GEWORLD.NET:
«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი.
– მამაო თეიმურაზ, როდესაც უწმინდესი კიევში სრულიად რუსეთის პატრიარქთან – კირილთან შესახვედრად მიბრძანდებოდა, მან მრევლს მიმართა, ელოცათ, რომ ეს შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულებულიყო. აქედანაც ჩანს ამ ვიზიტის მნიშვნელობა. შედეგით უწმინდესი კმაყოფილია. იქნებ ამ ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის შეხვედრა შეაფასოთ არა პოლიტიკურ, არამედ სულიერ ჭრილში.
– დიახ, როდესაც მისი უწმინდესობა მიბრძანდებოდა უკრაინაში, მან სამღვდელოებას დაუბარა, რომ ერს ლოცვა გაეძლიერებინა. ჩვენს ტაძარში თითქმის ყოველდღიურად მღვდელმსახურები პარაკლისებს იხდიდნენ, მორწმუნე მრევლი საგანგებოდ დაუჯდომელ ლოცვებს, ფსალმუნთა კანონებს კითხულობდა იმისათვის, რომ ეს ვიზიტი მშვიდობიანად, შედეგიანად დასრულებულიყო და პატრიარქიც მშვიდობით ყოფილიყო და უფალს მისთვის თავისი სულიწმინდისეული მადლი მიეცა. ღვთის მადლით, ეს შეხვედრა მართლაც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.
ეკლესია, ქრისტეს სხეული ერთიანი და განუყოფელია. როდესაც ჩვენ მრწამსში ვამბობთ: «მწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია» ამ ეკლესიაში არა ცალკე რუსეთის ეკლესია, უკრაინის მართლმადიდებლური თემი ან საქართველოს ეკლესია იგულისხმება, არამედ – მსოფლიო ეკლესია მთლიანად, როგორც ერთი სხეული, ის ეკლესია, რომელიც მოციქულთა დროიდან მთელს დედამიწაზე განფენილია ჭეშმარიტი სწავლებით, რომელსაც მართლმადიდებლობა ჰქვია. ასე რომ, ერთი, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის შეხვედრა მეორე მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან უკვე დიდი სულიერი მოვლენაა, რაც დადასტურდა კიდეც გასულ კვირას. ჩვენი პატრიარქის ვიზიტს კიევში და საუბარს რუსეთის პატრიარქთან, კირილთან ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ თემას, ალბათ, უფრო ვრცლად შეეხება საპატრიარქოს პრესაც. მანამდე კი შემიძლია გავკადნიერდე და ვთქვა: წლების განმავლობაში, შეიძლება დიდი სურვილის მიუხედავად, რასაც ვერ აკეთებს საერო ხელისუფლება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სულიწმინდის მადლით შეიძლება ერთ საათში გააკეთოს, რამეთუ შეუძლებელია, რომ ღვთიური ხელის წინაშე ადამიანური სისუსტე რაიმეს წარმოადგენდეს! ჩვენ ვხედავთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს კიდევ უფრო მეტი შეემატა, პატრიარქმა კი ძალიან ბევრ რამეს მიაღწია. საუბარია იმაზე, რომ პატრიარქი აფხაზეთის ტერიტორიაზე შევა! ეჭვი თითქმის აღარავის ეპარება და საბოლოოდ დადასტურდა, რომ რუსეთის ეკლესია სცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში, რომელიც ტერიტორიულადაც და ეკლესიურადაც არის განუყოფელი ნაწილი საქართველოს ეკლესიისა. უფალს დიდება ამ ყველაფრისთვის! დღეს საქართველოს ეკლესია და საქართველოს ეკლესიის მრევლი და ყოველი მართლმადიდებელი ზეიმობს, რომ ჭეშმარიტად, ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის ისევ და ისევ ეკლესია ასრულებს განუსაზღვრელ როლს.
– მამაო თეიმურაზ, ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც თქვენს მსახურებას იმიტომაც ესწრება, რომ თქვენს ქადაგებას მოუსმინოს. დღეს ქადაგების დროს მრევლს განსაკუთრებით მოუწოდეთ, რომ განკითხვის ცოდვას მორიდებოდნენ… რატომ, მამაო?
