Home რუბრიკები ბლოგი „ ძალოვან სტრუქტურებში ნაცების კადრები განაგებენ სიტუაციას, რათა დამნაშავეები სასჯელს გადაურჩნენ!“

„ ძალოვან სტრუქტურებში ნაცების კადრები განაგებენ სიტუაციას, რათა დამნაშავეები სასჯელს გადაურჩნენ!“

რამაზ გაგნიძე

შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ ჩაწერა  წინა რეჟიმის განმავლობაში პოლიტრეპრესირებულ ბიზნესმენ რამაზ გაგნიძესთან. ბიზნესმენის თქმით, უშუალოდ მის მიმართ სამართლიანობის აღდგენაში, ხელს, ახალი ხელისუფლების წიაღში ჩაბუდებული ბობოლა და კოაბიტირებული ნაციონალები უშლიან.

რამაზ გაგნიძე:

ნაცებმა ხელისუფლებაში დამკვდრებისთანავე ამომიჩემეს, ბიზნესმენი გახლდით და ამ თვალსაზრისით მათთვის სარფიანი სამიზნე ვიყავი.

2005 წელს ბათუმში ბინის წართმევა სცადეს. საქმეში აჭარის მაშინდელი პროკურორო, კახა მაისურაძე იყო ჩარეული. მეც მეთქმოდა საზოგადოებაში სიტყვა, მათ განუკითხაობას წონიანი მეგობრების პოზიცია დავუპირისპირე და უკანონო განზრახვაზე მაშინ ხელი ავაღებინე.

2007 წლის 7 ნოემბერსაც დამიჭირეს და 2 ბრალდება წამიყენეს, რომ ბადრი პატარკაციშვილთან ერთად ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს ვაფინანსებდი და თანაც, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, გიორგი გეგეჭკორს – შეურაცხყოფა მივაყენე.

 ბრალდებები სიმართლეს  შეესაბამებოდა?

მეორე ბრალდება სიმართლესთან ახლოს იყო. აქციების დასაფინანსებლად კი, რესურსები მართლა არ გამაჩნდა, თორემ ნაცების რეჟიმის დასამხობად არასოდეს დავინანებდი. 2008 წელს უკვე გიგი უგულავას მხრიდან დაიწყო ჩემს წინააღმდეგ რეპრესიები.

მაშინ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ბიზნესი მქონდა, ნაცები კი, არცერთ ბიზნესმენს არ აძლევდნენ საქმიანობის საშუალებას, რომელიც მათ წინააღმდეგ იყო განწყობილი. კომპანიის ოფისში ძალოვნები შემოიჭრნენ და დანაშაული რომ ვერაფერი ამომიქექეს, ფული რომ ვერ შემაწერეს, გაცოფებულებმა მშენებლობის პროცესში ისეთი სამუშაოების შესრულება დამაკისრეს, რომელიც გათვალისწინებული არ იყო.

ამის გამო, 250 ათასი ლარით ზედმეტი დამეხარჯა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კორპუსის აშენების შემდეგ ბინები, რომელიც მოგების ფარგლებში უნდა დამრჩენოდა, უგულავამ წამართვა! ამ ზარალის გამო წლების განმავლობაში ნაქირავებში მომიწია ცხოვრება!

ჩემს მიმართ ნაცების ინტერესი არც ამან დააცხრო და 2010 წელს თაღლითმა ვალ-ირელმა, რომელიც ქართველია, მაგრამ ამერიკის მოქალაქე ბრძანდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძის და იუსტიციის საბჭოს ერთ ერთ დეპარტამენტის თავმჯდომარევალერი გავაშელის დახმარებით წამართვა ჩემი კუთვნილი კომერციული ფართი და საკუთარ სახელზე გადაიფორმა!

საკუთრების დასაცავად რა ზომებს მიმართეთ?

სასამართლოში სარჩელი შევიტანე და თუმცა საქმის განხილვა 2016 წლამდე გაგრძელდა, პროცესი მოვიგე!

უკვე 2017 წელს, რამდენიმე თვის წინ დავაპირე, ჩემი საკუთრების ნაწილი აუქციონზე გამეყიდა, მაგრამ იმავე ვალ-ირელმა, პროკურატურაში ჩაბუდებული თავისი მფარველების საშუალებით ქონების გაყიდვაში ხელი იმით შემიშალა, რომ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, თითქოს 7 წლის წინ ჩემი მხრიდან საბუთების გაყალბება მოხდა!

