Home რუბრიკები პოლიტიკა მონარქიის აღდგენა: ესპანური გაკვეთილი

მონარქიის აღდგენა: ესპანური გაკვეთილი

ხუან კარლოსი და მისი მეუღლე სოფია

გასულ კვირას საქართველოში ბევრს საუბრობდნენ მონარქიის აღდგენაზე. ბოლო ასი წლის განმავლობაში მსოფლიოში მსგავსი რამ იშვიათად მომხდარა; ერთერთ გამონაკლისს ესპანეთი წარმოადენს. საინტერესოა, რა მოხდა ესპანეთში ისეთი, რომ ქვეყნის მოსახლეობისა და საექსპერტო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მონარქიის აღდგენას დადებითად აფასებს.

ესპანური მონარქიის სწრაფი დაღმასვლა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო. აშშ-თან ომში მარცხის შემდეგ, საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ოდესღაც დიადი იმპერია ჩამორჩენილ მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ეროვნული იდენტობის კრიზისს ეკონომიკური სირთულეები და ახალი პოლიტიკური იდეების გავრცელება დაემთხვა. ლიბერალებისა და სოციალისტების მთავარი სამიზნე ხშირ შემთხვევაში სწორედ მონარქიის ინსტიტუტი ხდებოდა, მას რეაქციულობის მთავარ სიმბოლოდ წარმოაჩენდნენ, მეფეს კი _ იმ პოლიტიკოსებისა და გენერლების თანამზრახველად, რომლებიც მუდამ გადატრიალებებსა და შეთქმულებებს აწყობდნენ. 1931 წელს, როდესაც რესპუბლიკელებმა ადგილობრივი არჩევნები დიდ ქალაქებში მოიგეს (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით წააგეს), ქუჩაში გამოვიდნენ. როდესაც გაირკვა, რომ მრავალათასიანი დემონსტრაციების დაშლა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებით დასრულებულიყო, ალფონსო XIII ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იმ დღეებში მეფე ვარაუდობდა, რომ ესპანელები მალე გონს მოეგებოდნენ და ტახტს დაუბრუნებდნენ.

როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო, მისი შვილი და ამავე დროს ტახტის მემკვიდრე ხუანი ესპანეთში ჩავიდა, რათა ნაციონალისტების მხარეს ებრძოლა, მაგრამ გენერალმა ფრანკომ ის თავაზიანად უკან გაისტუმრა. ნაციონალისტების ბანაკში ყველა როდი იყო ბურბონების რესტავრაციის მომხრე, ფრანკოს კი არ სურდა, ძალაუფლების თუნდაც სიმბოლური ნაწილი ვინმესთვის დაეთმო. თანაც, მას არ მოსწონდა პრინცი ხუანი დემონსტრაციული ლიბერალიზმისა და დასავლურ დემოკრატიებთან მჭიდრო კავშირის გამო.

პრინცი ხუან კარლოსი და ფრანცისკო ფრანკო
პრინცი ხუან კარლოსი და ფრანცისკო ფრანკო

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკოს რეჟიმი არამდგრადი გახდა. დროდადრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოკავშირეები “უკანასკნელ ფაშისტურ ნაკრძალს” ევროპაში ბოლოს მოუღებდნენ. ამასთანავე, ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც ესპანური პოლიტიკის მწვერვალზე ფრანკოსთან ერთად ავიდნენ, სურდათ, მიეღოთ გარანტიები, რომ მათი პრივილეგირებული მდგომარეობა მომავალშიც შენარჩუნდებოდა და მხოლოდ დიქტატორის ბედზე მიბმული არ იქნებოდნენ. ფრანკოს უნდა ეჩვენებინა დასავლური სამყაროსთვის, რომ რეჟიმი უკეთესობისკენ იცვლება და ამავე დროს ამ ტრანსფორმაციის პროცესში გარემოცვის ინტერესები და ქვეყნის სტაბილურობა დაეცვა.

1947 წელს ფრანკომ ჩაატარა (და, ბუნებრივია, მოიგო) რეფერენდუმი მონარქიის აღდგენის თაობაზე, მაგრამ ესპანეთი გაურკვევლობაში დატოვა მემკვიდრის ვინაობასთან დაკავშირებით, რომლის კანდიდატურა, სპეციალურად შემუშავებული ორგანული კანონის თანახმად, თვით დიქტატორს უნდა დაესახელებინა. წესით და რიგით, ტახტი 1941-ში გარდაცვლილი ალფონსო XIII მემკვიდრეს, პრინც ხუანს, ეკუთვნოდა, ფრანკომ კი არჩევანი მის შვილზე, მომავალ მეფეზე, ხუან კარლოსზე, შეაჩერა, თუმცა მომავალ მონარქად ის არ დაუსახელებია. ფრანკო აწარმოებდა საკმაოდ რთულ თამაშს ამ ორ ფიგურასთან და ბურბონთა დინასტიის სხვა შტოების წარმომადგენელ პრეტენდენტებთან, რათა დროზე ადრე არ მიეცა მოწინააღმდეგეებისთვის შესაძლებლობა, ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანებულიყვნენ. ხუან კარლოსი მომავალ მეფედ მან მხოლოდ 1969 წელს გამოაცხადა.

