Home რუბრიკები პოლიტიკა დემოგრაფიის ნაციონალური თავისებურებანი

დემოგრაფიის ნაციონალური თავისებურებანი

GEWORLD.GE:
ქართული ფორუმები შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ «ქვეყანაში მოსახლეობა ყოველწლიურად 0,326%-ით მცირდება, ანუ ყოველ წელს იღუპება (ქვეყნიდან გარბის) დაახლოებით 15 ათასი ადამიანით მეტი, ვიდრე იბადება, რაც მსოფლიო ქვეყნების მაჩვენებელში ლამის ყველაზე უარესია (217-ე ადგილი). რაც შეეხება ახალდაბადებულებს და ე.წ. ბეიბი-ბუმზე ლაპარაკს, აქ 179-ე ადგილზე ვართ, ათას მოსახლეზე 10,73 დაბადებულით. ამ ფონზე კი ქვეყანა აღარ აფინანსებს მშობიარობას, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე, მესამე და შემდგომი შვილების ყოლის კომპენსაციებსა და წახალისებებზე».

როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს მონაცემები აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური ვებგვერდიდანაა აღებული. თურმე, 2011 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 585 ათას 874 ყოფილა.
არადა, სხვა კომპეტენტური წყაროების მიხედვით, თუ 1989 წლის აღწერის შედეგად 5 მილიონ 499 ათასი ვყოფილვართ, 2002 წლის აღწერამ 4 მილიონ 371 ათას 500 აჩვენა, ხოლო 2010 წელს კიდევ უფრო ნაკლები – 4 მილიონ 436 ათას 400. მაშ, ლუარსაბ თათქარიძის არ იყოს, «გაფრენილან»: 13 წელიწადში მილიონ ასოცი ათასით დაგვიკლია, მაგრამ შემდგომ 9 წელიწადში «გვიბარტყია» და ერთბაშად 150 ათასით მეტნი გავმხდარვართ.
შეგახსენებთ, მოსახლეობის აღწერა სწორედ იმ 2002 წელს ჩატარდა, რომელსაც 2003 წლის «ვარდების რევოლუცია» მოჰყვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ რევოლუციის საბაბად «ამომრჩეველთა გაყალბებული სია» იქცა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მაშინდელი ოპოზიცია (დღეს რომ თავად ითვლის მოსახლეობასაც და ამომრჩეველსაც) ხმის ჩახლეჩამდე გაკიოდა, რომ საქართველოში არც ამდენი მოსახლეობაა და არც ამდენი ამომრჩეველი. უკაცრავად, მაგრამ ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ მაშინ 3 მილიონ 200 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. უკანასკნელ არჩევნებზე ამომრჩეველთა «გაბერილმა რაოდენობამ» კვლავ «იბარტყა» და 3 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა.
რა ხდება? – იკითხავდა გაოცებული სახით კოკა ყანდიაშვილი, მაგრამ, შევარდნაძის «რეჟიმისგან» განსხვავებით, მას დღევანდელი ხელისუფლება კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს.
ხდება ძალიან მარტივი რამ: როგორც საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში (კავის რუსეთი და ტრაქტორ-კომბაინები რომ ეხატა შედარებისთვის _ «რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ») სურათი მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს რევოლუციის შემდგომი სიტუაციის სასარგებლოდ. ამიტომ თურმე ჩვენ მეტნი გავხდით 2002 წელთან შედარებით, ხოლო თუ მეტნი ვართ, ამომრჩეველიც მეტი გვეყოლება, ვიდრე რევოლუციამდე. ამიტომ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ მომავალ, 2012 და 2013 წლების არჩევნებისთვის ჩვენი ამომრჩევლის რაოდენობა 4 მილიონს გადააჭარბებს.
ამის დათვლა კვლავ ამერიკული მონაცემების მიხედვით შეიძლება. მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა ასე გამოიყურება: 14 წლამდე მოსახლეობა – 15,6%; 15-64 წლისა – 68,3%; 65 წლის ზემოთ – 16%. 15 წლამდე და 15 წელს ზემოთ მოსახლეობის დაყოფა კიდევ ერთ შესაძლებლობას შეიცავს: ვერასოდეს ზუსტად ვერ დაადგენ სრულწლოვანი (ანუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე) მოქალაქეთა რაოდენობას. ესეც იმ ხმების რეზერვია, რომელიც მუდამ ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს არჩევნების დღეს.
