Home რუბრიკები პოლიტიკა 08.08.08 ანუ პარაზიტიზმის ანატომია

08.08.08 ანუ პარაზიტიზმის ანატომია

GEWORLD.NET:აგვისტოს ომის დაწყებიდან სამი წელი სრულდება. უახლოეს დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ, შემოგვთავაზებენ ისტერიული რიტორიკის მორიგ სეანსს, რომლის ცენტრში ამჯერად, როგორც ჩანს, აშშ-ის სენატის მიერ ახლახან მიღებული რეზოლუცია იქნება. ისინი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე ირბენენ ამ რეზოლუციით, ისევე, როგორც ადრე დარბოდნენ «მაპით», «მაპზე უკეთესით» და «ბუქარესტის სამიტით»; მოკლედ, აგვისტოს ომში ჩვენი მოწინააღმდეგეების ძველისძველი ანდაზისა არ იყოს, «Как дурень с писаной торбой» ირბენენ და იყვირებენ სრულ გამოფიტვამდე. ეს კი, ალბათ, კიდევ უფრო დაგვაშორებს აგვისტოს კატასტროფის გააზრებას, რომლის გარეშე ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე ფიქრი, უბრალოდ, არ გამოგვივა.
თქმა უნდა, ვიღაცას შეუძლია ისტერიკები მოაწყოს, ჰალსტუხი ღეჭოს და მიწაზე იხოხოს; ვიღაცას კი, თავის მხრივ, შეუძლია ამის გამკეთებელს დასცინოს, თუმცა მთელი ეს «მახინჯების ცირკი» (Cirque to Freak), რომელიც, სხვათა შორის, არა მხოლოდ მასხარებისგან, არამედ მაყურებლებისგანაც შედგება, ალბათ, არ არის ის ადგილი, სადაც აგვისტოს ომის მორიგ წლისთავს უნდა შევხვდეთ. არავინ დავობს იმაზე, რომ სამი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა უამრავი ისეთი რამ ჩაიდინა, რის ანალოგიც საქართველოს მრავლისმნახველ ისტორიაში, უბრალოდ, არ მოიძებნება, თუმცა გაცილებით პატიოსანი (საკუთარ თავთან), ალბათ, იმის აღიარება იქნება, რომ სააკაშვილიც და აგვისტოს ომიც ქართულმა საზოგადოებამ შვა.
ჩემს მიზანს პათეტიკური თვითგვემის სეანსის მოწყობა ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ იმ მარცხს არამხოლოდ გეოპოლიტიკური წინაპირობები ჰქონდა. გამორიცხული არაა, რომ ქვეყნის მარში კაპიტულაციისკენ 2008 წლის აგვისტომდე გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც შრომას, სწავლასა და რწენას გადავეჩვიეთ, ზოგი – ერთ-ერთს, ზოგი კი – ყველაფერს ერთად.
მოწინააღმდეგე ასე ძლიერი რომც არ ყოფილიყო, დეჰუმანიზაციისა და (რაღა დასამალია) დეგრადაციის გზაზე შემდგარი საზოგადოება ახალი დიდგორის მშობელი, ალბათ, მაინც ვერ გახდებოდა. ასეთი საზოგადოებები და სახელმწიფოები ადრე თუ გვიან მაინც მარცხდებიან.
საკუთარი ქვეყნის ნანგრევებზე გაღვიძება ძალიან მძიმე რამ არის, თუ, ცხადია, სული ამპუტირებული არ გაქვს და დასაქოქი სათამაშო მაიმუნივით გამუდმებით არ იმეორებ: «დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია». ასეთ დროს უაღრესად რთულია იმ სიტყვების მოძებნა, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას ადეკვატურად მიესადაგება. ალბათ, ურიგო არ იქნება, ორი მაგალითი განვიხილოთ.
