ბოლო კვირებმა საქართველოში ტყის ხანძართან ბრძოლის და ცეცხლთან თამაშის ნიშნით ჩაიარა. ამ პერიოდში საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ უამრავი პრეტენზია დაუგროვდა, გაჩნდა არაერთი ეჭვი და გამოქვეყნდა სიტუაციის გამოსწორების უამრავი რეცეპტი. ალბათ, სასურველია, ყოველივე ეს გავაანალიზოთ.
დღეს ინტერნეტი აჭრელებულია სახანძრო ავიაციის უზარმაზარი ესკადრილიების შექმნის გეგმებით, მაგრამ ეს და სხვა მსგავსი იდეები შედეგებთან, და არა მიზეზებთან, ბრძოლას ეხება. მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა კი ყველას როდი ახსენდება. საქართველოში ტყის ერთ მცველზე დაახლოებით 4-5 ათასი ჰექტარი გასაკონტროლებელი ტერიტორია მოდის, ხშირ შემთხვევაში კი მეტი, _ ზოგჯერ 10 ათას ჰექტარამდე, მაშინ, როდესაც ის, იდეაში, 2-3-ჯერ ნაკლები უნდა იყოს. თანამშრომლების რიცხვის გაზრდა, როგორც ჩანს, ვერ ხერხდება, მითუმეტეს, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო თავის შეზღუდულ რესურსებს ერთობ უცნაურად ანაწილებს. მაგალითად, მისმა უფროსმა თორნიკე გვაზავამ, ქონებრივი დეკლარაციით თუ ვიმსჯელებთ, გასულ წელს გაიორმაგა ხელფასი დანამატებისა და პრემიის ხარჯზე. ძალზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ის მაინც მოახერხოს, რომ ხანძარსაშიშ პერიოდში დაიქირავოს დროებითი თანამშრომლები და საპატრულო ჯგუფების რაოდენობა გაზარდოს, რომლებიც დროულად აღმოაჩენენ არა მხოლოდ ხანძრის კერებს, არამედ მათ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან ტყის შუაგულში ცეცხლს აჩენს. პრევენციის კიდევ ერთი პრირიტეტულ მიმართულებად, ალბათ, უნდა ჩაითვალოს პრობლემურ ტერიტორიებზე (ხანძარსაშიშროების I და II კლასი) დამატებითი ბილიკების გაჭრა, ვიდეოკამერების დაყენება და ა.შ.
ცხადია, ყველა ეს ღონისძიება სისტემურ ხასითს უნდა ატარებდეს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია “ტყის ხანძრების პოლიტიკის დოკუმენტის” დამტკიცება, რომლის უზრუნველყოფა, “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის” 2017-20 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურს, სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაევალა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახალი “ტყის კოდექსის” მიღებაა. ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველომ ეს ვალდებულებაც აიღო, თუმცა ხელისუფლება არ ჩქარობს, შესაძლოა იმიტომ, რომ კოდექსი ზიანს მიაყენებს ხეტყის ჩრდილოვან ბიზნესსა და მაღალჩინოსნების ინტერესებს. ახალი კოდექსის თანახმად, იმაზე მეტს ვერ მოვჭრით, ვიდრე ბუნებრივი მატება გვაქვს, ამასთანავე, გაუქმდება “სოციალური ჭრის” სისტემა. თავის დროზე, ის განიხილებოდა როგორც გაღატაკებული მოსახლეობის შეშით მომარაგების ერთადერთი საშუალება, მაგრამ დღეს მის ფარგლებში ადგილობრივი ჩინოვნიკები და ბიზნესმენები უამრავ მაქინაციას მიმართავენ. არის სხვა პრობლემური საკითხები, რომელთაც ახალი კოდექსი დაარეგულირებს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, კარგად ვერ იმუშავებს თუ არ გამკაცრდება სანქციები ხეტყის უკანონო ჭრისათვის.
სასჯელის გამკაცრებამ შეიძლება შეამციროს პრობლემის მასშტაბი, მაგრამ ვერ მოაგვარებს მას, რადგან ის, არსებითად, სოციალურ-ეკონომიკურია. მარტივად რომ ვთქვათ, ხალხი უნდა დასაქმდეს, მათ შორის ხე-ტყის გადამამუშავებელ საწარმოებში, იმისთვის, რომ “დრუჟბით” ხელში ტყეში არ დარბოდეს და უკანონო ჭრის კვალის დასაფარად ხანძარს არ აჩენდეს. ახალ კოდექსის პროექტში ხე-ტყის გადამუშავების განვითარება (და სამუშაო ადგილების შექმნა) დასახულია ერთ-ერთ პრიორიტეტად, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ხელისუფლება მის მიღებას არ ჩქარობს.
