GEWORLD.NET: ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში განიხილეს რუსეთის მიერ გადაგზავნილი მასალების ასლები, რომლებიც აგვისტოს ომთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის დანაშაულებებს ასახავს. მალე სასამართლო გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. თავის მხრივ, საქართველო რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას პასუხისგებაში მიცემას უპირებს.
ამ ფონზე, პრეზიდენტ სააკაშვილის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი აცხადებს: «თუ არსებობს საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც ერთი, რამდენიმე სახელმწიფოს ინიაციატივით შეიქმნა და ამას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა, მაშინ ეს შესაძლებელია. მაგრამ, თუ ეს გარკვეული ვოლუნტარიზმი, რაიმე საერთაშორისო პროცედურით ლიდერის დამხობის მეშვეობით პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის უბრალო სურვილია, მაშინ წინააღმდეგი ვარ… ვფიქრობ, ამგვარი ტრიბუნალის შექმნა დღეს არარეალურია. ამიტომ საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს, ხოლო შუალედურ სასამართლოს საქართველოს ამომრჩევლები გამართავენ და, მაშასადამე, თავადვე აირჩევენ, საით და როგორ განვითარდებიან».
როგორც ხედავთ, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტ სააკაშვილს ამ მხრივ რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს. ეს ჰააგური იწილო-ბიწილოც ხალხის თვალში «სახის შენარჩუნებას» ემსახურება და არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე არც ისე მარტივადაა, რომ იგი თვითდამშვიდების ნირვანაში ჩაიძიროს და ყურადღება მოადუნოს. მას საფრთხე მუდმივად ემუქრება და ეს საფრთხე მრავალმხრივია. ზოგადად, ამგვარი საშიშროების წინაშე თითქმის ყველა სახელმწიფოს მეთაური დგას, თუმცა ყველაზე მეტად იმათი ბედია სასწორზე შეგდებული, ვინც «სხვის ომში ბრძენია»; ბრძენი აქ პირობითად ვიხმარე, სინამდვილეში კი სწორედ ის ვიგულისხმე, რაც ამ წუთას თქვენც გაიფიქრეთ.
სააკაშვილი პირველი არ არის პრეზიდენტთაგან, ვინც აქტიურად ატარებს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკას და მისი მფარველობით პოსტსაც ინარჩუნებს. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ამჯერადაც გავხდებით არცთუ სახარბიელო ფინიშის მომსწრენი – ხანდახან თოჯინებიც გაჭირვეულდებიან ხოლმე ან ძაფები აიხლართება და მის გასწორებას გადაჭრა სჯობია… ამდენად, საფრთხე საგარეოც არის და «შიდა პოლიტსამზარეულოშიც» ნელ-ნელა დგება «მადისაღმძვრელი სუნი».
ჯერ რამდენიმე პერსონა გავიხსენოთ არცთუ შორეული ისტორიიდან: დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაფაელ ტრუხილიო, ნიკარაგუის პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა, ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი, ჩილეს პრეზიდენტი აუგუსტო პინოჩეტი, ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი, არგენტინის პრეზიდენტი ხორხე რაფაელ ვიდელა, პარაგვაის პრეზიდენტი ალფრედო სტრესნერი, კუბის პრეზიდენტი რუბენ ფულხენსიო ბატისტა-ი-სალდივარი, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე…
ბოლო ორის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩემზე მეტი იცის, ზოგიერთის შესახებ კი ლათინურ ამერიკაში ვიზიტების დროს გაიგებდა, იმდენად ხშირად დადის (ალბათ, გამოცდილების გასაზიარებლად) და პერსპექტივის გათვალისწინებით ურთიერთობებსაც აღრმავებს – სად მეგობართან რომ მიხვალ «ოჯახიდან» დევნილი, ხელცარიელი არ მოვსულვარ, ჩემი ხარჯით ვიცხოვრებ, ოღონდ «იმათ» ხელში ნუ ჩამაგდებო და სად, – უცხოს რომ მიადგები!..
სიის გაგრძელება შეიძლება, თუმცა ამ ჩამონათვალს მხოლოდ სამ ადამიანს დავამატებ და სააკაშვილისთვისაც ნათელი გახდება, თუ როგორ უსწორებენ ანგარიშს დიდი სახელმწიფოები მათთვის მიუღებელ პრეზიდენტებს. ესენია – რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ჩაუშესკუ და სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი და ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. მათი ცხოვრების დაისს ნამდვილად ვერ უწოდებ სახარბიელოს…
ახლა ცალკეული მაგალითების მიხედვით განვიხილოთ, როგორ დაასრულეს თავიანთი «მოღვაწეობა» «სულგანათლებულებმა» დიქტატორებმა. ზოგიერთ მათგანს აშშ-მა ბოლომდე «უერთგულა» და საიქიოს საგზურიც გამოუწერა.
