GEWORLD.GE:
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთმა მეგობარმა მითხრა: «არ მესმის ამ ამერიკელების. ხედავს, რომ თვითმფრინავში ტერორისტია; იცის, რომ უნდა დაიღუპოს; ურეკავს ცოლს და ტირილით ეუბნება – I Love You, I Love You (მიყვარხარო)! ხომ მაინც კვდები და შეაკვდი მაინც იმ ტერორისტს, ეგებ გადარჩეო”! როგორც გაირკვა, ასე მხოლოდ ჩეჩენი ახალგაზრდები მოიქცნენ 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე. თავიდან ბრეივიკის მიერ ატეხილი სროლა და ახალგაზრდების დევნა გათამაშებული სცენა ეგონათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს საშინელება სინამდვილეში ხდებოდა. ბიჭები ტყეში დაიმალნენ. 17 წლის მოვსარ ზიამაევმა მამას დაურეკა მობილურით და მოუყვა, რაც ხდებოდა. მამამ, მიყვარხარო, კი არ უთხრა და კი არ დაემშვიდობა, – ადამიანების გადარჩენა და ტერორისტის ნეიტრალიზება არჩია.
16 წლის რუსტამ დაუდოვთან ერთად იგი ბრეივიკს მიეპარა და ქვები დაუშინა. ბიჭები მიხვდნენ, რომ ქვებით შეიარაღებულნი ტერორისტს ვერაფერს დააკლებდნენ და კლდეში მღვიმე იპოვეს, სადაც ახალგაზრდების თავმოყრა დაიწყეს. სამი ადამიანი წყლიდან ამოიყვანეს. ისინი კუნძულიდან გაქცევას ლამობდნენ, მაგრამ დახრჩობას ძლივს გადაარჩინეს. სულ ჩეჩენმა ბიჭებმა 23 ადამიანი იხსნეს იმ საბედისწერო დღეს. ტერორისტმა კი 69 ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ზუსტად ასე იქცევიან მუსლიმები ლონდონში. «თეთრი ბრიტანელებისგან» განსხვავებით, რომლებიც საკუთარ ბინებში არიან შეყუჟულნი, ისინი თავდაცვის რაზმებს ქმნიან, რათა მეჩეთები, კულტურის ცენტრები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები დაიცვან დამრბევებისგან. რა ხდება ევროპაში?
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა უწესრიგობის მიზეზად ბრიტანული საზოგადოების მორალური დეგრადაცია დაასახელა. ამის ნიშნები კი, კემერონის აზრით, ბრიტანელი ახალგაზრდობის «უპასუხისმგებლობა, ეგოიზმი და საკუთარ ნებაზე მოქცევის სურვილია, სხვათა ინტერესების იგნორირებით».
კემერონის აზრით, ბრიტანული საზოგადოების ყველაზე სუსტი ადგილებია: «უმამო ბავშვები, უდისციპლინო სკოლები, დაუმსახურებელი ჯილდოები და დაუსჯელი დანაშაული. უფლებები მოვალეობათა გარეშე, საზოგადოების უკონტროლობა». ასეთია კემერონის განაჩენი.
ერთი სიტყვით, ის, რასაც საბჭოთა პრესა წერდა ე.წ. მომხმარებელთა საზოგადოების სიმახინჯეთა შესახებ, საბჭოთა კავშირის გარდაცვალების შემდეგ თვალსაჩინოდ გამჟღავნდა. ზოგიერთი ექსპერტი ძალადობის ამ ტალღას სწორედ «ლიბერალურ ჰედონიზმს» აბრალებს. მართლაც, თუ ცხოვრების მიზანი სიმდიდრის მოხვეჭაა, მაშ, რატომ უნდა ჰქონდეს ვიღაცას შენზე მეტი? და თუ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი პოლიციის შიშია, განა ასე ძნელია ამ შიშის გადალახვა? მით უფრო, თუ ის, რაც გინდა, რომ გქონდეს, აქვეა, ხელის გაწვდენაზე!
არეულობის 5 დღის თავზე ბრიტანული პოლიცია გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იკითხავთ: – გაკოტრება რა, – შპს-აო? საქმე ისაა, რომ ბრიტანეთში 1886 წელს მიღებული «უწესრიგობების შესახებ» მიღებული კანონის თანახმად, მოქალაქისთვის ქუჩის უწესრიგობების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი (შენობის დაზიანების ჩათვლით) პოლიციამ უნდა აანაზღაუროს, თანაც 14 დღის ვადაში.