რაც შეეხება სახანძრო სამსახურს, ბუნებრივია, საჭიროებს გაძლიერებას, მათ შორის საჰაერო კომპონენტში, იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ბედკრული, ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი გვაძლევს. თუმცა არანაკლებად და, ალბათ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია დროული რეაგირება ხანძარზე და სხვადასხვა უწყების მუშაობის კოორდინაცია. სამწუხაროდ, პოლემიკა კრიზისების მართვის საბჭოს გარშემო დღეს იმდენად პოლიტიზებულია, რომ ნეიტრალურ დამკვირვებელს მისი მუშაობის შეფასება გაუჭირდება.
თავის დროზე, 2014 წლის იანვარში, ის შეიქმნა როგორც ერთგვარი “ალტერნატიული უშიშროების საბჭო”, რომელმაც ნაწილობრივ წაართვა როლი და ფუნქციები პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ უშიშროების საბჭოს და დაუყონებლივ მოექცა დაპირისპირების ეპიცენტრში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მეტიც, ვინაიდან ამ ორგანოში კონცენტირებულნი არიან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კადრები, კონფლიქტს მის გარშემო შიდაპარტიული განზომილებაც აქვს. მისი კრიტიკა დღეს უკიდურესად პოლიტიზებულ ხასიათს ატარებს და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კრიზისის საწყის ეტაპზე, როგორც მინიმუმი მოუქნელად მოქმედებდა, საბოლოო ვერდიქტის გამოტანა რთულია.
საინტერესოა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ავანსცენაზე ბორჯომის ხეობის ხანძრის პირველ დღეებში ჩანდა, როდესაც სტიქიის ლოკალიზება ვერ ხერხდებოდა. შემდგომ კი, როდესაც ხანძართან ბრძოლაში გარდატეხა მოხდა, ის თითქოსდა გვერდზე გაწიეს, როგორც დამარცხებული გენერალი, ხოლო “მთავარი მეხანძრის” მოვალეობის შესრულებას პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი შეუდგა _ მთავრობამ სცადა დადებითი ემოციები, რომელიც საზოგადოებაში ხანძრის ლოკალიზების პარალელურად ჩნდებოდა, საკუთარ თავთან დაეკავშირებინა.
ერთნი ნებისმიერი თხოვნის წინააღმდეგნი იყვნენ, მეორენი მძლავრი რუსული სახანძრო ავიაციის არგამოყენების გამო საყვედურობდნენ. მოკლედ, ოპერაცია “მწვადი და შამფური” ხელისუფლებისათვის მორიგი საიმიჯო მარცხით დასრულდა.
ბოლო კვირებში ხანძარი ისე ხშირად ჩნდებოდა, რომ კონსპიროლიგიისგან შორს მდგომი მოქალაქეებიც კი დივერსიასთან დაკავშირებით დაეჭვდნენ, მითუმეტეს რომ ამის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა და სხვა მაღალი რანგის პირებმა არ გამორიცხეს. ხანძარი, პრინციპში, შეიძლება არა მხოლოდ დივერსანტმა და ბრაკონიერმა, არამედ მენტალურად არასტაბილურმა პირმაც გააჩინოს _ 2006-ში რეიმონდ ლი ოილერი, “რათა ყურადღება მიექცია და ქაოსი დაეთესა”, კალიფორნიის ტყეებს ცეცხლს უკიდებდა. 2009-ში მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რადგან ამის გამო 5 მეხანძრე დაიღუპა. გასულ კვირას კალიფორნიაში დააკავეს კიდევ ერთი პირი, ჯონ ბალენჯერი, რომელმაც ხანძარი განგებ გააჩინა. მაგრამ საქართველოში 99% შემთხვევაში უფრო რთული, პოლიტიკურად მოტივირებული ვერსიები განიხილება.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საკამათო განცხადება ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით პარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა: “თუკი ეს რუსეთია, ცოტა არ იყოს, ალოგიკურია, რომ არ მიუმართავს მისთვის სტრატეგიულად უფრო ხელმისაწვდომ და ბევრად ეფექტურ ხერხს: ანუ ენერგეტიკულ საბოტაჟს (მილსადენები, ჰესები, მაღალძაბვიანი დენის მავთულები და ასე შემდეგ), იმის მაგივრად რომ ქვეყნის ყველა კუთხეში გაეგზავნა თავისი “აგენტები”, ისე რომ არავის შეემჩნია! ეს ვერსია ასევე ბადებს ერთ მთავარ კითხვას: თუ კი ოცნება პრორუსული ხელისუფლებაა, როგორც ამტკიცებენ სწორედ ამ ვერსიის მომხრეები, რაღა მაინდამაინც რუსეთმა ამ მთავრობის დესტაბილიზაციაზე გადაწყვიტა ემუშავა წინასაარჩევნოდ?