რაფაელ ტრუხილიომ დომინიკის რესპუბლიკა საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია. ეროვნული გვარდია პოლიციასთან ერთად ახშობდა საპროტესტო გამოსვლებს. ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი – «გონივრული ეჭვის» კი არა, როგორც ჩვენთან, არამედ «ამინდზე დაჩივლების გამოც» კი. ტრუხილიო პირადად მონაწილეობდა ადამიანთა წამებაში და თავისი დახვეწილი სისასტიკით ჯალათებსაც კი აოცებდა. დიქტატორს აშშ მფარველობდა და მის ეროვნულ გვარდიაშიც ამერიკელებს ეკავათ წამყვანი პოსტები, მაგრამ ტრუხილიოს 30-წლიანი ტირანიაც დასრულდა. აშშ ცდილობდა, როგორმე დაეოკებინა ტრუხილიო, მაგრამ, როდესაც მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, გამოსავალიც მოინახა: სახელმწიფო დეპარტამენტის შემუშავებული ოპერაცია ცსს-ს კონტროლით განხორციელდა და გადამდგარი დიქტატორი 1961 წელს ავტომანქანაში ჩაცხრილეს…
ანასტასიო გარსია სომოსას აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი «თავის ძაღლისშვილს» ეძახდა. აუგუსტა სანდინოს მკვლელობისა და ხელისუფლებაში «კონსტიტუციურად» გაფორმებული გადატრიალების გზით მოსვლის შემდეგ იგი 20 წელი მართავდა ნიკარაგუას და ისიც პირადად აწამებდა და ხოცავდა პატიმრებს. უფრო მეტიც, პირადი სამხეცე მოიწყო და ცხოველებს დახოცილი პატიმრების ხორცით კვებავდა, თან ხალხს რეფორმების განხორციელებას ჰპირდებოდა, მაგრამ დანაპირებს არასოდეს ასრულებდა. ხალხი კი ტყუვდებოდა, რაც დიქტატორის ქვეყნის სათავეში ყოფნას ახანგრძლივებდა. სომოსამ ხელშეკრულება გააფორმა აშშ-თან, რომლის ძალით ნიკარაგუის სამხედრო ფორმირებები სრულად დაექვემდებარა ამერიკელი სამხედრო მრჩევლების კონტროლს. სომოსას სახელს უწოდებდნენ მოედნებს, სტადიონებს, ქუჩებს, პარკებს, დაწესებულებებს… (ჩვენ ამ მხრივ ჯერ ძალიან ჩამოვრჩებით მაშინდელ ნიკარაგუას!), მაგრამ არც «დაუღალავი შრომით» გამდიდრებული ტირანი გაახარა «ამ სოფელმა ხანგრძლივ» – მის პატივსაცემად 1956 წელს გამართულ ბანკეტზე შეთქმულებმა დაჭრეს და აშშ-ის საუკეთესო ქირურგების მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა… არადა, ხელისუფლებაში ყოფნას 40 წლის განმავლობაში აპირებდა… თუმცა მასთან ერთად არ დამთავრებულა საოჯახო დიქტატურა – მართვის სადავეები მისმა ვაჟმა, ლუის სომოსა ანასტასიო დებაილმა აიღო. 1967 წელს ისიც გარდაიცვალა და ამჯერად «მართვის პულტთან» მისი ძმა ანასტასიო სომოსა დებაილე აღმოჩნდა. ორივე ძმა მამის ალიკვალი იყო და რევოლუციამაც არ დააყოვნა – 1979 წელს ანასტასიო უმცროსი მამის, ძმისა და ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრების საფლავებიდან ამოთხრილი ცხედრებითა და ძვირფასეულობით გატენილი ტომრებით, ნათესავებისა და უახლოესი თანამებრძოლების ამალით აშშ-ში გაიქცა. იქიდან კი პარაგვაის შეაფარა თავი, რადგან ამერიკელებმა, «ეთიკური მოსაზრებებით», უარი უთხრეს თავშესაფრის მიცემაზე. დევნილ ექსდიქტატორს სწორედ იქ უწია სიკვდილმა, იგი ჯავშნიანმა «მერსედესმაც» ვერ იხსნა – 1980 წელს იგი ქალაქ ასუნსიონში, ავტომანქანაში ჩაცხრილეს… მოკლედ, ასე განვითარდა მოვლენები. თუ უფრო ვრცლად აინტერესებს, პრეზიდენტ სააკაშვილს საშუალება აქვს, მორიგი ლათინოამერიკული ვოიაჟისას ნიკარაგუის ახლანდელ პრესიდენტს – დანიელ ორტეგას გაეცნოს და ვრცლად ის მოუყვება…
