საქართველო 21 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინშია. 2014 წელს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” თვითმმართველები “ქართული ოცნების” თვითმმართველებმა ჩაანაცვლეს, ხალხს ეგონთ, რომ ქვეყანაში, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც მის სასიკეთოდ გაკეთდებოდა, მაგრამ ამაოდ. იმედი გაუცრუვდათ ბევრი რაიონის მცხოვრებთ, მათ შორის, თელაველებსაც _ ქალაქის თავკაცი პლატონ კალმახელიძე, როგორც თელაველები ამბობენ, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე აღმოჩნდა და დღეს მას თითქმის ყველა თელაველი ლანძღავს…
ივანე ბუჩუკური, თადარიგის პოლკოვნიკი, ჩერნობილის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე:
_ რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ და თელავში ტექნიკური შემოქმედების სკოლის გახსნა გადავწყვიტეთ, სადაც 8-დან 15 წლამდე ბავშვები შეძლებდნენ ესწავლათ მოტო, რადიო და საავიაციო საქმე. ჩვენ მათ შევასწალიდით მოდელების შექმნას. ასეთი სკოლა საქართველოში არ არის და მოსახლეობა სიხარულით შეხვდა ამ იდეას.
2014 წელს, როდესაც ხელისუფლებაში “ოცნება” მოვიდა და თელავში ახალი მერი ავირჩიეთ, ვიფიქრეთ, ეროვნული მთავრობაა და კეთილ საქმეში დაგვეხმარება-თქო. ორგანიზაციას, რომელიც შევქმენით, “ორბი” დავარქვით. სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით მივმართეთ განცხადებით ახალარჩეულ მერს, პლატონ კალმახელიძეს, და ვთხოვეთ, ჩვენს იდეას გაცნობოდა და მხარი დაეჭირა.
ვიდრე პლატონთან მივიდოდით, უკრაინიდან მივიღეთ მხარდამჭერი წერილები, ისინი დახმარებას გვპირდებოდნენ. ეს დახმარება იქნებოდა ფინასური, იდეური, ტექნიკური… ასევე გვპირდებოდნენ, რომ გაცვლითი პროგრამებით მოსწავლეებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად უკრაინაში გავუშვებდით, რაც ახალგაზრდებისთვის სასარგებლო იქნებოდა, არა მხოლოდ საქმის შესწავლის, არამედ კულტურული და სულიერი ცხოვრების თვალსაზრისითაც.
პლატონ კალმახელიძეს ყველა საბუთი წარვუდგინეთ, მან კი მყისვე გვითხრა, რომ თელავს საამისოდ თანხა არ აქვსო. არადა, ზუსტად ვიცოდით, რომ თანხები იყო, მაგრამ ვერაფერში იყენებდნენ…
ისევ მივწერეთ კალმახელიძეს, რომ მისი ფული არ გვჭირდებოდა და მხოლოდ ფართობის გამოყოფას ვითხოვდით, მაგრამ პასუხი აღარ გაგვცა. მისი უყურადღებობით შეშფოთებულებმა წერილი გუბერნატორს გავუგზავნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის თავზე, გვიპასუხა: თელავს თავისუფალი შენობა არ აქვსო. თავისუფალი შენობის მეტი რა არის თელავში?! ჩვენ მოვძებნეთ შენობა და ამის შესახებ ვაცნობეთ, მაგრამ კალმახელიძემ თავი არ შეიწუხა.
პლატონ კალმახელიძე ანტიქართველია, მას დღეს ყველა თელაველი აგინებს, აგინებს ის 250 ადამიანიც, რომელთა ხელმოწერითაც შევიდა მასთან წერილი ტექნიკური შემოქმედების სკოლის შექმნაზე. ამ გინებას არ ერჩივნა, გაეკეთებინა კეთილი საქმე, რომელსაც მხოლოდ მისი ნება სჭირდებოდა?!
თელავში საუკეთესო პირობებია იმისთვის, რომ შევქმნათ საავიაციო სასწავლო სკოლა ბავშვებისთვის. ამით მოსწავლეებს დავეხმარებით, ქუჩაში არ გაატარონ თავისუფალი დროის დიდი ნაწილი… სახელმწიფოებრივი საქმე იყო და თელავის ხელმძღვანელებმა არ გააკეთეს.
პლატონ კალმახელიძეს ბავშვების ღალატი არ უნდა შერჩეს.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
რამდენი ეგეთი გოთვერანია ხელისუფლებაში! თავისუფალი შენობა-ნაგებობაც იქნებოდა მაგრამ თავისთვის ექნება თვალი დადგმული, თანამდებობის პირი მანამაა ფული და ქონება ხომუნდა იშოვოს!