საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა თბილისის ანძის მფლობელი შპს „ალფა-კომი“. 4-წლიანი მართვის უფლების მოსაპოვებლად სულ რაღაც 100 ათასი ლარი იყო საჭირო.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დებიტორული დავალიანება 6988202 ლარია, ხოლო კრედიტორული – 2917158,59 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია 4 წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს და არ შეცვალოს ობიექტის საქმიანობის პროფილი.
შპს „ალფა-კომი“ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრეა. მას ეკუთვნის არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა ემსახურება 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას. შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ არის ხელისუფლების მიზანი – მთელი დამოუკიდებელი ქართული ტელერადიო მედია პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც მასზე დამოკიდებული გახადოს. ახალი მფლობელი ძველი ვალების ამოღებას შეეცდება და ვინც ვერ გადაიხდის, მომსახურებასაც შეუწყვეტს. სურვილის შემთხვევაში კი კერძო კომპანია სიხშირის მომსახურების ტარიფსაც გაზრდის და ისედაც ხელმოკლე მედიასაშუალებებს სულს ამოხდის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ალფა–კომი“ მონოპოლისტია, გასაგებია, თუ ვინ გააკონტროლებს ელექტრონულ მედიასივრცეს.
აუქციონი დღეს, 17 საათზე www.eauction.ge-ზე გაიმართა და მყიდველიც გამოჩნდა. გამარჯვებული ინვესტორის ვინაობის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვებ-გვერდზე მოგვიანებით განათავსებს.
აუქციონის პარალელურად მედიასაშუალებების – „რეზონანსის“, „ალია-ჰოლდინგისა“ და ტელეკომპანია „კავკასიის“ ორგანიზებით ტელეანძის გასხვისების საწინააღმდეგო საყვირების აქცია „სტოპ, ვერა!“ გაიმართა, რომელსაც „ეროვნული ფორუმის“, „საქართველოს გზის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „ლეიბორისტული პარტიის“, „თეთრი მოძრაობის“, „ხალხის პარტიისა“ და „კონსერვატორული პარტიის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ეკონომიკის სამინისტროდან ყურადღება არავის მიუქცევია მათი პროტესტისა და ტრანსპარანტებისთვის: „სტოპ, ვერა!“, „ნუ ებრძვით მედიას!“, „მოგვეცით ინფორმაცია!“
ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნინო ჯანგირაშვილს, რომელიც ამ დღეებში აუქციონში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა, ეჭვი აქვს, რომ ყოფილი ტელე-რადიოცენტრის მომავალი მფლობელი 12-მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებს და იგი საჭირო თანხების მობილიზებას მართვის უფლებით გადაცემული ობიექტების ქონებიდან მოახდენს. „ტელე-რადიოცენტრის ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიებზე ათეულობით ძველი, ამორტიზირებული ანძაა ჩამარხული, რომელთა ჯართის სახით გატანა და გაყიდვა მფლობელს მილიონებს მოუტანს“, – განაცხადა ჯანგირაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის კორუფციული გარიგება და ანძის მართვის დაპატრონებას ხელისუფლება ცდილობს.
ნინო ჯანგირაშვილი „ალფა-კომის“ აუქციონის შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ მან დღეს ფრაქცია „ერთიანი სამართლიანობისთვის“ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ალფაკომის“ აუქციონის პროცესზე ისაუბრეს. ჯანგირაშვილის თქმით, მას აქვს საკმარისი იურიდიული მასალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმჭვირვალედ ხდება ეს პროცესი და მას გაასაჩივრებს კიდეც, რადგან საქმე პირდაპირ ეხება სახელმწიფო კორუფციას – აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა იყიდება და რა რაოდენობის ქონება გადის აუქციონზე.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ და დიდ სახელმწიფო ქონებას იგდებს ხელში“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა. იგი „ალფა-კომის“ 100%-იანი წილის მართვის უფლების გადაცემის შედეგად სატელევიზიო სივრცეში დისკრიმინაციული და კაბალური გარემოს შექმნასაც ელის.
ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის განცხადებით, „უნდა მოეწყოს საჯარო დისკუსიები, თუ როგორ და რა პირობებით უნდა გასხვისდეს ანძა. ეკონომიკის სამინისტროს დამოკიდებულება, პარლამენტისა და ჟურნალისტების მიმართ, სამარცხვინოა“.