GEWORLD.NET:
«სიცრუე» და «ტყუილი» სინონიმებია და ამიტომაც მათი განმარტებები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. «სიცრუე» – რაც სინამდვილეს განზრახ დამახინჯებულად წარმოგვიდგენს, რაც მართალი არ არის, – ტყუილი, ცრუობა (ქეგლ. ტ. VI); ახლა «ტყუილის» განმარტებაც ვნახოთ: – რაც მართალი არ არის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, – სიცრუე (ქეგლ. იქვე). ტყუილი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. იტყუება ყველა: ნაცნობი თუ უცნობი, ხელოვანი თუ პოლიტიკოსი, ვაჭარი თუ გლეხი, მინისტრი თუ პარლამენტარი, ჟურნალისტი თუ პრეზიდენტი… ჩამონათვალი, ცხადია, ბევრად უფრო ვრცელი შეიძლება იყოს, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ და, მეტი დამაჯერებლობისთვის, რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც მოვიშველიოთ.
მანამდე კი მინდა შეგახსენოთ ტყუილის ფეხებთან დაკავშირებული ერთი ჩვენებური ანდაზა; იტყვიან ხოლმე – «ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო» და, რაკი ეს ნამდვილად ასეა, ტყუილი «შორს ვერ წავა», იგი მალე გამოაშკარავდება და ამიტომაცაა, რომ სიცრუე (ტყუილი) უღირს საქციელადაა მიჩნეული; გარდა იმისა, რომ სიცრუე საზიანოა, მავნებელია, წესიერი ადამიანისთვის ყოვლად შეუფერებელია («სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე – სულსა»). ჩვენი დიდი წინაპრები ცრუსა და მატყუარას უმკაცრესად დასჯის ღირსად მიიჩნევდნენ, რაც რუსთაველის კიდევ ერთი ცნობილი ტაეპიდანაც კარგად ჩანს: «კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად»-ო, ამბობს ავთანდილი.
გადმოცემის მიხედვით, კითხვაზე – «შვილი მოგიკლა თუ სიცრუე მოგიგონოო?» – ქართველ კაცს უთქვამს: «შვილი მომიკალიო» (ქეგლ. ტ. VI).
არცთუ შორეულ წარსულში სიცრუისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნეოდა და საამისოდ უხვად იყო მომარჯვებული შესაბამისი მასალები ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ მხატვრული ლიტერატურიდან. «ტყუილის მთქმელს, ცრუს და ორგულს ნუ გაიხდი თანამგზავრად, თორემ ბოლოს დაინანებ და ჩაგყვება გულში ჯავრად»…
ანალოგიური პოეტური სტროფების შეტანა სასკოლო სახელმძღვანელოებში სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ, რასაკვირველია, შედეგი ყოველთვის სასურველი არ იყო: როცა სახელმწიფო ტოტალურ ტყუილებზე იყო დაფუძნებული, სიცრუეს საზოგადოებაშიც ფართო გასაქანი ჰქონდა და, სამწუხაროდ, დღესაც ასეა. ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა ე.წ. სახელისუფლებო ტყუილებმა, რასაც მიზეზ-შედეგობრივად მოსდევს მმართველი გუნდის მიმართ ლოიალურად განწყობილ ბეჭდურ თუ ელექტრონულ საინფორმაციო საშუალებათა მიერ ტირაჟირებული თუ მათ მიერ მოგონილი მედიატყუილები. ეს თემა იმდენად ამოუწურავი და მრავლისმომცველია, რომ შეიძლება მას საგანგებო ვრცელი ნაშრომიც კი მიეძღვნას, მაგრამ მე ამჯერად განზრახული მაქვს ძირითადად სიცრუესთან დაკავშირებული ენობრივი ასპექტებით შემოვიფარგლო.
ტყუილიც არის და ტყუილიც! ზოგჯერ იგი უმეცრებითაა გამოწვეული და შეიძლება ითქვას, რომ უფრო უნებლიე უზუსტობაა. მაგალითად, ასეთი – ამ ცოტა ხნის წინ, ბათუმში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: «ბათუმში ხუთი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ… მთლიანად შევცვალეთ კანალიზაციის, წყალსადენის სისტემა. ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქში 300.000 ოჯახს ექნება ევროპაში საუკეთესო წყალსადენი კანალიზაციის სისტემა; ეს ნიშნავს, რომ ბათუმის მოსახლეობა, ჩვენი მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმით, იქნება არა 200.000, როგორც იქნება მომავალი წლის დასაწყისში, არამედ იქნება 300.000 ადამიანი».