როგორც ჩანს, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ბრმად ენდობა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შეუსაბამობებს უთუოდ შეამჩნევდა.
სინამდვილეში ქართველ მეცნიერთა კვლევები გაცილებით უფრო მძიმე სურათს წარმოაჩენს: 1990-2000 წლებში საქართველოს მოსახლეობა, 1970-1980 წლებთან შედარებით, 1,5-ჯერ და მეტჯერ შემცირდა, ანუ ნახევარი მილიონი ბავშვი არ დაიბადა. ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობა გაედინება. გასულების რაოდენობაში 20-50 წლისანი ორჯერ მეტნი არიან, ვიდრე დარჩენილებში. 1989 წლიდან 2002 წლამდე მოსახლეობა საქართველოში 19,1%-ით შემცირდა. 25-34 წლისანი 30,8%-ით ნაკლებია, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა 16,8%-ით შემცირდა.
მიგრაცია იმაზე დიდი დანაკარგის მომტანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი; ქართველ მეცნიერთა კვლევების მიხედვით, ქვეყნიდან საშოვარზე გასულ ადამიანთაგან ნახევარი მილიონი ადამიანი უკან აღარ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი კაცი მონაწილეობდა, მათგან 300 ათასი დაიღუპა. რომ არა მიგრაცია, საქართველოში 15-20 ათასით მეტი ბავშვი დაიბადებოდა. ამავე დროს 4 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა, 1989 წელთან შედარებით, განახევრდა, ხოლო 5-9 წლის ბავშვების რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდა.
ახლა კვლავ ამერიკულ ციფრებს მივუბრუნდეთ. ამ უახლეს მონაცემებში (2011 წლის მდგომარეობით!) არის რამდენიმე, რომელიც უთუოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მსოფლიო ჰეგემონისთვის, მაგრამ 2009 წლის ციფრებით კმაყოფილდება. ესენია: თბილისის მოსახლეობა – 1 მილიონ 115 ათასი ადამიანი, შიდსით და აივ-ინფიცირებულები – 3.500, ამ დიაგნოზით გარდაცვლილები – 100.
კიდევ უფრო მოძველებულია მოსახლეობის ეთნიკური ჭრილი: 2002 წლის მონაცემებით, 83,8% ქართველია, 6,5% _ აზერბაიჯანელი, 5,7% _ სომეხი, 1,5% _ რუსი, 2,5% _ სხვა დანარჩენი. ერთი სიტყვით, 4 მილიონ 585 ათასი ადამიანი 2011 წლის ივლისისთვის გადათვალეს, მაგრამ მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დაზუსტება გაუჭირდათ და 9 წლის წინანდელ მონაცემებს იშველიებენ. ეს იმას ჰგავს, მეგრელს რომ ჰკითხეს, მთაზე შეფენილ ფარაში რამდენი ცხვარიაო? მანაც შეხედა და სხარტად უპასუხა: 27 ათას 987-ო. ასე სწრაფად როგორ დაითვალეო, _ ჰკითხეს. – მაგას რა უნდოდა, ფეხები დავთვალე და ოთხზე გავყავიო, მიუგო მეგრელმა.
კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება მოსახლეობის ენობრივი ჭრილი; ქართულენოვანია მოსახლეობის 71%, რუსულენოვანი – 9%, სომხურენოვანი – 7%, აზერბაიჯანული – 6%, სხვა – 7%. გამოდის, რომ საქართველოში 5,7% სომეხია, მაგრამ სომხურ ენაზე 7% ლაპარაკობს. რუსულენოვანია 9%, მაგრამ ხელისუფლება ისე ეპყრობა რუსულ ენას, რომ ამომრჩევლის ხმების 9% არ აინტერესებს. რამდენად სანდოა ეს მონაცემები, მკითხველმა განსაჯოს.