1945 წელი, იაპონიის კაპიტულაცია; იმპერატორი ხიროხიტო: «აუცილებელია, რომ მთელმა ერმა თაობიდან თაობაში მკაცრად დაიცვას ჩვენი ღვთაებრივი სამშობლოს ურღვეობის ტრადიცია, იტვირთოს პასუხისმგებლობის ის დიდი ტვირთი, რომელიც ქვეყანას დააწვა. ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გააერთიანეთ თქვენი ძალა შემოქმედებისათვის, მომავლისათვის. დაიცავით სამართლიანობის გზები, სულის კეთილშობილება და იმუშავეთ იმ განწყობით, რომ შეგიძლიათ იმპერიას მარადიული დიდება მოუტანოთ». ამას ვერაფერს დავამატებთ, იმპერატორმა, ალბათ, სწორედ ის სიტყვები იპოვა, რომლებიც ერს სჭირდებოდა და ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ცარიელი რიტორიკა, რომელსაც ასე მივეჩვიეთ. კაცმა რომ თქვას, ეს მთელი პროგრამაა, რომლის წარმატებული განხორციელება დღემდე გრძელდება.
იყო კიდევ ერთი საინტერესო, ცოტა უფრო რთული შემთხვევა. 1865 წელი, ამერიკული სამოქალაქო ომის დასასრული; თავის უკანასკნელ მიმართვაში კონფედერაციის პრეზიდენტი ჯეფერსონ დევისი წერდა: «უფლის უსაზღვრო მოწყალებასა და ზრუნვას მინდობილებმა, მოდით, დავხვდეთ მტერს თამამი დაუმორჩილებლობით, მედგარი და დაუმარცხებელი გულით; წინააღმდეგობა გაგრძელდება მანამ, სანამ მტერი გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება და არ შეწყვეტს უნაყოფო და აუტანელ მცდელობებს, დაიმონოს ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავისუფლები გამხდარიყვნენ». დღეს სამხრეთის შტატები აშშ-ის შემადგენლობაშია, კონფედერაცია აღარ არსებობს, მაგრამ ის, რასაც შეიძლება «სამხრეთის სული» (ან გნებავთ, დევისის მიხედვით, «გული») ვუწოდოთ, ისევ ცოცხალია. სამხრეთში კვლავ იბადებიან კარგი მწერლები, მამაცი მეომრები და ღირსეული, თავისუფალი ადამიანები. თუ ოდესმე გამართლდება სემუელ ჰანტინგტონის ბოლო წიგნის «ვინ ვართ ჩვენ?” პროგნოზი (ამ ნაშრომისთვის ოდესღაც წინასწარმეტყველად შერაცხული მოაზროვნე ლამის ჯვარს აცვეს) და აშშ დეზინტეგრაციის გზას დაადგება, სამხრეთის შტატები, ალბათ, როგორმე მოუვლიან თავს, რადგან აქტივში სწორედ ის დაუმარცხებელი (Invi­ctus – ძველად რომ იტყოდნენ) გული აქვთ.
აქ შეიძლება ვინმე შეგვეკამათოს და გვითხრას, რომ დევისი მშვენივრად აცნობიერებდა, თუ ვინ იყო სამხრეთელების მოწინააღმდეგე, ჩვენში კი ბევრ მოქალაქეს ჯერაც ვერ გაურკვევია, ვინ არის საქართველოს ყველაზე საშიში მტერი: რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ცხინვალთან დგანან, თუ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში ზის. ცხადია, თუ ჩვენ მათ მიერ საქართველოსთვის მიყენებულ მატერიალურ და მორალურ ზარალს შევადარებთ, შეიძლება ფრიად პარადოქსულ დასკვნებამდე მივიდეთ, თუმცა შესაძლოა, მთავარი მტერი არც ცხინვალთანაა და არც რეზიდენციაში, არამედ ჩვენს თავში, ჩვენს შიგნით. მეტიც, დღეს ჩვენ, სავარაუდოდ, არ ვფლობთ ისეთ რესურსს, როგორიცაა «იაპონური სული» ან «სამხრეთული გული» და ჩვენი მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო პრობლემურია, ვიდრე თავის დროზე ჰიროხიტოს ქვეშევრდომებს ან ამერიკელ კონფედერატებს ჰქონდა.
