ის მცირე მოცულობისა და დიდი სიზუსტის იარაღია: ახალ ატომურ ქობინებს რევოლუციის მოხდენა და მსოფლიოში არსებული წონასწორობის დარღვევა ძალუძს. მათ შეუძლია აპოკალიფსის პროვოცირება
მართვის სიმარტივის და ე.წ. შედეგების შეზღუდულობის გამო ამ იარაღის რეალური გამოყენების წარმოდგენა ადვილად შეიძლება. ბირთვული იარაღის ახალი თაობა მსოფლიო სცენაზე გამოსასვლელად ემზადება.
დაძველება არსებული იარაღისა, რომელიც რამდენიმე ათეული წლისაა, ახალი სამხედრო სტრატეგიები, რომლებიც ემყარება სულ უფრო გართულებულ და შეუღწევად ჰაერთავდაცვით სისტემებს, უბიძგებს მსხვილ ბირთვულ სახელმწიფოებს, მასშტაბურად და რადიკალურად განაახლონ თავიანთი არსენალი. შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (ხუთი ქვეყანა, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ ბირთვული იარაღი), ფაქტობრივად, უკვე აწარმოებენ არსენალების მოდერნიზაციას, რომელიც 2080 წლამდეა გათვლილი. მიზანი _ “სანდო და უსაფრთხო” აღჭურვის უზრუნველყოფა. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც ოფიციალურად არ აცხადებენ, რომ ფლობენ ბირთვულ იარაღს (ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილეოთი კორეა), ისინიც განავითარებენ ახალ, მრავალმხრივ “ტაქტიკურ” პოტენციალს, რაც მიგვანიშნებს მისი გამოყენების ალბათობაზე რეგიონებში საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში.
შევეცდებით სხვა სიტყვებით ამის გადმოცემას: როგორც კი გაერო იწყებს მოლაპარაკებას ბირთვული იარაღის სრულად აკრძალვის ახალი ხელშეკრულების დადების შესახებ, სახელმწიფოები, რომლებიც მას ფლობენ, მასობრივად იწყებენ მომზადებას ინვესტიციების ჩასადებად ბირთვული ქობინების ახალი თაობის წარმოებაში, რაც “ცივი ომის” ყველაზე შავბნელ პერიოდებს გვახსენებს და თავისი ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და მათი მხრდამჭერი დოქტრინების წყალობით შეუძლია, შეცვალოს ე.წ. შიშის წონასწორობა. ეს კი, პარადოქსულობის მიუხედავად, თერმობირთვული ომის შესაძლებლობას სავსებით რეალურს ხდის.
ვერავინ განაცხადებს, რომ ბრალი არ მიუძღვის ე.წ. მესამე ატომური ერის დაწყებაში (პირველი ორი _ “გარანტირებული ურთიერთგანადგურება” და ფრთხილი განიარაღება _ განხორციელდა ათასწლეულების შესაყარზე): ვერც ვლადიმერ პუტინის რუსეთი, რომელიც ცდილობს ეკონომიკის დაცემის კომპენსირებას აშშ-თან ფარდობითი სტრატეგიული თანასწორობის შენარჩუნებით; ვერც ბარაკ ობამას ამერიკა; მით უფრო, დონალდ ტრამპის ხელში ჩავარდნილი ამერიკა, რომელიც უახლოესი 30 წლის განმავლობაში აპირებს წარმოუდგენელი თანხის ინვესტირებას თავისი ბირთვული ფორმის ტანსაცმლის განსაახლებლად; არც ჩინეთია უდანაშაულო, რომელიც ცდილობს, გახდეს სრულფასოვანი ზესახელმწიფო, და აშშ-ს თავისი ტექნოლოგიური განვითარების ეტალონად მიიჩნევს.
