Home რუბრიკები საზოგადოება გიგა ბათიაშვილი: არჩევნების წარმატებული შედეგი ქვეყნის განვითარების რეალისტური პროგრამის არსებობაზე იქნება დამოკიდებული

გიგა ბათიაშვილი: არჩევნების წარმატებული შედეგი ქვეყნის განვითარების რეალისტური პროგრამის არსებობაზე იქნება დამოკიდებული

თბილისი

აწრიალდნენ, დაიძრნენ, ქვეყანას მოედნენ, “ხალხში გავიდნენადგილობრივი ხელისუფლების წინასაარჩევნო პერიოდისთვის გამოცოცხლებული პარტიები თავიანთი პატარპატარა კომუნალური დაპირებებით: პენსიების მომატების ქიმერული გეგმებითა და გზებზე ორმოების ამოვსების საშვილიშვილო ღონისძიებების პერსპექტივის ლოზუნგებით შეიარაღებულები.

ხალხზე ზრუნვის პაროდიული მარში დაიწყო. რას ფიქრობს ამ დროს ამომრჩეველი და როგორი მომავლის იმედი აქვს? კერძოდ, მრავალთაგან ერთი, თუნდაც თბილისის მერობის პერსპექტივაზე, რაც, გინდა არ გინდა, მაინც გამორჩეულია კარსმომდგარი არჩევნების კალეიდოსკოპურ ორომტრიალში. ამ მიზნით მივმართეთ თვალსაჩინო ქართველ არქიტექტორსა და ურბანისტს _ გიორგი (გიგა) ბათიაშვილს და ვთხოვეთ, საჯაროდ გამოეტანა .. ამომრჩევლის განაწესის მისეული ვარიანტი: ფართო საზოგადოებისთვის, უწინარეს ყოვლისა კი, დედაქალაქის მერობის კანდიდატებისთვის გაეცნო ის პრობლემები, რომლებიც მისი, როგორც პროფესიონალის, აზრით, პრიორიტეტულად არის მოსაგვარებელი.

_ დავიწყებ იმით, რომ, უპირველესად, საქართველოს განვითარების, განსახლების, ქვეყნის მიწათსარგებლობისა და ურბანული განვითარების პროექტია შესაქმნელი. შემდეგ, ამ პროექტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის გენერალური გეგმაა დასამუშავებელი. ამას უნდა მოჰყვეს მიწათსარგებლობის გენგეგმა. ასეთი თანმიმდევრობის გარეშე ვერ მივაღწევთ ვერც ქვეყნის განვითარებას და ვერც დედაქალაქის ქალაქმშენებლობით სრულყოფას. ეს არ არის აჩემება, ეს ანბანური სისტემაა.

არიან “სპეციალისტები”, რომლებიც ამბობენ, რომ გაგვაჩნია, როგორც ქვეყნის განვითარებისა და განსახლების პროექტი, ასევე, დედაქალაქის გენგეგმა, რომელთა ბაზაზე შესაძლებელია თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენგეგმის დამუშავება. ასეთი პოზიცია მცდარია იმიტომ, რომ ირღვევა წესი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი არის შემდეგი: მართალია, სახელმწიფოს ჰქონდა ქვეყნის განვითარებისა და განსახლების ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, თბილისს კი _ იმ პერიოდისთვის სრულყოფილი გენგეგმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნისა და დედაქალაქის იმჟამინდელი მმართველობა, მაგრამ საქართველოს, ისევე, როგორც სხვა რესპუბლიკების დაფინანსება იგეგმებოდა ცენტრალიზებულად, უპირველესად, საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა მათი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. ამ თემაზე სიტყვას არ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ამ გლობალური და ბევრი სხვა მიზეზისა გამო ჩვენთან სათანადოდ ვერ განვითარდა ურბანული სტრუქტურები, რომლებიც, როგორც წესი, ამა თუ იმ საწარმოს, დაწესებულებისა თუ სხვა საქმიანი ორგანიზმებისა და მათი ინფრასტრუქტურის მომსახურე წარმონაქმნებია. ასეთი ურბანული სტრუქტურა მხოლოდ ორი შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, ისიც XX საუკუნის შუა წლებში.

ყოველივე ამის შედეგია, რომ საქართველოს დედაქალაქი ჩამოყალიბდა თავკომბალად, რომელშიც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი და რომლის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

ცალკე საკითხია ე.წ. საძილე რაიონები ჰიპერტროფული ტერიტორიული სივრცეებით, რომლებშიც ცხოვრობს მოქალაქეთა ნახევარზე მეტი. აქაური მოსახლეობის უმეტესობას ყოველდღიურად უწევს შრომითი საქმიანობის, სტუდენტური მოვალეობის, ჯანდაცვითი პრობლემების გადასაწყვეტად, კულტურული თუ სპორტული ინტერესების დასაკმაყოფილებლად 40-კილომეტრიანი სიგრძის ქალაქში ქანქარისებური მოძრაობა, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ დროისა და ფინანსურ ბიუჯეტებზე. ასეთი ვითარება დამამძიმებელია ისედაც არასრულყოფილი სამოქალაქო-სატრანსპორტო სისტემისთვისაც. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება მტკვრის მარცხენა ნაპირის ფერდებზე განფენილი განაშენიანებით _ “ნაძალადევებით”, აბლაბუდისებურად დასერილი საურმე გზებით.

დღეს, როცა ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა, გვმართებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ქვეყნის განვითარების საკითხს, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის სრულად ჩართვას, უპირველესად, ამოცანების ჩამოსაყალიბებლად და შემდგომ გადასაწყვეტად.

