ჩვენი პლანეტა სახეობათა გადაშენების მორიგ ფაზაში შედის, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ცოცხალი არსებები, “ფაქტობრივად, მოსიარულე მკვდრები” არიან, მათ შორის ჩვენც _ ადამიანები.
სტენფორდის, პრინსტონისა და ბერკლის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ მომზადებული მოხსენება ადასტურებს, რომ ხერხემლიანები ჩვეულებრივზე 114-ჯერ უფრო სწრაფად იხოცებიან. ამ მოხსენებაში, რომელიც ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ბოლო ასეთი მოვლენა მოხდა 65 მილიონი წლის წინათ, როცა დედამიწას დიდი მეტეორიტი შეეჯახა და სრულად ამოწყდნენ დინოზავრები.
“ეს პროცესი რომ არ შევაჩეროთ, დედამიწაზე სიცოცხლის აღსადგენად რამდენიმე მილიონი წელიწადი იქნება საჭირო. და მოსალოდნელია გამქრალ სახეობათა პირველ რიგში ჩვენი სახეობა აღმოჩნდეს, ადამიანები”, _ მიიჩნევს გამოკვლევის წამყვანი ავტორი ჯერალდო სებალოსი.
ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ხერხემლიანთა გადაშენების მასშტაბი და ტემპი მატულობს, რომ 1900 წლიდან 300 სახეობა გადაშენდა; ამასთანავე, ეს პროცესი 100-ჯერ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე სხვა (ჩვეულებრივ) პერიოდებში. “ჩვენ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ”, _ აღნიშნავს სტენდფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ერლიხი.
მიზეზთა შორის, რომლებითაც გამოწვეულია გადაშენების ახალი ხვეული, მეცნიერები ასახელებენ კლიმატის შეცვლას, გარემოს დაბინძურებასა და ტყეების ჩეხვას. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეკოსისტემის დანგრევამ შეიძლება კატასტროფული მასშტაბი შეიძინოს. ეს გამოიწვევს დომინოს ეფექტს _ გარკვეულ სახეობათა გადაშენებას უეჭველად სხვა სახეობათა გადაშენებაც მოჰყვება.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კატასტროფის თავიდან აცილება “ჯერ კიდევ შეიძლება, თუ გავააქტიურებთ ბუნების დამცავ ღონისძიებებს”, მაგრამ “შესაძლებლობების ეს სარკმელი” სწრაფად ვიწროვდება.