ესპანელი მონარქისტები და კონსტიტუციონალისტები დღემდე ვერ ჩამოყალიბებულან, თუ რა მოხდა ესპანეთში ფრანკოს ეპოქის მიწურულს – მონარქიის აღდგენა თუ მისი ხელახალი დაფუძნება, რადგან მოვლენები განვითარდა არა ისე, როგორც ამას სამეფო ოჯახი და დინასტიური კანონები მოითხოვდა, არამედ ისე, როგორც ფრანკომ გადაწყვიტა.

ხუან კარლოსი შვილთან - ფილიპთან ერთად, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრე გახდა
ხუან კარლოსი შვილთან – ფილიპთან ერთად, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრე გახდა

გამოჩენილი ფილოსოფოსი და სოციოლოგი მაქს ვებერი ლეგიტიმურობის სამ ძირითად სახეობას გამოჰყოფდა _ ტრადიციულს, ქარიზმარტულსა და ლეგალურს. ფრანკოს გარდაცვალებამდე ხუან კარლოსი მხოლოდ ლეგალურს ფლობდა, რადგან მისი გამეფება კანონით იყო გამყარებული. დინასტიური ტრადიციით, გვირგვინი მამამისს ეკუთვნოდა, ხოლო ქარიზმატულ ფიგურად ის ნამდვილად არ ითვლებოდა. 70-იანებში ესპანელები მას ირონიულად უყურებდნენ და ფრანკოს მარიონეტად თვლიდნენ, რომელსაც მომავალში მისი გენერლებისა და მმართველი პარტიის, “ესპანური ფალანგის” ინტერესები უნდა დაეცვა. ტრადიციული ლეგიტიმურობა, ვებერის კლასიფიკაციით, ხუან კარლოსმა 1977-ში მოიპოვა, როდესაც მამამისმა თავის პრეტენზიებზე უარი თქვა. ამან შექმნა შესაძლებლობა, რომ ესპანეთის 1978 წლის კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ მონარქია ისტორიულ ტრადიციას (და არა ფრანკოს ბრძანებულებას) ეფუძნება. რაც შეეხება “ქარიზმატულ ლეგიტიმურობას”, ის ხუან კარლოსმა მმართველობის პირველ ათ წელიწადში მოიპოვა, როდესაც დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა უზრუნველყო, არ დაუშვა 1981 წლის რეაქციული გადატრიალება და თანდათან ესპანელების პატივისცემა დაიმსახურა. ყოველივე ამან მოსახლეობის თვალში მონარქიის ინსტიტუტის რეაბილიტაცია მოახდინა. უფროს თაობას დისკრედიტებული მონარქია ახსოვდა, უმცროსებს ის ანაქრონიზმად მიაჩნდათ, თუმცა დროთა განმავლობაში ესპანელები დარწმუნდნენ, რომ ის აქტუალური და საჭიროა.

ხუან კარლოსს ხშირადფრანკოს გაზრდილსუწოდებდნენ, მოღვაწეობის საწყის პერიოდში მას რეჟიმთან კომპრომისზე წასვლა არაერთგზის მოუხდა, რისთვისაც ფრანკოს რადიკალი მოწინააღმდეგეები აკრიტიკებდნენ. თუმცა მეფე ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მკვეთრი ნაბიჯები ესპანეთს დაპირისპირებამდე და, შესაძლოა, ახალ სამოქალაქო ომამდე მიიყვანდა, ხოლო სისტემის დემონტაჟი მაქსიმალურად ფრთხილი უნდა ყოფილიყო. დემოკრატიის დამკვიდრება ხუან კარლოსის ერთადერთი დამსახურება არაა _ რეფორმების პერიოდში საკმაოდ დიდი იყო იმის საფრთხე, რომ სეპარატისტები, რომელთაც ფრანკო სასტიკად უსწორდებოდა, ქვეყნის დესტაბილიზაციას მოახდენდნენ. ტერორისტებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მართლაც შეიქმნა, მაგრამ ხუან კარლოსს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბასკებისა და კატალონიელების უმრავლესობა რადიკალურ იდეებს არ მიემხრო. ხისტი ვერტიკალური მმართველობა, რომელსაც ფრანკო მიმართავდა, თანდათან შეიცვალა თვითმმართველობების გაძლიერებით, რეგიონებში თითქმის სრულფასოვანი რესპუბლიკების ჩამოყალიბებით, რომელთა ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოში სწორედ მონარქიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.

