ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე, როგორც სახელმწიფო დღესასწაული, ქვეყანაში ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. გადაწყვეტილება პარლამენტმა ერთხმად მიიღო.
“ამიერიდან შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნაციზმზე გამარჯვების ხსოვნა, ისევე, როგორც იმ ებრაელთა გმირობის ხსოვნა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე იბრძოდნენ, დავიწყებას არ მიეცემა. ვეტერანებისთვის, მათ შორის, ისრაელში მცხოვრებთათვისაც, ამ თარიღს _ 9 მაისს _ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს”, _ განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, პარტიის “ჩვენი სახლი ისრაელია” წარმომადგენელმა ოდედ ფორერმა.
“რია ნოვოსტი” აზუსტებს, რომ ამ კანონით რეგულირდება სკოლებში დიდი სამამულო ომის ისტორიის, გამარჯვების თემის შესწავლის გაკვეთილების ოდენობა, გათვალისწინებულია ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ გამარჯვების უკვდავმყოფი ძეგლების სამუშაოების დაფინანსება.
ამიერიდან ყოველ 9 მაისს ქნესეთში გაიმართება საზეიმო სხდომები და მოეწყობა საზეიმო მსვლელობები იერუსალიმის ქუჩებში.