესპონდენტი შემეკითხა:

_ როგორ აფასებთ ამ ომს?

_ ეს ომი კი არ არის, ზოგიერთ დიდმოხელეთა მერკანტილური ინტერესების დაპირისპირებაა, _ ვუპასუხე. “ბრძოლა აგარაკებისთვის” _ ასე ვუწოდებდი შემდეგ ამ ომს.

ეს ფიგურალური გამოთქმაა. სინამდვილეში კი ომი ისეთი მორევია, რომელიც საზოგადოების მთელ ნაგავს ჩაითრევს _ ნარკომანებს, დამნაშავე ელემენტებს, რეციდივისტებს, “კანონიერ ქურდებს”, ფსიქიკურ ავადმყოფებსაც კი. ამ თვალსაზრისით, არც აფხაზეთის ომი იყო გამონაკლისი.

აქ დავამთავრებ “ლირიკულ გადახვევას” და თხრობას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მივყვები.

აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაში გასარკვევად აუცილებლად საჭირო იყო ადგილზე ჩასვლა და, უპირველეს ყოვლისა, იქაურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, მოლაპარაკება, მათ შორის, აფხაზეთის იმდროინდელ პირველ პირთან _ ვლადისლავ არძინბასთან. ჩემი ეს მოსაზრება გავუზიარე კიტოვანს და კატეგორიულად მოვითხოვე სოხუმში ჩემი მივლინება.

ბოლოს და ბოლოს, შევთანხმდით.

მეორე დღესვე ვერტმფრენით სოხუმში ჩავფრინდით მე და ლანჩავა (რომელიც გამომაყოლეს).

რიგითი ჯარისკაცის ფორმა მეცვა, განმასხვავებელი ნიშნების გარეშე.

სოხუმის სტადიონზე დავეშვით. იქ აფხაზეთის უშიშროების ხელმძღვანელი ავთანდილ იოსელიანი დაგვხვდა და წავედით პარტიის აფხაზეთის ყოფილი საოლქო კომიტეტის შენობისკენ, სადაც ვლადისლავ არძინბას უნდა შევხვედროდით.

5 აპრილია, აფხაზეთის ომი ჯერ დაწყებული არ არის.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვესწრებოდით: ავთანდილ იოსელიანი, აფხაზეთის შს მინისტრი გივი ლომინაძე, საქართველოს შს მინისტრი რომან გვენცაძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი, მე და ლანჩავა _ ყველანი სამართალდამცველი სტრუქტურებიდან; ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან _ არძინბა, შამბა, ვინმე კაკალია (რომელიც შემდეგ გამაცნეს) და არძინბას პრესმდივანი.

საუბარი დაძაბული გამოდგა. ლომინაძე პრინციპულად უტევდა, ფაქტებს “მაგიდაზე უდებდა”, ლანჩავა, კიტოვანის წარმომადგენელი, ამოღებული ხმლით გადადიოდა შეტევაზე, იოსელიანი ცდილობდა სიმწვავის შერბილებას. საუბარში ზოგჯერ მეც ვერთვებოდი _ ვცდილობდი სიტუაციის მაქსიმალურად განეიტრალებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძაბულობა კრიტიკულ წერტილს აღწევდა და მხარეები, სადაცაა, ერთმანეთს უნდა დაგძერებოდნენ.

არძინბა ნერვიულობდა _ მოკიდებულ სიგარეტს საფერფლის ფსკერზე ატრიალებდა (ავთომ წინასწარ მითხრა, რომ ამ კაცს ასეთი ჩვეულება ჰქონდა ნერვიული სტრესის დროს), აწვებოდა ლანჩავას, _ თქვენი ბანდა აქაურობას მოაცილეთო. ვინმე სოსო ახალაიას შექმნილ რაღაც სამხედრო პოლიციაზე მიუთითებდა. როგორც მითხრეს, ეს ახალაია ჩამოყალიბებული ბანდიტი ყოფილა (შეიძლება გვარი მეშლება), ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი. ლომინაძე უპასუხებდა, რომ სამაგიეროდ თქვენ აფხაზეთში შემოიტანეთ ამა და ამ სახის იარაღი N რაოდენობით და შეაიარაღეთ თქვენი უკანონო ფორმირებებიო. მოკლედ, მთელი საუბარი ერთმანეთისთვის ბრალის დადებით მიმდინარეობდა. ის ვინმე კაკალია კი, რომელიც “პრეზიდენტ არძინბას სამხედრო საკითხებში მრჩევლად” წარმოგვიდგინეს, ჩუმად იჯდა, კამათსა და დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here