– განკითხვა არის საყოველთაო სენი, ობობას ქსელივით მოდებული დღეს ქართულ საზოგადოებაზე, ზოგადად, კაცობრიობაზე. ადამიანები ძალიან ადვილად განსჯიან მღვდელმსახურთა ქმედებებს, მათ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი… გული მწყდება იმაზე, რომ დღეს ყველა გაზეთს, ყველა ჟურნალისტს, ყველა გადაცემას შეუძლია თავს უფლება მისცეს, «განსაჯოს» საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები. სამწუხაროდ, ზოგიერთი გაზეთი (არ მინდა დაკონკრეტება), რომელიც მთელი ცხოვრება ლანძღავს პატრიარქს, ლანძღავს წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს და საერთოდ – ეკლესიას, დღეს ვითომ პატრიარქს და ეკლესიას იცავს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ხვალ რომ დასჭირდეს, უარესს გააკეთებს და უარეს ტალახს ესვრის პატრიარქსაც, ეკლესიასაც და სინოდსაც. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამას… ცრუ გმირები წარმოიშვა უცებ, ეს არის ფარისევლობის აბსოლიტური ზეიმი, მაგრამ გონიერი ადამიანი, რა თქმა უნდა, ამ საცდურს არ აყვება. იოანე სინელი ბრძანებს, სიკვდილის წინაც რომ ნახო ვინმე ცოდვაში მყოფი, არ განიკითხო, რამეთუ არ იცი, დაფარულია შენთვის ღვთიური საიდუმლოო… წმინდა მამები ამბობენ, განკითხვა – ეს არის მხოლოდშობილის, ანუ ძე ღმერთის პატივის მიტაცება… ანუ, რისი უპირობო უფლებაც მას აქვს, შენ მას სტაცებ და შენს თავს მიაკუთვნებ. განკითხვა ნიშნავს იმას, რომ ღმერთს ეუბნები: «შენ საქმე არ გაქვს ამ კაცობრიობაში, მე განვსჯი – ვინ უნდა იყოს მართალი და ვინ მტყუანიო».
მეჩვენება, რომ გაზვიადებულია და ნაყალბევი, თითქოს რაღაც სერიოზულ დაპირისპირებას და აზრთა განხეთქილებას აქვს ადგილი საქართველოს ეკლესიაში, თუნდაც წმინდა სინოდში… პატრიარქმა მრავალგზის აღნიშნა, რომ წმინდა სინოდი არის გამოვლენა საეკლესიო კრებისა და საეკლესიო კრება არის უმაღლესი ავტორიტეტი ეკლესიისთვის. ჩვენი, მართლმადიდებლების, ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი კათოლიციზმისგან სწორედ ეს არის -კათოლიციზმში მხოლოდ ერთი კაცი, პაპია ავტორიტეტი, მართლმადიდებლობაში კი წმინდა სინოდი – საეკლესიო კრება, რომელსაც ყველა მორწმუნემ უდიდესი პატივი უნდა მიაგოს. მღვდელმთავრის განკითხვა ძალიან მძიმე ცოდვაა… რამდენჯერ ყოფილა, რომ განგვისჯია ზოგიერთი იერარქი, რომელიღაცა კურთხევის თუ ქმედების, თუნდაც უმოქმედობის გამო და წლების მერე მივმხვდარვართ, რომ ის ჭეშმარიტად მართალი იყო და მას სულიწმინდა ჩააგონებდა ამა თუ იმ ქმედებას. კონკრეტული მაგალითები შეიძლება ძალიან ბევრი გავიხსენო. ჭეშმარიტად ბედნიერია ის ადამიანი და ნეტარია, ნეტარად შევრაცხავდი, რომელიც განკითხვის ცოდვას ისევე გაურბის, როგორც შხამიანი ქვეწარმავლების ბუდეში ხელის შეყოფას.
