Home რუბრიკები საზოგადოება მამა თეოდორე (გიგნაძე): ჩვენი საზოგადოება სიძვისა და გარყვნილების მდგომარეობაშია!

მამა თეოდორე (გიგნაძე): ჩვენი საზოგადოება სიძვისა და გარყვნილების მდგომარეობაშია!

GEWORLD.NET:
რატომ არიან ასე განსხვავებული კაცი და ქალი? რა სოციალური და ბიოლოგიური ფუნქცია აკისრიათ მათ? რა მიზნით ცდილობენ, განსაკუთრებით დღეს, მათ შორის არსებული განსხვავების წაშლას? გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

– მამაო, კითხვა, რომელსაც ახლა დაგისვამთ, ორიგინალური ნამდვილად არაა თავისი «მარადიული» აქტუალურობის გამო. ნაცნობმა ქალებმა მთხოვეს, მასზე პასუხი, მაინც და მაინც, თქვენ გასცეთ.
– ყურადღებით გისმენთ.
– რატომ არ შეიძლება ქალისთვის ეკლესიაში ყოფნა თავსაბურავის გარეშე და რატომ უკრძალავენ ქალს შარვლით ტაძარში შესვლას?
– როდესაც ქრისტიანობა გვასწავლის, თუ როგორ ვისწრაფოთ ცოცხალი ღმერთისაკენ, გვასწავლის, მიგვანიშნებს, გვმოძღვრავს, გვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი მარადიული სიცოცხლეა, რომ ღმერთი ჩვენთან ადამიანად მოვიდა, ჩვენ გვერდზე ჩვენთვისვე იცხოვრა, რითაც ადამიანური ბუნება წმინდა სამების წიაღში – მარადისობაში შეიყვანა, ამ დროს ზოგიერთებს აწუხებს რაღაც სისულელეები და იბრძვიან, რომ როგორმე პატარაში, მცირედში მაინც გამოიჩინონ ურჩობა! მათ ავიწყდებათ უფლის სიტყვები: მცირედსა შინა ერთგული იყავი და დიდსა ზედა დაგადგენო.
ადამიანებო, თუ მცირედში ურჩნი ხართ, «დიდსა ზედა» როგორღა დაგაყენებენ?!
– მამაო, რით ახსნით ხალხის მიერ ამ მეორეხარისხოვანი საკითხებით დაინტერესებას?
– ადამიანს დაცემული ბუნება აქვს, რაც ნიშნავს, რომ მასში პირუტყვული და დემონური საწყისი ჭარბობს: დემონური – სულში, ხოლო პირუტყვული – ხორცში. ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო, რადგან ამ დაცემულობამ არ იმარჯვოს ჩვენს პიროვნულ არჩევანზე; რომელიც ასე ჟღერს: «ღმერთო, მე შენთან მინდა», და არა ძვირფასი დროს ხარჯვა ამ გაუთავებელ: «რატომ შეიძლება ეს მამაკაცისათვის და არ შეიძლება ქალისათვის…»
მეტად ცუდ, მძიმე დროს ვცხოვრობთ. დღეს ევროკავშირში, ვითომდა მამაკაცის და დედაკაცის თანასწორობის ეგიდით, ძალზე სერიოზულად ცდილობენ, მოახდინონ სქესის ნიველირება. მაგალითად, არსებობს სპეციალური პანსიონატები, ლიცეუმები, სკოლები, სადაც ბავშვებს ფსიქიკას უმახინჯებენ. ბიჭებს სათამაშოდ აძლევენ თოჯინებს, ასწავლიან ქალურ სინაზეს, ხოლო გოგონებს «ამარაგებენ» ბიჭის სათამაშოებით, მოკრივის ხელთათმანებით და ჩხუბსაც ასწავლიან! თუმცა რაზეა ლაპარაკი, როცა ამ უკუღმართობის სულისჩამდგმელნი – ეს გონებამოშლილი ხალხი – თვით ბიბლიის რევიზიასაც ახდენენ!
– როგორ, მამაო?!
– ბიბლიის ბეჭდვის დროს, სქესის აღმნიშვნელ ყველა სიტყვას იღებენ! ხედავთ, რა საშინელება ხდება, აქ კი «თავსაფრის» პროლემით «იტანჯებიან»…
– და, მაინც, მამაო, რა სიმბოლოა ამ თავსაფარში?
– ცნობილია, ყოვლად წმიდა სამება – ღმერთი არც კაცია და არც ქალი. აი, გეკითხებით – სამების მერე, იერარქიულად, ვინ დგას?
– ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მარიამი!
