Home რუბრიკები პოლიტიკა რას სთავაზობს პრეზიდენტი მედვედევი საქართველოს

რას სთავაზობს პრეზიდენტი მედვედევი საქართველოს

GEWORLD.NET:4 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა Russia Today-ს, Эхо Москвы-ს და Первый Информационный Кавказский-ს ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა. აქამდე, რუსეთის არც ერთ ხელისუფალს საქართველოსთან ურთიერთობებზე ასე დეტალურად არ უსაუბრია. მედვედევის ინტერვიუ მთელ რიგ საინტერესო გზავნილებს შეიცავს და აშკარად სერიოზულ დაკვირვებას საჭიროებს. როგორ აფასებენ კრემლში აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებს, რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობებს (თუ ამას შეიძლება ,,ურთიერთობები» ვუწოდოთ) და სამომავლო პერსპექტივას?
08.08.08 – ამერიკული კვალი
მთავარი პასუხისმგებლობა «ხუთდღიანი ომის» დაწყებაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ისევე, როგორც ადრე, მიხეილ სააკაშვილს დააკისრა, თუმცა პირველად მიანიშნა იმაზე, რომ გარკვეული წვლილი ომის პროვოცირებაში შეიძლება ვაშინგტონს მიუძღოდეს. «საქართველოში იმ დროს სიარულს მოუხშირეს, საბჭოთა დროს რომ იტყოდნენ, ოკეანისგაღმელმა ემისრებმა, – თქვა მედვედევმა და დასძინა, რომ კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტის შემდეგ (2008 წლის 9-10 ივლისი) სააკაშვილი «აღარ მწერდა, აღარ მირეკავდა და აღარ მიკავშირდებოდა. სავარაუდოდ, გაჩნდა ახალი გეგმები და ისინი რეალიზებულ იქნა». ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ რა ეს, რომ აშშ სააკაშვილს კონფლიქტის გაღვივებისკენ უბიძგებდა, მედვედევმა უპასუხა: «მე არ ვთვლი, რომ ამერიკელები უბიძგებდნენ საქართველოს მმართველს აგრესიისკენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეულ ნიუანსებს, გარკვეულ აქცენტებს, სიტყვებს იმის თაობაზე, რომ დროა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, დროა უფრო გაბედული მოქმედება, შეეძლო გაეღვივებინა სავსებით ცხადი იმედები იმის თაობაზე, რომ, ნებისმიერი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, «ამერიკელები ჩვენ არ მიგვატოვებენ, გამოგვესარჩლებიან და ბოლოს და ბოლოს რუსებთან ომს მოაწყობენ». ამიტომ მე მაინც ვუკავშირებ ერთმანეთს ამ ვიზიტს და შემდგომ მოვლენებს. იმისათვის, რომ ეს ვთქვა, როგორც მინიმუმ, ოფიციალური ან აგენტურული მონაცემები უნდა მქონდეს. მე ისინი არ მაქვს, მაგრამ ანალიზის უნარი ყველას გვაქვს».
ყველა ამერიკულმა გამოცემამ, რომელმაც მედვედევის ინტერვიუ მიმოიხილა, განსაკუთრებული ყურადღება ამ მონაკვეთს დაუთმო. სააკაშვილის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ კი მას შემდეგი კომენტარი მოაყოლა: «ჩვენ კვლავ მოვისმინეთ ცივი ომის დროინდელი ფრაზები დასავლეთის შეთქმულების თაობაზე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ», მაშინ, როდესაც მედვედევის მრავალრიცხოვან ბრალდებებზე სააკაშვილის მისამართით არაფერი უთქვამს (საკმაოდ საგულისხმო მომენტია; ოფიციალური თბილისისთვის პრიორიტეტულ ამოცანას, როგორც ჩანს, ამერიკელი პარტნიორების ღირსების დაცვა წარმოადგენდა). რაც შეეხება «არაოფიციალურ თბილისს», ანუ ოპოზიციის ლიდერებს, მედვედევის ინტერვიუს შემდეგ «ამერიკის ხმა» ირაკლი ალასანიას და ნინო ბურჯანაძეს გაესაუბრა.