– მამაო, განკითხვა, რა თქმა უნდა, საშინელი ცოდვაა, მაგრამ განა თქვენ კი ფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიაში ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი წესრიგშია? ან გჯერათ, რომ ყველა მღვდელმსახური თავისი მოწოდების სიმაღლეზე დგას? ერთ-ერთ წერილში საუბარი მქონდა ორსულ ქალზე, რომელიც საზიარებლად მისული მღვდელმა «ეშმაკოს» ძახილით, ფაქტობრივად, გარეთ გამოაგდო! და ხუთი წელია, ეს ქალბატონი არ ზიარებულა… ასეთი ფაქტების აღნიშვნაც განკითხვაა? ვის ხელეწიფების მხილება ასეთი მღვდელმსახურისა, რომელმაც «უფლის ერთი ცხოვარი» დააბრკოლა და ტაძრიდან გააგდო? იქნებ გავმიჯნოთ განკითხვა და მხილება.
– ჯერ ოდნავ განვაზოგადებ და ვიტყვი, რომ ზოგჯერ ისმის ხოლმე ასეთი სიტყვები: დღეს ეკლესიაში, მართლმადიდებლობაში რაღაცები გადასახედია. ეს მოსაზრება სასტიკად დაგმობილია ჩემ მიერ. ეკლესიაში, მართლმადიდებლობაში გადასახედი არაფერია, მე თვითონ სწავლებას, როგორც ასეთს, ვგულისხმობ… ეკლესიას ყველაფერზე თავის სწორი და გამოკვეთილი პასუხი გააჩნია მოციქულთა დროიდან მოყოლებული, რომელიც არ შეიცვლება! ეკლესია ღირებულებათა გადაფასებას არასოდეს დაემორჩილება. ზე ცივილიზებულმა სამყარომ რასაც უნდა მიაღწიოს კოსმოლოგიისა და ტექნოლოგიის სივრცეში, ის, რაც ცოდვა იყო III საუკუნეში, ცოდვა იქნება XXII საუკუნეშიც და სამყაროს აღსასრულამდეც და ეკლესია კომპრომისებზე არ წავა, რომ, იგივე ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროების მსგავსად, თქვას: დღეს სხვა დროაო.. ეკლესიაში არ არსებობს გამოთქმა – დღეს სხვა დროა! არა! წმინდა ათანასე დიდი (ალექსანდრიელი) ბრძანებს: «გახსოვდეს, დროს კი არა, ღმერთს უნდა ემსახურო!»
თუმცა, სამწუხაროდ, ხდება ისეთი რაღაცებიც, რაც მიუღებელია. მხილების უფლება კი აქვს ისევ და ისევ იმ უმაღლეს იერარქიას, რომელიც ზნეობრივად, სულიწმინდით დადგენილნი არიან, ვითარცა «ჭეშმარიტნი მწყემსნი»… თუნდაც იმ ბოლო სინოდის სხდომაზე შეიქმნა ე. წ. ზნეობრივი კომისია, რომელიც გადახედავს გარკვეულ უღირსებას, გარკვეულ ნაკლოვანებას, რომელიც სამღვდელოებაშია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათ გამოსწორებაზე, მათში ამ ნაკლოვანების აღმოფხვრაზე და არა იმაზე, რომ ერთიანად გავფილრტოთ ეკლესია ავი – კარგისგან! თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუ ამის საჭიროება შეიქნა, უფალი ამასაც მოაწყობს! მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოსწორების შანსი ყველას უნდა მისცეს ადამიანმა, ისევე, როგორც ღმერთი აძლევს ადამიანს სინანულისთვის დროს! გაიხსენეთ წარღვნის ისტორია! ძალიან ბევრი რამე მართლაც დასაგმობია, კონკრეტულად არაფერს ვგულისხმობ და ვერც გავკადნიერდები, რომ ეს ვთქვა, რამეთუ ჩვენვე არ გვინდა აღმოვჩნდეთ წინარე კითხვაზე გაცემული პასუხის უგულებელმყოფელნი.
მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს ეკლესიაში, წმინდა სინოდში მოხდება მომწიფება იმ სიტუაციისა, როდესაც სამღვდელოებაში არსებულ ნებისმიერ ნაკლოვანებას აღმოფხვრიან.
ის კონკრეტული მაგალითი, რომელიც თქვენ მოყევით და მსგავსი ისტორიები, რომლებიც შეიძლება, სამწუხაროდ, ხდებოდეს, ბუნებრივია, დასაგმობია! ამაზე არც უნდა ვიდავოთ!