ამ საქმესთან დაკავშირებით დაინიშნა ექსპერტიზები, ხოლო მანამდე მე ქონების განკარგვა ამეკრძალა.

ექსპერტიზებზე დადგინდა, რომ აბსოლუტურად მართალი ვარ და ჩემგან საბუთების არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია!

ჩემს მიმართ სამართალმა რომ იზეიმოს, პრუკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მონიჭებას ვითხოვ.

აქამდე საბურთალოს რაიონის პროკურორი ქეთევან გურაშვილი მპასუხობდა, ექსპერტიზის დასკვნამდე ეს შეუძლებელიაო. უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ცილი დამწამეს, მაგრამ პროკურორი ჩემთვის დაზარალებულის სტატუსის მონიჭებას შეგნებულად აჭიანურებს, ვიცი, ამ საქმეში იგი პაიკია, რომელიც ვალერი ცერცვაძის და ვალერი გავაშელის დაკვეთას ასრულებს.

ცერცვაძის და გავაშელის მხრიდან ჩემს მიმართ ნაცების დროს დაწყებული რეპრესიის გაგრძელაბა სულაც არ მიკვირს, რადგან 2011 წელს სწორედ ამ ორი ადამიანის მითითებით, საბურთალოს პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და მე და ჩემს მეუღლეს უკანონოდ აღგვიკვეთეს თავისუფლება, თითქოს დოკუმენტი გვქონდა გაყალბებული! სხვათა შორის, შევიტყვე, რომ ვალერი გავაშელი ამჟამად პროკურატურის თანამშრომელი ბრძანდება.

რას აპირებთ?

– კვლავ სამრთლებრივი გზებით ვიბრძვი, მაგრამ მოთმინება მეწურება. რადგან თავის დროზე დოკუმენტების გაყალბება დამაბრალეს და სამართლოთი ბოლომდე გავმართლდი, ღირსების აღდგენის მიზნით მოვითხოვ, ამ ცილისწამების გამო დაზარალებულის სტატუსი მომენიჭოს.

პროკურორი გურაშვილი საერთოდ აღარ პასუხობს ზარებს, არც წერილობით განცხადებებზე რეაგირებს.

საბურთალოს პროკურორის ასეთი უმოქმედობის გამო განცხადებით ამჯერად, პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მივმართე, თუმცა ყური არც მათ შეუბერტყიათ. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ყველა ძალოვან ორგანოში ნაცების კადრები განაგებენ სიტუაციას და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რათა რეჟიმის დროს ნაცების მიერ ჩადენილი დანაშაულები ჩაიფარცხოს ან სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდეს და ამგვარად, დამნაშავეები კანონზომიერ სასჯელებს გადაურჩნენ!

P.S. ობიექტურობის მიზნით, საბურთალოს რაიონის პროკურორის, ქეთევან გურაშვილის ნომერი რამდენჯერმე, თან, ხანგამოშვებით ავკრიფე, თუმცა მან ზარს არ უპასუხა..

ჩინოვნიკთა მხრიდან არაერთხელ წავწყდომივარ თანამდებობრივ გულგრილობას, თუმცა ამჯერად ქეთევან გურაშვილის უცნაურმა ზუმერმა, უფრო სწორად, უზუმერობამ გამაკვირვა: ზარი გადის, აბონენტთან ირეკება, მაგრამ ზუმერის ხმა არ ისმის!

გაუცნობიერებელი ადამიანი იმასაც ვერ მიხვდება, რომ კონტაქტი გასულია და ალბათ ხელს ჩაიქნევს..

დიახ, საბურთალოს პროკურორს ისე აქვს საქმე მოწყობილი, რომ ხალხის ხმა ესმის, აფიქსირებს, სამართლიანობის აღდგენას ვინ სთხოვს, მაგრამ ვითომც არ გაუგონია!

რადგან უფლებაშელახულ და რეპრესირებულ ადამიანებს არ პასუხობს, ვინძლო, ამ მჭახხე შეძახილმა გამოაფხიზლოს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით,

მოამზადა  კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here