«Wikileaks»-მა საიდუმლო დოკუმენტების მორიგი პარტია გამოაქვეყნა. განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენთვის საქართველოში აშშ-ის ელჩის – ჯონ ბასის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი რამდენიმე დეპეშა წარმოდგენს. იმის თქმა, რომ ფაქტები, რომლებზეც ელჩი წერს, ქართული საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იყო, არ შეიძლება, თუმცა ზოგიერთ მათგანს მხოლოდ ფართოდ გავრცელებული ეჭვის ან ვარაუდის სახე ჰქონდა. ყველაზე თავზარდამცემი საზოგადოებისთვის, ალბათ, ჯონ ბასის ის ტელეგრამა გახდა, რომელშიც ელჩი ხელისუფლებისა და ეკლესიის «ხანგრძლივ ფარულ კონფლიქტზე» საუბრობს.
სულ რაღაც ოცდაათ ვერცხლად
ბასის ეს ტელეგრამა შემზარავი (გადაჭარბების გარეშე) წინადადებით იწყება: «საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები პირად საუბრებში იმედგაცრუებას გამოხატავენ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს». პრინციპში, აქვე შეგვიძლია დავასრულოთ ამ ტელეგრამის ციტირება, მსჯელობა სააკაშვილის ხელისუფლებაზე, ისევე, როგორც ყოველგვარი საუბარი მასთან, რადგან ეს ფინიშია, დეგრადაციის უკანასკნელი სტადია, სადამდეც, როგორც ჩანს, ხელისუფლების ხსენებული წარმომადგენლები მივიდნენ.
ამ შემთხვევაში, სუბიექტური შეფასებებისგან თავის შეკავება გაძნელდება, რადგან შეუძლებელია მძაფრი ნეგატიური ემოციების გარეშე წარმოიდგინო, თუ როგორ დარბიან ეს პატარა, საცოდავი ადამიანები ამერიკის საელჩოში და წუხან იმის გამო, რომ საქართველოში (თურმე!) მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა იზრდება, ჯონ ბასი კი თავაზიანი ღიმილით უსმენს, შესაძლოა, დაახლოებით ისეთი ღიმილით, როგორითაც ალან პარკერის შესანიშნავ ფილმში «ანგელოზის გული» თავის თანამოსაუბრეს ლუის საიფერი უსმენდა (ალბათ, გახსოვთ, თუ ვინ იმალებოდა ამ მოხდენილი ფსევდონიმის მიღმა).
ასეთი ღიმილი საკუთარი, თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლების გაცნობიერებიდან მოდის. ეს ბატონის (კოლონიალურ ლექსიკონს თუ მოვიშველიებთ – «საჰიბის») ღიმილია, რომლის გარშემო ტვინნაღრძობი «ტუზემცები» დახტიან და, ძველად რომ იტყოდნენ, «ერთი მუჭა დოლარებისთვის» (ან თანამდებობებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს), მზად არიან, საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და თანამემამულეების რწმენას აფურთხონ.
რა მოტივები იდგა ხელისუფალთა ამ წუხილის მიღმა? ჩიოდნენ თუ არა ისინი იმიტომ, რომ ჯონ ბასს სწორედ ამის მოსმენა სურდა? ან იქნებ დახმარებას სთხოვდნენ? მსგავსი აზრები თუ აწუხებდათ, რატომ არ გვითხრეს ამის შესახებ საჯაროდ? თუმცა ამის შნო ვინ მისცათ; ჩუმად დაძვრებოდნენ საელჩოში, ჩუმად ჩურჩულებდნენ (თუ სისინებდნენ); ალბათ, ეგონათ, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა. თუმცა, როგორც ვხედავთ, აღმოჩნდა, რომ ძია სემს საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია (ან კიდევ – არ სურს, თუ იმ ვერსიას მივემხრობით, რომ «Wikileaks»-ის გაჟონვა» ამერიკელებმა თვითონ მოაწყვეს). და საერთოდ, ურიგო არ იქნება, თუ ქართველი პოლიტიკოსები დაიმახსოვრებენ ერთ ძველ სიბრძნეს, რომელიც ანგლო-ამერიკელებთან ურთიერთობებში, ალბათ, გამოადგებათ: «პატიოსან სიტყვას, რომელსაც ჯენტლმენი არაჯენტლმენს აძლევს, არანაირი ფასი არ აქვს».