სხვათა შორის, ამ ბოლო გარემოების გააზრება ტოტალური ნიჰილიზმის საფრთხეს უკავშირდება, ზოგიერთი ადამიანი ამ დროს იმის მტკიცებას იწყებს, რომ ოდითგანვე უნარშეზღუდულები ვიყავით და არაფერი შეგვიძლია. საქართველოს ისტორია საპირისპიროზე მიუთითებს, როდესაც ერი პოულობდა განვითარების (ან ომის წარმოების) ოპტიმალურ სტრატეგიას, ის მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა, თუმცა ამას წინ უძღოდა კონცენტრაცია ისეთ არამატერიალურ, ძნელად აღსაწერ სფეროებზე, როგორიცაა (იმპერატორ ხიროხიტოს თქმის არ იყოს) «სამართლიანობა» და «პასუხისმგებლობა».
მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ: რა გახდა ჩვენი ბოლოდროინდელი ყოვლისმომცველი მარცხის მიზეზი, რომლის ყველაზე რელიეფური შემადგენელი ნაწილი აგვისტოს კატასტროფა გახდა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს სხვადასხვა ადამიანები ხშირად ამა თუ იმ უარყოფითი გარემოებების ან თვისებების ჩამოთვლას იწყებენ (მაგალითად, ,ეკონომიკური ჩამორჩენილობა, სამხედრო სისუსტე, სიზარმაცე, იდიოტიზმი და ა.შ.). საბოლოო ჯამში, ეს ემსგავსება სიმპტომების ჩამოთვლას დიაგნოზის დასმის ნაცვლად. თუმცა, შესაძლოა, «დედა-ბიოლოგია” დაგვეხმაროს იმაში, რომ ვითარების დასახასიათებლად ზუსტი მეტაფორა ვიპოვოთ.
არის ამქვეყნად ასეთი რამ, რასაც პარაზიტიზმს უწოდებენ. სასიამოვნო მასში ნამდვილად არაფერია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პარაზიტების უმრავლესობა არ კლავს იმ ორგანიზმებს, რომელთა ხარჯზეც იკვებება. თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი პარაზიტოიდების სახით, ისინი კვების პროცესში სწორედ რომ კლავენ იმ ორგანიზმებს, რომელთა ხარჯზეც ცოცხლობენ. მეცნიერებას რომ არ ჩავუღრმავდეთ, აღვნიშნოთ, რომ პარაზიტოიდის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი განსახიერება არის «უცხო» (Aლიენ) რიდლი სკოტის ამავე სახელწოდების ფილმიდან. შესაძლოა, ვინმემ იფიქრა, რომ ეს ვცელი შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა პარაზიტოიდებს შევადარო. ეს, ერთის მხრივ, ალბათ, სავსებით სამართლიანი და ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, საქმე, როგორც ჩანს, უფრო რთულადაა და პარაზიტოიდული ცხოვრების წესი მხოლოდ ქვეყნის მმართველთა ვიწრო წრეში არ სუფევს და მას საზოგადოებაში საკმაოდ მყარი ფესვები აქვს გადგმული.
საქართველოს მთავარი პრობლემა, შესაძლოა ისაა, რომ მასში კრიტიკულად დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ, (ნებისმიერ ფასად) ცხოვრება სხვის ხარჯზე მოიწყონ, ხოლო წელში გადატეხილ, დაინვალიდებულ ქვეყანას არ შეუძლია ამდენი პარაზიტოიდი გამოკვებოს და ის ნელ-ნელა კვდება. ყველას ნამდვილად არ ეხება, თუმცა ჩვენ გვერდით ნამდვილად ცხოვრობენ და თავს ასე თუ ისე კომფორტულად გრძნობენ: მამაკაცები, რომლებიც იმ ფულით ქეიფობენ, რომელიც მათმა ცოლებმა თურქეთის ბორდელებში იშოვეს; ოფიცრები, რომლებიც გარბიან და ბრძოლის ველზე ახალბედა ჯარისკაცებს და დაჭრილებს ტოვებენ; უვიცი ექიმები, რომლებიც პაციენტებს ჯერ ატყავებენ (გადატანითი მნიშვნელობით), შემდეგ კი (პირდაპირი მნიშვნელობით) კლავენ; პოლიციელები, რომლებიც თანამოქალაქეებს, მათ შორის ქალებსა და მოხუცებს სადისტურად უსწორდებიან იმისთვის, რომ პრემია მიიღონ; პოლიტიკოსები, რომლებზეც საუბარი საერთოდ არ ღირს, რაფინირებული ნაძირლები (უკაცრავად, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, თანაც ტელევიზორი ჩართული მაქვს და ამ წუთას ეკრანზე ვხედავ), რომლებიც მზად არიან, ყველაფერი ზემოჩამოთვლილი გაამართლონ, და უამრავი სხვა პროფესიისა და საზოგადოებრივი სტატუსის მქონე ადამიანი, რომლებიც საკუთარი თავის გარშემო ყველაფერს ანადგურებენ.
