GEWORLD.NET: არგოსელ ბერძნებს დანაელებს ეძახდნენ. ტროას ომში ბერძენთა ლაშქარს არგოსის მეფე აგამემნონი მეთაურობდა. როცა დანაელებმა აქილევსის დაღუპვის შემდეგ იარაღით ტროას აღების იმედი დაკარგეს, ხერხს მიმართეს: დაამზადეს ხის უზარმაზარი ცხენი, შიგ რჩეული ვაჟკაცები ჩასხეს და ტროელების თვალის ასახვევად ქალაქს ალყა მოხსნეს. ტროელები ეჭვმა შეიპყრო, მაგრამ საგანგებოდ მიგზავნილმა ბერძენმა სინონმა (ეს ის სინონია, რომელიც დანტეს თავის «ღვთაებრივ კომედიაში» ჯოჯოხეთის მეათე გარსში ჰყავს მოთავსებული) ცბიერი სიტყვებით დაარწმუნა ისინი, დანაელებმა ალყა ნამდვილად მოხსნესო. ტროელებმა ხის ცხენი ქალაქში შეაგორეს და დაიძინეს. სინონმა გააღო ცხენში დატანებული ფარული კარი, გამოიყვანა მეომრები, გაუღეს ქალაქის ჭიშკარი დანაელებს და მუსრი გაავლეს ტროას. მისანმა ლაოკოონმა დროზე განჭვრიტა დანაელების ეშმაკობა, მაგრამ მის მგზნებარე სიტყვებზე ძლიერი სინონის ცბიერება აღმოჩნდა. არც მე ვარ ლაოკოონი და არც ეროსი კიწმარიშვილია სინონი (ისე, ჯოჯოხეთის მეათე გარსში მოთავსება ამასაც კი აქვს გარანტირებული), თუმცა ჩემს წერილებში ვაფრთხილებდი პოლიტიკოსებს, მორიდებოდნენ ამ ცბიერ და ორგულ კაცს, მაგრამ, როგორც აზრის, პოლიტიკისა და ახლა უკვე დიპლომატიის გიგანტი კოკო გამსახურდია იტყოდა, «ვერ დავძარი». ამ წერილში იმის შესახებ შეიტყობთ, თუ როგორ შეიქმნა ქართული პოლიტიკის «ტროას ცხენი» – «ქართული პარტია» «ნაცხელისუფლების» მზაკვრული მიზნების განსახორციელებლად, საზოგადოების მუხტის გასანეიტრალებლად და როგორ სძლია სიხარბემ ცნობილ პოლიტიკოსებს, როგორ გადაიქცა «ტროას ცხენი» «ტროას ზილად» და ვინ გაითამაშა ფარსი, რასაც ტრაგედია მოჰყვა.
ისინი ერთმანეთს ზუსტად ორი წლის წინათ პარიზში შეხვდნენ და პირი შეკრეს, რომ «ღვიძლი ძმები» გახდებოდნენ. ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიწმარიშვილი ირაკლი ოქრუაშვილს ეახლნენ და «ერთობლივი მოქმედების» გეგმაც დასახეს. იმავე 2009 წლის სექტემბრის დამლევს კი ჟენევაში «შესანიშნავ სამეულს» სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე შეუერთდნენ და ხელისუფლებასთან ბრძოლის სტრატეგიაც ჩამოაყალიბეს. გაჩეჩილაძე მაშინ საზოგადოებრივი მოძრაობის «დაიცავი საქართველო» ლიდერი იყო, გუნცაძე – მისი თანაგუნდელი, კიწმარიშვილი – ფონდ «202»-ის დამფუძნებელი, სოზარ სუბარი კი, უბრალოდ, – ოპოზიციონერი. თუმცა პარიზულ-ჟენევური «უმაღლესი დონის თათბირის» შედეგად, სწორედ ამ უკანასკნელს ხვდა წილად ახლადშექმნილი «ქართული პარტიის» თავმჯდომარეობა.