ყველანი ვხედავთ, თუ როგორ შეინახეს ამერიკელებმა ამ «პირადი საუბრების» საიდუმლო, თუმცა საბოლოო ჯამში ეს დეტალებია, მთავარი კი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, «Wikileaks»-ის პუბლიკაციის თანახმად, ეკლესიის გავლენის ზრდა აფრთხობთ და, ელჩის შეფასებით, მასთან «ხანგრძლივი ფარული კონფლიქტის» მდგომარეობაში იმყოფებიან.
კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი ამავე ტელეგრამიდან: «იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გვითხრა, რომ არ ესმის, რატომ იზრდება მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა. ბურჯალიანმა თქვა, რომ სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლის წინათ, «ვარდების რევოლუციის” შემდეგ, პატრიარქ ილია II-სა და ეკლესიას გაცილებით ნაკლები გავლენა ჰქონდათ, ვიდრე დღეს აქვთ. ბურჯალიანმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა აფერხებს დემოკრატიულ რეფორმებს, ისეთს, როგორიცაა რელიგიური თანასწორობა კანონის წინაშე».
გასაოცარია ეს ბავშვური «არ ესმის რატომ», თუმცა არა უშავს, გაიზრდება და მიხვდება, აქ სხვა რამ არის საინტერესო: ეკლესიის წარმოჩენა როგორც «დემოკრატიული რეფორმების» შემაფერხებელი ფაქტორის, ეს სიტყვები კი, როგორც წესი, საქართველოში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკის აღნიშვნისთვის გამოიყენება. ამასთანავე, ბასი წერს «ეკლესიის კონსერვატიული და ანტიდასავლური რიტორიკით იმედგაცრუებულ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლებზე». ამ ორმა პასაჟმა შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ეს წარმომადგენლები მოწადინებულნი იყვნენ, ამერიკელებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ქართული ეკლესია აშშ-ის გავლენის მოწინააღმდეგე, მტრული ძალაა. ალბათ, სპარსეთის ვერც ერთი შაჰი ვერც კი იოცნებებდა ასეთი «ერთგული», ასეთი «გულწრფელი» ქართველი ვასალების ყოლაზე.
ქართველ მართლმადიდებლებს კი, «Wikileaks»-ის ამ პუბლიკაციის გაცნობის შემდეგ, ალბათ, გაუჩნდებათ კითხვა : «შეიძლება თუ არა ქრისტიანს ჰქონდეს რაიმე საერთო ხელისუფლებასთან, რომლის წარმომადგენლებს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ზრდა აფრთხობთ?».
ჩვენი პატარა ბორდელიერო, ანუ პაატა აფრიკაშიც პაატაა…
ჯონ ბასის ის ტელეგრამები, რომლებიც ქართველ პოლიტიკოსებთან საუბრებს აღწერს, ერთობ მოაგონებს მხიარულ ექსკურსიას გაკოტრებულ ბორდელში თავისი გაბერილი პრეისკურანტით და დაბერებული ლამაზმანებით, რომელთა ნაოჭებს იაფფასიანი კოსმეტიკის სქელი ფენა ფარავს.
«Wikileaks»-ის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი მასალა სწორედ ასეთ ასოციაციებს ბადებს. მაგალითად, ერთ-ერთი ტელეგრამის თანახმად, პაატა დავითაიამ ამერიკელებს უთხრა, «რომ სხვები, ვისაც სურთ, შეუერთდნენ ნოღაიდელს («კონსერვატორები», სახალხო პარტია); აკეთებდნენ მოკრძალებულ თანხას, დაახლოებით, 50 ათას დოლარს» («ინტერპრესნიუსი»), ან კიდევ: «ალასანიას პარტიის წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ გაჩეჩილაძის ერთგულებას და აღნიშნავენ, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება «იყიდონ» და «ალიანსს», უბრალოდ, არ აქვს სახსრები და არც წინასწარი განწყობა, რომ გადაიხადოს სოლიდური თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ შეიძლება მოითხოვოს» (ზუსტი ტარიფი ამ შემთხვევაში მითითებული არ რის).
