GEWORLD.NET:
„რუსეთის შეიარაღებული ძალები, ისევე, როგორც მესაზღვრეები, რუსეთის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან და მათი „ოკუპანტებად“ მოხსენიება დაუშვებელია,“ – განაცხადა ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა.
მისი ეს განცხადება პასუხად მოჰყვა აშშ–ის სენატის რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას და გმობს რუსეთის მოქმედებებს. რეზოლუციის თანახმად, რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს რეზოლუცია „უმეცარ პიარად“ შეაფასა, რაც საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ განწყობილებას იწვევს.
„ჩვენ არ ვასწავლით ამერიკის სენატს ანბანურ ჭეშმარიტებებს იმის შესახებ, თუ რა არის ოკუპაცია. რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფება მის მიერ აღიარებული ქვეყნის ტერიტორიაზე და ოკუპანტი ვერ იქნება. ისინი რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და შეთანხმების საფუძველზე იცავენ ოს ხალხს საქართველოს მხრიდან ხელახალი აგრესიისაგან,“ – აცხადებს ჯიოევი.
იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ოსეთი არასოდეს იყო საქართველოს შემადგენლობაში და ამიტომ მის ტერიტორიულ მთლიანობას ვერაფრით დაემუქრება.
ამერიკელ სენატორთა განცხადებებთან დაკავშირებით, დევნილთა აუცილებელი დაბრუნების შესახებ ჯიოევმა წუხილი გამოთქვა, აშშ–ის მიერ „ორმაგი სტანდარტების გამოყენების გამო“. მას მიაჩნია, რომ, „თუკი ამერიკელ სენატორებს ასე ადარდებთ დევნილთა ბედი, მაშინ ისიც უნდა გაიხსენონ, რომ საქართველოდან ეთნიკური ნიშნით განდევნილი ასი ათასი ოსი დღესაც რუსეთში ცხოვრობს“.
ჯიოევს მიაჩნია, რომ ამერიკის სენატის რეზოლუცია არის მცდელობა, კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიაა, რომელზეც საერთაშორისო ძალების მანდატი ვრცელდება: „სინამდვილეში ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საქართველოს ტერიოტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს არანაირი შეხება არ აქვთ“.