სოზარ სუბარი ბრენდი იყო და ლიდერებს კარგად ესმოდა, რომ მისი «შეურყვნელი» სახელის გამოყენება სარფიანად შეიძლებოდა. აბა, ვინ გაჰყვებოდა საეჭვოდ გაოპოზიციონერებულ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც საქართველოში ვერ ჩამოდის, და საეჭვოდ პრეზიდენტობადათმობილ გაჩეჩილაძეს, რომელმაც ვერა და ვერ შეძლო კეისრის ცოლივით ეჭვგარეშე ყოფნა?! აღარაფერს ვამბობ ყოფილ «მემარჯვენე» გუნცაძეზე, რომელიც ვერაფრით ჩამოყალიბდა სერიოზულ «ფეისად» და, მით უფრო, – სიხარბითა და სიწუწკით სახელმოხვეჭილ კიწმარიშვლზე, რომელიც პოლიტიკურ პროცესს ისე უყურებს, როგორც სტაჟიანი მენახირე – ჯიქანსავსე ძროხას!
პარტიას სახელიც «გაუქართულეს» და, როცა ამ პოლიტჩანახის მიმართ შეკითხვები გაჩნდა, ბევრი არ უფიქრიათ, პასუხიც უმალ მოგვაგებეს: თუ არ ენდობით ირაკლი ოქრუაშვილს, ენდეთ ლევან გაჩეჩილაძეს, თუ ლევანს არ ენდობით, ენდეთ სოზარ სუბარს, თუ სოზარს არ ენდობით, ენდეთ…
მოკლედ, არჩევანი დიდი არ იყო და პოლიტპროცესებში ღრმად ჩახედული ადამიანებიც თავიდანვე ეჭვით შეხვდნენ ამ ეკლექტურ ერთობას – ვერ მიმხვდარიყვნენ, რა საერთო შეიძლება ჰქონოდათ მათ.
თუ გადავხედავთ «ქართული პარტიის» ლიდერთა «უმწიკვლო» წარსულს, ერთ საერთოს ნამდვილად ვიპოვით – კოკა გუნცაძის გარდა (რომელიც მაშინ «ახალ მემარჯვენეებში» იყო), ყველა მათგანი ე. წ. ვარდების რევოლუციის «კოკორია» და მათ გაფურჩქვნას მხოლოდ სააკაშვილის ძალაუფლების უსაზღვრო სიყვარულმა და ასევე უსაზღვრო პატივმოყვარეობამ შეუშალა ხელი. კიწმარიშვილს მაშინდელი გარჯა დაუფასდა და ყოველთვის მოკლე ჯაჭვზე ჰყავდა დაბმული პრეზიდენტ სააკაშვილს; გაჩეჩილაძის სუსტი წერტილი კი მიშამ კი არა, ნებისმიერმა იცის – მისი «სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული» ერთობ შთამბეჭდავ განზომილებაში «ლივლივებს». რაც შეეხება სოზარ სუბარს, 2007 წლის დარბევის დროს თვითონ დაზარალებულმა ობმუდსმენმა ხელახლა გაპრეზიდენტებულ სააკაშვილს «გამარჯვება» «გაუპრავა» და პოლიტსარეცელზე ქალწულობაც შეინარჩუნა. თუმცა ამან ვერ უშველა და სახალხო დამცველობას მაინც გამოეთხოვა. აღარაფერს ვიტყვი ირაკლი ოქრუაშვილზე – მის «ქველობასა» და «საგმირო საქმეებზე» იმდენი დაიწერა, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეშურდება.
აი, ასეთი კოქტეილი შეიქმნა ორი წლის წინ და ახლა, ორი წლის თავზე, ერთმანეთს სულ «საწრუპავი ჩხირებით» ეხმალავებიან ჩვენი დროის მუშკეტერები. თითქოსდა ერთის წინააღმდეგ მომართულები ერთმანეთს დაერივნენ და ისეთი ბრალდებები გაისმა, ცნობილი «პოლიტდევნილის» – ბადრი ბიწაძის «ფარდის უკან ვიჯექი» რა მოსატანია…
სანამ ამ ბრალდებებზე ვიტყოდე, ჯერ იმას გავიხსენებ, რომ შესანიშნავ ხუთეულს მოგვიანებით და მოულოდნელად მეექვსეც შეემატა ბიზნესმენ კოტე გოგელიას სახით, რამაც ვითარება კიდევ უფრო გააბუნდოვანა. გოგელია «ვერის საძმოსთან» ასოცირდება, ისევე, როგორც კულტურის მინისტრი რურუა. მათი შესაძლო ახლანდელი კავშირი კი ერთობ საინტერესო თემაა. გაჩნდა ეჭვი, რომ პოლიტიკური კვინტეტი გოგელიას ფინანსებით ეცდებოდა მანევრირებას. ტელეკომპანია «მაესტროს» ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კი გოგელიას ინტერესები წინა პლანზე წამოსწია – მისი მეუღლე მაკა ასათიანი ტელეკომპანიის მოწილე გახდა.
