GEWORLD.NET:
გუშინ დავით ბაქრაძემ «Facebook»-ში შეძენილი თაყვანისმცემლების ჯგუფს პარლამენტი დაათვალიერებინა, შემდეგ კი მათთან ერთად ისადილა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, როდესაც შეიტყო, რომ ბაქრაძე უმასპინძლებდა, იქვე «Facebook»-ში დაწერა: «უბედნიერესი ვარ, სულ ვამბობ, უფალს ძალიან ვუყვარვარ, სანამ ამ ამბავს გავიგებდი, ერთი რაღაც საქციელის გამო მითხრეს – შენზე დიდი მადლი გადმოვაო. ჰოდა, აი მეც 9-ში ვიქნები იქ, პარლამენტში, და დავით ბაქრაძის გაცნობის პატივიც მექნება. ჰოდა ასე, ბატონი დავითისგან და მისი ოჯახისგან, ფოტოებითაც კი დადებითი ენერგია იგრძნობა». «არ ვიცი, როგორ გამოვხატო ეს სიხარული,» – აღტაცებით წერდა ბაქრაძის მიერ სიაში შეყვანილი კიდევ ერთი სტუმარი.
ვინაიდან (კვაზი)რელიგიური ექსტაზისა და მასობრივი (ან თუნდაც ჯგუფური) ფსიქოზის დარგში სპეციალისტი არ გახლავართ, ყველაზე მეტად იმ დადებითმა ენერგიამ დამაინტერესა, რომელიც თურმე ბაქრაძის ფოტოებიდან მოდის; ალტერნატიულ ენერგეტიკას ყველა მის გამოვლინებაში დიდ პატივს ვცემ. ბაქრაძის ფოტოს ჯერ ვენტილატორი შევუერთე, მაგრამ არ დატრიალდა ოხერი. შემდეგ გამახსენდა, რომ, პლუსის გარდა, საჭიროა მინუსი, ანუ, ალტერნატიული ენერგეტიკის ტერმინებით თუ ვისაუბრებთ, «უარყოფითი ენერგიის წყარო». ავიღე სააკაშვილის ფოტო და ბაქრაძის გვერდით მეორე მავთულს შევუერთე; ვენტილატორი მაინც არ ამუშავდა. ხანგრძლივმა ექსპერიმენტებმა შემდეგ დასკვნამდე მიმიყვანა: სააკაშვილის, ბაქრაძისა და განსაკუთრებით ნუგზარ წიკლაურის ფოტოებისგან ენერგიის მიღების ერთადერთი საშუალება მათი ღუმელში დაწვაა; სხვა ვარიანტი არ არსებობს. ვინაიდან წინ ცივი და მშიერი ზამთარი გველის, ბევრი ჩვენგანი გათბობის ხარჯებს (გაზი, ელექტროენერგია), უბრალოდ, ვეღარ დაფარავს და ისევ შეშის ღუმელებთან (იმედია, არა კოცონებთან) ჯდომა მოგვიწევს, გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფალთა ფოტოები კარგად იწვის და ბევრ სითბოს გამოყოფს.
თუმცა დავუბრუნდეთ დავით ბაქრაძის სადილს, რომელიც აგვისტოს ომის მესამე წლისთავზე გაიმართა. საინტერესოა, მოუთხრო თუ არა მან თავის თანამეინახეებს იმ ეპიკური ეპიზოდის შესახებ, როდესაც ტელეეკრანებზე სახეწაშლილი გამოჩნდა და მოსახლეობას მოგვიწოდა, რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით გაგვეწია. ჩემი ერთადერთი თავდაცვითი საშუალება ბაბუაჩემის მასიური ჩაქუჩი იყო. მარჯვენა ხელში ავიღე და სევდიანად ველოდებოდი მომენტს, როდესაც ჩემს ქუჩაზე ჯავშანტექნიკაზე ამხედრებული რუსი მედესანტეები შემოიჭრებოდნენ. მარცხენა ხელი ამ დროს დაჭმუჭნულ ქაღალდზე ხაზავდა ტაქტიკურ სქემას საერთო სახელწოდებით «შეტევა სატანკო კოლონაზე ბაბუაჩემის ჩაქუჩის გამოყენებით». პარალელურად ვიხსენებდი ძველ ანეგდოტს ჩინურ ტანკსაწინააღმდეგო ოცეულზე – ხუთასი კაცი სახრახნისებით, რომლებიც ტანკს თავს ესხმიან და ნაწილებად შლიან. ტელევიზორი არ გამომირთავს, რადგან ველოდებოდი, რომ ეკრანზე წვერმოშვებული დავით ბაქრაძე გამოჩნდებოდა და წინააღმდეგობას სათავეში ჩაუდგებოდა. მაგრამ (Ах, какой пассаж;!) ბაქრაძე არ გამოჩენილა. დაუდასტურებელი, მაგრამ ძალიან ფართოდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ ისტო(ისტე)რიული გამოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ ის აზერბაიჯანში გაიქცა. არ მინდა ამ ინსინუაციებს დავუჯერო, თუმცა კითხვა «შენ სადღა იყავი, კომანდანტე?», სამი წელია, უპასუხოდ რჩება.