– ანუ ქალი და არა კაცი! კიდევ გეკითხებით: გინახავთ რომელიმე ხატზე ღვთისმშობელი თავსაბურავის გარეშე? ასეთი ხატი არ არსებობს! მერე, ის თქვენი ნაცნობი ქალბატონები, თავს მართლმადიდებლებად რომ თვლიან, პატივი არ უნდა სცენ დედაღვთისმშობელს?! არ უნდა ისწრაფოდნენ, რომ მას დაემსგავსონ?! შემდეგ, ღმერთი დედამიწაზე მოგვევლინა მამაკაცად – იესო ქრისტედ, ხომ ასეა? ამიტომ, ლოცვის დროს, ხაზს ვუსვამ, ლოცვის დროს, ქალს თავსაფარი რომ აფარია, ამით აღიარებს, რომ გვერდზე მდგომი მამაკაცი მისთვის ქრისტეს ხატია!
– მამაო, კაცს თავზე არაფერი რომ არ აფარია, ეს რას ნიშნავს?
– ნიშნავს იმას, რომ კაცი უშუალოდ დგას ღვთის წინაშე და ამით ადასტურებს, რომ ის პასუხისმგებელია ქრისტეს წინაშე. ეს პასუხისმგებლობა კი, მეტად მძიმეა.
– მამაო, თანამედროვე ქალბატონებს არ მოსწონთ სიტყვები: ცოლს ეშინოდეს ქმრისო. ეს, მათი აზრით, ქალის დისკრიმინაციაა.
– მაგ შემთხვევაში, სიტყვა «შიშში» არ იგულისხმება შიში კაცის ფიზიკური ძალის წინაშე, ან სოციალური ჩაგვრის შიში, არამედ სხვა შიში – შიში იმისა, რომ მეუღლის ღირსება, როგორც ქრისტეს ხატისა, არ იქნას შეურაცხყოფილი…
– ეს შიში ქმრისადმი იგივეა, რაც შიში ხატისადმი?
– დიახ. აქ შიში – კრძალვის სინონიმია. ჩვენ ხატს ხომ კრძალვით ვექცევით? მართალია, ის ფიცარი და საღებავია, მაგრამ მისდამი უდიერად მოპყრობა ნიშნავს მასზე გამოსახული პირველსახის შეურაცხყოფას.
– მამაო, რა არის საფუძველი ცოლის კრძალვისა ქმრისადმი?
– უპირველეს ყოვლისა, ქმრის თავგანწირული სიყვარული ცოლისადმი! პავლე მოციქული ამბობს: ისე უყვარდეს ქმარს თავისი ცოლი, როგორც ქრისტემ ეკლესია შეიყვარაო! ანუ გვეუბნება თავგანწირულ სიყვარულზე. სხვა ადგილას წმინდა მოციქული ბრძანებს: დაემორჩილონ ერთმანეთსო. ასევე, გვმოძღვრავს: ცოლო, არ გეკუთვნის შენი ხორცი შენ, არამედ – ქმარს და იქვე აგრძელებს: ქმარო, არ გეკუთვნის შენი ხორცი შენ, არამედ – ცოლს; და კიდევ: ღვთის წინაშე არ არის მამაკაცება და დედაკაცება. აი, ესაა თანაბრობის უმაღლესი საფეხური!
მაგრამ თანაბრობაში არის ქალსა და კაცს შორის განსხვავებულობა, რომელიც ცხოვრებას, კაცობრიობას ალამაზებს. თუ რამე მშვენიერებაა შექმნილი, მათი უდიდესი უმრავლესობა მამაკაცისა და დედაკაცის ურთიერთობიდანაა ამოზრდილი, რომელიც მართლაც უპირველესია სხვა მშვენიერებისა და სიყვარულისა!
– მამაო, რაში ვლინდება ეს განსხვავებულობა?
– ვლინდება ქცევაშიც, თვისებებშიც და ბუნებაშიც. ქალი ნაზია, მამაკაცი – ფიზიკურად ძლიერი. ქალს უხდება კდემამოსილება, მორჩილება; კაცს – რაინდობა, ასევე, უხდება, რომ ქალს მფარველობდეს და მისი დასაყრდენი კლდე იყოს. ქალს უხდება, რომ კაცს მიენდოს და მისი მფარველობა აღიაროს. ეს ნამდვილად ალამაზებს ქალს!
– მოვისმინე, მამაო, ერთი ფემინისტი დედაკაცის ჩივილი: რატომ შეიძლება ქმარმა უღალატოს ცოლს, ხოლო ცოლმა არაო. რით ანუგეშებთ მას?