როგორც ხედავთ, პატივცემულმა ორატორმა, ეს წუთია, ბრძანა, რომ 5 წლის წინ შეცვლილი კანალიზაციის სისტემის წყალობით «ევროპაში საუკეთესო წყალსადენი კანალიზაციის სისტემა» მიუღია 300.000 ოჯახს, რაც, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა – ბათუმში 300.000 ოჯახი (!) არ ცხოვრობს და არც ამის ნახევარი. აკი, მომდევნო წინადადებაში თვითონვე აზუსტებს, რომ ბათუმის მოსახლეობა 2012 წლის დასაწყისში იქნება – 200.000, ხოლო სამი წლის შემდეგ (2015 წ.) გახდება 300.000, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარის დედაქალაქის მოსახლეობა 2015 წლამდე გაიზრდება 50%-ით. გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა! როცა 300.000 ოჯახი ახსენა, ეტყობა, პრეზიდენტი არც კი დაფიქრებულა, რომ ეს დაახლოებით ერთ მილიონზე მეტი ადამიანია, ამდენი კი არათუ ბათუმში, არამედ მთელ აჭარაში არ ცხოვრობს.
ცნობისათვის: 2002 წლის მონაცემებით, ბათუმში ცხოვრობდა დაახლოებით 122 ათასი კაცი, ხოლო მთელი აჭარის მოსახლეობა ჯერჯერობით 400.000-ზე ნაკლებია. მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონდა განზრახვა, შეგნებულად მოეტყუებინა მისი მსმენელი, უბრალოდ ცოტათი მათემატიკამ უმუხთლა.
შეგნებული ტყუილის მაგალითი კი იმავე დღეს და იმავე ტელეარხზე მრავლად ვიხილე და მოვისმინე. აი, თუნდაც ასეთი: სვანეთის თოვლიანი მთებით მოხიბლული ფრანგი ტურისტი ჟან ლუკ ტატელი ქართველ ტელეჟურნალისტს ეუბნება (ამ დროს მისი ხმა სუფთად ისმის) – «ჟე სუი ტრე კონტან დ’ეტრ ისი», ხოლო ქართულად გვითარგმნიან ასე: «თავიდან სიტუაცია კარგად ვერ შევაფასე და მოგვიწია, აღჭურვილობა ადგილობრივი მოსახლეობისაგან გვეთხოვა».
სინამდვილეში კი ფრანგმა ტურისტმა თქვა: «მე დიდად (ძალიან) კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით»-ო.
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ტელეჟურნალისტები ხშირად თურმე უკადრებელსაც კადრულობენ და რესპონდენტის ხმას ადებენ ისეთ ტექსტს, რომლის მსგავსი მას (რესპონდენტს) აზრადაც არ მოსვლია.
რა თქმა უნდა, ეს სიყალბეა და აუცილებელია, ასეთი უზნეობა (მგონი, არ ვაჭარბებ) ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს.
წინა პუბლიკაციაში მე შეგპირდით, რომ ვისაუბრებდი ისეთი ფსიქოლინგვისტური მოვლენის შესახებ, რომელიც ცნობილია «ქვეცნობიერი აღიარების» სახელწოდებით. საქმე ისაა, რომ სიტყვით გამოსვლისას თურმე ორატორს ზოგჯერ წამოსცდება ისეთი სიტყვა ან ფრაზა, რომლის თქმა მას არ უნდოდა, რასაც საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ უნებურად წამოცდენილი სიტყვა (ფრაზა) ფარდას ხდის მის ფარულ ნააზრევს, რისი გამხელაც მას განზრახული არ ჰქონია. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის საჯარო გამოსვლები ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა და, ვფიქრობ, ფსიქოლინგვისტებს უხვი მასალით მოამარაგებდა.