საერთოდ, იმ დღეებში ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის ადგილსამყოფელის დადგენას, ალბათ, შერლოკ ჰოლმსიც ვერ მოახერხებდა. მაგალითად, გორში ლადო ვარძელაშვილს ვერც რუსული და ვერც ქართული მხარე პოულობდა. ბოლოს რუსები, როგორც ჩანს, ძებნით დაიღალნენ და მათი 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის მეთაურმა ვარძელაშვილის კაბინეტის კედელზე დაწერა: «Губернатор, вернись к своему народу, трус!» (გუბერნატორო, დაბრუნდი საკუთარ ხალხთან, შე ლაჩარო!). ამ დივიზიის ოფიცერი ანდრეი კრასოვი იხსენებს, რომ იმ მომენტში გორის მოსახლეობას არც პური და არც ფქვილი ჰქონდა (zaotechestvo.ru). ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის თქმით, «გუბერნატორსა და მის მოადგილეს დიდი ხანი ვერ პოულობდნენ ცენტრალურ ხელისუფლებაში, ამიტომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე მაისურაძე დანიშნეს. მაისურაძის დანიშვნის შემდეგ გუბერნატორი და მისი მოადგილეები იძულებული გახდნენ, გამოჩენილიყვნენ». ასე იყო თუ ისე, დღეს ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია და, მისი უწყების ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მომავალ თაობას სამშობლოს სიყვარულს ასწავლის და, როგორც ჩანს, თავისებურ წარმატებებსაც აღწევს: ზოგიერთი ახალგაზრდისთვის დავით ბაქრაძის ფოტოებიდან უკვე ენერგეტიკული ემანაციები მოედინება და იმის გაფიქრებაც კი მეშინია, რა გრძნობებს აღძრავს მათში მიხეილ სააკაშვილის ფოტო.
«სოფელ ვარსაჟის ბურგომისტრი ფლერე, რომელმაც მისი ხელისუფლების აღმნიშვნელი ლენტი ეკეთა, მთავარ მოედანზე იდგა, სადაც ბელგიურ ქვაფენილზე ფლოქვების თქარუნით გერმანული კავალერია მიდიოდა. მას ესკადრონის მეთაური მიუახლოვდა…» (ციტატა ბარბარა ტაკმანის ლეგენდარული წიგნიდან «აგვისტოს ქვემეხები», რომელიც I მსოფლიო ომის საწყის პერიოდს აღწერს). ფლერეს იმ მომენტში, ალბათ, ძალიან ეშინოდა. ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელიც, როგორც ყველა ხელისუფალი, ცოტ-ცოტას ცრუობდა, შესაძლოა, ცოტ-ცოტას იპარავდა კიდეც, მაგრამ, როდესაც «ჭეშმარიტების მომენტი» დადგა, არ გაქცეულა და, ისევე, როგორც სხვა ბელგიელ ბურგომისტრებს და მერებს, საკუთარი მოსახლეობა არ მიუტოვებია. მისგან რამდენიმე მეტრში, წინ, ლიეჟისკენ და პარიზისკენ მიდიოდა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო მანქანა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ფონზე ბურგომისტრი თავისი ლენტით ისევე გამოიყურებოდა (ჰემინგუეის თქმის არ იყოს) როგორც ფარვანა – ტანკის ფონზე.