– ღვთის წინაშე ღალატი თანაბრად მძიმეა! როცა უფალმა მოგვცა მცნება «არ იმრუშო», მას არ უთქვამს – კაცმა იმრუშოსო, ხოლო ქალმა – არა. სხვათა შორის, ძველ აღთქმაში მრუშობა სასტიკად ისჯებოდა. თუ მამაკაცსა და დედაკაცს წაასწრებდნენ ამ სამარცხვინო დანაშაულზე, ორივეს ქვებით ქოლავდნენ. ეს იყო კანონი! ასე რომ, კაცის ღალატიც სიმახინჯეა! მაგრამ ამ სიმახინჯის გამოსწორება უნდა ხდებოდეს ლოცვით, ვედრებით, რომ გონებადაბნელებული კაცი გონს მოეგოს, გახდეს პატიოსანი, ოჯახის ერთგული და არა სკანდალებით, ჭურჭლის მსხვრევით და, არავითარ შემთხვევაში იმით, რომ ქალი თავად გახდეს მოღალატე, როგორც კაცი!
– მაგრამ, მამაო, ფსიქოლოგიურად, და არა მხოლოდ ჩვენს სინამდვილეში, არამედ ყველა კულტურაში, ქალის ღალატი შეუდარებლად მძიმედ აღიქმებოდა და აღიქმება. რატომ?
– მართლაც ასეა და ამ დამოკიდებულებას ვერსად გავექცევით. ეს ქალის ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს. მისი ფიზიოლოგიური თავისებურება განაპირობებს იმას, რომ ქალი უფრო ბინძურდება… არადა, ქალი დედა უნდა იყოს, ანუ ის წმინდა ჭურჭელი, საიდანაც ახალი ადამიანი იბადება! მხოლოდ ამიტომ ქალის ღალატი უფრო ამაზრზენი ხდება, თუმცა ღვთის წინაშე ორივენი თანაბრად დამნაშავეები არიან… აქვე მინდა დავამატო, ქართველი ქალი (და ამაში, ვინც ისტორია მეტ-ნაკლებად იცის, დამეთანხმება) საოცრად კდემამოსილი იყო. მისი შესამოსელიც ამას უსიტყვოდ ადასტურებს. მამაკაცისთვისაც კდემამოსილება ბუნებრივია!
– მამაო, რამდენად ბუნებრივია ახლა გაბატონებული მცნებები: «მამამარჩენალი ქალი», «მშოვნელი ქალი» და ასე შემდეგ?
– მე კერძო დასახლებაში ვცხოვრობ და არა ერთხელ მინახავს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, როცა ეზოებში სამუშაოებია, დილიდან საღამომდე როგორ შრომობენ ქალები, კაცები კი ნიავდებიან «ბირჟაზე», თანაც – შორტებში, ფეხიფეხგადადებულნი… დაიმალე, კაცო, სირცხვილისაგან! ზიხარ უსაქმურად, შენი ცოლი კი წელებზე ფეხს იდგამს. ეს, ხომ შენი ღირსების შემლახველია!
– გამოდის, მამაო, კაცების ბრალია?
– ეს თავისთავად ცხადია! მაგრამ, თუ ქალი მსხვერპლია – შეგეცოდება და თანაუგრძნობ, ხოლო, თუ ქალმა ეს როლი გაითავისა, მოეწონა და კაცს არ უთმობს, მაშინ ქალიც დამნაშავე ხდება!
– მამაო, ჩვენში დიდ რეკლამას უწევენ ე. წ. წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც ჩაფლულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ოჯახი კი, როგორც ჩანს, მიტოვებული ჰყავთ.
– ქალი საფუძველთა საფუძველია ოჯახისა და მომავალი თაობის აღზრდისა! გარეთ მოღვაწე ქალის ბავშვი ან მარტოა, ან, უკეთეს შემთხვევაში, ძიძასთანაა. ასეთი ბავშვი არაჯანსაღ მდგომარეობაშია და, აქედან, არასრულყოფილი იზრდება. დედის სითბოს მოკლებული ბავშვი სიყვარულს ძნელად სწავლობს. შემდგომში მას ძალზე უჭირს სხვა ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვა; და თუ მასობრივად ასეთი ხალხი წამოვა, რომლებსაც სიყვარულის გამომჟღავნების, აღქმის, განცდის უნარი არ ექნებათ, მერე ამ ადამიანთა მართვა ძალიან ადვილი ხდება. მათში უზნეობის ჩანერგვაც არ გაჭირდება. საბოლოო ჯამში, ასეთი ადამიანებისაგან და ერებისაგან ადვილია შექმნა კონგლომერატი, რომელსაც თავის გემოზე, ჭკუაზე ერთი ადამიანი მართავს. უეჭველად, ამის უკან ბოროტი სული დგას, რომელიც ღვთის ხატებით დასახლებულ ამ მასას, თაყვანს აცემინებს ერთ ადამიანს, რომელშიც იქნება სატანის სრული ძალაუფლება. ეს არის ეშმაკის ბრძოლა ღმერთის წინააღმდეგ! ის ადამიანი კი, რომელიც, მეტ-ნაკლებად, აი, ამ ფერხულშია ჩაბმული – პატარა ანტიქრისტე, რომელიც ღმერთს ზურგს აქცევს და დედამიწაზე ეშმაკის საქმეს აკეთებს! საინტერესოა, გარდაცვალების შემდეგ, ღვთის წინაშე თავს რით გაიმართლებს?!