ანვარ სადათის ისტორია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი უავგუსტესისთვის. მასაც ძალიან უყვარდა აღლუმები და სწორედ სამხედრო აღლუმის დროს მოკლეს 1981 წელს. თუმცა მანამდე იყო რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება. შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ციხეშიც იჯდა და იქაური მძიმე პირობებიც გამოსცადა. ალბათ, ამიტომ, როცა ქვეყნის მეთაური გახდა, ბრძანება გასცა ახალი ციხეები აეშენებინათ და ეზრუნათ, რომ პატიმრებით შეევსოთ (ამას (ჩვენსას) რა რჯის, ქვეყნის მოსახლეობის 10% რომ საპყრობილეებში გამოამწყვდია, ჯერ აუხსნელია!). «საკუთარი თავის ძიებაში» (ასე უწოდა მან თავის წიგნს) მყოფი სადათი პრეზიდენტ ნასერის თანაგუნდელი და ბოლოს მისი ვიცე-პრეზიდენტიც იყო, ნასერის გარდაცვალების შემდეგ კი, 1970 წელს პრეზიდენტი გახდა. ნასერის მომხრეთა შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში სადათმა იმარჯვა – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რვა მინისტრი, ნასერის თანამებრძოლთა უმრავლესობა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ სადათმა ეგვიპტე თანდათან გადააქცია ამერიკის ჯარების პლაცდარმად და დიპლომატიურ ფრონტზეც აშშ-ის პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერად იქცა. არაბეთის ქვეყნები სულ უფრო რწმუნდებოდნენ, რომ ხშირ შემთხვევაში ეგვიპტე აშშ-ისა და ისრაელის თანამზრახველი იყო არაბული სამყაროს წინააღმდეგ მათ ლაშქრობაში. სადათს შიდა-პოლიტიკური მდგომარეობაც დაეძაბა და 1981 წელს 1536 ადამიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა, რასაც 6 ოქტომბრის გასროლა მოჰყვა. საინტერესოა ისრაელის აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის იცხაკ რაბინის განცხადება სადათის მკვლელობასთან დაკავშირებით: ირანის შაჰის დამხობაში კარტერის ადმინისტრაცია მონაწილეობდა, სადათის დამხობაში – რეიგანის ადმინისტრაცია. სადათმა ამოწურა ყველა რესურსი და სიცოცხლესაც გამოეთხოვა. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა რეიგანმა და ვიცე-პრეზიდენტმა ბუშმა ფავორიტის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე მიიღეს, ვიდრე ამის შესახებ კაიროში ოფიციალურად გამოაცხადებდნენ. სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი მმართველობა.
აუგუსტო პინოჩეტი ჩილეს ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების გზით 1973 წელს მოვიდა. პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე მოკლეს. ქვეყანაში მასობრივი რეპრესიები დაიწყო. სულ მალე გაცხადდა, რომ სახელმწიფო გადატრიალება აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა განახორციელა. ამ ქვეყანამ მალევე აღიარა პინოჩეტის რეჟიმი და რეფორმების გასატარებლად ეკონომიკურმა დახმარებამაც არ დააყოვნა. ჩილე საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკურად გაანადგურო სახელმწიფო. ჯონ პერკინსის წიგნმა «ეკონომიკური მკვლელის აღსარება» ბევრი ბურუსით მოცული «წარმატების ფორმულა» ამოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩილე ეკონომიკურ სასწაულად მიიჩნევა, ქვეყანაში კრიზისი მაინც დაიწყო, რასაც მასობრივი გამოსვლები და დიქტატორზე თავდასხმა მოჰყვა, რადგან სამხედრო ხუნტამ, გენერალ პინოჩეტის ხელმძღვანელობით, სისხლიანი კალო დაატრიალა: ციხეებში დაიღუპა 30 ათასი ადამიანი, 2500 კი – «უგზო-უკვლოდ დაიკარგა». სხვათა შორის, მის შესახებ ამბობდნენ, რომ თუკი ჰოლივუდს პირსისხლიანი ჯალათის, პინოჩეტის როლის შემსრულებელი დასჭირდებოდა, თავად