გენერალ–ლეიტენანტ ვალერი ჩხეიძესთან რედაქცია შეთანხმებული იყო საუბრების ციკლის გამოქვეყნებაზე, რომლითაც გაზეთის მკითხველი გაეცნობოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებულ, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე დაფარულ ფაქტებსა და მოვლენებს.
სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ ღირსეულმა ადამიანმა და სახელმწიფო მოღვაწემ აღნიშნული პროექტის მხოლოდ ერთი წერილის დამთავრება მოასწრო. დღევანდელი პუბლიკაცია “შეწყვეტილი თხრობის” პრემიერაც არის და ფარდის დაშვებაც ერთდროულად. “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია კვლავ უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს უმძიმესი დანაკლისის გამო. უშიშროების გენერალ–ლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ სახელმწიფო უშიშროების დაცვას შესწირა თავისი ცხოვრება. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსებისა და მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1984-1987 წლებში ავღანეთში სპეციალურ დავალებას ასრულებდა. მომდევნო წლებში დააწინაურეს უშიშროების მინისტრის მოადგილედ, სასაზღვრო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად. ვალერი ჩხეიძის საუბარი ჩაიწერა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა არმაზ სანებლიძემ.
ერთ ამბავს გავიხსენებ.
სოხუმში, სახელმწიფო აგარაკზე, აფხაზ უხუცესთა ჯგუფი მოვიდა. ამ დროს მე ქვედა პოსტზე ვმორიგეობდი, ძირითად შემოსასვლელთან. განმიცხადეს, რომ სურდათ რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. აგარაკზე მაშინ იმყოფებოდნენ ედუარდ შევარდნაძე, ალექსი ინაური და, თუ არ ვცდები, კაპიტონოვი _საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წარმომადგენელი. ეს უკანასკნელი სპეციალურად კი არ იყო მოვლინებული, არამედ შვებულებას ბიჭვინთაში ატარებდა და, რადაგან აქვე იყო, მას მიანდეს აფხაზეთის მოვლენების გაკონტროლება და მოგვარება.
ჩემი საგუშაგოდან დავუკავშირდი აგარაკს და მოვახსენე, რომ უხუცესები ითხოვდნენ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.
ათ კაცამდენ იყვნენ, ჩოხები ეცვათ და მკერდზე ორდენები და მედლები ეკიდათ _ ზოგი ომის ვეტერანი იყო, ზოგი _ შრომის.
გამოგზავნეს მანქანა: აგარაკი საკმაოდ დაშორებულია შესასვლელს, გზა აღმართში მიდის და მოხუცებულებს გაუჭირდებოდათ ფეხით სიარული.
ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.
რაც ამის შემდეგ მოხდა, სხვისი მონათხრობით ვიცი _ ჩემი კოლეგა-ოფიცრების, რომლებიც აგარაკზე მორიგეობდნენ.
ხანდაზმულების დელეგაციას შეხვდა გენერალი ინაური. სტუმრებმა უთხრეს, რომ მისულები იყვნენ ხალხის დავალებით და მიტანილი ჰქონდათ პეტიცია, რომლითაც ითხოვდნენ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარესთან აფხაზეთის შეერთებას.
ინაური პირდაპირი კაცი იყო და მოურიდებლად მოუჭრა:
_ თუ არ დაწყნარდებით, კრასნოდარის კი არა, კრასნოიარსკის მხარეს შეგაერთებთო.
კრასნოიარსკის მხარე ციმბირშია.
ხანზადმულთა, ანუ სეპარატისტების კატეგორიულ მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლება ხისტი პოზიციით უპასუხებდა. არავინ აპირებდა მათთან ენის მოჩლექვით ლაპარაკს, მაგრამ, ამასთანავე, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები _ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი უნივერსიტეტად გადაკეთდა, გაიხსნა ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებლობა, მოგვარდა სხვა საკითხებიც.
თანდათან დაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ მიტინგზე, რომელიც დასკვნითი შეკრება გამოდგა და რომელიც აფხაზეთში მოღვაწე და მცხოვრები ქართველების მიერ იყო ორგანიზებული, ვიღაც ფარული დირიჟორი (რომელზეც ზემოთ მიგანიშნეთ) შეეცადა პროვოკაციის მოწყობას.
უამრავი ხალხი შეიყარა სოხუმში, ლენინის მოედანზე, სადაც მანამდე სეპარატისტები მართავდნენ თავიანთ მიტინგებს. ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად ამ შეკრებაზე წესრიგს ჩვენც ვიცავდით: პირველ ეშელონად მერვე პოლკი იდგა, შემდეგ _ მილიცია, ბოლოს _ ჩვენ.
ვხედავთ, გამოგვეცხადნენ აფხაზები _ სამი თუ ოთხი კაცი, გვირგვინით ხელში.
