Home რუბრიკები საზოგადოება ხორბლის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

ხორბლის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

ხორბალი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთ საქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

თესლის მომზადება

ფესვის სიდამპლისა და სოკოვანი დაავადებების (გუდაფშუტა, ჟანგა, ნაცარი) საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანია თესლის თესვისწინა დამუშავება შემდეგი ხსნარებით: ტრიტიკონაზოლი _ 0.15-0.2 ლიტრი ერთ ტონა თესლზე (კორიოლისი); ტებუკონაზოლი _ 0.4 ლიტრი ერთ ტონა თესლზე (რაქსილი, ტებიკური, გიზმო, როდოლიტი) ან დინიკონაზოლი _ 1.5 ლიტრი ერთ ტონა თესლზე (ალიანსი, კონილი, მაქსილი).

თესვა. ხორბალი უნდა დაითესოს შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, აგრეთვე, ადრე გაზაფხულზე. როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ხორბალი ითესება მწკრივად. არსებობს მწკრივად თესვის რამდენიმე წესი: ა) ჩვეულებრივი მწკრივი _ მწკრივთაშორისი მანძილი 15 სმ; ბ) ვიწრო მწკრივი _ მწკრივთაშორისი მანძილი 7,5 სმ; გ) ჯვარედინი დათესვა. ქარისმიერი ეროზიის ზონებში რეკომენდებულია ვიწრო მწკრივად თესვა. უნდა დაითესოს მხოლოდ სერტიფიცირებული თესლი. თესვამდე რეკომენდებულია თესლის გაწმენდა, დახარისხება და ფიტოექსპერტიზა. აგრეთვე, საჭიროა ნაკვეთის გამოკვლევა მავთულა და ცრუ მავთულა ჭიების, მღრღნელი ხვატარების რაოდენობის დასადგენად. 1 მ2-ზე 5-8-ზე მეტი ცრუ მავთულა და მავთულა ჭიების აღმოჩენისას ნიადაგი უნდა დამუშავდეს გრანულირებული პესტიციდებით.

საქართველოს ნიადაგურკლიმატური პირობების მიხედვით, საშემოდგომო ხორბლის თესვის ნორმები განსხვავებულია: ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებში _ 4,5-5,0 მილიონი მარცვალი ჰექტარზე; დედოფლისწყაროს, სიღნაღის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, საგარეჯოს, თეთრიწყაროს, გორის, ქარელის, ხაშურის, დმანისის, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის რაიონებში _ 5,0-5,5; თიანეთში, დუშეთში, სამაჩაბლოში _ 5,5-6,0; წალკასა ახალქალაქის რაიონებში _ 6,0-6,5.

ხორბლის თესლის ჩათესვის სიღრმე 4-დან 6 სმ-მდე მერყეობს. ქარისმიერი ეროზიის ზონაში თესვა წარმოებს 1-2 სმ-ით უფრო ღრმად. თესვა უფრო ღრმად წარმოებს მსუბუქ და მშრალ ნიადაგებშიც.

ნათესების მოვლა

თესვის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნათესების მოვლას. გვალვის პერიოდში ფხვიერ ნიადაგში თესვისას საანეულო მინდვრებზე დათესილი ნაკვეთი იტკეპნება სატკეპნელებით, იფარცხება მსუბუქი ფარცხებით, რაც აუმჯობესებს ე.წ. გადაზამთრების პირობებს.

მნიშვნელოვანია ნათესების დაცვა სხვადახვა სახის სარეველა მცენარეებისგან, მათ შორის, წიწმატურას, ჩვეულებრივი მატიტელას, ყანის ჭლექის, მინდვრის ღიჭას, ხვართქლას, შალაფას, ღორის ქადას, ყანის ბირკას, თეთრი ნარის, შვრიუკას, ნაცარქათამას, კომბოსტურას, ველური კანაფის, ქუთქუთას, შლაგის, ძურწა მწვანესა და სხვა სარეველებისგან.

ჰერბიციდების შესხურება უნდა მოხდეს მცენარის ბარტყობის ფაზაში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 12-150ჩ-ს მიაღწევს. ჰერბიციდების ხსნარის ხარჯვის ნორმა მიწისზედა შემასხურებლით შესხურებისას შეადგენს 200-250-350-450 ლ/ჰა-ზე, ხოლო თვითმფრინავით შესხურებისას _ 30-40 ლ/ჰა-ზე.

ხორბლის მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს სასუქების გამოყენება. ძირითად სასუქად ითვლება ნაკელი, რომელიც შეაქვთ ხვნის წინ საშუალოდ 20-25 ტონა/ჰა-ზე. ზოგჯერ ნაკელის შეტანა ხდება ხორბლის დათესვის წინ.

დადგენილია, რომ მინერალური სასუქები ხორბლის მარცვლის მოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის. ფოსფორკალიუმიანი სასუქების დოზების განსაზღვრისას საჭიროა ნიადაგში აღნიშნული ელემენტების შესათვისებელი ფორმების არსებული რაოდენობის გათვალისწინება. აზოტოვანი სასუქების დოზა უნდა დადგინდეს წინამორბედი კულტურისა და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით.

