23 ივლისს ბიძინა ივანიშვილი “ბლექ სი არენაზე”, ქეთი მელუას კონცერტზე გამოჩნდა. ეს კარგი საბაბია იმისთვის, რომ გავაანალიზოთ ის პერიოდი, როდესაც მისმა გაუჩინარებამ ავანსცენიდან არაერთი სპეკულაცია წარმოშვა. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცოდა, სად იმყოფება ქვეყნის (რეალური და არაფორმალური) პირველი პირი.
ბიძინა ივანიშვილის “გაქრობასთან” დაკავშირებით სამი ძირითადი ვერსია განიხილებოდა. პირველის თანახმად, ის მძიმე დაავადებას ებრძოდა; მეორე ვარიანტით, ცდილობდა, “ქართული ოცნება” ავტონომიურ რეჟიმში აემუშავებინა; მესამე ვერსია კი ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ ივანიშვილმა, შუა საუკუნეების მმართველების მსგავსად, თავი მოიავადმყოფა, რათა გადამწყვეტ მომენტში ისევ გამოჩენილიყო და გაურკვევლობაში მყოფ მომხრეებში ენთუზიაზმის მოზღვავება გამოეწვია. ამ ძველი მანიპულაციის ფარგლებში ემოციური და თანმდევი პოლიტიკური რესურსი, ფაქტობრივად, ჰაერიდან იქმნება.
გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი სიმულაკრის ფენომენზე საუბრისას ხშირად მოუწოდებდა სტუდენტებს, წარმოედგინათ, ერთი მხრივ, ავადმყოფის როლის შემსრულებელი მსახიობი და, მეორე მხრივ, სიმულანტი, რომელიც თავს იავადმყოფებს. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ თამაშს, რომელიც როლისა და სპექტაკლის ჩარჩოებს არ სცდება. მეორე შემთხვევაში კი სიმულანტი ცვლის რეალობას, გარშემომყოფები ეპყრობიან მას, როგორც ავადმყოფს, და ამას პროცესის ყველა მონაწილისთვის გარკვეული ცვლილებები მოსდევს. სწორედ ასე ცვლიდა რეალობას ბიძინა ივანიშვილის ჰიპოთეტური ავადმყოფობაც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მხოლოდ ჭორები ვრცელდებოდა და არანაირი, თუნდაც ირიბი, მტკიცებულებები ამისა არ არსებობდა.
ვერსია მისი ავად გახდომის შესახებ ეჭვქვეშ მხოლოდ იმიტომ არ დგას, რომ საქართველოში მსგავსი ინფორმაციის დამალვა, უბრალოდ, ვერ მოხერხდება. მმართველის ნამდვილი ავად გახდომა, 99%-იანი ალბათობით, მკვეთრად გაამძაფრებდა ბრძოლას ხელისუფლებისთვის და გამოიწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებებს პოლიტიკურ არენაზე, რომელსაც დღეს ნამდვილად ვერ ვხედავთ. ეს გარემოება, ერთი შეხედვით, აბათილებს ვერსიას ავად გახდომის შესახებ, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს _ ზოგს ურჩევნია, თავი დაირწმუნოს იმაში, რომ ივანიშვილი საუკეთესო ფორმაშია, ვიდრე წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილის მთავრობა ან საპარლამენტო უმრავლესობა იმ უნიკუმის ხელმძღვანელობით დარჩა “მარტო სახლში” და უიმედო ლუზერების ჯგუფი ქვეყანას საკუთარი შეხედულებისამებრ მართავს. ბევრისთვის გაცილებით კომფორტულია, უკუაგდოს მსგავსი აზრები და წარმოიდგინოს, რომ საჭესთან ისევ ივანიშვილია, მიუხედავად იმისა, რომ ის, დიდი ხანია, არსად გამოჩენილა.
აქ პოლიტიკა კვაზირელიგიას ესაზღვრება. რწმენა, რომ “ყოვლისშემძლე და (ამ ეტაპზე) უხილავი” ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არსებობს, ყველაფერს ხედავს და აკონტროლებს, “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი სისტემისთვის ერთგვარი დუღაბის როლს ასრულებს და სისტემის ჩამოშლას აფერხებს. მაგრამ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდებოდა “ერეტიკოსი”, რომელიც იტყოდა: “ბიძინა სინამდვილეში არ არსებობს (ვერ ხედავს, ვერ აკონტროლებს)”, ამიტომ პაუზა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა.