როგორღაც მოახერხეს და ორი ეშელონი, რომლებიც ჩვენამდე იდგა, გამოიარეს.
_ სად მიდიხართ? _ ვეკითხებით. ცნობისმოყვარეობის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ არსებულ სიტუაციაში ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მათ შორის არც ტერაქტის მოწყობა იყო გამორიცხული.
გვიპასუხეს, რომ მიდიოდნენ ლენინის ძეგლთან და ეს გვირგვინიც იქ უნდა დაედოთ.
ერთი ჩვენი თანამშრომელი იუმორისტულ ტალღაზე გადაერთო და ჩაეკითხა:
_ ლენინთან მიგაქვთ?
_ ლენინთან.
_ დაგვიტოვეთ ეს თქვენი გვირგვინი, ხვალ მოსკოვში მივფრინავთ და ვლადიმერ ილიჩს პირდაპირ მავზოლეუმში მივართმევთ.
უკან მივაბრძანეთ.
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აფხაზეთის მოვლენების ანალიზის შედეგად? ყველაფერმა, რაც იქ იმ დროს მოხდა, საქართველოს ხელისუფლებას დაანახვა, რომ აფხაზეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალა მოქმედებდა და რომ მას ვიღაც მართავდა. ამას დღევანდელი გადასახედიდან ვაფასებ, რა თქმა უნდა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა.
მაგალითად, ის, რის შესახებაც კარგა ხნის შემდეგ შევიტყვე: გარკვეული როლი აფხაზეთში მღელვარების დასაწყნარებლად ითამაშეს ე.წ. კანონიერმა ქურდებმა. ერთი შეხედვით, მოულოდნელი უნდა იყოს ასეთი რამ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კასტა ფულს შოულობდა საკურორტო სეზონის დროს, დესტაბილიზაცია კი უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებდა ტურისტებისა და დამსვენებლების ჩამოსვლაზე, სიტუაციის არევა მათ ხელს არ აძლევდა: ისინი “საკურორტო ინდუსტრიაზე” პარაზიტობდნენ, შეწერილი ჰქონდათ “გადასახადები” და ამ გზითა და საშუალებით ამდიდრებდნენ “ობშჩიაკსაც” და პირად ბიუჯეტსაც.
1980-იან წლებში გავარკვიე, რომ კურორტ კისლოვოდსკში ჩატარებულა დიდი ქურდული შეკრება (“სხოდკა”), რომელზეც გადაუწყვეტიათ, რომ სამოქალაქო ომის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროსა და ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების მასშტაბით.
ომი აფხაზეთში სწორედ 80-იან წლებში უნდა დაწყებულიყო და არა 90-იან წლებში.
ძალაუნებურად დაფიქრდები, ვინ, რა ძალა წარმართავდა ამ პროცესებს?
მაშინ ყველაფერი მშვიდობიანად და შეტაკებების გარეშე დამთავრდა. ჩვენ კიდევ ორიოდ კვირის განმავლობაში დავრჩით აფხაზეთში. აქტიურად ვურთიერთობდით ჩვენს კოლეგებთან და ბევრი რამ საინტერესო სწორედ მათგან შევიტყვეთ. კარგად არ მახსოვს, გენო ბერულავამ მითხრა თუ ძიაფშბამ (ორივენი უშიშროების თანამშრომლები იყვნენ), რომ, სამწუხაროდ, აფხაზეთში ყველაფერი ამით არ დამთავრდებოდა. ადგილობრივები ჩვენზე მეტ ინფორმაციას ფლობდნენ.
ასეც მოხდა, რისი მოწმენიც ყველანი გავხდით 1990-იანი წლების დასაწყისში. მე კი მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი.
ვარ ფოთში, ამბოხებული ლოთი ქობალიასგან გავათავისუფლეთ ქალაქი, თვითონ “სარდალი” ქობალია კი გემით “სალხინო” ფოთის ნავსადგურიდან ანაკლიისკენ წავიდა. ადმირალი ბალტინი თავისი საზღვაო მედესანტეებით შემდეგ შემოვიდა ქალაქში.
მირეკავს ბატონი ანზორ მაისურაძე, კიტოვანი გეძებს, ხვალ ზუგდიდში თათბირი აქვს და ეგებ ჩახვიდეო. მგონი, რაღაც სისულელის გაკეთებას აპირებენ. გამოიყენე შენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, რაღაც უბედურებას რომ არ გადაგვყარონო.