პინოჩეტზე უკეთესს ვერავის მოძებნიდა. უნებურად ჩნდება პარალელები. სააკაშვილის როლი ენდი გარსიამ შეასრულა, რომელიც კინოს ისტორიაში არა ამ როლით, არამედ მოდილიანით შევა. არადა, ჩვენთანაც ხშირად გაიგონებთ, თვით სააკაშვილი უკეთ შეასრულებდა «გამარჯვებული მთავარსარდლის» როლს, გარსიამ ვერ «გაქაჩაო», თუმცა დავუბრუნდეთ პინოჩეტის. ჩილეში მომხდარ სამხედრო გადატრიალებაზე მსოფლიო პრესაში გამოითქვა მოსაზრება, რომ მასში ამერიკის ხელი ერია. ამერიკელმა კონგრესმენმა ჰარინგტონმა პირდაპირ განაცხადა: «ალიენდეს მთავრობის მოსაშთობად ჩვენ უზარმაზარი ეკონომიკური ძალა გამოვიყენეთო». 2003 წლის სექტემბერში (საქართველოს «ვარდების რევოლუციამდე» ზუსტად ორი თვით ადრე!) კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში აღნიშნა: «ის, რაც სენიორ ალიენდეს დაემართა 1973 წლის 11 სექტემბერს, შეერთებული შტატების ისტორიის ის ფურცელი არაა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ». ჩილეში პაუელის ეს განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საჯარო აღიარებად შეფასდა. ასე იყო თუ ისე, 1989 წელს ხალხმა პინოჩეტს უნდობლობა გამოუცხადა და 1990 წლის 11 მარტს გენერალმა 17-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლება სამოქალაქო პრეზიდენტს გადასცა. 10 წლის შემდეგ დაიწყო მისი სამართლებრივი დევნა მკვლელობებთან, ადამიანის გატაცებასა და წამებასთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ფაქტის გამო,Yთუმცა მრავალი სასამართლო პროცესის შემდეგ გენერალი ჭკუასუსტ მოხუცად ცნეს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან მისი გათავისუფლების საბაბი გახდა. ვაშინგტონი კმაყოფილი დარჩა, ჭკუასუსტი ნადიქტატორალი კი 2006 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფერდინანდ მარკოსი მთელი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე ვაშინგტონთან იყო დაკავშირებული. ამერიკის უმაღლეს ხელისუფალთაგან არავისთან ჰქონია უშუალო კავშირი, მაგრამ ფინანსური დახმარების სახით ამერიკის ბიუჯეტს მილიარდობით დოლარი გამოღლიტა. სამაგიეროდ, 1965 წლიდან, ანუ ქვეყნის სათავეში მოქცევისთანავე ითვალისწინებდა აშშ-ის ინტერესებს და მათ სამხედრო ბაზებს ფილიპინების ტერიტორიაზე ინახავდა. ამასთან, ქვეყანას მკაცრი ხელით მართავდა და ბევრი მეცნიერი, ჟურნალისტი თუ მრეწველი გისოსებს მიღმა გამოამწყვდია. ამ უკანასკნელების საკუთრების ექსპროპრიაცია კი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამიტომაც ბევრი საზოგადო მოღვაწე, მარკოსის დიქტატურისგან თავის დასაღწევად იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. 1986 წელს ვადამდელ არჩევნებში დამარცხებული მარკოსი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო და ნაძარცვიც თან წაიღო. მან ჰავაის შეაფარა თავი. არჩევნების შედეგების გაცნობისთანავე აშშ-მა დაასკვნა, რომ მარკოსის ძალით შენარჩუნება უაზრობა იყო და შესაძლოა რეგიონში სერიოზული პრობლემებიც გასჩენოდა. ამასთან, კორასინ აკინოს, მარკოსის ოპონენტს, რეიგანის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კარგი კონტაქტები ჰქონდა და საბოლოოდ ფსონი მასზე დადეს. 20-წლიანი მმართველობის მანძილზე სიხარბითა და ფუფუნებით გამორჩეულმა მარკოსების დესპოტურმა რეჟიმმა ქვეყანა ეკონომიკურად გამოფიტა, რისთვისაც ფერდინანდ მარკოსმა თანამემამულეთა ზიზღი დაიმსახურა და დევნილობაში უსახელოდ აღესრულა.