პოლიცია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოითხოვდა ამ კანონის გაუქმებას, მაგრამ პარლამენტმა ამ საკითხის განსახილველად ვერ მოიცალა. ინგლისისა და უელსის 28 ქალაქში არეულობების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა. ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ამგვარი კანონი საქართველოშიც რომ მოქმედებდეს, მერაბიშვილის უწყება კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდა. თუმცა ჩვენი უახლესი ისტორიული გამოცდილება ბრიტანულისგან განსხვავებულია: ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაყვანილმა პოლიციურმა ფორმირებებმა ბრიტანეთში დანაშაულისადმი «ნულოვანი ტოლერანტობა» სააკაშვილზე 7 წლით გვიან გამოაცხადეს. ის, რაც ლონდონის ქუჩაში გასულ აგრესიულ ბრბოს ელის, მშვიდობიანმა ქართველებმა ბოლო წლებში სრულად იწვნიეს.
რაც შეეხება ზარალის კომპენსაციას, ჩვენ ამ თვალსაზრისითაც გავუსწარით ბრიტანელებს; ქართულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ განმუხურში სკუტერით სეირნობისას სააკაშვილი ბელარუს გოგონას დაეჯახა და სერიოზულადაც დააზიანა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გოგონას 500.000 დოლარი გადაუხადეს, რათა მას ინციდენტი არ გაეხმაურებინა. დააკვირდით – მაშინვე გადაუხადეს და არა 14 დღის შემდეგ, როგორც ამას ბრიტანელები აკეთებენ (თუ მაინც ვერ აკეთებენ?).
არა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ჯიბეს მოაკლო რამე. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ კვარტალში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე 2011 წლის პირველ კვარტალში (სამ თვეში) ხელფასის სახით 578 506 ლარი, ხოლო პრემიის სახით – 281 155 ლარი გაიცა. საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებისთვის კი თანამდებობრივი სარგოს სახით 500 334 ლარი, პრემიის სახით კი 207 054 ლარი გაიცა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ცხრა ორგანიზაციას აერთიანებს, ხელფასის სახით 8 698 949 ლარი, პრემიის სახით კი 1 096 185 ლარი გასცა.
ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გასცა 1 297 280 ლარი, სისტემის თანამშრომლებზე – 12 287 908 ლარი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელფასების სახით 1 005 651 ლარი გაიღო, პრემიალური დანამატის სახით – 11 910 ლარი.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხელფასის სახით 1 691 570 ლარი გასცა, პრემიის სახით – 263 201 ლარი.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელფასებისთვის 973 915 ლარი გაიცა, პრემიებზე – 286 395 ლარი. აქვე მითითებულია საკლასო ჩინის დანამატიც 6 540 ლარის ოდენობით.
კულტურის სამინისტრომ ხელფასის სახით გასცა 366 399 ლარი, ხოლო პრემიის სახით –155 440 ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 358 987 ლარი, პრემიის სახით – 20 300 ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა ხელფასის სახით – 339 315 ლარი, პრემიის სახით კი 140 174 ლარი მიიღეს. ამავე სამინისტროს სისტემის თანამშრომლებზე ხელფასის სახით 1 397 822 ლარი გაიცა, პრემიის სახით კი – 376 433 ლარი.
მართალია, ამ სამინისტროებისა და უწყებების გაკეთებული საქმე არავის უნახავს, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის; მთავარია, რომ ჩვენი სახელმწიფო, ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით (ბრიტანულ პოლიციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), არ გაკოტრებულა.
ზოგადად, მატერიალური კომპენსაციების თემა თანამედროვე პოლიტიკაში მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამერიკული პოლიტიკის ერთ–ერთი დიდი მიღწევა ისაა, რომ რაც შეგიძლია ფულით იყიდო, იმაზე არც დრო უნდა დახარჯო და არ ენერგია. ამერიკელებისგან ეს სხვებმაც ისწავლეს და, მაგალითად, იტალიელებმა ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტიგენტის დასაცავად ერთობ არაორდინალურ ზომას მიმართეს – თალიბებსა და მოჯაჰედებს ყოველთვიურად უხდიდნენ სოლიდურ გამოსასყიდს, რათა მათი ნაწილები არ დაებომბათ!
2008 წელს აშშ–ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სილვიო ბერლუსკონის საყვედურობდა ამის გამო. 2009 წელს გამოსასყიდის მიცემა შეწყდა და იტალიელი სამხედროების მსხვერპლიც თითქმის გაათმაგდა. საქართველოში კომპენსაციებს, ძირითადად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აკუთვნებენ (ანუ ლეგალურად), მაგრამ ეს ერთგვარ «განვადებას» წააგავს; ვთქვათ, ადამიანი მოკლეს ან აწამეს, ან სხვაგვარად დაურღვიეს უფლებები, – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სულ ცოტა, სამი–ოთხი წელი მაინც გავა და თანხასაც დაზარალებული (ან მისი სამართალმემკვიდრე) მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. ეს საბანკო განვადებას წააგავს: «ყიდულობ დღეს, იხდი ხვალ»!