ამერიკის შეერთებული შტატები
მსოფლიოს კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ შეიარაღებულია 7 ათასი ბირთვული ქობინით. 2009 წელს, როცა ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბარაკ ობამამ საჯაროდ განაცხადა, რომ მსოფლიოს ბირთვული იარაღისგან გაათავისუფლებდა, დაიწყო კიდეც მოდერნიზაციის პროგრამის განხორციელება, რომელსაც ზემოთ დასახელებული ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰანს კრისტენსენი “ამერიკის უშიშროების სტრატეგიაში ბირთვული კომპონენტის როლის შემცირების ამოცანის სრულიად საწინააღმდეგო შეუთავსებლობად” მიიჩნევს. ტრამპის ადმინისტრაციამ არ დააყოვნა სათავისოდ ამის გამოყენება. პროგრამა ითვალისწინებს შეიარაღების მთელი ტრიადის _ სახმელეთო, ჰაერით ტრანსპორტირებადი და წყალქვეშა კომპონენტების განახლებას: “ოგაიოს” კლასის 14 წყალქვეშა ნავის შეცვლას, მოქმედი ბომბდამშენების B-52-ისა და B-2-ის მოდერნიზაციას და ახალი B-21 ბომდამშენის აგებას სტელს-ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე Trident D-5-ისა და MINUTEMAN III სისტემების განახლებას. დაკომპლექტდება განგაშის წინასწარი შეტყობინების კოსმოსური სისტემები, ახალი საკომანდო და მაკონტროლებელი პუნქტები. ამ ახალი არსენალის სიამაყედ ითვლება ბომბი B61-12, რომლის დატენვა შეიძლება როგორც ტრადიციული, ასევე, ცვალებადი სიმძლავრისა და ძალიან დიდი სიზუსტის ბირთვული ქობინებით. B61-12, პენტაგონის ვერსიით, შეცვლის ბომბის ოთხ სხვა ტიპს, რაც მათ საერთო რაოდენობას შეამცირებს, მაგრამ სწორედ ამ ბომბის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი უილიამ პერი, რომელმაც დაიწუნა სწორედ ის, რაც სხვებმა მოიწონეს, ანუ ბომბის როგორც ბირთვული, ისე ტრადიციული შიგთავსით დატენვა. მისი აზრით, “შეტევის მომლოდინე მტერი ყოველთვის უარესს წარმოიდგენს ხოლმე და ტრადიციული არსენალით განხორციელებულ შეტევაზე შეუძლია ბირთვული იარაღით გვიპასუხოს”.
რუსეთი
2016 წლის მონაცემებით, რუსეთს 7 290 ქობინი აქვს. იგი ფლობს მსოფლიოში უდიდეს, მაგრამ არცთუ უთანამედროვეს, არსენალს. პუტინმა დაადასტურა ბირთვული კომპონენტის მნიშვნელოვანი როლი რუსეთის სამხედრო დოქტრინაში, რომელიც ითვალისწინებს მისი გამოყენების დივერსიფიკაციას, როგორც ბირთვული, ასევე, ტრადიციული ქობინებით აღჭურვის შესაძლებლობას.
კრისტენსენის აზრით, რუსეთი იმყოფება “ფართო მოდერნიზაციის შუა გზაზე, რომელიც შეიარაღების გაკონტროლების ახალი ამოცანების წინაშე დააყენებს საერთაშორისო თანამეგობრობას”.
პროგრამის ცენტრშია ახალი SS-27-2, ანუ “იარსის” კონტინენტშორისი რაკეტები, რომლებიც იტევს ოთხამდე ქობინს, რომლებსაც შეუძლია, ცალ–ცალკე შევიდეს ატმოსფეროში და დაბომბოს სხვადასხვა ობიექტი. აშშ–ის აზრით, ეს სისტემები არღვევს 2010 წელს აშშ–ისა და რუსეთის მიერ პრაღაში ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც კრძალავს უკვე არსებული მონობლოკური რაკეტების აღჭურვას რამდენიმე ქობინით, მაგრამ რუსებს შეუძლიათ საბრძოლო მუხტების შემცირება, რითაც დაიცავენ მიღწეულ შეთანხმებას.
დამუშავების სტადიაშია: შშ-30-ის “სარმატი”, “სატანის შვილები”, გაეროს ენით რომ ვთქვათ, რომელთაც 10 საბრძოლო მუხტი აქვს; წყალქვეშა ნავების ახალი თაობა, რომელიც 11 მოქმედს შეცვლის; ბომბდამშენების ТУ-160-ისა და ТУ -95MС-ის მოდერნიზაცია.