ალასანია, რომელმაც  მწვავედ გააკრიტიკა სააკაშვილი საქართველოს ომში ჩათრევისთვის, კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით «კანონიკური ვერსიის» ჩარჩოებში დარჩა: «საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოში ჩამოვიდნენ შტაინმაიერი (გერმანიის  საგარეო საქმეთა მინისტრი) და ქალბატონი რაისი. ჩვენ მათთან ერთად ვიხილავდით რუსეთის შესაძლო განზრახვებს და იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად». ნინო ბურჯანაძე ოდნავ უფრო შორს წავიდა: «რაც შეეხება აშშ-ის როლს, ცალკეული პოლიტიკოსების როლს, მე პატიოსანი არ ვიქნები, თუ არ ვიტყვი, რომ ოფიციალურად აშშ-ის ყველა წარმომადგენელი ყოველთვის ამბობდა, რომ საჭიროა ნებისმიერ ფასად სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდება ცხინვალშიც და აფხაზეთშიც. მაგრამ შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს აქეზებდნენ, რომელთაც ანტირუსული ისტერია სჭირდებოდათ».
თუმცა არც ალასანიას, არც ბურჯანაძეს არ უთქვამს არაფერი მსგავსი იმისა, რაც ამა წლის მაისში კიდევ ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა (რუსეთის «პირველ არხთან» ინტერვიუში): «მან (ჯორჯ ბუშმა 2005 წელს თბილისში ვიზიტის დროს) პირდაპირ გვითხრა: «ბიჭებო, თუ რამეს აპირებთ ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვგულისხმობ, გაითვალისწინეთ, რომ (მისი სიტყვები პირდაპირ მომყავს), რომ ჩემი ჯარისკაცებით ვერ დაგეხმარებით». ეს ყველამ გაიგო, ყველამ ჩაიწერა. გავიდა ერთი დღე, მოვიდა მეთიუ ბრაიზა, დასრულებული ვიზიტი განვიხილეთ და ყველამ ბუშის სიტყვები გაიხსენა. მან კი (ბრაიზამ) გვითხრა: «მან (ბუშმა) თქვა, რომ თავისი ჯარისკაცებით ვერ დაგეხმარებათ და არა ის, რომ ამის გაკეთება არ ღირს». უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი საუბრობს არა რაისის, არამედ ბუშის ვიზიტზე, თანაც, გარემოებათა გამო, მის სიტყვებს დღეს, ოპოზიციის ორი ხსენებული ლიდერისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, ნაკლები წონა აქვს, თუმცა ეს, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ ოქრუაშვილის ეს განცხადება სათვალავში ჩასაგდები და განხილვის ღირსი საერთოდ არ არის.
ფაქტი ერთია: ცრუ მოლოდინი ამერიკელების დახმარებასთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობდა. ეს ომის დროს სააკაშვილისა და მისი გარემოცვის განცხადებებს აშკარად ეტყობოდა. ეს პათოლოგიურად არაადეკვატური იმედები ახლახან გადაღებულ ფილმშიც კი («აგვისტოს 5 დღე») აისახა, სააკაშვილის როლის შემსრულებლის – ენდი გარსიას რეპლიკებს თუ დავუკვირდებით. მთავარი საკითხი კი მარტივად დგას: ამერიკელებმა გააღვივეს ეს იმედები თუ ისინი სააკაშვილის წარმოსახვაში თავისით დაიბადა? პასუხის ორადორი ვარიანტი არსებობს: ან ამერიკელმა პარტნიორებმა ხელი შეუწყვეს აგვისტოს კატასტროფას, ან კიდევ, ერთ, ცალკე აღებულ, თავში იმდენად მძიმე აშლილობა სუფევს, რომ საქმეში წამყვანი  სპეციალისტები უნდა ჩაერიონ.
