Home რუბრიკები პოლიტიკა რით ჰგავს საქართველო ვენესუელას?

რით ჰგავს საქართველო ვენესუელას?

ვენესუელა

ვენესუელა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ხანგრძლივმა დაპირისპირებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სხვა ყველაფერთან ერთად, ცხადყო, რომ კონსტიტუციის დაქვემდებარება პოლიტიკური ინტერესების მიმართ ყოველთვის ცუდად მთავრდება და ეს, ალბათ, მნიშვნელოვანი გაკვეთილია საქართველოსთვის.

1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უგო ჩავესი საკონსტიტუციო რეფორმას შეუდგა. პარლამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მოახერხა რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ასამბლეის დაფუძნების იდეის გატანა (ინიციატივას ამომრჩეველთა 88%-მა დაუჭირა მხარი). ჩავესის მომხრეებმა ამ ორგანოში თითქმის ყველა მანდატი მიიღეს. ასამბლეის შედარება ჩვეულებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან არასწორია _ მან საკუთარ თავს, ფაქტობრივად, უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს უფლებები მიანიჭა _ მათ შორის სახელმწიფო ორგანოების გაუქმების, სასამართლო სისტემის გარდაქმნის და ა.შ. საკონსტიტუციო ასამბლეამ გააუქმა პარლამენტის ზედა პალატა და რეგიონების თვითმმართველობა შეზღუდა. კონსტიტუციაში, რომელიც მან შეიმუშავა (ისიც რეფერენდუმზე გაიტანეს და ამომრჩეველთა 72%-მა მისცა ხმა) პრეზიდენტის უფლებები მკვეთრად გაფართოვდა, ბალანსი სახელისუფლო შტოებს შორის დაირღვა და მთელი ძალაუფლება ჩავესის ხელში გადავიდა.

უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მისი თანაგუნდელების მდგომარეობა გაუარესდა. ქვეყანა მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომლის მთავარი მიზეზი ნავთობის ფასის კლება გახდა. აშშ-ის მიერ მხადაჭერილი ოპოზიცია გააქტიურდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მთავარი მოვლენები სწორედ ამ, ახალი მოწვევის პარლამენტის გარშემო განვითარდა.

2016 წლის შემოდგომაზე პარლამენტმა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ხოლო ამა წლის 9 იანვარს ის პოსტიდან გადააყენა, თუმცა მომდევნო დღეს უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მარტში უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის ფუნქციები საკუთარ საკონსტიტუციო პალატას დააკისრა, რაც მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. ამის შემდეგ ვენესუელაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, მოხდა სისხლიანი შეტაკებები; კომუნიკაციამ, ერთი მხრივ, აღმასრულებელ და სასამართლო და, მეორე მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის უმეტესწილად ულტიმატუმების გაცვლის სახე მიიღო.

მაისში მადურომ გადაწყვიტა ჩავესის წარმატებული მანევრის გამეორება და ხელი მოაწერა ბრძანებულებას საკონსტიტუციო ასამბლეის მოწვევის შესახებ, რომელსაც ერთგვარი “ალტერნატიული პარლამენტის” როლი უნდა შეესრულებინა. ჩატარდა საყოველთაო არჩევნები (ტერიტორიული პრინციპით), ხოლო დეპუტატების ნაწილი აირჩიეს სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა: გლეხებმა, მუშებმა, ინდიელთა ტომებმა, სტუდენტებმა, ინვალიდებმა და ა.შ. ოპოზიციამ საკონსტიტუციო ასამბლეის მოწვევა უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ პრეზიდენტმა მადურომ თავისი მაინც გაიტანა და 8 აგვისტოს ასამბლეამ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ გამოაცხადა თავი.