ჩინეთი
პეკინი, რომელსაც, 2016 წლის მონაცემებით, 250 ბირთვული ქობინი აქვს, განწყობილია თავისი პოტენციალის გასაფართოებლად; მიისწრაფვის აშშ-ის დონეზე გასასვლელად. მეზობლების _ ინდოეთისა და რუსეთის კონკურენცია, ჩრდილოეთკორეელი “მოკავშირის” უკონტროლო ქცევით გამოწვეული შეშფოთება ჩინეთის ხელმძღვანელობას უბიძგებს, მასშტაბურად დააფინანსოს ზესწრაფი სისტემების კვლევისა და დამუშავების დარგები, ანუ რაკეტების წარმოება, რომლებსაც ექნება უნარი, ზებგერითი სისწრაფით მოახდინოს კოსმოსიდან პიკირება. ჩინეთი თავის მონობლოკურ რაკეტებს შეცვლის ახალი თაობის რაკეტებით, რომლებიც აღჭურვილი იქნება რამდენიმე ქობინით, მყარი საწვავის ძრავებით. ჩინეთის ბიუჯეტის მოცულობა, რომელიც ამ საქმეზე დაიხარჯება, უცნობია, თუმცა პროგრამების მასშტაბურობა გიგანტურია.
საფრანგეთი
“ტრიუმფანის” კლასის მემკვიდრე ახალი წყალქვეშა ნავების საექსპლუატაციოდ მიღება 2035 და 2048 წლების პერიოდშია ნავარაუდევი. ამასობაში პარიზი თავისი კონტინენტშორისი საშუალო სიშორის რაკეტების (M51 და ASMP) მოდერნიზაციას მოახდენს, რომლებითაც ავიაგამანადგურებლები “რაფაელი” აღიჭურვება. ეს უკანასკნელნი 2040 წლისთვის შეიცვლება, ისევე, როგორც ავიამზიდი “შარლ დე გოლი”. საფრანგეთი განაგრძობს ბირთვული ბომბების რაოდენობის 300-მდე შემცირებას.
დიდი ბრიტანეთი
ერთი წლის წინათ დიდი ბრიტანეთის განკარგულებაში 215 ბირთვული ქობინი იყო. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ “ვენგარდის” სუბმარინების ჩასანაცვლებლად იწყებს ოთხი ახალი წყალქვეშა ნავის მშენებლობას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს “პოტენციური მტრების გაზრდილ რაოდენობასა და მათი ძალების მოდერნიზაციას”. ინვესტიციები 46 მილიარდი დოლარია. წყალქვეშა ნავები აღიჭურვება “ტრაიდენტის” რაკეტებით.
გეოპოლიტიკური სურათი
გეოპოლიტიკური სურათი კარგს არაფერს გვიქადის. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ძლიერ აჩქარებას არასტაბილურობის მორიგი ელემენტი შეაქვს არსებულ ვითარებაში.
მეტიც, თუ ტრამპის ადმინისტრაცია უარს იტყვის შეთანხმებაზე, რომელიც ავალდებულებს ირანს, ათი წლით თავი შეიკავოს ატომური ბომბის შექმნისგან, თეირანს უკვე ვერავითარი ფაქტორი ვერ აიძულებს, დაიცვას აღნიშნული პირობა, რაც, თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთში ბირთვული დაპირისპირების უპრეცედენტო მიზეზი შეიძლება გახდეს და არსებული არასტაბილურობის გაღრმავება გამოიწვიოს. გადაიარაღების ასეთი პერსპექტივა, უწინარეს ყოვლისა, იქმნება ახალი აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელსაც პუტინს მიაწერენ და, აღმოსავლეთევროპულ ფრონტზე ნატოს მიერ ახირებული “რუსული საშიშროების” მიზეზით, რომელიც უფრო მეტად გამოგონილია, ვიდრე რეალური.
უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ერთ მხარეს განხორციელებული ნებისმიერი განახლება იქნება საიმისო ნიშანი, რომ მეორე მხარემ შესაბამისი მოქმედება განახორციელოს, კერძოდ, სხვა ქვეყნები (რომლებსაც ამჟამად არ აქვთ ბირთვული იარაღი, მაგრამ გააჩნიათ ტექნიკური ბაზა მის შესაქმნელად) გერმანიიდან იაპონიამდე და საუდის არაბეთამდე მოინდომებენ თავიანთი სამხედრო არსენალის ბირთვული იარაღით აღჭურვას.
პაოლო ვალენტინო,
გაზეთი “კორიერე დელა სერა”, იტალია