საინტერესოა, რატომ დაიწყო საუბარი მედვედევმა, ამერიკელების შესაძლო ბრალეულობაზე ომის გაჩაღებაში? სავარაუდოდ, მან მიანიშნა თეთრ სახლს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული რიტორიკა (სენატის რეზოლუცია, რომელიც მედვედევმა ძალიან აგდებულად მოიხსენია, განცხადებები რუსების შესაძლო კავშირზე თბილისში აშშ-ის საელჩოს აფეთქებასთან, რომელსაც მან «მონაჩმახი, ტყუილი და პროვოკაცია» უწოდა და ა.შ.) მომავალშიც გაგრძელდება, კრემლი სულ უფრო ხმამაღლა ილაპარაკებს იმაზე, რომ ომის პროვოცირებაში ამერიკელებს სერიოზული წვლილი მიუძღვის. გამორიცხული არაა, რომ ამ სიტყვიერი დუელის რაღაც ეტაპზე ორმა ზესახელმწიფომ «ოფიციალური ან აგენტურული მონაცემების» (ან სხვა მსგავსი დოკუმენტების) დემონსტრაციული ფრიალი დაიწყოს და მოგებული ამით არავინ დარჩება. მედვედევის გზავნილის კიდევ ერთი ადრესატი, სავარაუდოდ, ქართული აუდიტორია გახლდათ; ქვეტექსტი «ეს მოკავშირე ტაძრამდე ვერ მიგიყვანთ» მისი სიტყვების მიღმა, ალბათ, მაინც იყო.
ვისია ბურთი და მოედანი?
რუსეთის პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისგან პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზე კრემლმა შეიძლება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან იმუშაოს (ოღონდ არა სააკაშვილთან, რომლის ადგილს მოლაპარაკებების მაგიდასთან მედვედევი საერთოდ ვერ ხედავს) და პრობლემები, რომლებზეც მხოლოდ მომავალ ხელისუფლებასთან ისაუბრებს. პირველ შემთხვევაში, საუბარი ტაქტიკურ საკითხებს ეხება: საქართველოს თანხმობა რუსეთის გაწევრიანებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და, შესაძლოა, სავაჭრო-ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
მსო-სთან დაკავშირებით, მედვედევმა საკმაოდ ხისტი და, რაც მთავარია, საბოლოო პოზიცია დააფიქსირა. მაქსიმუმი, რაც მან შეიძლება თბილისს შესთავაზოს, არის ამომწურავი ინფორმაცია სეპარატისტული რესპუბლიკების საზღვრებზე ტვირთის გადაადგილების შესახებ. მედვედევმა, ფაქტობრივად, გამორიცხა რუსეთის საზღვრებზე უცხოელი ინსპექტორების ჩაყენების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე უკვე ესაუბრა შვეიცარიისა და აშშ-ის პრეზიდენტებს; ბოლოს კი თქვა: «ახლა ბურთი მათ მხარეზეა», სავარაუდოდ, «მათში» მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება არ იგულისხმა.
მომავალი წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება ვლადიმერ პუტინი გახდეს და რუსეთისთვის მსო-ში დაახლოებით იმავე მოცულობის პრეფერენციები მოითხოვოს, როგორიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს ჩინეთმა მიიღო. რუსეთის მსო-ში გაწევრიანება მედვედევის მმართველობის პერიოდში კი დასავლეთს (მას ეს არანაკლებ სჭირდება, ვიდრე რუსეთს და, შესაძლოა, უფრო მეტად) გაცილებით უფრო «იაფი დაუჯდება». კრემლში დღეს, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ მოახერხეს ისეთი სიტუაციის შექმნა, როდესაც ვაშინგტონი მედვედევის სავარაუდო წასვლამდე დარჩენილ მცირე დროში იძულებული გახდება, სააკაშვილზე ზეწოლა მოახდინოს. ამასთანავე, მედვედევმა  ეს საკითხი წარმოადგინა, როგორც ერთგვარი ტესტი ოფიციალური თბილისისთვის: «მე მგონი, ახლა ერთ-ერთი ისეთი მომენტია, რომელიც შეიძლება გახდეს გარდატეხის წერტილი თუ არა, შეხების წერტილი მაინც, რომლის გარშემო შესაძლებელი გახდება მომავალში ჯერ ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც».