თუკი, როგორც ზოგი ამტკიცებს, ეს თავად “ოცნების” ნამოქმედარია და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მოწყობილია (ხომ ამტკიცებდნენ რომ ბაზრობებს ანადგურებდა “კარფურების” ასაშენებლად!), გაუგებარია, რა უნდა იყოს მიზანი ასეთი დესტრუქციულ სტრატეგიისა: წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შემოტანა და საკუთარ რესურსების მაქსიმალურად ამოწურვა? ხალხში ღელვა და ნეგატიური განწყობის დათესვა?! სხვა გარე ძალების (ეგრეთწოდებული ტერორისტული კვალი) ხელწერას არ ატარებს ჩვენთან ორგანიზებული საბოტაჟი. ლოგიკური ანალიზს მივყევართ შიდა ორგანიზატორებისკენ! ეს ყველაფერი კარგად გათვლილი მავნებლობაა, რომელიც აზარალებს ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ სექტორს _ ტურიზმს, რომელიც ამავე დროს ინიციატორების მოსაზრებით, ალბათ, უნდა ხაზს უსვამდეს ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ “უნიათობას”, რომელიც კარზე მომდგარ არჩევნებს უქმნის დესტაბილიზაციის ფონს…
ამის ორგანიზება შეუძლია მხოლოდ ძალიან შეკრულ გუნდს, რიმელსაც ქვეყნის ბედი ნაკლებად ადარდებს, ვიდრე საკუთარი, რომელსაც არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების ნოლი შანსი გააჩნია, რომელთა შორის შიზოფრენიკი, მანიაკი მავნებლები და წვალებლები არსებობდნენ და არც არსად წასულან…”
ამასთანავე, ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა დახმარებისთვის დასავლეთის საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს.
მაგრამ კვირიკაშვილის მთავრობას პრობლემა სხვა მიმართულებით შეექმნა, როდესაც, ტრადიციისამებრ, შეეცადა, არ მწვადი და არც შამფური დაეწვა და საბოლოოდ ორივე დაწვა. მან რუსეთს დახმარება სთხოვა, მაგრამ რაღაც მომენტში შეჩერდა და არ გამოიყენა ის. ამით მან როგორც ანტირუსული, ისე პრორუსული ძალები გააღიზიანა.
ეჭვგარეშეა, რომ არც ჭკუა, არც გონება, არც მორალი ან რაიმე სხვა შემაფერხებელი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილს მსგავს განზრახვაზე ხელს არ ააღებინებს, მაგრამ ამ ვერსიას ფაქტებით გამყარება სჭირდება. აქ უფრო საინტერესოა სხვა რამ _ წინასაარჩევნოდ ცხადი გახდა, რომ ძველი ბიპოლარული მოდელი, რომელიც “ქართული ოცნების” და “ნაცმოძრაობის” ყოვლისმომცველ დაპირისპირებას ეფუძნება, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ნაკლებად აქტუალური გახდა. “ნაცმოძრაობა” დასუსტდა, ნაწილობრივ დაიშალა, ხოლო მისი ლიდერის მენტალური სტაბილურობა უფრო მეტად შეირყა. “ოცნებას” აქვს იმის რესურსი, რომ არჩევნები ძველი საფრთხის აქტუალიზაციის გარეშეც მოიგოს (გაჭირვებით, მაგრამ მაინც), თუმცა, სავარაუდოდ, სააკაშვილის რევანშის ძველი საფრთხობელას დაკარგვის პერსპექტივა არ ხიბლავს, რადგან ის, პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, ფრიად მოსახერხებელი იყო.
რა მოხდება, თუ სამართალდამცავები დააკავებენ ძველ რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც ტყეებში ხანძარს აჩენენ? ეს წინასაარჩევნოდ ძველი დაპირისპირების რეანიმირებას მოახდენს და კამპანიის დრამატურგიას შეცვლის, კვლავ წარმოაჩენს “ქართულ ოცნებას” “ნაკლებ ბოროტებად” და ხელს შეუწყობს მისი ამომრჩევლების ემოციურ მობილიზაციას. ეს იქნება საკმაოდ უხეში ტაქტიკა, თუმცა მიზნობრივ აუდიტორიასთან მიმართებაში ის, სავარაუდოდ, იმუშავებს. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რეალურად არსებობენ ჩირაღდენებით აღჭურვილი “ნაცდივერსანტები” თუ “ქართულ ოცნებას” მათი “გამოგონება” დასჭირდება. ასე იქნება თუ ისე, ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს გარკვეული ზომების მიღება, რათა გაფანტოს წარმოდგენები საკუთარი უსუსურობის შესახებ, რომელიც ცეცხლოვან აგვისტო-სექტემბერში ძალიან ფართოდ გავრცელდა.
დიმიტრი მონიავა