სააგენტო “ბლუმბერგის” მიერ გავრცელებული ცნობით, ევროპის მოქალაქეები უფრო მეტ ალკოჰოლურ სასმელს სვამენ, ვიდრე ამერიკელები და აფრიკელები, რაც კიბოთი დაავადების საფრთხეს ზრდის.
ევროპელების მიდრეკილება სპირტის შემცველი სასმელებისადმი აძლიერებს კუჭისა და ნაწლავების კიბოთი დაავადების რისკს. იუწყება “ბლუმბერგი” გასტროენტეროლოგიის ევროპული ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
გამოკვლევით დადგინდა, რომ მოზრდილი ევროპელი ერთი წლის განმავლობაში 11,2 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელს სვამს. ეს 20 პროცენტით აჭარბებს აშშ-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. ყველაზე მსმელ ევროპულ ქვეყნად აღიარეს ლიტვა.
სპეციალისტების შეფასებით, ევროპელები კუჭისა და ნაწლავების კიბოთი დაავადების რისკჯგუფში არიან. ამერიკის ონკოლოგთა საზოგადოების მონაცემებით, საფრთხე ემუქრება ყველა მამაკაცს, რომლებიც დღეში, სულ ცოტა, ორ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევენ, და ყველა ქალს, რომლებიც დღეში ერთი ასეთი სასმელით კმაყოფილდებიან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კუჭ-ნაწლავის დავადებით გარდაცვლილთა დაახლოებით მეოთხედი ალკოჰოლური სასმელის ბოროტად გამოყენების შედეგად მოკვდა.