– როგორ თუ რით, მამაო? ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს რომ შეეკითხო, რატომაა იგი ხაზინის ქურდი, რატომ აჩანაგებს ქვეყანას, რატომაა სამშობლოს მოღალატე და ა.შ., გიპასუხებს, რომ ამ სისაძაგლეებს სჩადის არა პირადი კეთილდღეობისათვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავისი შვილების ნათელი, უზრუნველი ცხოვრებისათვის მომავალში.
– ეს გამართლება კი არა, პირიქით, ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელი ფაქტორია. ასეთი «მოაზროვნე» შვილებს მომავლის გარეშე ტოვებს! ამ ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მათ შვილებს თავად ღმერთი მოუვლის და მფარველობასაც გაუწევს, საკუთარი სულის გადარჩენაზე იფიქრონ!
– დაბოლოს, მამაო! თქვენ განმარტეთ თავსაფრის მნიშვნელობა, მაგრამ, რატომ ეკრძალებათ ქალებს ეკლესიაში შარვალში გამოწყობილებს შესვლა, არ გითქვამთ.
– უფალი ბრძანებს: წყეული იყოს დედაკაცი, რომელიც მამაკაცის სამოსით შეიმოსება და წყეული იყოს მამაკაცი, რომელიც დედაკაცის სამოსით შეიმოსებაო. ვისი ტანსაცმელიც გაცვია, იმ სქესის თვისებებით, ასე ვთქვათ, იმუხტები. ქალს, რომელსაც, ძირითადად, შარვალი აცვია, კარგავს დამამშვენებელ სინაზეს და თანდათანობით უხეშდება; ანუ ის არა მარტო არასრულფასოვანი ქალი ხდება, არამედ მამაკაცის კარიკატურადაც იქცევა! მაგრამ დღეს შარვალს ვინღა ჩივის, ქალები კოლგოტშემოტმასნული დაიარებიან ქალაქში! მეძავური უნიფორმა მოირგეს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათში მეძავური სული შევიდა; ეს სული მათზე ბატონობს!
ქალმა, რომელიც გამომწვევად იცმევს, შესაძლოა, სოციუმში თავისი მდგომარეობის გამო, ვერ გაბედოს, ფიზიკურად აღასრულოს სქესობრივი აქტი, მაგრამ შინაგანად მას აქვს მზაობა მეძავობისკენ და, თუ ამ დედაკაცს შესაბამისი პირობები შეექმნება, ის ამას აღასრულებს! დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება სიძვისა და გარყვნილების მდგომარეობაშია!..
მე ყველას ვუსურვებ, რომ ცხოვრების მიზანი და საზრისი გაეცნობიერებინოს და ყოველთვის ახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია და აქ მხოლოდ დროებით ვართ. ადამიანს, რომელსაც ეს ახსოვს და შესაბამისად ცხოვრობს, სინდისი არ მისცემს საშუალებას, რომ გაშიშვლდეს და სხვის მაცდუნებლად იქცეს. შერცხვება!
სირცხვილის გრძნობა დაიკარგა. სირცხვილის გრძნობა, რომელიც ღვთისაგანაა ჩადებული – ითრგუნება. დღეს ეს რეალობაა!
– და ბოლოს. მამაო, 5 ივლისს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ძალით სხვადასხვა კონფესიები იურიდიული სტატუსით გაათანაბრეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მართალია, დღევანდელი საუბრის თემა სხვაა…
– ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია და ეს საკითხიც თავსდება ჩვენს საუბარში. მე მინდა პარლამენტის იმ მოღვაწეებს შევეკითხო, რომლებიც თავს დებენ მართლმადიდებლობაზე: ბატონებო და ქალბატონებო, რამდენად ზნეობრივია, როცა თქვენივე სულიერი მამის – პატრიარქის თხოვნას: «ამ საკითხში არ ავჩქარდეთ, ყველაფერი გავიაზროთ, გამოვიკვლიოთ», არაფრად აგდებთ… იცით თუ არა, ეკლესიის დაუკითხავად, ეკლესიისთვის სასარგებლო კანონის მიღებაც კი დიდი უზნეობაა! აი, ესაა ჩემი პასუხი.
ესაუბრა გიორგი კორძაძე
 

1 COMMENT

  1. მამა თეოდორე,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.თქვენ უფლის საჩუქარი ხართ ჩვენთვის.მადლობა და დიდება უფალს,რომ თქვენი სახით ღმერთი იდიდება.დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა,ამინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here