ზია ულ-ჰაკიც ბევრი სხვა დიქტატორის ბედს იმეორებს – აშშ-ის მიერ ხელდასხმა, ხელისუფლების მწვერვალზე ასვლა, დამხობა, განდევნა ან ფიზიკური განადგურება. ისიც ამერიკელების ინტერესებს ატარებდა პაკისტანში და რადიკალ ისლამისტებსაც «ეფლირტავებოდა». 1988 წელს კი მისი 11-წლიანი დიდების მზეც ჩაესვენა, უფრო სწორად, ცაში დაიფერფლა. თვითმფრინავში მასთან ერთად დაიღუპნენ ამერიკელ მრჩეველთა გუნდის მეთაური პაკისტანში, გენერალი უოსომი და აშშ-ის ელჩი არნოლდ რაფელი. ამ დროისთვის ზია ულ-ჰაკი იმდენად გამოუსადეგარ პოლიტიკოსად იქცა მფარველებისთვის, რომ მისი და პაკისტანის იმდროინდელი მმართველი ელიტის ტრაგიკულად დაღუპვის გარემოებების გარკვევით თავი არავის მოუკლავს. ვერსია «ღვთის სასჯელი» ერთნაირად მისაღები იყო დიქტატორის მომხრეებისთვისაც და მოწინააღმდეგეებისთვისაც. ვაშინგტონმა მაქსიმალურად გამოიყენა ამბიციური გენერალი. იგი ცოცხალი აღარ სჭირდებოდათ, მით უფრო ამ დროისთვის უკვე დასრულებული იყო ომი ავღანეთში. ამის შემდეგ იგი, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი გამხდარიყო და დიდ პოლიტიკურ თამაშში ამერიკული კარტი აერია. იგი აშკარად არ მიიჩნევდა თავს სხვისი პოლიტიკის გამტარებლად და ცდილობდა, მრავალსვლიანი თამაში ეწარმოებინა. შედეგად ზია ულ-ჰაკი, უბრალოდ, მოიცილეს რეგიონული პოლიტიკის საჭადრაკო დაფიდან. მიუხედავად იმისა, რომ გენერალთან ერთად ორი ამერიკელი პოლიტიკოსი დაიღუპა (ისინი პრეზიდენტის თვითმფრინავში ბედის ირონიით აღმოჩნდნენ), ვაშინგტონში დიდად არ გამოუდვიათ თავი ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებით და ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს. მომდევნო 1989 წლის დამლევიდან კი ეს საქმე თანდათან მიივიწყეს, რადგან მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების ნგრევა, სტუდენტური ამბოხი პეკინში და მისი სასტიკად ჩახშობა, აიათოლა ჰომეინის სიკვდილი ირანში… ვიღას ახსოვდა ამბიციური გენერლის სიკვდილი.
ხორხე რაფაელ ვიდელას 49 დანაშაულში ედება ბრალი და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ვისაც გახსოვთ ფილმი «ოცნება არგენტინაზე» (ანტონიო ბანდერასის თაყვანისმცემლებს აუცილებლად გეცოდინებათ), ადვილად წარმოიდგენთ, რა საშინელებები დაატრიალა ვიდელამ სულ რაღაც 7 წელიწადში. მკვლელობების ორგანიზება, ადამიანთა გატაცება და წამება იმდროინდელ არგენტინაში «ჩვეულებრივი ამბავი» იყო. 2010 წელს 84 წლის დიქტატორი თავისი 33 პოლიტიკური ოპონენტის შვილების გატაცებისთვის სასამართლოს წინაშე წარსდგა. მისი დევიზი – «ძალიან ბევრი ხალხი უნდა გაწყდეს არგენტინაში იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს» – წარმატებით აიტაცეს მისმა მომხრეებმა და «ადამიანებზე ნადირობის სეზონიც» გაიხსნა. რეჟიმის მოწინააღმდეგეებს სასტიკად უსწორდებოდნენ, ხუნტამ საგანგებოდ ამისთვის შექმნა «სიკვდილის ესკადრონები», რომლებშიც სხვადასხვა მონაცემებით, 15-დან 25 ათასამდე ადამიანი შედიოდა. ეს იყო დაახლოებით ჩვენი «ნაცზონდერების» მსგავსი ჯგუფები, ოღონდ უფრო ორგანიზებული. სპეცფორმებში გამოწყობილები სახეებსაც არ მალავდნენ. «ბინძური ომს» 30 ათასი ადამიანი შეეწირა, 500 ათასი კი – ქვეყნიდან გაიქცა. უკვალოდ გაუჩინარდა ბევრი ცნობილი მხატვარი, მწერალი, მსახიობი, პუბლიცისტი; დაწვეს მილიონობით წიგნი, მათ შორის მარკესის ნაწარმოებებიც. ერთი პარალელიც განსასჯელად: ხუნტამ საბაჟო შეზღუდვები გააუქმა და ქვეყანა უცხოური პროდუქციით აივსო, რამაც საგარეო ვალის ზრდა გამოიწვია (ხომ არაფერი გენიშნათ?). ბევრი, მათ შორის მისი ხუნტის წევრებიც დაიღალნენ ვიდელას დიქტატურით. დევნით, შეზღუდვებით და არასტაბილური ეკონომიკით სასოწარკვეთილებამდე მისული ხალხი უკვე დაუმორჩილებელი ხდებოდა. 