მხოლოდ და მხოლოდ სინანული გვმართებს უფლის წინაშე და ერთმანეთის განსჯას უნდა შევეშვათ. მაინც ვიმეორებ იმას, რაც წეღან ვთქვი – მღვდელმსახურთა განსჯა, თუნდაც მხილება დავარქვათ, შეიძლება ჩვენთვის გამამართლებელი იყოს, მაგრამ ამაზე პასუხი არ გვაქვს, ამიტომ საშიშია და ჯობს, ვერიდოთ…
– მამაო, მაინც უნდა გკითხოთ: სად გადის ზღვარი მხილებასა და განკითხვას შორის? რა არის მხილება და რა არის განკითხვა?
– ამ დროს ადამიანს, რომელიც საგანგებოდ ამ საკითხებით იქნება დაინტერესებული, თუნდაც მღვდელმთავარს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ემზადება, რომ განწმინდოს ეკლესია გარკვეული მავნე ჩვევებისაგან, ისევ და ისევ ცოდნა მართებს, ცოდნა ეკლესიის ისტორიისა, იმ უამრავი მაგალითისა, რითაც ესოდენ აღსავსეა სამოციქულო ეკლესია, განსაკუთრებით პირველ, მეორე და უძველეს საუკუნეებში, ბიზანტიის ისტორია ზოგადად და ბიზანტიაში ეკლესიის ისტორია ამის უამრავ, ათასობით მაგალითს წარმოაჩენს. ყოველთვის შეგვიძლია დავინახოთ, რომ მხილების უფლება ჰქონდათ იმ მამებს, რომლებიც საოცარი სიწმინდით იყვნენ განსხივოსნებული; მეორეც – ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მაგალითს, როდესაც მწვალებლები ან ცოდვაში მყოფი ადამიანები ხდებოდნენ მხილებულნი იმ დიდი მნათობების მიერ, რომელთაც, თავის მხრივ, შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე წიგნთან კონტაქტი არ ჰქონიათ, მაგრამ უდაბნოში გასულებს სულიწმინდა მთელი წმინდა წერილის ცოდნას ჩაუნერგავდა და მათ ხალხი განცვიფრებული უსმენდა… ბასილი დიდი როდესაც ქადაგებდა, ხალხი სულიწმინდას მტრედის სახით ხილულად ხედავდა, რომელიც უჩურჩულებდა მას. ამას ეფრემ ასური და სხვა მამებიც მოწმობენ. ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ხალხს მაშინ სხვანაირი მადლი ჰქონდა. მახსენდება ერთი ცნობილი პატერიკი IV საუკუნეში პავლე ეპისკოპოსის ცხოვრებისა, რომელსაც ისეთი სიმდაბლე ჰქონდა, რომ ეპისკოპოსობის დროს განიმოსა სამღვდელმთავრო შესამოსელი, წავიდა ქალაქში და მუშად მუშაობდა… მერე ამოიცნეს იგი. ისეთი მაგალითებია, რომ დღეს ზოგიერთი მათგანი შეიძლება არარეალურადაც მოგვეჩვენოს, თუმცა კი გულის სიღრმეში ვიცით, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა! უბრალოდ, ჩვენი ეპოქა მართლა დაშორდა უფალს!..
ჩვენ გვჭირდება ახალი სასულიერო თაობის აღზრდა, ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტში ძველი ტრადიციების აღდგენა და ჭეშმარიტად ამ ხალხს შეეძლება შემდეგში ზღვარიც გაავლონ მხილებასა და განკითხვას შორის და, რაც დღეს ჩვენ გულს გვტკენს, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ წარსულის ლაქად დარჩება. იმედიან პასუხს გაძლევთ, რამეთუ მართლა მჯერა, რომ საქართველოს ეკლესიაში მართლაც მოვა ასეთი პერიოდი და, რასაც წიგნებში ვკითხულობთ, ის რეალობად იქცევა.
ესაუბრა შორენა სიხარულიძე
გაგრძელება
შემდეგ ნომერში
Home რუბრიკები საზოგადოება მამა თეიმურაზი: რასაც ვერ აკეთებს საერო ხელისუფლება, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა სულიწმინდის მადლით...
მიყვარს ეს ადამიანი