მომხდარს ვაშინგტონის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. აშშმა შემოიღო პერსონალური სანქციები ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ (ადრე მსგავსი სანქციები სხვა მაღალჩინოსნებს შეეხო) და შეუდგა ვენესუელის სანავთობო სექტორის საწინააღმდეგო სანქციების განხილვას, რაც კრიზისში მყოფ ქვეყნას, ფაქტობრივად, ჟანგბადის გადაკეტვის საფრთხეს უქმნის. არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, მექსიკამ, პერუმ, პანამამ, კოსტარიკამ და ჩილემ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნების შედეგებს. რუსეთმა და ჩინეთმა კი გადაწყვიტეს, ხელისუფლებისთვის დაეჭირათ მხარი. ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება, 2,8 მილიარდი დოლარით გაზარდოს ინვესტიციები ნავთობის ერთობლივ მოპოვებაში (მთლიანობაში ჩინური ინვესტიციები ვენესუელის სანავთობო სექტორში 60 მილიარდ დოლარს აღემატება), ხოლოროსნეფტმავენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიას ავანსად 6 მილიარდი დოლარი გადაუხადა, მაშინ, როდესაც არ იყო ვალდებული, ეს გაეკეთებინა.

დღეს ვენესუელა ორხელისუფლებიანობისკენ და ქაოსისკენ მიექანება. “პარალელური პარლამენტის” ამოქმედების შემდეგ მშვიდობიანი დარეგულირების ალბათობა მკვეთრად შემცირდა. ახლო მომავალში ოპოზიციამ შეიძლება სცადოს ხელისუფლებაზე გადამწყვეტი იერიშის მიტანა, ხოლო მადურომ _ პარლამენტის საბოლოო დაშლა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაც კი. ეს შეიძლება სამოქალაქო ომის დაწყების დეტონატორი გახდეს. ხელისუფლებას ღარიბ ფენებში საკმარისად ჰყავს მხარდამჭერი და ის საიმედოდ აკონტროლებს ოფიცერთა კორპუსის დიდ ნაწილს, მაგრამ ოპოზიციის აქტივშია აშშ-ისა და მისი რეგიონული მოკავშირეების, მდიდრებისა და საშუალო ფენის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა. გასათვალისწინებელია, რომ ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, დედაქალაქში ხშირად იქმნება სურსათისა და პირველადი საჭიროების ნივთების მწვავე დეფიციტი. იმ შემთხვევაში, თუ აშშ გამოიყენებს სანქციებსა და სხვადასხვა ეკონომიკურ ბერკეტებს, რათა არსებული პრობლემები გააღრმავოს, კარაკასსა და სხვა ქალაქებში შეიძლება მასშტაბური არეულობა დაიწყოს. მხარეთა დღევანდელი პოტენციალის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, პროცესებმა არა მყისიერი გადატრიალების ან “ფერადი რევოლუციის”, არამედ დროში გაწელილი სამოქალაქო ომის სახე მიიღოს, როგორც ეს ლიბიაში მოხდა, სადაც გამანადგურებელი არეულობა დღესაც არ დასრულებულა.

როდის გახდა ესკალაცია გარდაუვალი? სავარაუდოდ, ეს მაშინ მოხდა, როდესაც კონსტიტუციაში პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი ცვლილებები შევიდა, ხოლო შემდეგ ნიკოლას მადურომ მათი გამოყენება და საკონსტიტუციო ასამბლეის, ერთგვარი “სუპერპარლამენტის” მოწვევა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო უგო ჩავესივით პოპულარული და ატ ჰქონდა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა, რომელმაც 1998-99 წლებში ჩავესს შესაძლებლობა მისცა, შედარებით იოლად დაეძლია ოპოზიციის წინააღმდეგობა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მან კონსტიტუციაში ნამდვილი (შენელებული მოქმედების) ნაღმი ჩადო.