ალაზნის ველისა და გარე კახეთის პირობებისთვის რეკომენდებულია შემდეგი საშუალო დოზები: აზოტი _ 60-120; ფოსფორი _ 90-120, კალიუმი _ 60-90 კგ/ჰა; შუა და ქვემო ქართლის პირობებისთვის: აზოტი _ 90-150; ფოსფორი _ 90-120, კალიუმი _ 45-60 კგ/ჰა; სამცხე-ჯავახეთის შავმიწებისთვის: აზოტი _ 90-120; ფოსფორი _ 90-120, კალიუმი _ 60 კგ/ჰა;

აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ, მშრალ, გვალვიან და ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ მიწებზე უკეთეს შედეგს იძლევა სამივე ელემენტის მთლიანი დოზის შეტანა ხვნის წინ ან ნიადაგის თესვის წინა დამუშავების დროს.

სარწყავით უზრუნველყოფის პირობებში მიზანშეწონილია ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების მთლიანი დოზისა და აზოტიანი სასუქის დოზის 1/3-ის შეტანა ხვნის ან თესვის წინ, ხოლო 2/3-ის _ ჯეჯილის გამოკვებაში, აღერების დაწყებამდე. ხორბლის მოსავლიანობის მატებას ხელს უწყობს მიკროელემენტების, კერძოდ, მანგანუმის შლამის გამოყენება აღმოსავლეთ საქართველოს კარბონატიან სარწყავ ნიადაგებზე (50 კგ/ჰა).

მარცვლის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად სასუქების შეტანა შეიძლება თესვამდეც და თესვის შემდეგაც.

ნათესი განსაკუთრებით განიცდის ტემპერატურის ცვლილების ზეგავლენას. ხშირად, ნიადაგის ზედაფენაში წყლის უკმარისობის გამო, არასაანეულო მინდვრებში, საშემოდგომო ხორბლის შემოდგომაზე აღმოცენება იგვიანებს ან, საერთოდ, არ აღმოცენდება. აღმოცენებული მცენარეები, წყლის უკმარისობის გამო, სუსტად ვითარდება და ზამთრის პერიოდში მცენარეთა მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება. ამის მიზეზებია: დაზრობა, ანუ გაყინვა, აღმონაცენის დანესტიანება, ჩახურება, ამოჩრა, ყინულის ქერქი.

ნათესების სავეგეტაციო მორწყვა ტარდება მიგდებით, გაჟონვით ან დაწვიმებით მოთხოვნების მიხედვით _ მარტის მესამე დეკადიდან მაისის ბოლომდე.

მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები

მავნებლის მაღალი სიმჭიდროვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის კონტაქტურნაწლავური მოქმედების პრეპარატების გამოყენებით. სასურველია, ყოველ წელიწადს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებებისას ვცვალოთ პრეპარატის ასორტიმენტი, რათა არ წარმოიქმნას მავნებლის რეზისტენტული (მდგრადი) ფორმები.

მცენარეების ბიოლოგიურად და ქიმიურად დასამუშავებლად იყენებენ “პესტიციდების სახელმწიფო კატალოგით” ნებადართულ პრეპარატებს. პესტიციდების გამოყენება ხდება რეკომენდებული ხარჯვის ნორმებისა და რეგლამენტების დაცვით.

მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება: აცეტამიპრიდი 0,1 კგ/ჰა (აცე, მოსეტამი, ტემპი); ანციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი) ან დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1 ლ/ჰა (დეცის ექსტრა, დელტა)

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება: პროპიკონაზოლი + ციპროკონაზოლი 0,5 ლ/ჰა (ალტო სუპერი) ან პროპიკონაზოლი 0,4 ლ/ჰა (ტილტი, ბაპერი).

ბრძოლა პურის ბზუალასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ შემოდგომაზე, მცენარეთა ბარტყობის ფაზაში, ხდება. პურის ბზუალასა და სხვა მავნებლების გავრცელების კერებში მათი კრიტიკული რაოდენობისას გამოიყენება სხვადასხვა ინსექტიციდი (შემოდგომაზე _ ნოემბრის მეორე დეკადაში; გაზაფხულზე _ მარტის პირველ-მეორე დეკადაში). ვეგეტაციის განახლებისას მღრნელების კრიტიკული რაოდენობის შემთხვევაში გამოიყენება შხამით დამუშავებული მისატყუებელი მასალა:

თუთიის ფოსფიდის შემცველობა მისატყუებელ მასალაში 2,5-5%-ია, შეტანა ხდება ბადის მეთოდით ყოველ 5-10 მეტრში, იყენებენ სპეციალურ გრძელტარიან კოვზს ან გამფანტველებს, აქტიურ სოროში შეიტანენ 5-10 გრამ მზა მისატყუებელს. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარატი შტორმი 0,7-1,5 კგ/ჰა.

ქიმიური ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ

მონიტორინგის საფუძველზე ვიყენებთ ერთლებნიანი (ერთწლიანი და მრავალწლიანი) და ორლებლიანი (ერთწლიანი და ორწლიანი) სარეველების წინააღმდეგ სელექციურ ჰერბიციდებს ცალკე რომელიმე ჯგუფის სარეველის წინააღმდეგ ან კომბინირებული ნაზავის სახით.

რეკომენდებულია მოსავლის ასაღები და დამხარისხებელი მანქანების დეზინფექცია ინსექტიციდებით, სასაწყობე შენობების დეზინფექცია მოსავლის შეტანამდე, სათესლე მასალის ნახევრადმშრალი დამუშავება.

ოთარ ლიპარტელიანი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გულნარი ჩხუტიაშვილი,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here