გთავაზობთ ფრაგმენტს სასტუმრო «რადისონ ბლუ, ბათუმის» გახსნაზე წარმოთქმული სიტყვიდან: «(ბათუმი) ყველა პარამეტრით ცხოვრების და კომფორტით ორ-სამ წელიწადში ჩაისვამს ჯიბეში ნიცასაც და კანსაც. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვიგონებთ, ეს არის აბსოლუტურად ელემენტარული რეალობა».
რამდენად «მოახერხებს» ბათუმი, რომ ორ-სამ წელიწადში ნიცა და კანი «ჩაისვას ჯიბეში», ეს ცალკე საკითხია და ამის ექსპერტად მე ვერ გამოვდგები. თვით გამოთქმა «ჯიბეში ჩაისვამს» რომ ჟარგონია და პრეზიდენტის ლექსიკას ასეთი გამონათქვამები რომ არ უნდა «ამშვენებდეს», ამაზე არაერთგზის გვითქვამს მეც და სხვებსაც, მაგრამ, როგორც ჩანს, დროა, კედლისთვის ცერცვის შეყრას შევეშვათ, სანამ მოგვიტრიალდება შენიშვნების მოსმენით (ან წაკითხვით) გაბრაზებული პრეზიდენტი და მარტივად გვეტყვის იმას, რაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, «ერთადერთი პასუხია ამაზე: – ვაი, შენს პატრონს!»
ზემოთ მოყვანილ ფრაგმენტში ჩემი ყურადღება სხვა წინადადებამ მიიპყრო და არცთუ შემთხვევით; ბატონმა მიხეილმა თქვა: «ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვიგონებთ»… მე კი დავსძენ, აი, ეს არის ის, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით, ანუ – «ქვეცნობიერი აღიარება». პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ და თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ბრძანა, რომ «ეს არის აბსოლუტურად ელემენტარული რეალობა», რაზეც მე კამათს სულაც არ ვაპირებ, მაგრამ ის, რაც ამ წინადადებას წინ უძღოდა, ნამდვილად საინტერესოა: «ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვიგონებთ,» – თქვა მან და ამით ქვეცნობიერად «აღიარა», რომ, დიახ, ისინი («ჩვენ»), ზოგჯერ მაინც, მსგავს რაღაცებს იგონებენ, ოღონდ ამჯერად «ეს არ არის ის”-ო.
ამ წუთას მომეჩვენა, თითქოს მკითხველმა თავისთვის ჩაილაპარაკა: «ცნობიერად და შეგნებულად იმდენს «გვაბოლებს» ეს კაცი და დიდი საქმე, თუ ქვეცნობიერად რაღაც წამოსცდაო». კი! ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ლინგვისტისთვის, ასეთი ფაქტები ყოველთვის საინტერესოა.
ან კიდევ: «დღეს ვისაც… ვისაც საქართველოში ოდნავ რამის დანახვა შეუძლია, ვისაც რეგიონში თვალები აქვს და ყურები აქვს, ყველა ლაპარაკობს საქართველოს ეკონომიკურ სასწაულზე, საქართველოს ეკონომიკურ მოდელზე» – ამ ამონარიდში ჩემი ყურადღება მიიპყრო ფრაზამ: «ვისაც რეგიონში თვალები აქვს და ყურები აქვს», მაგრამ ზეპირად გამოსვლის დროს კაცს (თუნდაც პრეზიდენტს) მსგავსი რამ წამოსცდეს, რა გასაკვირია.
კიდევ უფრო საინტერესოა მომდევნო ფრაგმენტი: «…და ეს არ არის ჩემი სიტყვები (ეს თქვა იმათ გასაგონად, ვისაც ჰგონია, რომ მას არ უნდა დაუჯერონ. – ლ.ღ.), ეს არ არის «რუსთავი 2», «იმედი», «პირველი არხი» და არც – «კავკასია». ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ტელევიზია და მისი ყველაზე წამყვანი კორესპონდენტი».