ხელისუფლების ლეგიტიმურობა მიბმულია პირადად ივანიშვილზე და მის დაპირებაზე, რომ მართვის სადავეებთან სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დაბრუნებას არ დაუშვებს. დიდი ხანია, გაცამტვერდა დაპირებები ჯადოსნურ მეოთხე წელიწადზე, დემოკრატიაზე, რომელიც ევროპას გააოცებს, სამართლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე; დარჩა მხოლოდ ერთი _ დანაშაულებრივი რეჟიმის რესტავრაციის არდაშვება. ამ დაპირებას ივანიშვილის ხელისუფლება, ყველა მინუსის მიუხედავად, ჯერჯერობით ასრულებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მთავარი იდეა, რომელსაც ხელისუფლებისა და საზოგადოების უმრავლესობის კონსენსუსი ეფუძნება, პოზიტიური უნდა იყოს, ემსახურებოდეს ამა თუ იმ მიზნის მიღწევას და არა რაიმეს უარყოფას. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელსაც საქართველოში ყოველთვის როდი ამჩნევენ.
კვირას აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა ორი აქცია, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ იყო მიმართული _ შეკრებილთათვის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოწინააღმდეგის მარგინალიზაცია, რომელსაც მისი გაჩუმების სურვილი ერწყმოდა. ყველაზე “სახალისო”, ალბათ, ის იყო, რომ ფაშიზმთან ბრძოლის ლოზუნგით ქუჩაში “ევროპული საქართველო” გამოვიდა, რომლის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში ფაშისტური რეჟიმის დასაყრდენს წარმოადგენდა. თუმცა მთავარი ისაა, რომ ერთმანეთის უარყოფაზე (და არა პოზიტიური მიზნების დასახვაზე) დაფუძნებული პოლიტიკა არსებითად მარაზმატულია და სასიკეთო ნაყოფს ვერ გამოიღებს.
ივანიშვილის “გაუჩინარებამ” ბუნებრივად წარმოშვა კითხვა: რა მოხდება შემდეგ?
ისიც კი, ვინც დარწმუნებული იყო, რომ “სრულიად საქართველოს ოლიგარქი” თავს კარგად გრძნობს და ქვეყანას ძველი შემართებით მართავს, ცოტა ხნით მაინც დაფიქრდა იმაზე, რა შეიძლება მოხდეს “ივანიშვილის შემდეგ”. ეს კარგად აისახა მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა და სოცქსელებში გამართული დისკუსიების ტექსტებში თუ არა, ქვეტექსტში მაინც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ესპანეთი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში _ ფრანკო სიტუაციას 100%-ით აკონტროლებდა, ოპოზიციას არაფრის გაკეთება შეეძლო _ ის რეალურად არც არსებობდა, მაგრამ ბევრს მოეჩვენა, რომ გამარჯვებული ანტიჰიტლერული კოალიცია ფრანკოს რეჟიმსაც მოუღებდა ბოლოს. ამავე დროს, გავრცელდა ჭორები იმის თაობაზე, რომ დიქტატორის ჯანმრთელობა გაუარესდა. ესპანური ელიტა ჩუმმა პანიკამ მოიცვა _ განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც მწვერვალზე ფრანკოსთან ერთად ავიდა. მთავარი კითხვა მისთვის გახდა “რა მოხდება შემდეგ?”. ელიტა არ დამშვიდდა, სანამ დიქტატორმა არ შეიმუშავა მონარქიის აღდგენის ცნობილი გეგმა და გარანტიების სისტემა, რომელმაც მისი გარდაცვალების შემდგომ პერიოდში ფატალური რყვები გამორიცხა.
