Home სხვადასხვა დაიჯესტი Die Welt: იხილეს და განცვიფრდნენ

Die Welt: იხილეს და განცვიფრდნენ

დიმიტრი დონელი

ბალტიის ზღვის სანაპიროზე გამოფენილი ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა შთამბეჭდავი სანახაობის უნებლიე მოწმენი გახდნენ.

Die Welt -ის ცნობით, მსოფლიოში უდიდესმა წყალქვეშა ნავმა “დიმიტრი დონელმა” მათ თვალწინ ჩაიარა _ რუსეთის ფედერაციის საზღვაო სამხედრო ფლოტის სტრატეგიული რაკეტმზიდი სევეროდვინსკიდან სანკტ-პეტერბურგში მთავარ სამხედრო აღლუმში მონაწილეობისთვის მიემართებოდა (ეს დღესასწაული გასულ კვირას ტრადიციულად კრონდშტატთან, ნევის აკვატორიაში გაიმართა).

შავი გიგანტის, “დიმიტრი დონელის”, სიგრძე 172 მეტრია. სუბმარინის ბორტზე 150-დან 180-მდე სამხედრო მეზღვაური მსახურობს. წყალქვეშა კრეისერი საკონტინენტთაშორისო რაკეტებით არის აღჭურვილი.

“დიმიტრი დონელმა” და, მასთან ერთად, ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანმა, მძიმე ატომურმა სარაკეტო კრეისერმა “პეტრე დიდმა” დანიშნულების ადგილას მისვლამდე ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების გავლით შემოუარეს სკანდინავიას და ფინეთის ყურის ფარვატერში ჩაუშვეს ღუზა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, “დიმიტრი დონელი” ნაკლებად შეიძლება იქნას მიჩნეული სამხედრო ხომალდად, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი არის პლატფორმა, რომელზეც გამოიცდება უახლესი სახეობის რაკეტები.

“იგი უდიდესი წყალქვეშა ნავია მათ შორის, რომლებიც ოდესმე აუგიათ. ის, უწინარეს ყოვლისა, შთამბეჭდავი ხომალდია აღლუმისთვის, რომელიც შეგვახსენებს, რომ რუსეთი საზღვაო სახელმწიფოა”, _ განაცხადა ექსპერტმა რუსეთის ფლოტის საკითხებში მიხეილ კოფმანმა.

კრეისერებმა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 1500 საზღვაო მილი გადალახეს. მარშრუტი გაკვალული იყო უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. ცნობილია, რომ ბალტიკა უბირთვო ზონაა, ამიტომ ატომური დანადგარებით აღჭურვილი გემების გატარება წინასწარ იყო შეთანხმებული რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან.

ცნობისთვის: “დიმიტრი დონელი” შექმნილია პროექტით _ 941 “აკულა”. იგი ამ ტიპის პირველი ხომალდია. მოდიფიცირებულია 941 YM პროექტის მიხედვით, აღჭურვილია სარაკეტო კომპლექსით “ბულავა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here