მე ამ მომენტში ანზორ მაისურაძის მოადგილე ვარ. ჩავედი ზუგდიდში. უშიშროების განყოფილებაში შევიკრიბეთ. ვხედავ, კედელზე გვარდიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს ჩამოკიდებული აქვთ უზარმაზარი რუკა, მიხატული რაღაც ისრები, ვერ გაარჩევ, რას უნდა ნიშნავდეს. აშკარა დილეტანტიზმია. მომხსენებელი (გვარს არ დავასახელებ, რადგან გარდაცვლილია) გვიყვება, რომ აი, აქედან შედის აკია ბარბაქაძის ბატალიონი (ბატალიონში 30 კაცია) აფხაზეთში და იწყებს შეტევით მოქმედებას.
კიტოვანი, ამას რომ მოისმენს, ნაპოლეონის პოზაში დადგება და გასცემს ბრძანებას:
_ შედიხარ გუდაუთაში, აპატიმრებ არძინბას და ჩამოგყავს თბილისში!
მომხსენებელი ავალებს კობალაძეს:
_ შენ ადიხარ ტყვარჩელში, შენი ბატალიონით ოკუპირებას უკეთებ ქალაქს!
ამ დროს კობალაძის ბატალიონშიც დიდი-დიდი 30 მებრძოლია, გაძლიერებული არიან ქვეითთა ოთხი ბე-ემ-პეთი (ქვეითთა ჯავშანმანქანით), რომელთა ეკიპაჟები ÃრÓ-ს “კონტრაქტნიკები” არიან. ამ ძალებით ქალაქი უნდა აეღოთ და კონტროლი განეხორციელებინათ(!).
ომობანას თამაშობდნენ. და, საერთოდ, აფხაზეთის ავანტიურა იმთავითვე განწირული იყო. არაფერი იყო წინასწარ გათვლილი, აწონილი, დაგეგმილი. უვიცების ჭრელ საზოგადოებას ჰქონდა მინდობილი ეს საქმე; თვითმარქვია სარდლებს, რომლებსაც, სტრატეგიასა და ტაქტიკაზე კი არა, ჩვეულებრივი საბრძოლო ოპერაციის განხორციელებაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ.
შემდეგ ჩაერთნენ უჭკვიანესი, ენციკლოპედიურად განათლებული გენერალ-ლეიტენანტი თავაძე, ადმირალი ჯავახიშვილი, პოლკოვნიკი ნიკოლაიშვილი, თორემ თავიდან _ ავოე!
აფხაზეთში შევარდნა იყო კიტოვანის არაპროფესიონალთა გვარდიის სტრატეგიაც და ტაქტიკაც. ვიღაც აკია ბარბაქაძეზე, თენგიზ კიტოვანსა და ასეთ შემთხვევით ხალხზე იყო ყველაფერი დამოკიდებული.
ამიტომ იყო, რომ დამირეკა გენერალმა ანზორ მაისურაძემ და დამავალა, ყველაფერი გამეკეთებინა ამათი ავანტიურის ჩასაშლელად.
თათბირზე ყველა მზად იყო ბერლინის ასაღებად!
კიტოვანმა გამოაცხადა:
_ მოდი ახლა კა-გე-ბეს პოლკოვნიკს მოვუსმინოთ!
ავდექი და გავანადგურე ბრავადული მოხსენება. ქვა ქვაზე არ დამიტოვებია! პირდაპირ ვუთხარი, ჩვენ აქ “ზარნიცას” (იყო ასეთი საყმაწვილო მოძრაობა) თამაშს ვაპირებთ თუ სერიოზული საბრძოლო ოპერაციის ჩატარებას?! ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინე თქვენგან, თუ რა ძალა და რა შესაძლებლობა აქვს მოწინააღმდეგეს. ეს ძალიან საიდუმლო ინფორმაცია თუ არის, დავრჩები და პირადად მითხარით ყველაფერი, რაც თქვენთვისაა ცნობილი, მაგრამ ვიცი, რომ არ გაქვთ, არავინ დალაპარაკებია აფხაზეთში უშიშროების ხელმძღვანელ ავთანდილ იოსელიანს, რომელიც მიმდინარე პროცესების საქმის კურსშია. არც შინაგან საქმეთა თავკაცისგან, გივი ლომინაძისგან მიგიღიათ რაიმე ინფორმაცია, და, საერთოდ, იქაურ ქართველებსაც არ შეხვედრიხართ, არც ღიად, არც კონსპირაციულად.
ეტყობა, ჩემმა ამგვარმა გამოსვლამ მაგრად დაარტყა კიტოვანს, ღრმა ფიქრმა გაიტაცა, რასაც, ჩვეულებრივ, წარბის გრეხვით გამოხატავდა და ბოლოს განაცხადა:
_ კარგი, ახლა გავაჩეროთ ეს ყველაფერი…
არ დაგიმალავთ, მეამაყება, რომ აფხაზეთის ომი, რომელიც 4 აპრილს უნდა დაწყებულიყო, ავაცილე ჩვენს ქვეყანას.
(დასასრული შემდეგ ნომერში)