ხუთი წლის წინათ საქართველოში შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო. მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგზის გაუპატიურებული კონსტიტუცია ნამდვილად შეიცავდა ისეთ წინააღმდეგობებს, რომლებიც ჯერ “კანონების ომის”, შემდგომ კი სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების საფრთხეს უკავშირდებოდა. ეს წინააღმდეგობები არ იყო იმდენად აშკარა, როგორც ვენესუელაში, მაგრამ პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებებების “ურთიერთგადაფარვა”, პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობა, რომელსაც ემატებოდა ნაციონალების ჭარბი წარმომადგენლობა სასამართლო ხელისუფლებაში და მათი მხარდამჭერების რევანშის წყურვილი, საშიშ სიტუაციას ნამდვილად ქმნიდა. 2013 წლის პირველ ნახევარში რამდენჯერმე გამოიხატა აშკარა ნიშნები იმისა, რომ სააკაშვილის მომაკვდავი რეჟიმი რევანშისტული სცენარისკენ დაიძრა, თუმცა ის მალევე შეჩერდა ისე, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადაუდგამს. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა და მათ შორის მთავარი, ალბათ, ორია: ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილი მშიშარა ადამიანია და ფიქრმა მოსალოდნელ საფრთხეზე, კადაფის ბედზე და ა.შ, სავარაუდოდ, მისი ნებისყოფის პარალიზება მოახდინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ გარემოებამ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა. ამასთანავე, ამერიკელებმა, დიდი ალბათობით, ურჩიეს ნაციონალებს, პროცესების რადიკალიზაცია არ მოეხდინათ, რადგან საქართველოს გარდაუვალი დესტაბილიზაცია მათ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ვენესუელასა და, ზოგადად, ლათინურ ამერიკაში, ძია სემი, წარსულის მწარე შეცდომების მიუხედავად, თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს და რეგიონს თავის “უკანა ეზოდ” განიხილავს. იქ თეთრი სახლი უფრო თამამად მოქმედებს და არ ჰგონია, რომ რუსეთი და ჩინეთი ვენესუელაში ხელს შეუშლიან.

ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებული კრიზისი საქართველომ მძიმე დანაკარგების გარეშე დაძლია, რაც უდავოდ კარგი იყო, მაგრამ ამის გამო საზოგადოებამ ვერ აღიქვა ეს პერიოდი გაკვეთილად და არ აღიარა სავარაუდო ესკალაციისა და საკონსტიტუციო ხარვეზების კავშირი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ისეთივე ცინიზმით დაიწყო კონსტიტუციის მორგება საკუთარ ინტერესებზე, როგორც ამას, თავის დროზე, “ნაცმოძრაობა” აკეთებდა. საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორები, სავარაუდოდ, ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ამ საეჭვო მუხლებმა მომავალში შეიძლება შენელებული მოქმედების ნაღმის როლი შეასრულოს. როგორც ეს ხდება დღეს ვენესუელაში, როგორც არაერთგზის მომხდარა და მოხდება სხვა ქვეყნებში, სადაც ვერ გაიაზრეს კონსტიტუციის მნიშვნელობა. მსგავსი ექსპერიმენტები რაღაცით ჰგავს უკვე აშენებულ შენობაში საყრდენი კედლების გადაადგილების მცდელობას, თანაც ხანძრის დროს.

12 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: “რაც შეეხება ვენესუელას, ბევრი ვარიანტი გვაქვს, მათ შორის სამხედრო, თუ ეს საჭირო გახდება… ჩვენ ამას პრესასთან არ განვიხილავთ, მაგრამ სამხედრო ოპერაცია ერთ-ერთი შესაძლო ნაბიჯია”. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა უარი თქვა სატელეფონო საუბარზე მადუროსთან. იმავე დღეს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა თქვა: “ვენესუელასთან დაკავშირებით ბრძანება არ მიგვიღიაო”, თუმცა დასძინა, რომ “აშშ მუდამ ამუშავებს სამოქმედო გეგმებს მთელი რიგი საგანგებო სიტუაციებისთვის”. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა არის ამ განცხადებებში უფრო მეტი: ბლეფი თუ მინიშნება ინტერვენციის რეალურ შესაძლებლობაზე, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს აქტიურ მოქმედებას ვენესუელაში და გამორიცხული არაა, ეს “ლიბიური სცენარის” გამეორებით დასრულდეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here