თუმცა ყველას, ალბათ, მაინც «ხვლიკმა» (გიორგი თარგამაძის ერთ-ერთი, შედარებით მოფერებითი მეტსახელია) აჯობა. ჯერ ერთი, «Wikileaks»-ის 2010 წლის თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად, «ქრისტიან- დემოკრატების» მერობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ ამერიკელებს უთხრა, რომ «მას არ აინტერესებდა მერობის კანდიდატობა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ წაახალისა. ჭანტურიას შეჰპირდნენ, რომ, თუ ის კენჭს იყრიდა, «მთავრობა ჭანტურიას ენერგოპროექტს მხარს დაუჭერდა» («ინტერპრესნიუსი»). ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჭანტურიას მონაწილეობა არჩევნებში წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა და ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმების გახლეჩას ემსახურებოდა, ადრე არაერთგზის გამოთქმულა, თუმცა ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში გიორგი თარგამაძის პოზიციაა. მან აშშ-ის წარმომადგენელს განუცხადა, რომ «ჭანტურიას ტექნოკრატიული ბეგრაუნდი და თავისივე საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესაძლებლობა ძალიან მიმზიდველი იყო ქრისტიან-დემოკრატებისთვის». კაცმა რომ თქვას, ძალიან ლამაზი ფორმულირებაა: ჯერ ბეგრაუნდი და მხოლოდ შემდეგ «მაყუთი»; უბრალოდ, საინტერესოა, გახდებოდა თუ არა ჭანტურიას ფული «ქრისტიან-დემოკრატებისთვის» ნაკლებად მიმზიდველი ტექნოკრატიისგან ძალიან შორს მდგომი ვიოლონჩელისტი (სიტყვაზე) რომ ყოფილიყო? მითუმეტეს, რომ, ჭანტურიას მხარდაჭერით, როგორც ნათქვამია ამ ტელეგრამაში, «თარგამაძემ საკუთარი თავი გახსნა კრიტიკისთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხელისუფლების მარიონეტია» (გეგონება, ადრე აკლებდნენ ამ მხრივ). «ჭიკილეაკს»-ის ამ პუბლიკაციის თანახმად, ბრძოლას მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის თარგამაძე აქტუალურად არ მიიჩნევდა; მან განაცხადა, რომ «ქრისტიან-დემოკრატებს» «თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების ძალზე მცირე შანსი აქვთ და ძალებს საკრებულოს არჩევნებისკენ მიმართავს. თვითდაფინანსებული კანდიდატი «ქრისტიან-დემოკრატებს» თბილისში რევალენტურობას შეუნარჩუნებს, მისი დაკარგვა კი ძალიან ცოტას თუ დაუშავებს თარგამაძეს და «ქრისტიან-დემოკრატებს». ჭანტურიას მხარდაჭერით, «ქრისტიან-დემოკრატებს» საშუალება აქვთ, ფოკუსირება მოახდინონ შედარებით უმნიშვნელო არჩევნებზე, შეინარჩუნონ მხარდაჭერა და ელექტორატის ერთგვარი ტესტი ჩაატარონ». საინტერესო კია, როგორ გრძნობენ დღეს თავს «ქრისტიან-დემოკრატების» მიერ «ტესტირებული» ამომრჩევლები; მსგავსი «ტესტირება», ალბათ, ბევრ ახალ, უცნაურ განცდას უკავშირდება.
საერთოდ, ხანდახან ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ სად გადის ზღვარი ქართულ პოლიტიკასა და ბანალურ პროსტიტუციას შორის და არსებობს თუ არა ეს ზღვარი საერთოდ. ის, რაც ზოგს არჩევნები ჰგონია, სხვებისთვის, უბრალოდ, ბიზნესს წარმოადგენს, ფორმალური თვალსაზრისით კი, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ამომრჩევლის მოტყუების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული არაა. თუმცა «Wikileaks»-ის ეს პუბლიკაცია «ქრისტიან-დემოკრატების» ისედაც შერყეულ («რვიანის» ტორპედირების შემდეგ) იმიჯს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააზარალებს. მაგრამ (რაც ყველაზე პარადოქსულია), მიუხედავად ამისა, გიორგი თარგამაძე პოსტ-მიშისტურ რეალობაში დამკვიდრების გარკვეულ შანსს მაინც შეინარჩუნებს იმ შემთხვევაში, თუ გადამწყვეტ მომენტში სააკაშვილს ისევე მოულოდნელად და ეფექტურად დაშორდება, როგორც თავის დროზე – ბადრი პატარკაციშვილს, იქამდე კი – ასლან აბაშიძეს. ეს სანახობა, ალბათ, გარკვეულ სპორტულ ინტერესს გამოიწვევს და, შესაძლოა, სულ მალე ყველანი ერთად დავაკვირდებით, თუ როგორ შეეცდება გიორგი თარგამაძე, მის გზაზე აღმართულ ათას წინაღობას გადაახტეს.