ამჟამად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-კულტურული წინსვლისა და, ამასთანავე, უსაფრთხოების გლობალური ამოცანის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელია: დღემდე აუმოქმედებელი, როგორც ინტელექტუალური, ისე ბუნებით ნაბოძები რესურსების ამოქმედება, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით, მხოლოდ ნაწილობრივ, მეტწილად _ საერთოდ იყო მივიწყებული (მხედველობაშია მისაღები, რომ ყველა სახის მარაგები, მათი პოტენციური შესაძლებლობები საქართველოს მეცნიერთა მიერ, ძირითადად, შესასწავლია და რეკომენდაციების სახითაა წარმოდგენილი). კერძოდ, ეს არის:

1. საქართველოს ზღვის აკვატორიის ენერგო და სატრანსპორტო, ტურისტული პოტენციალის ამოქმედება და, ამასთანავე, ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა დადგენილ პარამეტრებში;

2.ბუნებრივი თვითშევსების რესურსის _ მტკნარი, მინერალური, ბალნეოლოგიური, სარწყავი წყლის სტრატეგიული რესურსების გამოყენება;

3.ჩვენს ტერიტორიულ საზღვრებში მზისა და ქარის ენერგიის მასშტაბური ათვისება;

4.მთის მდინარეებზე მცირე ელექტროსადგურების კასკადურად განთავსების საკითხის გადაწყვეტა;

5.ტრადიციული და დასანერგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი, მეცნიერული ტექნოლოგიით გადამუშავების საწარმოების ამოქმედება;

6.ქვეყნის ასაღორძინებლად რეკომენდებული ინდუსტრიული და არაინდუსტრიული საწარმოების ამუშავების საკითხი;

7.საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სამდინარო კარიბჭეების, მათი ურთიერთკავშირის, მაგისტრალების საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში ჩართვის საკითხი;

8.რიგი ძვირფასი მეტალების, მადნეულისა და სხვა სახეობის მინერალების, არამადნეული წიაღისეულისა თუ დაკონსერვებული საბადოების მწყობრში ჩაყენება;

9.მთიან სასაზღვრო რეგიონებში მოსახლეობის დამაგრების საკითხის მოგვარება დასაქმების, საწყისი განათლების, სათანადო ინფრასტრუქტურების შექმნით და სხვა საშუალებებით;

10.ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესება და მისი დასაქმება ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურად ასამოქმედებლად;

11.ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსის სათანადო განაწილებისა და მათთვის ცხოვრების კომფორტული და შედეგიანი საქმიანობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.

აღნიშნულის ეფექტიანად ასამოქმედებლად, ეროვნული სახელმწიფოს გასავითარებლად აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზება ყველა სფეროში ჯერ კიდევ არსებული ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის რეკომენდაციების გამოყენებით. ქალაქმშენებლობის დაზუსტებული სახელმწიფო საგეგმო დავალების შექმნა და ამ დავალების გადაწყვეტა-დაპროექტება. მხოლოდ ასეთი პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ შეუცდომლად, მომავლის სწორად განჭვრეტით დედაქალქის და სხვა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების გენგეგმებისთვის სახელმწიფო დავალების დამუშავება და ამ დავალების საპასუხოდ ქალაქმშენებლობითი, ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცება, რასაც უნდა მოჰყვეს ქვეყნის მიწათსარგებლობის გეგმის დამუშავება.

დედაქალაქი ისტორიული ფესვებით ცოცხალი, მაგრამ დაბერებისკენ მიდრეკილი ორგანიზმია, რომლის ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზრუნვაა საჭირო და, რაც მნიშვნელოვანია, დროით განპირობებულ ურბანულ-ცხოვრებისეულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირება. ასეთი თემებია: ეკოლოგიური პრობლემები, ლოკალური სატრანსპორტო, საინჟინრო ინფრასტურქტურული, სოციოლოგიური და ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია-რეგენერაციის საკითხები, სარეკრეაციო ტერიტორიებისა და “სიტის” განჭვრეტის პრობლემები.

გენგეგმის გათვლა ხდება უახლოეს 10 წელზე, მასში ჩადებული გრძელვადიანი პეპსპექტიული მონახაზებით, რომლებიც შეეხება დედაქალაქის მოსახლეობის ზრდასა და ტერიტორიულ გაფართოებასა თუ შემცირებას, მისი განვითარების ვექტორის დადგენას, აგლომერაციაზე გავლენას და სხვა ამგვარ ფუნდამენტურ საკითხებს, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვითი და უშიშროების მოთხოვნების უზრუნველყოფასაც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვეყნის განვითარების სათანადო პროგრამების, განსახლებისა და ურბანული განვთიარების ქალაქმშენებლობითი კონცეპტუალური პროექტის, ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტიული ხედვის დამგეგმავი დოკუმენტის არარსებობა გამოიწვევს ქვეყნის და, შესაბამისად, დედაქალაქის ფუნქციების სუბიექტურ განსაზღვრას, რომელიც ყოფილი ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი, და დიდი სიკეთის მომტანი ვერ იქნება.

გიორგი (გიგა) ბათიაშვილი

P.S. ჩვენს შეკითხვას, მერობის რომელი კანდიდატისადმი იხრება მისი სიმპათია, ბატონმა გიგამ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ და როგორ გამოეხმაურება მისამომრჩევლის განაწესს”, და თავის გადაწყვეტილებას არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაგვაცნობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here