Home რუბრიკები საზოგადოება ნანა კაკაბაძე: დამყარდა ისეთი რეჟიმი, რომლის დროსაც ნებისმიერი ადამიანის გისოსებს მიღმა მოთავსება...

ნანა კაკაბაძე: დამყარდა ისეთი რეჟიმი, რომლის დროსაც ნებისმიერი ადამიანის გისოსებს მიღმა მოთავსება ძალიან მარტივია

GEWORLD.GE:
სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა, მაგრამ ხელისუფლებას მის მიმართ კვლავაც აგდებული დამოკიდებულება აქვს. მიზანი ცხადია – მათი სრული დისკრედიტაცია. თუმცა მიზანთან ერთად მიზეზებიც დიდ ინტერესს იწვევს. მიზეზი კი, უპირველესად, ის არის, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უმთავრესად სწორედ არასამთავრობო სექტორიდან მოსული ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და მათ კარგად იციან საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. ამ ყველაფერს სათავე ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაუდეს და დღეს ჩვენც მაშინ დარგული ხის ნაყოფს გვთავაზობენ. ცნობილ უფლებადამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაცია «ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის» ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუ სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულ უთანხმოებებზე საუბრით დავიწყეთ.
– ქალბატონო ნანა, რა განაპირობებს სამოქალაქო საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირებას? თქვენ, დიდი ხანია, მოღვაწეობთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. როდის იყო ყველაზე მეტად თანხმობა საზოგადოებაში და რა იწვევს გაუცხოებას?
– სამოქალაქო საზოგადოების დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოების დაპატრონება გადაწყვიტეს სხვადასხვა პოლიტიკურმა თუ არაპოლიტიკურმა ფიგურებმა.
როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები ბუნებრივად ვითარდებოდა დასავლეთთან, დემოკრატიულ ქვეყნებთან და დემოკრატიულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობითა და თანამშრომლობით. ამ სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე 2001-2003 წლებისთვის შექმნა სერიოზული ძალა და ისინი ხელისუფლებაზე მართლაც სერიოზულ კონტროლს ახორციელებდნენ და ქვეყანაში პროცესებს მიმართულებასაც აძლევდნენ. პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის. სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა კი დაინახა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთივე გავლენიანი ვიყოთ პოლიტიკაში და პოლიტიკას მიუბრუნდნენ.
– ეს პროცესები, ფაქტობრივად, 90-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო, როცა გამოიკვეთა ე.წ. რეფორმატორების ფრთა და მან დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, საკუთარი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა და ლობირება. შესაბამისად, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ხელისუფლებაში არსებული ერთი ფრთის კეთილგანწყობით და, ბუნებრივია, მასაც გაუჩნდებოდა სურვილი, რომ შემდგომ იმდენად გაძლიერებულიყო, პოლიტიკაზე მოეხდინა გავლენა. ეს ტენდენცია 2004 წლიდან უფრო გამოიკვეთა.
– პოლიტიკოსებმაც დაინახეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სარფიანი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია ძალაუფლების გასაძლიერებლად თუ შესანარჩუნებლად და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა დაინახა, რომ მათ შეეძლოთ პოლიტიკაშიც ჰქონოდათ სერიოზული წარმატებები, იმაზე მეტიც, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰქონდა, და ორივემ სცადა ბედი. პოლიტიკოსებმა სცადეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჯიბის ორგანიზაციებად გადაქცევა და მათი გამოყენება, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეეცადნენ, რომ არარსებული, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურებისგან შეექმნათ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც შემდგომ მათი საყრდენი იქნებოდნენ, რომელთა მეშვეობითაც მიაღწევდნენ თავიანთ მიზნებს.
ამის ტიპური მაგალითი იყო იმდროინდელი «მოქალაქეთა კავშირის» რეფორმატორული გუნდი, რომელსაც აწგარდაცვლილი ზურაბ ჟვანია წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აქეთა მხარეს კი – უკვე «თავისუფლების ინსტიტუტი», თავისი წარმონაქმნებით. ამ ორგანიზაციების შექმნის პროცესი ღია და საჯარო იყო. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სამომავლოდ ესენი ასეთი პრეტენზიებით წარსდგებოდნენ საზოგადოების წინაშე. მე, როგორც მათთან დაახლოებულ ერთ-ერთ რიგით ადამიანს, მეგონა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ეს ნაწილი მართლაც ცდილობდა, შეეცვალა ქვეყანაში არსებული დემოკრატია უკეთესი დემოკრატიით; ამიტომ მიმაჩნდა, რომ მათი არსებობა და გაფართოება ქვეყნისთვისაც სასარგებლო იყო.