1981 წელს ვიდელა თანამოაზრეებმა აიძულეს, პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, ორი წლის შემდეგ კი ხუნტაც დაემხო. პირველად ვიდელას 1985 წელს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, 5 წლის შემდეგ კი პრეზიდენტმა კარლოს მენემმა საჯაროდ მიუტევა ხუნტის წევრებს, რამაც ხალხი აღაშფოთა. ვიდელა და მისი ხუნტის წევრები მაინც გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2008 წელს 83 წლის დიქტატორი ისევ გაიხსენეს ახალი ბრალდებების გამო და კვლავ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. პრეზიდენტ სააკაშვილს მისი მონახულების შესაძლებლობაც აქვს ლათინოამერიკული ტურნეს ფარგლებში. თავის კოლეგას – ქრისტინა ფერნანდესს სთხოვოს და უჩვენებს, როგორი მომავალი ელის…
ალფრედო სტრესნერს თავის დროზე დიდი ნდობა გამოუცხადა პარაგვაის პრეზიდენტმა ფედერიკო ჩავესმა და მწარედაც ინანა: 1954 წელს სწორედ მისგან აღზევებულმა გენერალმა დაამხო. სტრესნერი აშშ-ის ერთგული იყო, რაც არაერთხელ დაამტკიცა. მაგრამ ჩვენ ხომ პარალელებს ვეძებთ? ზოგს მე მიგანიშნებთ, ზოგიც თქვენ ამოიცანით. მაგალითად, მას ძალიან უყვარდა და ნეტარებდა, როცა სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ხიდებს ხსნიდა… ჩვენ ჯვარი გვწერია და ამ ყველაფერს თავის სახელსაც არქმევდა. პარალელის გავლება არც ამჯერად გაგიჭირდებათ: სტრესნერის მმართველობისას პარაგვაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო, ხოლო კორუფციის ყველა სიკეთით მხოლოდ პრეზიდენტი და მისი მეგობრები სარგებლობდნენ. დიქტატორის პორტრეტებით იყო მოფენილი მთელი ქვეყანა და, თუ სადმე მის ნაკლებობას შენიშნავდნენ, ეჭვმიტანილს «ინტელექტუალურ ტერორიზმში» ადანაშაულებდნენ და სასტიკად სჯიდნენ (ეს სააკაშვილმა არ წაიკითხოს, თორემ, ხომ გახსოვთ, კვიციანის «ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის» ბათიაშვილი ციხეში რომ გამოამწყვდიეს!). სააკაშვილისთვის და მისი «ნაცმოძრაობისთვის» განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ პარაგვაი გერმანელი ნაცისტების თავშესაფრად იქცა – სტრესნერმა 200 ათასი კაცი შეიფარა. დევნილი კოლეგა – ანასტასიო სომოსასაც მან უმასპინძლა, თუმცა სანდინისტებმა მოუკლეს. გენერალისიმუსის პრობლემებიც აქედან დაიწყო. 1984 წელს დიქტატორს, რომელსაც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ირჩევდნენ და რომელიც საკუთარ თავს «რესპუბლიკის კონსტიტუციურ პრეზიდენტს» უწოდებდა, ამერიკელმა მეგობრებმა მიანიშნეს, რომ უნდა გადამდგარიყო (გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს პრეზიდენტმა რეიგანმა «ახალი მსოფლიო წესრიგის» დამყარება დაიწყო). 1989 წელს დიქტატორი უსისხლო გადატრიალების შედეგად დააპატიმრეს, რამდენიმე დღეში კი ოჯახიანად ბრაზილიაში გაიქცა და თავშესაფარიც მიიღო, სოცოცხლის ბოლო წლები დიქტატორმა თითქმის სრულ მარტოობაში გაატარა და იქვე გარდაიცვალა. მისი ცხედრის სამშობლოში დაკრძალვაზე პარაგვაის ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
ასე დაასრულეს თავიანთი «მოღვაწეობა» და სიცოცხლეც დიქტატორებმა, რომლებიც ერთ დროს თავზარს სცემდნენ მილიონობით ადამიანს. როგორ დამთავრდება პრეზიდენტ სააკაშვილის «დემოკრატიული მარში» დიქტატურისკენ, ძნელი სათქმელია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ ორ შემთხვევას, გარკვეული წარმოდგენის შექმნა მაინც შეიძლება.