სამაგიეროდ, ოპოზიციურ პარტიებთან ამგვარი «განვადება» არ მოქმედებს; მათ ხელისუფლება «ფაქტის მიხედვით» უხდის, დაუყოვნებლივ. აბა, ვის გაუგია, პარაშუტის გახსნა გადაავადო!
სამაგიეროდ, ფულის გადახდა არ უნდათ ევროკავშირის ახალ წევრებს, – ფინანსური კრიზისის გამო დაზარალებული ქვეყნების სასარგებლოდ. სლოვაკეთის პრეზიდენტმა, რიჰარდ სულიკმა ევროკავშირის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მძაფრად გააკრიტიკა და იგი საბჭოთა კავშირს შეადარა: «ეს ნამდვილი საბჭოთა კავშირია! მაგრამ ჩვენ ამგვარ «კავშირში» არ შევსულვართ. ევროკავშირში გაერთიანების წინ რეფერენდუმისას ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ მილიარდები უნდა გვეხადა ბერძნების პენსიებსა და იტალიელების რაღაც სისულელეებზე».
სლოვაკეთი ფინანსური კრიზისის დაწყებისთანავე აკრიტიკებდა ევროს ზონაში «მხსნელ ზომებსა» და «პაკეტებს». სლოვაკეთი და ესტონეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნები არიან. სლოვაკეთში საშუალო ხელფასი 800 ევროს არ აღემატება და მოსახლეობას არ ესმის, რატომ უნდა დაეხმაროს თავისზე მდიდარ ბერძნებს, ესპანელებსა და იტალიელებს.
უფრო მეტიც: მათ კარგად ახსოვთ «გარდამავალი პერიოდის» უმძიმესი წლები, როდესაც ყოველგვარი უცხოური დახმარების გარეშე გადაარჩინეს საკუთარი ბანკები ევროზონაში შესვლის წინ. სლოვაკებს ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ: ბანკების გადარჩენამ საერთო ეროვნული პროდუქტის 12 პროცენტი შეიწირა და ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა. ახლა სლოვაკეთის ეკონომიკა ევროპაში ერთ–ერთ ყველაზე «ჯანმრთელად» ითვლება.
საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციას (ისევე, როგორც ნატოში შესვლას) ქვეყნის გადარჩენისა და რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევის პანაცეად წარმოაჩენს. სლოვაკეთი ნატოს წევრიც არის და ევროკავშირისაც. სხვათა შორის, მას არც «ვარშავის ბლოკში» უჭირდა რამე. და მაინც, დღევანდელი ყოფა მას საბჭოთა კავშირს ახსენებს. ეს მით უფრო უცნაურია, თუ გავიხსენებთ, რომ სლოვაკეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა. საქართველო კი იყო, მაგრამ მისი ცხოვრების დონე ყველა საბჭოთა რესპუბლიკისას უსწრებდა. გამოდის, რომ ერთი სსრკ–დან იმისთვის გამოვედით, მოსახლეობა გაგვეღატაკებინა და მეორე სსრკ–ს მისაღებში დიდი ხნით დავმსხდარიყავით.
თუმცა განსხვავება მაინც არის – საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა ის, რაც დღევანდელ ევროპაში ხდება. როგორ წარმოგიდგენიათ იმ დროში კაფე, რომელშიც მხოლოდ რუსებს მოემსახურებოდნენ? ან ის, რომ რუსული ენის სრულყოფილი ცოდნის გარეშე ატესტატი ან დიპლომი არ მოეცათ? შესაძლებელი იყო, სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაეთავისუფლებინეთ, რომ 40 წელი შეგისრულდათ? თქვენს ხელმძღვანელს თქვენზე 20–ჯერ მეტი ხელფასი და ამდენივე პრემია ჰქონოდა? ექიმს ხელი არ დაეკარებინა, ვიდრე ფულს არ გადაიხდიდით? სკოლაში მასწავლებელზე უფრო მნიშვნელოვანი პერსონა ფორმიანი ახალგაზრდა ყოფილიყო? მეცნიერი «ლუზერის» სინონიმად ქცეულიყო?
ამ შეკითხვების ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. დღევანდელი ქართული ყოფა კი, ევროპის უკვე აღიარებული შეცდომების კვალდაკვალ, სულ უფრო ემსგავსება ყაჩაღის რეპლიკას მდარე ჰოლივუდური ფილმიდან: «ფული ან სული»!
ნანა დევდარიანი