თუმცა მანამდე ერასტოფელის აჩრდილი «მაესტროსაც» წამოადგა. 2010 წლის დამლევს მის მიერ დაფუძნებულმა «რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ», რომელიც «მაესტროს» მართავდა, ტელეკომპანიას დაფინანსება შეუწყვიტა. «მაესტროს» მაშინდელი გენერალური დირექტორის – კახა ბექაურის თქმით, ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც ტელეკომპანიაში ობიექტური სამაუწყებლო არხის მშენებლობის იდეით გადაწყვიტა «მაესტროს» მართვა, «ქართული პარტიის» შექმნის შემდეგ საკუთარი ხედვა შეცვალა.
მაინც რა უნდოდა ერასტოფელს? კიწმარიშვილი ტელეკომპანიის პარტიული პროპაგანდის იარაღად გადაქცევას ცდილობდა, რასაც «მაესტროს» თანამშრომლები და დამფუძნებლები არ დაეთანხმნენ. «არ შეიძლება ტელეკომპანიამ გაატაროს ხელისუფლების ან ოპოზიციის ინტერესები, ტელეკომპანია ყოველთვის უნდა ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს, საზოგადოებას კი ყოველთვის სჭირდება სიმართლე და ობიექტური ინფორმაცია,» – აცხადებდა მაშინ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი.
ტელეკომპანიას დავალიანება დაუგროვდა. «ჩვენ ინტერნეტი გათიშული გვაქვს, მალე დენსაც გაგვითიშავენ; კიწმარიშვილმა უზარმაზარი ვალი დაგვიტოვა. დაურეკეთ ერთი და ჰკითხეთ, აპირებს თუ არა დავალიანების გასტუმრებას; თუ არ აპირებს, – რა მოტივით; ის იმ პირობით მოვიდა, რომ პრესას მხარში დავუდგებიო, და ეს არის პრესის მხარში დადგომა?» – მამუკა ღლონტის ეს განცხადება წლეულს, 4 იანვარს, გაავრცელა «ინტერპრესნიუსმა». მისი განცხადებით, «მაესტროში» ახალი წლის დღეებში კიწმარიშვილის ნაბიჯს ელოდებოდნენ, რათა გაერკვიათ, ტელეკომპანიასთან მას ომი სურდა თუ მშვიდობა. «თუ სურს ომი, მიიღებს ომს,» – დასძინა ღლონტმა.
ომი კი უკვე დაწყებული იყო – კიწმარიშვილი რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძოდა.
2011 წელი მძიმედ შემოვიდა როგორც ბურჯანაძე-გაჩეჩილაძისთვის, ისე «მაესტრო»-კიწმარიშვილისთვის. თუ პირველ ბრძოლაში «ქართული პარტიის» ერთ-ერთი ლიდერის რეპუტაცია დადგა სერიოზული ეჭვის ქვეშ, მეორე ომში «მაესტრო» აღმოჩნდა ფორსმაჟორში. მაშინ ბევრმა არ მიაქცია ყურადღება ამ დამთხვევას. დრო კი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ოქრუაშვილის მანამდელი მკვახე შეძახილებიც ბურჯანაძე-»სახალხო კრების» მისამართით სწორედ ერასტოფელის პროვოცირებული იყო, რამაც ბურჯანაძის გაღიზიანება და «გრეჩიხაზე» დარტყმა გამოიწვია.
საიდან, ვისგან იცოდა კიწმარიშვილმა სააკაშვილ-გაჩეჩილაძის შავნაბადური შეხვედრის თაობაზე? გასაგებია, ძველ მეგობრობას – «ნაცურ» მენტალიტეტს ვერაფერს მოუხერხებ…
ხელისუფლების სტრატეგია, რომლის შედგენაშიც, ალბათ, ერასტოფელიც აქტიურად მონაწილეობდა, სწორედ გრძელვადიან პერიოდს მოიცავს და 2012 წლამდე მაინც უნდა მიეღწიათ, თუნდაც მცირე დანაკარგებით. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვათ ოპოზიციაში ავტორიტეტის გაჩენა და მით უმეტეს, სერიოზული ოპოზიციური ძალების გაერთიანება.