რომ გავშიფროთ, პრეზიდენტი ამბობს: თუ გინდათ, მე ნუ დამიჯერებთ და ნურც «ჩემს» ტელეკომპანიებსო და ჩამოთვალა სამივე სამთავრობო არხი («რუსთავი 2», «იმედი», «პირველი არხი»), რაც გასაკვირი სულაც არაა, ესენი ხომ ფაქტობრივად ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევაში ათენ-აღამებენ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, არ მოველოდი ამ კონტექსტში «კავკასიის» ხსენებას. «ქვეცნობიერი აღიარების» კვალობაზე გამოდის, რომ პრეზიდენტს «კავკასიაც» ისევე «თავის არხად» მიაჩნია, როგორც ის სამი. თუმცა, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ კონტექსტში «კავკასიის» ხსენება შეიძლება სულაც შეგნებული სვლა იყო, რითაც ეჭვის მარცვალი გადაუგდო იმ ტელემაყურებლებს, რომელთაც ტელეკომპანია «კავკასიის» მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში აქამდე ეჭვი არ ეპარებოდათ.
გამოსვლის დასასრულს ახალგახსნილი სასტუმროს შესახებ პრეზიდენტმა თქვა: «ეს დიდი აგურია, მომავალი, ამ წუთში გვადგას თავზე და ვიმყოფებით მასში. კიდევ ერთხელ მომილოცავს, დიდი მადლობა და ეს ერთი და სხვა მრავალი».
ცნობილია, რომ ენა, საზოგადოდ, მეტაფორული მოვლენაა, მაგრამ ასეთი მეტაფორის გააზრება ჩემნაირი უბრალო მოკვდავის შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატება. აგურის ხსენება აქ, შეიძლება, მთლად უადგილო არ იყოს – მომავლის საქართველოს წარმატებული აღმშენებლობის საქმეში დადებულ აგურად ამ ახალი სასტუმროს მიჩნევა რატომაც არ უნდა «ჩავუთვალოთ» ქვეყნის მეთაურს, მით უმეტეს, რომ ერთი ასეთი აგური (ფორმითაც რომ წააგავს) თბილისშიაც დგას, ანუ «ორი აგური» უკვე ხელში გვიჭირავს, დანარჩენი ჩვენს მარიფათზეცაა დამოკიდებული.
სხვა საქმეა, რომ მე ამ მეტაფორის იმ ნაწილის გაგება გამიჭირდა, სადაც პრეზიდენტი ამბობს: «ამ წუთში გვადგას თავზე და ვიმყოფებით მასში»-ო.
აგური გვადგას თავზე, თუ ჩვენ ვიმყოფებით აგურში, ეს მთლად კარგად ვერ გავიზიარე და ცოტაც დავიბენი. არადა, ღირსი არ ვარ, ზემოთ მოყვანილი ფრაზის ავტორი მომიტრიალდეს და კიდევ ერთხელ მითხრას: «ვაი, შენს პატრონსო?», მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ ასეთ რამეს იგი მხოლოდ ინტელექტუალებს ეუბნება.
ქართველი ტელემაყურებელი უთუოდ მიაქცევდა ყურადღებას, რომ «რუსთავი 2»-ის საინფორმაციო გამოშვებების დაწყებამდე «კურიერის» ქუდს წინ უძღვის რამდენიმეწამიანი რეკლამა-პლაკატი: «ახალი ამბები კეთდება აქ». თანაც, სიტყვა «კეთდება» საგანგებოდ ხაზგასმულია. მე რომ მკითხოს კაცმა, ეს არის «ქვეცნობიერი აღიარების» კლასიკური მაგალითი.
მართალია, «კეთდება» და მასთან დაკავშირებული ზმნები («აკეთებს», «გააკეთა» და მისთანანი) თანამედროვე ქართულ მეტყველებაში ერთობ გავრცელებულია – «კეთდება შემოწმება», «გააკეთა ჩაწოდება (ბურთისა»), «გაუკეთა წარდგინება», «უკეთდება შუამდგომლობა» და მრავალი სხვა, რაც, ჩვეულებრივ, ენაღარიბთა მეტყველებისთვისაა დამახასიათებელი და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათი აღმოფხვრის იმედი არ ჩანს, მაგრამ «რუსთავი 2»-ის ზემოხსენებული რეკლამა ენობრივი თვალსაზრისით გამართულია.