ეს ორიც ვნახოთ:
ნიკოლაე ჩაუშესკუს მიმართ აშშ თავიდან კეთილად იყო განწყობილი, რადგან მხარი არ დაუჭირა სსრკ-ის შეჭრას ავღანეთში და 1984 წლის ლოს-ანჟელესის ოლიმპიადის ბოიკოტს, მოითხოვდა ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ერთდროულ რეფორმირებას, მაგრამ 1989 წელს სწორედ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა ჩაუშესკუს დამხობასა და მკვლელობაში. ოპერაცია განახორციელა ცსს-ს აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა – მილტონ ბორდენმა. დღეს იგი აღიარებს, რომ რუმინეთში სოციალისტური წყობილების დამხობისა და ჩაუშესკუს მოცილების ოპერაცია სანქცირებული იყო აშშ-ის მთავრობის მიერ. ჯერ დაამუშავეს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. დასავლეთის მასმედიაში ჩანერგილი აგენტების მეშვეობით გაავრცელეს ნეგატიური მასალები დიქტატორზე და რუმინელი დისიდენტების ინტერვიუები, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ გაქცეულნი. ამ პუბლიკაციების ლაიტმოტივი იყო: ჩაუშესკუ აწამებს ხალხს, ითვისებს სახელმწიფო სახსრებს, არ განავითარებს ეკონომიკას. კარგად დაგეგმილი შავი პიარის შემდეგ რუმინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი დაამხეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩაუშესკუ და მისი ცოლი – ელენა დახვრიტეს. 2000-2001 წლებში, როდესაც «მოქკავშირის» ახალგაზრდა რეფორმატორები პრეზიდენტ შევარდნაძეს ჯერ კიდევ ფარულად უპირისპირდებოდნენ, პრესაში გაჩნდა წერილები და ინტერვიუები, რომლებშიც მას ჩაუშესკუს ადარებდნენ. მომდევნო 2002-2003 წლებში კი ეს შედარება ქართული პრესის ყოველდღიურ ანშლაგად იქცა, რაც არამხოლოდ შევარდნაძის, არამედ მისი ოჯახის წევრების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი და არც პრეზიდენტი ამხელდა, რა იყო მათი აღშფოთება-შეშფოთების მიზეზი. ახლა კი ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონისგან მწვანეანთებული «რეფორმატორები» პრეზიდენტზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მათ კარგად იცოდნენ თავიანთი პატრონებისგან, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს სრული ინფორმაცია ექნებოდა ჩაუშესკუს აღსასრულის შესახებ.
სადამ ჰუსეინს ბედი დიდხანს სწყალობდა. ხელისუფლების მწვერვალებისაკენ მიმავალმა ათობით შეთქმულება და თავდასხმა გამოიარა. იგი სასტიკად ანადგურებდა პოლიტიკურ კონკურენტებსა და მათ ახლობლებს. 1980 წლის სექტემბერში სადამ ჰუსეინმა ხანგრძლივი და დამღლელი ომი წამოიწყო ირანის წინააღმდეგ. ამ ავანტიურას მხარი დაუჭირა აშშ-მა, რომელსაც სურდა, სადამის ხელით ჩაეხშო ისლამური რევოლუცია. ომის მეოთხე წელს (1984 წ.) სპარსეთის ყურეში რეიგანის ადმინისტრაციამ დიპლომატიური ურთიერთობაც კი აღადგინა ერაყთან და თვალი დახუჭა იმაზე, რომ ერაყის არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა ირანელი ჯარისკაცებისა და საკუთარ ტერიტორიაზე მყოფი ქურთების წინააღმდეგ. მაგრამ 10-წლიანი ომის შედეგები ვაშინგტონის ინტერესებისთვის ნეგატიური აღმოჩნდა; აიათოლები თეირანში მყარად იდგნენ, სადამის რეჟიმი არ შერბილდა, აშშ-ის გავლენა არ გაძლიერდა, ОПЕК-ი ერთიან პოლიტიკას აგრძელებდა. ყოველივე ამის შედეგად, აშშ-მა დიამეტრულად შეცვალა ურთიერთობა ერაყთან და მიზნად დაისახა ბაღდადში პროდასავლური და «უფრო დემოკრატიული» რეჟიმის დამყარება. სადამი არასასურველი პერსონა აღმოჩნდა და მისმა მოკავშირეებმა სიკვდილით დასაჯეს.
ასეთია მსოფლიო გამოცდილება. თუ მეტყვით, რომ ამ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო სააკაშვილის მმართველობის სტილთან, გირჩევთ, გაეცნოთ დიქტატორების ვრცელ ბიოგრაფიებს და ადვილად დაინახავთ, რომ ისინი ერთი კვერცხუჯრედის ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს. «დათა თუთაშხიას» იმ მონაკვეთს თუ გავიხსენებთ, სადაც გრაფი სეგედი აბრაგის ცხოვრებაზე ლაპარაკობს, დიქტატორების ცხოვრებაც, «არშიყი ქალის ცხოვრების დარად, შედგება იმისგან, რაც მან ჩაიდინა და სამძებრო დაწესებულებებისთვის ცნობილი გახდა; იმისგან, რაც მას არ ჩაუდენია და მიეწერა; და იმისგან, რაც მან ჩაიდინა და გაგებით კი ვერავინ ვერაფერი გაუგო».
ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, მომავალში მაინც გავიგოთ, რაც ვიცით, იმის გარდა, კიდევ რა ჩაიდინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისეთი, რის დამალვასაც გულმოდგინედ ცდილობენ მისი გარემოცვის წევრები; ისინი, ვინც ახლა სააკაშვილის «მონუმენტურ» ფიგურას ეფარება და ერთი სული აქვს განსასჯელის სკამზე დასვას, ანდა შორეულ ქვეყანაში ან სულაც «იმის იქით» გაისტუმროს.