ნებით თუ უნებლიეთ, მეც და ჩემნაირმა ადამიანებმაც სერიოზული წვლილი შევიტანეთ ასეთი ტიპის ორგანიზაციების მომძლავრებასა და განვითარებაში. ეს ორგანიზაციები კი თურმე ორიენტირებულნი იყვნენ არა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რაც არის ძირითადად არასამთავრობო სექტორის დანიშნულება, არამედ ძალაუფლების ხელში აღებაზე. სამწუხაროდ, ამან შედეგი გამოიღო. იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებიც ცდილობდნენ სამოქალაქო საზოგადოების გამოყენებას, მათი ერთ-ერთი ლიდერი და წარმომადგენელი ზურაბ ჟვანია დღეს ცოცხალი აღარ არის, მეორე კი ქვეყნის პრეზიდენტია, პირველი პირია, თუმცა სერიოზული კითხვის ნიშნებით.
– რას გულისხმობთ?
– არა იმას, რაც საზოგადოებაში დომინირებს და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის არალეგიტიმურია და ხალხს არ აურჩევია. მე ვფიქრობ, რომ ის დე ფაქტო პრეზიდენტია და ამის გადასინჯვას დღეს არავინ არც ცდილობს, მაგრამ რამდენად აქვს მას რეალური ძალაუფლება, აქ სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება.
– ანუ ვიღაც იღებს გადაწყვეტილებებს და სააკაშვილი ასრულებს?
– ყოველ შემთხვევაში, ის არის მართვადი ფიგურა.
– ვინ მართავს: მისი პარტნიორები ყოფილი თუ ახლანდელი სამოქალაქო სექტორიდან?
– რა თქმა უნდა. ის დღესაც არის დამოკიდებული ამ ძალებზე. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ დაშანტაჟების ნიშნებს, რაც სხვადასხვა ფორმით გამომჟღავნდება ხოლმე. ე.წ სამოქალაქო ფრთის წარმომადგენლებიც და სააკაშვილიც ცდილობენ ამის დამალვას, გაქარწყლებას, მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის ადვილად დასანახია.
– ქალბატონო ნანა, თქვენ ეხმარებოდით ამ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია სხვადასხვა დონეზე. ისინი უკვე მაშინ ლახავდნენ ადამიანის უფლებებს. 1998 წელს, როდესაც «თავისუფლების ინსტიტუტის» წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან კუბო დადგეს და მოსამართლეთა ფიტულები დაწვეს, უკვე ჩანდა თუ არა, რომ ეს ადამიანები პატივს არ სცემდნენ ლიბერალურ ღირებულებებს?
– ეს ნამდვილად შემზარავი და უსიამოვნო აქცია იყო. ამას ვერავინ უარყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციების ბევრმა წარმომადგენელმა იგრძნო ეს და თავი აარიდა ამ აქციას, თუმცა თვითონ ამ იდეის ავტორი, ლევან რამიშვილი ფიქრობდა, რომ ეს იყო სწორი, მნიშვნელოვანი აქცია და ის ამით ამაყობდა კიდეც. ამან სერიოზული დაღი დაასვა იმდროინდელ სასამართლოს. ეს იყო პირველი დამცირება და მოსამართლეების ღირსების პირველი შელახვა. ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდა ეს აქცია, ამან სულიერად გატეხა მოსამართლეები და დაანახა, მათ რომ სახელმწიფო მათ ვერ იცავდა. მაშინ ამ ინსტიტუტმა სერიოზული დარტყმა განიცადა.
– იუსტიციის სამინისტროში პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის საბჭოც იმიტომ ხომ არ შეიქმნა «თავისუფლების ინსტიტუტის» რეკომენდაციით, რომ არა მხოლოდ ის გამოემზეურებინათ, რაც მაშინდელი ხელისუფლების საქმიანობიდან ზედაპირზე ჩანდა, არამედ ისიც, რაც არ ჩანდა, ციხის გისოსებს მიღმა რაც იყო?
– რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ეს იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ დასავლეთისთვის ეჩვენებინათ სააკაშვილის რეფორმატორული და დემოკრატიული ნაბიჯები. ეს იყო ყველაზე მისაღები დასავლეთისთვის, რაც მან გააკეთა; ისევე, როგორც ყველაზე მიუღებელი, რასაც დღეს აკეთებს. დღეს ციხეები აბსოლუტურად დახურულია.
– სამაგიეროდ, გაუმჯობესდა პატიმართა რაოდენობრივი მაჩვენებელი…
– მე ამას იუმორით ვერ ვუყურებ და ვფიქრობ, რომ, რაც ამის შემდეგ მოხდა, ეს იყო ტრაგედია არა მარტო იმ პატიმრებისთვის, რომლებიც გისოსებს მიღმა არიან, არამედ გარეთ დარჩენილი მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ჯერ არ არიან ციხეში, მაგრამ ზუსტად იციან, რომ დღეს დამყარდა ისეთი  რეჟიმი, რომლის დროსაც ნებისმიერი ადამიანის გისოსებს მიღმა მოთავსება ძალიან მარტივია.