რაც შეეხება მისი შინაარსის მიმართებას სინამდვილესთან, ცხადია, ჯობდა დაეწერათ: «აქ მზადდება საინფორმაციო გამოშვებები»-ო, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად წასცდათ ის, რასაც ჩვეულებრივ მალავენ, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, «რუსთავი 2»-მა უნებურად აღიარა, რომ ისინი ახალ ამბებს მართლა აკეთებენ იმის მიხედვით, თუ როდის, რა ვითარებაში რისი და როგორ გაკეთება იქნება მიჩნეული მიზანშეწონილად (!).
«ახალი ამბების (ანუ ზოგადად – ინფორმაციის) გაკეთების» მაგალითების მოყვანა არცთუ ისე ძნელია. საამისოდ შორს წასვლა არ დაგვჭირდება. სავსებით საკმარისია, ჩემ მიერ პრეზიდენტის გამოსვლიდან დამოწმებული ტექსტი შევადაროთ იმ მასალას, რაც გაავრცელეს პრეზიდენტის პრესსამსახურმა თუ სხვა სახელისუფლო საინფორმაციო სააგენტოებმა.
ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის საჯარო გამოსვლის სტენოგრაფიული ჩანაწერი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმავე ტექსტის ოფიციალური ვერსიისგან. მაგალითად, ჩვენ ზემოთ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა მისთვის ჩვეული რიხით თქვა: «(ბათუმი) ორ-სამ წელიწადში ჩაისვამს ჯიბეში ნიცასაც და კანსაც, ეს არის აბსოლუტურად ელემენტარული რეალობა»-ო.
პრესცენტრის ვერსია: «… 2-3 წელიწადში ცხოვრებისა და კომფორტის ყველა პარამეტრით აჯობებს როგორც ნიცას, ისე კანს”…
კი, მაგრამ სად გაქრა პრეზიდენტისეული «ჩაისვამს ჯიბეში?»
საინტერესოა, ვისა აქვს უფლება, პრეზიდენტს ტექსტი შეუცვალოს?
ახ! საჩოთირო გამოთქმა იყო და გაუსუფთავეთ? კი, მაგრამ შუბი ხალთაში რომ არ იმალება?
პრეზიდენტმა თქვა: «ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვიგონებთ. ეს არის აბსოლუტურად ელემენტარული რეალობა».
პრესცენტრი: «ეს ჩვენი გამოგონილი არ არის – ეს არის აბსოლუტური და ელემენტარული რეალობა».
მინდა ვიკითხო, «აბსოლუტურად ელემენტარული» და «აბსოლუტური და ელემენტარული» ვინმეს ჰგონია, რომ ერთი და იგივეა? ჩემი აზრით, ამის გაკეთება არ შეიძლება.
ეს არის ისეთივე სიყალბე, როგორი ყალბიცაა თითქმის ყველა ის «მოულოდნელი» სტუმრობები პრეზიდენტისა ხანდაზმულებთან, რომლებიც კარს შიგნიდან აღებენ და მერე თვალთმაქცობენ, თითქოს დაუპატიჟებელი სტუმრის მოსვლით უზომოდ გაიხარეს. იმას კი სულ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ამ ამბების გადამღები ოპერატორი პენსიონერი ბებიისა თუ პაპის ზურგსუკან დგას და ისე იღებს «მოულოდნელი სტუმრის» შემოსვლას მასპინძლის საცხოვრისში.
ან, თუ გნებავთ, ის ადგილი გადავამოწმოთ, სადაც პრეზიდენტი ამბობს: «ეს დიდი აგურია, მომავალი, ამ წუთში გვადგას თავზე და ვიმყოფებით მასში».
ამ სიტყვების პრესცენტრისეული ვერსია კი ასეთია: «ამ სასტუმროს შენობაც აგურის ერთი მწკრივია ჩვენი ქვეყნის მომავალში».
ყოჩაღ! აი, რედაქტირებაც ამას ჰქვია! რა «აგურის ერთი მწკრივი», საიდან? ვინ თქვა მსგავსი რამ? ეტყობა, იგრძნეს პრეზიდენტის გულშემატკივრებმა, რომ გამოსვლის ფინალი მთლად ვერ იყო წელში გამოყვანილი, მაგრამ ასეთ თავისუფალ ვარიაციებს მაინც არ მოველოდი, თუმცა რა გასაკვირია იმ ქვეყანაში, სადაც «ახალი ამბები კეთდება»? (და – არამარტო ახალი ამბები!).