კიწმარიშვილმა კარგად ითამაშა ოქრუაშვილის თავდაჯერებულობასა და «ბატონი პრეზიდენტის» – გაჩეჩილაძის ვალებზე, ორივეს ცალ-ცალკე აქეზებდა. პარიზიდან გადმოღვრილმა აგრესიამ, უპირველესად, «გრეჩიხას» ავნო; ბურჯანაძეს ოქრუაშვილზე ახალი რაღა უნდა ეთქვა და, რაკი ნერვებმაც უმტყუნა, «იმ ვანოს» ბოლომდე გაჰყვა თამაშში – ქმარი მიუქსია გაჩეჩილაძეს. ამ უკანასკნელს კი თავის სამართლებელი არაფერი ჰქონდა. მით უფრო, იმ დღეებში სააკაშვილმაც ირიბად დაადასტურა ამგვარი შეხვედრის გამართვის ფაქტი. ძნელია რაიმეს მტკიცება, მაგრამ კახა კუკავას გაჩეჩილაძისთვის გაწეული დათვური სამსახურიც (ამდენი ვალები აქვს და, თუ ფული აიღო, რატომ არ გაისტუმრაო) იმ ხის ნაყოფია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარობს და რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი სათუთად დაჰფოფინებს.
«მაესტროს» დაშანტაჟების საქმეშიც კიწმარიშვილი აქტიურობდა. «ნაცმოძრაობის» ფეშქაშს კალაპოტში ჩაყენება სჭირდებოდა და გოგელიას პერსონაც სწორედ ამ დროს გამოჩნდა. კარგად გაიხსენონ ოქრუაშვილმა და გაჩეჩილაძემ მაშინდელი პერიპეტიები და მიხვდებიან, რომ ეს სრული სიმართლეა. სამაგიეროდ, უკვე მოგვიანებით, როცა «მაესტროს» «სილქნეტთან» დავა ჰქონდა, ამ უკანასკნელის ოფისთან სწორედ «ქართული პარტიის» აქტივს მოუყარეს თავი – «ობიექტურ ინფორმაციას მონატრებულ მაყურებლებად» წარმოაჩინეს.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოვედით მაისამდე და აქ დაიწყო ერასტოფელის აქტიური მოქმედების გადამწყვეტი ეტაპი. მერაბიშვილის მიცემულ და გოგელიას «გაპრავებულ» მილიონებს ნაყოფი უნდა გამოეღო. ყველას ეგონა, რომ ოქრუაშვილი საკუთარ ფულს ხარჯავდა. მისი სიძუნწის მცოდნენი კი ჰკვირობდნენ, ასეთი რა დაჰკრა პარიზულმა ნიავმა, ლონდრეს მიერ გაბრიყვებულ ვაჭარ გეოსავით რომ დაიწყო ფანტვაო. შემდეგ გოგელია გამოუჩნდათ და ხალხს უთხრეს, ბიზნესმენები გვაფინანსებენო. არც გოგელიაა პოლიტიკურ პროცესებში იმდენად გაურკვეველი, რომ საკუთარი ფული «ჰაერში გაესროლა». მით უმეტეს, რომ მან კარგად იცის, რა კატეგორიის ხალხია ახლა ხელისუფლებაში. «იმ ვანოს» ფული ოქრუაშვილის სიძუნწისა და გაჩეჩილაძის სიხარბის გამო «ქართულ პარტიას», რომ ეგონა, დედის რძესავით შეირგო, სინამდვილეში ძმრად წამოადინეს!
ამიტომაც დასცხეს ერთმანეთს ლიდერებმა!
«ქართულმა პარტიამ» თავისი მისია ამოწურა და აღარავის სჭირდება. მან წარმატებით შეასრულა პირველი მიზანი – «სახალხო კრების» დასუსტება მოახერხა და საპროტესტო მუხტიც დიდი ხნით გაანელა. ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი იყო «გრეჩიხასა და კომპანიის» მისვლა 22 მაისს ტელევიზიასთან, აქციაზე. ამ მისვლას მოჰყვა «კრების» მხარდამჭერთა სახლებში წასვლა, რადგან მათ კარგად ახსოვდათ, რას აცხადებდნენ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთზე. ახლა კი რაღაც ფარსში მონაწილეობა არ სურდათ. ცალკე «კრებამ» დაკარგა მხარდამჭერები და ცალკე «ქართული პარტიის» მხარდამჭერები გამოეთიშნენ პროცესს. ამას რომ მიხვდა, ამიტომაც მიიღო ბურჯანაძემ გაჩეჩილაძის ხელის გადახვევა და ამბორი ალმაცერად. მაგრამ ვერაფერს იზამდა, მას იმ ვითარებაში გამოსავალი არ დაუტოვეს!