შემთხვევითი, ალბათ, არც ისაა, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის აპოლოგეტები ამ იდეას მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც გავრცელდა ცნობები ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ და კითხვა “რა მოხდება შემდეგ?” ისევ აქტუალური გახდა. ძველი ელიტა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის, დაიღალა. მას სამი ათწლეულის განმავლობაში ლამის იარაღით ხელში უწევს საკუთარი პოზიციების დაცვა ძალზე ენერგიული და “მშიერი” პრეტენდენტების ჯგუფებისგან, რომელთაც მისი ადგილის დაკავება სურთ. მას სჭირდება სტატუსის შენარჩუნების გაცილებით მყარი გარანტიები, ვიდრე მორიგ ავტორიტარ მმართველთან გაფორმებული პაქტი მისცემს, რადგან მისი დამხობის შემდეგ, გააფთრებული ბრძოლა სტატუსის შენარჩუნებისთვის თავიდან დაიწყება. სწორედ ამიტომ ელიტამ შეიძლება შეხედოს მონარქიის აღდგენას, როგორც ერთ–ერთ სცენარს, რომელიც მის მდგომარეობას გაამყარებს, დაახლოებით ისე (ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით), როგორც ეს ესპანეთში მოხდა. ამ ადამიანებისთვის მთავარია არა მონარქიის იდეა რომანტიულ შეფუთვაში, არამედ სარგებელი, რომელიც მან შეიძლება მოუტანოს, თუმცა ამ ეტაპზე ისინი, სავარაუდოდ, მას განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ დამატებით და არა ძირითად გარანტიას.
მთავარი როლი იმაში, რომ საზოგადოების ნაწილი ხანმოკლე, მაგრამ სავსებით რეალურმა პანიკამ მოიცვა, “სააკაშვილის დაბრუნების საფრთხემ” შეასრულა, რომელიც სწორედ ივანიშვილის გუნდმა შექმნა და განსაკუთრებით აქტუალური 2016 წლის არჩევნების წინ გახადა, რადგან, ელექტორატის დაშინების გარდა, გამარჯვების სხვა ალგორითმი ვერ შეიმუშავა. ზოგმა, ალბათ, წარმოიდგინა, რომ ხელისუფლების სათავეში შეიძლება შურისმაძიებელი გიჟი მოექცეს და ეს ძალიან არ მოეწონა. ამ კონტექსტში ივანიშვილი კიდევ ერთხელ წარმოჩინდა “ნაკლებ ბოროტებად”.
არის კიდევ ერთი საინტერესო ქვეტექსტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ. ივანიშვილი შეიძლება იფასებდეს თავს თანაგუნდელებთან ურთიერთობაშიც _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მათი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ისინი, როგორც ჩანს, იძულებულნი გახდებიან, ივანიშვილს დახმარებისთვის მიმართონ და ის, სავარაუდოდ, შეეცდება, რომ ეს მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში მოხდეს. ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, მმართველი რგოლის საკვანძო ფიგურები მუდამ გრძნობდნენ, რომ მის გარეშე კრახი მოელით. პოზიცია “შემეშვით და ქვეყანა თვითონ მართეთ” შეიძლება ამ თამაშის ნაწილი იყოს.
უხერხული კითხვები მომავალზე სერიოზულ პრობლემებს ყველა პერსონალისტურ რეჟიმს უქმნის, ქართული შემთხვევა კი გაცილებით რთულია, რადგან სისტემის ზედა რგოლი თან არსებობს და, ამავე დროს, თითქოს არც არსებობს, დროდადრო ხილულია, ორიოდე წამში კი _ უხილავი.
სად არის ივანიშვილი? როგორ გრძობს თავს? რას ფიქრობს თავის დინასტიასა და მემკვიდრეზე? როდესაც მოსახლეობას მსგავსი კითხვები აწუხებს, ქვეყანაში სტაბილურობა ვერ დამკვიდრდება, არ იქნება არც გრძელვადიანი ინვესტიციები, არც მდგრადი განვითარება, არც საკუთარი ძალების რწმენა. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვერ ანებებს თავს ავტორიტარ მმართველს, ვერ უშვებს მას ხელს, როგორც პატარა ბავშვი ვერ ბედავს, დამოუკიდებლად თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას და უფროსის ხელს ებღაუჭება. ის (მნიშვნელობა არ აქვს, ზვიადს წარმოიდგენს მის ადგილას, ედუარდს, მიხეილს თუ ბიძინას) ყოვლისშემძლე ჰგონია და აზრადაც არ მოუვა, რომ მმართველი შეიძლება მასზე უფრო დაბნეული იყოს.
დიმიტრი მონიავა