არანაკლებ საინტერესოა მოსახლეობის აღმსარებლობის ჭრილი: მართლმადიდებელია 83,9%, მუსლიმი _ 9,9%, გრეგორიანელი _ 3,9%, კათოლიკე _ 0,8%, სხვა _ 0,8%, ათეისტი _ 0,7%. ტოლერანტობისადმი განსაკუთრებულად ფაქიზი დამოკიდებულების მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აქაც 2002 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
სამაგიეროდ, აშკარად მიმზიდველად გამოიყურება მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი. იგი კვლავაც 100%-ს შეადგენს, მიუხედავად რეფორმებისა და მოსახლეობის გაღატაკებისა. ამერიკელებისთვის ეს უთუოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან თავად აშშ-ის ზოგიერთ შტატში ფუნქციონალურად წერა-კითხვის უცოდინარია მოსახლეობის 46%! ასეთივე ეჭვიანობის საბაბს წარმოადგენს სასმელი წყლით მოსახლეობის პრაქტიკულად 100%-ით უზრუნველყოფის მაჩვენებელი, როცა მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი სუფთა სასმელ წყალს ვერ იღებს, ხოლო გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის განცხადებით, წელიწადში 2 მილიონი ბავშვი იღუპება სასმელი წყლის დეფიციტის გამო. გაერომ 2005-2015 წლები გამოაცხადა საერთაშორისო ათწლეულად «წყალი სიცოცხლისთვის». წყლის ექსპორტი ენერგორესურსებზე უფრო მომგებიანი და, მათგან განსხვავებით, სასიცოცხლოდ აუცილებელია. განიხილება მაგისტრალური წყალსადენებითა და ტანკერებით სასმელი წყლის ტრანსპორტირების გეგმები.
ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრის, ტომას გარეტის განცხადებით, წყლის დეფიციტის გამო მოსალოდნელია ახალი კონფლიქტები, ე.წ. წყლის ომები. დღეს უკვე მსოფლიოს 30 ქვეყანა წყლის ერთ მესამედს საზღვარგარეთიდან იღებს. მსოფლიოში წყლის მოთხოვნილება სულ უფრო იზრდება, ჩვენმა ხელისუფლებამ კი წყლის რესურსები მისი აუცილებელი ინფრასტრუქტურით გაასხვისა (თუ მიითვისა?)!
ციფრები დამღლელია, მათზე ადამიანის მიბმა – შეურაცხმყოფელი, რადგან ყოველი მშრალი ციფრის უკან ცოცხალი ადამიანი დგას, თავისი პრობლემებით, სიღატაკით, დაუცველობით, შვილებით ან უშვილობით, იმედით ან სასოწარკვეთით. იმ ერთ ადამიანს ვერც მსოფლიოს ენერგორესურსების, ვერც გლობალური დათბობის მოგვარების პერსპექტივით შეუცვლი მის ერთ, ღვთისაგან ნაბოძებ სიცოცხლეს. ეს ყველაფერი, კარგა ხანია, პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცა.
დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება, რომ იმ ერთი ადამიანის (ქართველი იქნება, სომეხი თუ რუსი) სატკივარი ერთნაირად სულ ერთია მათთვის, ვისაც მთელი მსოფლიოს ბედის გადამწყვეტად წარმოუდგენია თავი.
და მაინც: თუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამ დონეზე ფლობს სიტუაციას მსოფლიოში, მის ჰეგემონობას დიდი დრო არ უწერია, ხოლო, თუ მის პროტექტორატებს ამ ციფრებით აბნევს, საკუთარ მონაცემებში ჩაიხედოს, _ საქართველოში წერა-კითხვის მცოდნე ჯერაც მოსახლეობის 100 პროცენტია!
ნანა დევდარიანი
P.S. 2003 წლიდან 2010 წლამდე შრომითი მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა 4,8-ჯერ გაიზარდა და მთელი მსოფლიოდან საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ ინვესტიციებს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი ეს მდგომარეობა იყო, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ით ჩამორჩა დანარჩენი მსოფლიოდან განხორციელებულ ინვესტიციებს (შესაბამისად _ რუსეთიდან გადმოირიცხა 530.2 მილიონი დოლარი, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან _ 553,1 მილიონი). განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თქვენთვის გადმორიცხული ფულით თქვენ საზრდოობთ, ინვესტიციებით კი _ სააკაშვილის რეჟიმი.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here