სააკაშვილის ხელისუფლების პირველი რეაქცია ამ განცხადებაზე ნეგატიური იყო: «თუკი რუსეთი როკისა და ფსოუს საბაჟო პუნქტების გამჭვირვალობისა და მათზე ეფექტური კონტროლის გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველო მსო-ში მის შესვლას მხარს დაუჭერს, თუ არა და – არა», – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთი «საკუთარ იმპერიალისტ თავს უნდა გადაახტეს». მისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიამ გაცილებით მოქნილი პოზიცია დააფიქსირა: «მოლაპარაკების პროცესში ჩვენ უფრო კონკრეტულები და კრეატიულები უნდა ვიყოთ. ამ შემთხვევაში, ეს მოლაპარაკებები შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ». «ამერიკის ხმამ» (ამ მედია-საშუალებას ოფიციალურად აშშ-ის ხელისუფლება აკონტროლებს) აღნიშნა, რომ მედვედევისა და ალასანიას მოსაზრებები ამ საკითხზე ერთმანეთის «ანალოგიურია». ობამას ადმინისტრაციისთვის, ალბათ, გაცილებით კომფორტული იქნებოდა, თუ ოფიციალური თბილისი ასეთ პოზიციას დაიკავებდა (სიტყვამ მოიტანა და, ბოლო დროს ამერიკული მედია და რიგი ექსპერტები ალასანიას მიმართ ხაზგასმულ, თითქმის გადაჭარბებულ კეთილგანწყობას ავლენენ; რუსები რომ იტყვიან, «К чему бы это?!”).
საბოლოოდ, სააკაშვილის ხელისუფლების პოზიცია მსო-სთან დაკავშირებით ცნობილი გახდება სექტემბერში, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, მედვედევმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ მათზე კრემლი მხოლოდ საქართველოს მომდევნო ხელისუფლებასთან ისაუბრებს.
სად ვართ და საით მივდივართ?
«რუსეთის პოზიცია მარტივია, მედვედევ-სარკოზის გეგმა ა) შედგა; ბ) ასი პროცენტით შესრულდა. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაციის მოსმენას არ ვაპირებ, რადგან მათ არასწორად მივიჩნევ», – ამ განცხადებით (და რიგი შემდგომი ფრაზებით) რუსეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, მიანიშნა, რომ თბილისის სტრატეგია, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობაზე საუბარს, ტერმინ «ოკუპაციის» დამკვიდრებას და დასავლეთის მიმართ მუდმივ აპელირებას გულისხმობს, კრემლის წინააღმდეგობას წააწყდება, რომ ამ გზით საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს.
ხოლო დადებითი პერსპექტივა მედვედევმა ასე აღწერა: «მოხარული ვიქნები, თუ, ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან და იფიქრებენ იმაზე, თუ როგორ იცხოვრონ მომავალში, როგორ იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა და მართლწესრიგი რეგიონში და ძალიან ახლობელი ერების ბედი, რა შეიძლება მათ პოტენციურად ოდესმე შექმნან. ეს მათი საქმეა და, თუ ოდესმე აქამდე მივა, ბედნიერი ვიქნები, რუსეთი ამას არასოდეს შეეწინააღმდეგება». მედვედევს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა მისი «რა შეიძლება მათ პოტენციურად ოდესმე შექმნან» ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით  «არანაირი იურიდიული წინაპირობები არ არსებობს. ცხადია, არ შეიძლება წინასწარ განჭვრეტა, თუ რა იქნება. მომავალში შესაძლებელია მოვლენების სხვადასხვაგვარი განვითარება. მაგრამ თუ დღევანდელ სიტუაციაზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, არც იურიდიული, არც ფაქტობრივი წინაპირობები ამისთვის არ არსებობს».