– ქალბატონო ნანა, როდესაც სააკაშვილმა 2004 წელს გააუქმა მონიტორინგის საბჭო, მაშინ რევოლუციური განწყობა იყო და უცხოელებმაც ვერ აღიქვეს ადეკვატურად, ეგონათ, დემოკრატი მმართველი მოვიდაო. თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რომ სააკაშვილი არანაირი დემოკრატი არ იყო და თავიდანვე აკრიტიკებდით მას. ნუთუ იმ უცხოელი უფლებადამცველის მხრიდან ასე გულუბრყვილო დამოკიდებულება იყო, რომ ვერ ხედავდნენ ამას? მათ ხომ აქვთ უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ დიქტატურებზე, სადაც მოდიოდნენ ადამიანები ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ლოზუნგებით და ყველაფერი მთავრდებოდა ადამიანების ჩახოცვით. რატომ არ გაჩნდა თავიდანვე პრევენციული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შესაძლოა ამ ფონზე წავიდეს სწორედ დიქტატურისკენ და არა დემოკრატიისკენ?
– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ძალიან დიდი როლი ითამაშა შევარდნაძის გუნდმა, რომელიც მასთან დარჩა და რომელიც მერე პოლიტიკიდან განიდევნა. ეს იყო ხალხი, რომელიც თავის დროზე არ თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ იცოდა მათთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის ენა, ამიტომაც წააგო შევარდნაძემ და არა იმიტომ, რომ მას პოლიტიკური ჭკუა აკლდა. მან არ იცოდა სწორედ ეს თანამედროვე ურთიერთობები, კავშირები და ის გუნდი, რომელიც მასთან ერთად დარჩა, ქვეყნის შიგნით ურთიერთობებით იყო შეზღუდული.
შევარდნაძის ხელისუფლებაში მხოლოდ და მხოლოდ რეფორმატორების გუნდმა იცოდა სამოქალაქო საზოგადოების ფასი, როლი და დანიშნულება და შესაძლებლობები. მეორე მხარეს დარჩენილმა პოლიტიკოსებმა კი არ იცოდნენ, რა იყო სამოქალაქო საზოგადოება. დღეს მათ დაინახეს, რომ თურმე შესაძლებელია ამის გამოყენება ძალაუფლების ხელში ასაღებად. მერვე წელია, სააკაშვილი ხელისუფლებაშია და ორი წელია, რაც გამოირკვა, რომ თურმე სამოქალაქო საზოგადოებას ასეთი ქმედებები შეუძლია. ახლა გააანალიზეს, რომ რევოლუცია მოხდა სწორედ ამ ძალების მხარდაჭერითა და შეცნობით.
– არსებობს კი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება? არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არათუ შევარდნაძე, შეიძლება სააკაშვილიც სანატრელი გაგვიხდეს?..
– იმედგაცრუებული ადამიანი ფიქრობს, რომ შევარდნაძე არ უნდოდა, უნდოდა უკეთესი, მოვიდა უკეთესი და მიიღო სააკაშვილი. შიში აქვს იმისა, რომ უნდა უკეთესი და შეიძლება მოვიდეს უარესი. ამ ადამიანების შიში და უარესობის მოლოდინი აბსოლუტურად გასაგებია, რადგან პოლიტიკური პროცესები საზოგადოებას მომავლის იმედს არ უჩენს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის დაგეგმვა და სწორი ნაბიჯების გადადგმა. შეცდომის უფლება დღეს არავის აქვს. ეს ნიჰილიზმი, შიში თუ არ შეიცვალა, რომ მოგვენატრება სააკაშვილი და ის უბედურება, რაც დღეს არის, 40 ათასი პატიმარი, მკვლელობები, გაუპატიურებები, ძარცვა, ქონების წართმევა, ფასების არანორმალური ზრდა და ა. შ. და ესეც რომ მოგვენატრება, ანუ ამის იქით უნდა იყოს სიკვდილი.
ყველა იმ აქტიურ ადამიანს, ვისაც დღეს გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ განსხვავებული, ჩვენ ვართ საზოგადოების უფრო აქტიური ნაწილი, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, თუმცა ხელისუფლება თავის შეცდომებს აგრძელებს. ხელისუფლების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით კიდევ იქმნება ახალ-ახალი გაერთიანებები, იქმნება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოსდა ოპოზიციური პარტიებია, მაგრამ რეალურად – ხელისუფლებისგან მართული პარტიები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთას, მის საქმეს აკეთებენ და ამით საზოგადოებაში ბადებენ იმ აზრს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება და ისევ ესენი გვირჩევნია დღეს არსებულ ოპოზიციას.
ესაუბრა
ბონდო მძინარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here