იმავე გამოსვლაში პრეზიდენტმა თქვა: «კარგად იცით, რასაც ამბობენ ქართველები. გაიარეთ ქუჩაში და თავად მოგიყვებიან ჩემზე უკეთესად, რადგან საქართველო ამაყობს ამ ადგილებით, მაგრამ მინდა გიჩვენოთ და წაგიკითხოთ, თუ რას წერენ ქართველები საქართველოს განვითარებაზე».
ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამ კონტექსტში სიტყვა «ქართველები» არაა მთლად მორგებულად ნახმარი? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართველების შესახებ სხვა – არაქართველი მესაუბრება: «ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ («ინტელექტუალებს» გულისხმობს. – ლ. ღ.), მაგრამ ჩვენ და ჩვენი ხალხი ამას მშვენივრად იგებს და მიდის წინ», – დასძენს ბატონი პრეზიდენტი». გამოდის, რომ «ისინი», ანუ ქართველები რაღაცას ვერ იგებენ («მინდა გაჩვენოთ და წაგიკითხოთ, თუ რას წერენ ქართველები საქართველოს განვითარებაზე”), ხოლო ბატონი მიხეილი და «მისი» ხალხი («ჩვენ და ჩვენი ხალხი»…) ყველაფერს კარგად ხედავენ და მიდიან წინ.
ორატორი იქვე დასძენს: «არაფერს ვამბობ ამის დამწერის გონებრივ შესაძლებლობებზე – ნამდვილად არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ… და «გაკრიტიკება» ამის შემდეგ უნდა ნახოთ: «ის არის კლასიკური არქეტიპი რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონისა საქართველოში» და სხვა… მაგრამ ეს თურმე გაკრიტიკება არ ყოფილა(!).
პრესცენტრისეულ ვერსიაში გამოტოვებულია მთელი მონაკვეთი, რომელიც უძღოდა პრეზიდენტის მიერ მეორე «ქართველი» «ინტელექტუალის» ციტირებას. მართალია, პრეზიდენტის გამოსვლის პრესცენტრისეულ ტექსტში სიტყვა ინტელექტუალი ბრჭყალებშია ჩასმული და, ჩემი აზრით, არა იმიტომ, რომ ადრესატს ეს სიტყვა («ინტელექტუალი») არ მიესადაგება, არამედ თვით ბატონი პრეზიდენტი ფიქრობს ასე და კიდევაც დასცინის მას, მაგრამ ეს ფრაგმენტი პრეზიდენტის სამსახურმა ოფიციალურ ვერსიაში გამოსაქვეყნებლად არ მიიჩნია;
ამის მიუხედავად, სათქმელი ითქვა და აწი გინდა – დაბეჭდე და გინდა – დამალე!
სინამდვილეში კი ბატონმა პრეზიდენტმა თქვა: «…ამიტომ მინდა მეორე რაღაცა წაგიკითხოთ. ისე, დღეს ცოტა ამათი («ინტელექტუალების». – ლ. ღ.) დაცინვის ხასიათზე… დაცინვა არ არის ჩემ სტილში, მარა ცოტა, ცოტა უნდა გავაშაყირო (აი, კიდევ ერთი «მარგალიტი». – ლ. ღ.), არ შემიძლია (ანუ: არ შეუძლია, რომ არ გააშაყირნოს. – ლ. ღ.). მეორე ინტელექტუალი რას წერს ამას წინათ».
ეს ბოლო წინადადება პრესცენტრმა ასე გადააკეთა: «მინდა კიდევ ერთი რამ წაგიკითხოთ». მან კი თქვა არა «კიდევ ერთი რამ», არამედ – «მეორე რაღაცა».
ეჰ! რამდენი დაკვირვება და მოზომვაა საჭირო, სანამ კაცი რამეს იტყვი, თორემ შეიძლება ისეთი რამ წამოგცდეს, რომ შენდაუნებურად შენივე არაქართველობის «ქვეცნობიერი აღიარება» გამოგივიდეს.
ლევან ღვინჯილია