კაიზერის არმია ავკაცობით ვერმახტს კი ჩამოუვარდებოდა, მაგრამ დროდადრო ქალაქებსაც წვავდა, ბურგომისტრებსაც კლავდა და მშვიდობიან მოქალაქეებსაც ხვრეტდა. რატომ არ გაიქცა ის კაცი? იმიტომ ხომ არა, რომ ნორმალურმა ხელისუფლებამ არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობა უპატრონოდ მიაგდოს, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლებამ გორში გააკეთა? თუ მისი წარმომადგენლები იატაკქვეშეთში გადავიდოდნენ და პარტიზანულ ბრძოლას სათავეში ჩაუდგებოდნენ, ეს გასაგები იქნებოდა (მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედების კიდევ ერთი ვარიანტი), მაგრამ არაფერ მსგავსს ადგილი არ ჰქონია; გორი, უბრალოდ, უპატრონოდ მიატოვეს, თანაც ევაკუაციის ორგანიზების გარეშე. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტში დაიფშვნა ბევრი ადამიანის ნდობა სააკაშვილის მთავრობის მიმართ, რადგან მან ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთობის ძველისძველი, დაუწერელი კანონი დაარღვია. ძნელია, ბურგომისტრის ლენტით დამშვენებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცებით სავსე მოედანზე გახვიდე, სადაც მოლაპარაკების ნაცვლად შეიძლება უმალვე თავი წაგაცალონ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, რადგან მოსახლეობა შეიძლება გავეშებული მარადიორების მსხვერპლი გამხდარიყო და ულუკმაპუროდ დარჩენილიყო; ბურგომისტრ ფლერეს ეს, ალბათ, კარგად ესმოდა.
იმედია, დავით ბაქრაძემ თავის «Facebook»-ელ თაყვანისმცემლებს მოუთხრო, თუ როგორ ზრუნავდა ხელისუფლება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე, ევაკუაციაზე, მომარაგებაზე; რატომ მიატოვეს გორი და ჩააბარეს კოდორის ხეობა, რომელიც აქამდე ვერც ერთმა არმიამ არა მხოლოდ საუკუნეების, არამედ ათასწლეულების განმავლობაში ვერ დაიკავა. ეს საუბარი მისი სტუმრებისთვის, ალბათ, გაცილებით სასარგებლო იყო, ვიდრე პარლამენტის მრავალტანჯული შენობის დათვალიერება ან ბაქრაძის «ენერგეტიკული ფოტოების» დაჟინებული დაკვირვება (კარგი იქნება, თუ ექსტრასენსების გზას არ გაუყვება და თავისი სურათების ფართომასშტაბიან კომერციულ რეალიზაციას არ დაიწყებს).
კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ასეთ ახალგაზრდებთან თუ გამოუვათ რამე, თორემ სხვა ახალგაზრდები და შედარებით ასაკოვანი თაობა არაფერში გამოადგებათ. ამას, პრინციპში, თვითონაც აღიარებენ. ამ დასკვნამდე იმ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებსაც მივყავართ, რომლებიც ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა. ამ ჩანაწერებში ადამიანები, რომელთა ხმები ხელისუფლების პირველი პირების ხმებს ჰგავს, «ფოტოგრაფების საქმის» დეტალებს განიხილავენ. პირადად მე ამ ჩანაწერების დაწვრილებითი ანალიზი არ მაინტერესებს, არც ის, ნამდვილია ისინი თუ «მოდელირებული», ვინაიდან არანაირ ღირებულ ინფორმაციას ისინი არ შეიცავს. მათი ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე, სავარაუდოდ, ნულოვანთან მიახლოებული იქნება, რადგან მათ, ვისაც ფოტოგრაფების ბრალეულობის არ სჯერა, ეს ჩანაწერები საპირისპიროში, დიდი ალბათობით, ვერ დაარწმუნებს, ხოლო მათ, ვისაც სჯერა (ასეთები ცოტა შემხვედრია), დამატებითი არგუმენტები, ალბათ, არ სჭირდება. ამ ჩანაწერებში ერთადერთი საინტერესო მონაკვეთი ორი მამაკაცის საუბარში აღმოვაჩინე, რომელთაგან ერთის ხმა მერაბიშვილის, ხოლო მეორეს – სააკაშვილის ხმას მოაგონებდა.
მ: ეგ დედა…(უწმაწური გინება) ყველა აგენტები როგორ არიან?
ს: ეგენი არიან იმ თაობის ხალხი, რომლებიც… ყველანი ეგენი…
მ: ჰო, ყველანი ეგენი არიან… მაშინ ვინც იყვნენ, 90-იან წლებში ვინც რამე იყო.
ს: მაშინ რუსები ბოლომდე დედას…
მ: ვინც უშიშროების მინისტრი იყო, მოვიდა და გვეუბნებოდა, რუსების კაცი ვარო და დამტოვეთო და რა გიკვირს?