სისულელე თუ ღალატი?
რუსებს ერთი ძველი გამონათქვამი აქვთ; როდესაც ახლობელ, თუმცა წარუმატებელ ადამიანს მიმართავენ, სევდიანად ამბობენ ხოლმე: «Это горюшко ты наше». ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მეტად ეს ფრაზა, შესაძლოა, ირაკლი ალასანიას მიესადაგება. «Wikileaks»-ის ახალ პუბლიკაციებში მისი გვარი საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ მონაკვეთს შევეხებით, რომელიც უკვე ნახსენებ ადგილობრივ არჩევნებს ეხება.
«გამოკითხვების მიხედვით, ალასანიას მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ის მეორეა და ბევრად ჩამორჩება თბილისის მერს – გიგი უგულავას. ალასანიას დაღმავალი ტენდენცია შემაშფოთებელია მისი კანდიდატურისთვის. «ერთიანი «ნაციონალური მოძრაობის» გამოკითხვა აჩვენებს, რომ ალასანია 10%-ს აიღებს თბილისის მერის არჩევნებზე. ეს თითქმის ნახევარია იმ მხარდაჭერისა, რომელიც მას ორი თვის წინ ჰქონდა. ალასანია რთული პოლიტიკური ამოცანის წინაშე დგას – მისი რეიტინგები სოლიდურ პოლიტიკურ მხარდაჭერამდე გაზარდოს და მოტრიალდეს განცალკევებულ, საგარეო პოლიტიკაზე ფოკუსირებული დიპლომატიიდან სანდო მერობის კანდიდატად, რომელსაც ექნება გეგმა, თუ როგორ გაუძღვება ქალაქს. ჯერჯერობით, ალასანია ვერც ერთს ვერ აკეთებს».
ვისაც წინასაარჩევნო პერიოდი კარგად ახსოვს, ჯონ ბასის ბოლო შეფასებას, ალბათ, მთლიანად გაიზიარებს; გარკვეულწილად ის დღესაც კი აქტუალურია. «ალასანია ფოკუსირებას არ აკეთებს შედარებით იაფ მოქმედებებზე, ის ბევრ დროს ატარებს საქართველოს გარეთ. როცა თბილისშია, იშვიათად ატარებს დროს საზოგადოებაში. – წერს ბასი, – ალასანიამ ბევრჯერ გადადო საარჩევნო კამპანია და სამი თვის კამპანიის დრო დაუთმო უგულავას… ამან საზოგადოება გაუგებრობაში დატოვა მისი პლატფორმის ან გეგმების შესახებ».
იმ მარტივი ფაქტის კონსტატაციას, რომ ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო აქტიურობას მძიმე პოლიტიკური იდიოტიზმი ახასიათებდა, ამდენ ადგილს ნამდვილად არ დავუთმობდით, რომ არა მეორე კანდიდატის – გიორგი ჭანტურიას ზემოთ აღწერილი ისტორია, რომელსაც «Wikileaks»-ის ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამარჯვება არჩევნებში საერთოდ არ აინტერესებდა. შეიძლება სავსებით ბუნებრივად გაჩნდეს კითხვა: რეალურად იბრძოდა თუ არა ირაკლი ალასანია გამარჯვებისთვის, თუ ამ შემთხვევაშიც ადგილი მხოლოდ ბრძოლის იმიტაციას ჰქონდა? ადამიანმა საკუთარი საარჩევნო კამპანია დაძირა და, ალბათ, უნდა გავერკვეთ, რა იდგა ამის მიღმა: ჭკვიანი რენეგატის ანგარებიანი გათვლა თუ კრისტალურად სუფთა პიროვნების გულწრფელი სისულელე?
«Who are you, Mister Alasania»? სწორი პასუხი ამ კითხვაზე მომავალი არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
სავარაუდოდ, ძალიან მალე ეს ადამიანი, რომლის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ სინამდვილეში ძალიან ცოტა იცის, წარმომადგენლობითი ოპოზიციური კოალიციის (მისი ფორმირების პროცესში ადგილი მთელ რიგ აბსოლუტურად მოულოდნელ სიურპრიზებს ექნება) სათავეში მოექცევა. იმედია, ჯონ ბასი, მოსალოდნელი პოლიტიკური გადაჯგუფების საიდუმლო დეტალებს მალე შეიტყობს და შესაბამისი ტელეგრამის სახით «Wikileaks»-ზე გამოაქვეყნებს.
დიმიტრი მონიავა