შემდეგ იყო 25 მაისი – ბურჯანაძის მიტინგი პარლამენტთან და ოქრუაშვილის დაანონსებული «მრისხანების დღე». ეს ყველაფერი რით დამთავრდა, ამის თაობაზე მხოლოდ ქართული კი არა, მსოფლიო პრესა წერდა და ისედაც იცით. ხოლო ხელისუფლების გავრცელებული სატელეფონო საუბრები შიდა ქართლში «ხვნა-თესვის» შესახებ და ტელეკადრები, თუ როგორ «მოიწიეს მოსავალი» სპეცსამსახურებმა, ისევე სასაცილოდ გამოიყურება, როგორც «გვარამია პიქჩერზის» სამი წლის წინანდელი «ტელეპროდუქტი». აღარაფერს ვამბობ «ზილზე» და მის ძარაზე «დატვირთულ» რუსეთის «გრუს» სპეცრაზმელებზე. ეს ცალკე სახალისო თემაა – თუ რუსეთმა თავისი სპეცრაზმის გამოყენება სცადა, არა მგონია, «ზილზე» უკეთესი ვერაფერი მოეძებნა მიზნის მისაღწევად.
სინამდვილეში სწორედ ეროსი კიწმარიშვილი – ერასტოფელი მართავს «ტროას ზილს», რომელმაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაანგრია და სააკაშვილის ხელისუფლებას ძალაუფლებით ტკბობა გაუხანგრძლივა.
«ირაკლი მრისხანე» გვიან მიხვდება, არადა, კარგი იქნება, ახლავე იცოდეს, რომ ერასტოფელის აჩრდილი სულ ახლახან გამომცხვარი ახალი სკანდალის უკანაც დაილანდა. ვინც «მაესტროზე» ოქრუაშვილის ტელეინტერვიუ ნახა, დამერწმუნება, რომ სწორედ ასეთ რისხვას აფრქვევენ გაბრიყვებული ადამიანები, როდესაც საბოლოდ გააცნობიერებენ, როგორ გაასულელეს. ოქრუაშვილის თავის მართლებაც, გაბუტული გარეგნობაც და დათრგუნული ხმის ინტონაციაც ამის მაჩვენებელი იყო. დარწმუნებული ვარ, ინტერვიუმდე რომ ელაპარაკებოდა ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს, მაშინ უფრო ადეკვატური იქნებოდა.
რაც შეეხება გაჩეჩილაძის შენახვის ხარჯებს, ეს აღარავის უკვირს. მისი «პარაშუტისტობის» ამბავი საყოველთაოდ ცნობილია. მის შენახვას რომ დიდი ფული დასჭირდებოდა, მანამდეც უნდა სცოდნოდა ნაპროკურორალ-ნამინისტრალს. აქ მთავარი ის კი არ არის, რამდენი მოითხოვა «გრეჩიხამ» და რამდენი მიიღო; მთავარი ის არის, რომ, რაც უნდა თქვა მისი ფულისადმი «სიმპატიების» შესახებ, აღარავის უკვირს და ისე აღიქვამს, თითქოს სწორედ ასეც უნდა იყოს!
ვინ დარჩა მოგებული? რასაკვირველია, ხელისუფლება – მან, მართალია, ვერ გაიმარჯვა (და საერთოდ, ამ ბრძოლაში გამარჯვებული არ ყოფილა), მაგრამ მისთვის მთავარია, რომ, როგორც უავგუსტესი სააკაშვილი აცხადებს ხოლმე, «მთავრობა არ ჩამოიშალა». ერასტოფელის ფუნქციაც ეს იყო და კიდევ არაერთხელ მოვისმენთ მისგან გაბრიყვებულ ოპოზიციონერთა მოთქმას!
ბონდო მძინარაშვილი