ს: ეგეთი დრო იყო. ეგეთი ხალხი იყო, ამიტომაც ვერ განვითარდა და ეგეთები არიან ჩარჩენილები წარსულში. მაგრამ მაგ თაობაში აღარ არის კაცი. ეგ არის მათი პრობლემა.
მ: ჰო, მაგრამ ეგენი (სავარაუდოდ, ფოტოგრაფებს გულისხმობდა. – რედ.) ახალი თაობა მეგონა. ჩემზე ახალგაზრდები არიან ეგ (უწმაწური გინება).
საერთოდ, ამ დიალოგის ერთობ ხელოვნურმა ელფერმა ცუდად დადგმული პიესა მომაგონა, თუმცა ეს სუბიექტური შთაბეჭდილებაა, მთავარი, ალბათ, ისაა რომ მასში «აგენტობა», მთელ თაობას თუ არა, მის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწერება, რაც სააკაშვილის ხელისუფლების (დაუწერელ) იდეოლოგიაში სავსებით ბუნებრივად ჯდება. აქამდე სულ ორ ადამიანს ვიცნობდი (პირველს დაუსწრებლად), ვინც აგენტების იარლიყებს მოსახლეობის ესოდენ დიდ ჯგუფებს აკრავდა: ერთი კამბოჯის ყოფილი დიქტატორი პოლ პოტი იყო, მეორე – ერთი ჩემი ნაცნობი, ასათიანის ქუჩიდან; ახლა ამ სახელოვან კოჰორტას კიდევ ორი გამოჩენილი მოღვაწე შეემატა.
საინტერესოა, რომ ეს ორი პიროვნება, როგორც ჩანს, თავმდაბლად აღიარებს, რომ 90-იანებში «არავინ იყო», «არაფერს წარმოდგენდა», რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე ლოგიკით, თავად აგენტები გამოდიან. თუმცა აქ ერთი ფსიქოლოგიური ნიუანსი არის, უფრო სწორად კი, განსხვავება ღირებულებათა სისტემებს შორის: ჩამოყალიბებული პიროვნება საკუთარ, ისევე, როგორც გარშემომყოფთა თვალში, ყოველთვის წარმოადგენს «რაღაცას» და არის «ვიღაცას» (90-იანებში იქნება თუ იმის იქით); არშემდგარი ადამიანი კი, ასე ვთქვათ, «მარადიული ლუზერი» თავს «ვიღაცად» ან «რამედ» მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც თანამდებობაზე ინიშნება.
თუმცა ეს წვრილმანებია, მთავარია განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიმართ, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც «ასაკობრივი აპარტეიდის» პოლიტიკის ქვაკუთხედი; ხელისუფალნი, დიდი ხანია, ირიბად აღიარებენ, რომ იმ ადამიანებთან (მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, «აგენტების თაობასთან»), რომლებმაც ნორმალური განათლება მიიღეს, ცხოვრებისეული გამოცდილება დააგროვეს და კრიტიკული აზროვნების უნარი შესწევთ, ის ვერაფერს გახდება და მათ ვეღარაფერში დაარწმუნებს. შესაბამისად, მისი არსებობის გახანგრძლივების ერთადერთი შანსი ახალი გენერაციის ჩამოყალიბებაა, რომლის წარმომადგენლები დავით ბაქრაძის ფოტოებისგან ენერგიას მიიღებენ (სხვა საარსებო საშუალება მალე, სავარაუდოდ, აღარ დარჩება) და მორჩილად დაიჯერებენ ბოდვას იმის თაობაზე, რომ 2008-ში ომი მოვიგეთ.
ამ ჩანაფიქრის განეიტრალება საკმაოდ მარტივია; შვილებთან (და ზოგადად, უმცროსებთან) გატარებული დამატებითი საათები, მათთვის ცოდნის გაზიარება და, უბრალოდ, საუბარი, შეიძლება იქცეს ძალიან ეფექტურ «აცრად», იმისათვის, რომ ისინი არასოდეს გახდნენ ისეთები, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებას სჭირდება. ხოლო მათ, ვისაც სურს, რომ მათი შვილები წერილის დასაწყისში ციტირებულ დავით ბაქრაძის თაყვანისმცემლებს დაემსგავსონ, შეუძლიათ აღმზრდელობითი ფუნქციები სახელისუფლო პროპაგანდას გადააბარონ (ოღონდ მერე ვაი-ვიში არ იყოს).
დიმიტრი მონიავა