ასეთი კი ხელისუფლებაშიც მოიძებნება და ოპოზიციაშიც. სახელისუფლო წრეებში აქტიურად განიხილება პოსტსააკაშვილისეული პერიოდი. იქმნება დაჯგუფებები და ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობენ სწორედ ის «ფეისები», ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს ერთგულებას ეფიცება, სინამდვილეში კი თითოეულ მათგანს ხელში ჩაბღუჯული აქვს «ბრუტუსის მახვილი».
ირაკლი ალასანიას შორსგამიზნული თანამშრომლობა უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან (ხომ გახსოვთ ალასანიას სიტყვები – ძალაუფლება ბოკერიას აქვს და, აბა, ვისთან ვისაუბროო) და «თავისუფლების ინსტიტუტის» დაჯგუფების ფავორიტად «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერის გამოკვეთა სერიოზულად აღიზიანებს გიგი უგულავასა და მის მფარველ ძალოვანთა დაჯგუფებას. მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციას დაიკავებს სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სერიოზული პერსონა ნიკა რურუა. თუ გავითვალისწინებთ კიდევ ერთ და, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ ბოკერია-ალასანია-რურუას ფრთას თავის ლევან რამიშვილიანად მჭიდრო ურთიერთობები აქვთ ვაშინგტონთან, ხოლო უგულავა-ადეიშვილი-მერაბიშვილის (განსაკუთრებით ამ უკანასკნელის) მიმართ რუსული მედია ერთობ კეთილგანწყობილია, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე მკვეთრი დაპირისპირების მხილველი გავხდებით.
ალასანია ვაშინგტონისთვის მისაღები კანდიდატურაა. მას იქ იცნობენ, ეპატიჟებიან და ბევრი ლაპარაკიც არ უყვარს, ბოკერიას არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში აქვს მდგომარეობა განმტკიცებული, არამედ – ოკეანის გაღმაც, ხოლო რურუა ჯერ კიდევ 90-იან წლებში «ჩასწვდა ამერიკის სულს».
მერაბიშვილისთვის გაცილებით მისაღებია უგულავას კანდიდატურა, რომელსაც ადვილად მართავს, უშიშროების პოლკოვნიკ ალასანიას კი, მის ხასიათსა თუ ბეგრაუნდსაც რომ თავი დავანებოთ, ადვილად ვერ მოდრეკს. იქნებ პირიქითაც მოხდეს.
ამდენად, რაღა დარჩენიათ დაპირისპირებულ მხარეებს? – სააკაშვილის ფიგურის გამოყენება საკუთარი მიზნის მისაღწევად. ეს კი სწორედ ის შემთხვევაა, როცა «მიზანი ამართლებს საშუალებას» და არაფერ შუაშია სახელმწიფო ინტერესები. ვის მხარეს დადგება პრეზიდენტი? – ვინც მას უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფს. მაგრამ მისთვის ეს გარანტიები პრაქტიკულად არ არსებობს. არამხოლოდ მსოფლიო, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც კი. ვაშინგტონი მას პოლიტიკურ გარანტიებს არ მისცემს, საქართველოში კი ის უკვე ყველას ეზედმეტება და, განსაკუთრებით, «ვაშინგტონურ ფრთას». ხოლო როგორ სწირავენ ყოფილ ფავორიტებს ამერიკელები, თუკი «თოჯინები ძაფის მოქაჩვაზე ყოველთვის არ რეაგირებენ», ზემოთ უკვე ვისაუბრე კონკრეტული მაგალითებით. შემცვლელის პოვნაც არ გაუჭირდებათ…
აი, ამ სიტუაციაში ჰკითხა ცნობილმა ჟურნალისტმა, «ეხო მოსკვის» მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა პრეზიდენტ მედვედევს სააკაშვილის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემის შესახებ და პასუხიც მიიღო: «თუ ეს გარკვეული ვოლუნტარიზმი, რაიმე საერთაშორისო პროცედურით ლიდერის დამხობის მეშვეობით პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის უბრალო სურვილია, მაშინ წინააღმდეგი ვარო».
ასე რომ, პრეზიდენტ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება და მხოლოდ მე ნუ მომენდობა, ამ საგულისხმო მაგალითებზე თვითონაც იფიქროს, თავი მხოლოდ იმიტომ ხომ არ ადგას მხრებზე, რომ შადრევნიდან მაღალი წნევით ამოტყორცნილი წყალი მუცელში არ ჩაუვიდეს… ისიც ჩვენსავით «საკმარისად მაჩანჩალა და უბედური» ხომ არ იყო, მასაც ჩვენსავით ხომ არ არწმუნებდნენ, რომ «მათხოვარი, ჩამორჩენილი და გონებაჩლუნგია»… ნურას უკაცრავად!
ბონდო მძინარაშვილი