ასეთი ადამიანები ნებისმიერ ქვეყანასა და საზოგადოებაში არსებობენ, თუმცა მათი ხვედრითი წილი საქართველოში, როგორც ჩანს, კრიტიკულად დიდია (ახლა კი მთავარი და პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ?) მათმა ცხოვრების წესმა და «ფასეულობებმა” იმდენად ფართო გავრცელება ჰპოვა, რომ ბევრი ახალგაზრდა მივიდა დასკვნამდე, რომ სწორედ ასე უნდა იცხოვროს. «უცხოთა» (პარაზიტოიდების) ნაკვალევი ყველა სფეროს ეტყობა სოციალური პოლიტიკიდან დაწყებული, ვიდრე საგარეო პოლიტიკამდე, თუმცა სააკაშვილის რეჟიმი ამ კონტექსტში მხოლოდ გვირგვინია, რომელიც არსებობის პარაზიტოიდულ ფორმაზე გადაწყობილმა საზოგადოებამ (კი, ბატონო, მისმა ნაწილმა; იმედია, არავის ეწყინა) თავზე დაიდგა. აღარ შეუძლია ამ ქვეყანას ამდენის ატანა, ის კვდება, თუმცა რიდლი სკოტის ზემოთ ნახსენები ფილმი ნათლად გვიჩვენებს, რომ საკუთარი ნებით «უცხონი» (პარაზიტოიდები) არასოდეს ჩერდებიან. ნამდვილად არ მინდა ეს ტექსტი საშინელებათა ფილმს დაემსგავსოს, თუმცა ასეთი «უცხო» რაღაც ფორმით, ალბათ, თითოეულ ჩვენგანში ბუდობს; ზოგში – დიდი, ზოგში კი – პატარა.
ზოგადი ჩამორჩენილობა, სამხედრო-პოლიტიკური სისუსტე, ბარბაროსობა და გაუტანლობა სათავეს, შესაძლოა, სწორედ ამ წყაროდან იღებს, ისევე, როგორც მარცხი აგვისტოს ომში და უამრავი სხვა უბედურება. ასე თუ გავაგრძელებთ, ქვეყნის გადარჩენის შანსი (სრული სერიოზულობით ვამბობ) ძალზე მცირე გახდება (გეგონება, ახლაა დიდი).
დღეს საკმაოდ მძიმე საუბარი გამოგვივიდა, თუმცა აგვისტოს ომის მესამე წლისთავი, ალბათ, მაინც გვიბიძგებდა იმისკენ, რომ ამ რთულ თემებს შევხებოდით. მარცხის მიზეზების გააზრება გულისხმობს არა მხოლოდ გენშტაბის მიერ სამხედრო კამპანიის საგულდაგულო აღწერას, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის დაფიქრებას იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში ჩვენ თავს; მარცხიდან სწორი დასკვნების გამოტანა, როგორც წესი, წინსვლის შესანიშნავ წინაპირობებს ქმნის, შემთხვევითი არაა, რომ ჩინელები სიტყვებს (ცნებებს) «კრიზისი» და «შესაძლებლობა» ერთი და იმავე იეროგლიფებით გადმოსცემენ. თუმცა არის სხვა გზაც: ვლანძღოთ (ან ვადიდოთ) სააკაშვილი, პუტინი, ობამა, სარკოზი, მოკლედ ყველა, ვინც თვალთახედვის არეში მოხვდება, ტრადიციული ტაშ-ფანდური ხშირ-ხშირად გავმართოთ და ვიყოთ ისე, როგორც ახლა ვართ.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here