ხუან კარლოსის ცხოვრებაში იყო ერთი უცნაური, ტრაგიკული სიმბოლიზმით დატვირთული ეპიზოდი. 1956-ში, როდესაც ის 18 წლის, ხოლო მისი ძმა, ალფონსო, 14 წლის იყო, ისინი პორტუგალიაში იმყოფებოდნენ. ძმები რევოლვერს წმენდნენ (ან რევოლვერით თამაშობდნენ – ეს დღემდე გაურკვეველია). ამ დროს ტყვია გავარდა და ალფონსო მოკლა. ოფიციალური ვერსიით, რევოლვერი ალფონსოს ეჭირა, თუმცა რიგი დეტალებიდან და მოგონებებიდან ჩანს, რომ იარაღი ხუან კარლოსს გაუვარდა. ესპანელების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ ვერსიას იზიარებს. ეს რევოლვერი ძმებს 1954-ში ფრანსისკო ფრანკომ აჩუქა.

საინტერესოა, რომ ფრანკოს მეფის თაობაზე ალტერნატიული ვარიანტიც ჰქონდა. მისი შვილიშვილი ალფონსო XIII ერთ-ერთ შვილიშვილზე გათხოვდა, მათ ეყოლათ ვაჟიშვილი, რომელიც, ერთი მხრივ, ბურბონების, მეორე მხრივ კი, ფრანკოს შთამომავალი გახლდათ. კანონი გენერალს შესაძლებლობას აძლევდა, ტახტი სწორედ მისთვის გადაეცა, მაგრამ მან ცდუნებას გაუძლო და არჩევანი ხუან კარლოსის სასარგებლოდ გააკეთა. როგორც ჩანს, დიქტატორმა ახალგაზრდა პრინცში რაღაც ისეთი დაინახა, რაც სხვა კანდიდატებს არ გააჩნდათ.

დღეს ისინი, ვისაც საქართველოში მონარქიის აღდგენა სურთ, საუბრობენ იმაზე, რომ ამ ინსტიტუტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებას, აგრეთვე, იმ პრობლემის გადაწყვეტას, რომელსაც შეიძლება “პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა” ვუწოდოთ. თითქოს იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტები და პრემიერები გააღმერთონ (ამას კარგი არაფერი მოაქვს), ქართველები შესაბამის გრძნობებს კონსტიტუციური მონარქის ფიგურაზე გადაიტანენ. ეს არგუმენტები საინტერესოა, მაგრამ ერთობ ზედაპირულია; შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანია სხვა გარემოების გააზრება. მონარქიის აღდგენამ (ისევე, როგორც ეს ესპანეთში მოხდა) შეიძლება დააინტერესოს ელიტის ის ნაწილი, რომელმაც წინა წლებში საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა და გავლენა მოიპოვა, ახლა კი მისი დაკარგვის ეშინია. ასეთი საფრთხე ყოველთვის იარსებებს პერსონალისტური რეჟიმის პირობებში, როდესაც ყველაფერი ერთი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილგონიერებაზეა მიბმული (მნიშვნელობა არ აქვს, ფრანკო იქნება, სააკაშვილი თუ ივანიშვილი), რადგან მის დაცემას შეიძლება ელიტის დიდი ნაწილის მკვეთრი დასუსტება მოჰყვეს. ასეთ ვითარებაში ეს ადამიანები ეძებენ საშუალებას, რომელიც არსებული მდგომარეობის “ჩაბეტონებას” მოახდენს და ისინი შეინარჩუნებენ ყველაფერს მას შემდეგაც, როცა მოქმედი დიქტატორი ხელისუფლებაში აღარ იქნება.

პოლიტიკური ანალიზის პროცესში მსჯელობა იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს, ცუდია თუ კარგი მონარქია ზოგადად, არამედ იმაზე, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს (ან არ შედიოდეს) მისი აღდგენა, რადგან ამის გათვალისწინების გარეშე შეიძლება საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება მოვახდინოთ. არის თუ არა მონარქია საჭირო? იქნება თუ არა ის სასარგებლო? “ესპანური მაგალითიდა ამ ქვეყნის XIX-XX საუკუნეების ისტორია ცხადყოფს, რომ ცივ გათვლასა და ინტერესების თანხვედრაზე დაფუძნებულმა არჩევანმა შეიძლება გაცილებით მეტი სარგებელი მოიტანოს, ვიდრე რომანტიკულმა შეძახილებმა თუ ძველი დროშების ფრიალმა.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here