ეს განცხადება ასევე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, რადგან რამდენიმე დღით ადრე ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს არ გამორიცხა, რომ სამხრეთ ოსეთი შეიძლება რუსეთს შეუერთდეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლში დაიწყო საუბარი სამხრეთ ოსეთის შესაძლო შეერთებაზე რუსეთთან, იყო პუტინის შედარებით პირდაპირი განცხადება და მედვედევის შეფარული «შესაძლებელია მოვლენების სხვადასხვაგვარი განვითარება», თუმცა, ამასთანავე, არცთუ დიდი ხნის წინ იყო მინიშნებები საქართველოს მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზეც; გასული წლის 6 სექტემბერს პუტინმა ამაზე კლუბ «ვალდაის» წევრებთან ისაუბრა. «მას თითქოსდა უნდოდა ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები არსებობს», – განუცხადა Wall Street Journal-ს რობერტ ლეგვოლდმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და დასძინა, რომ «პუტინის სიტყვებით საქართველოს შესახებ გაკვირვებული დარჩა»; ხოლო სემიუელ ჩარაპმა, «ამერიკული პროგრესის ცენტრიდან», «ამერიკის ხმასთან» საუბარში თქვა: «პუტინმა განაცხადა, რომ ოდესმე საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოუწევს ერთად გადაწყვიტონ მათი მომავალი ურთიერთობის ფორმა და მან არ იცის, იქნება ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თუ არა, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარადიულ დამოუკიდებლობაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა»; იყო პუტინის დაახლოებით ამავე შინაარსის გამოსვლაც ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე. მოვლენათა განვითარების ორ შესაძლო სცენარზე მინიშნებით, კრემლი საქართველოს, სავარაუდოდ, შემდეგ მესიჯს უგზავნის: «აშშ-ისა და ნატოსკენ სვლა ქვეყნის გამთლიანებას სულ უფრო გაშორებთ, ხოლო რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯებით მას შეიძლება მიუახლოვდეთ. აირჩიეთ, რა გზით წახვალთ».
ცხადია, მედვედევის ინტერვიუს სრულყოფილი ანალიზი ერთი სტატიის ფარგლებში ვერ მოხერხდება. მისი ზოგიერთი ფორმულირება ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მკაფიო, პრაგმატიზმის ნიადაგზე ჩამოყალიბებული პოზიცია, ალბათ, მაინც გაცილებით ბევრს იწონის, ვიდრე უსაგნო რიტორიკა და ამ მხრივ მედვედევის ინტერვიუ ნამდვილად ღირებულია. ის რუსეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას მოითხოვს და ამაზე პირდაპირ საუბრობს. ამასთანავე, მედვედევს თითქოსდა სურს, მოისმინოს პასუხი (ინტერვიუს რიგი მონაკვეთებისა ამის მყარ შთაბეჭდილებას ტოვებს) საკუთარ წინადადებებზე და არა იმდენად სააკაშვილის ხელისუფლებისგან, რამდენადაც მთელი ქართული ელიტისგან და საზოგადოებისგან; საბოლოო ჯამში კი, ეს ინტერვიუ, შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი შესავალი რთული, მტკივნეული, თუმცა აუცილებელი და, რაც მთავარია, გარდაუვალი საუბრის წინ, რომელიც ქართველებსა და რუსებს შორის ადრე თუ გვიან შედგება. რამდენად შედეგიანი იქნება ეს საუბარი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, მას ვერსად გავექცევით.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here