საქართველოს კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ „რეკომენდაციების” პროექტი წარმოადგინა. დოკუმენტში, რომელიც ქართველ კანონმდებლებს დასავლელმა „მეგობრებმა” მოუმზადეს, შავით თეთრზე წერია, რომ ახალ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერით ერთი და იმავე სქესის ადამიანებს პარტნიორობა არ უნდა აეკრძალოთ: „ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არცერთ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს, როგორც ერთი და იმავე სქესის მქონეთათვის პარტნიორობის აკრძალვა”, – აღნიშნულია პროექტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია, დაიცვას ევროსასამართლოს სტანდარტები „ერთსქესიანი წყვილების” სამოქალაქო კავშირების ან დარეგისტრირებული პარტნიორობის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით: „თუ ცვლილებების პროექტი ცალსახად გამორიცხავს ერთსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთსქესიანთა პარტნიორობას.
საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია, დაიცვას ევროსასამართლოს სტანდარტები და უზრუნველყოს სამართლებრივი აღიარება (როგორიც არის სამოქალაქო კავშირები ან დარეგისტრირებული პარტნიორობა ერთსქესიანი წყვილებისთვის)”, – ხაზგასმულია დოკუმენტის პროექტში. კონკრეტულად რას ნიშნავს და რას შეცვლის აღნიშნული „რეკომენდაცია” საქართველოსთვის, იქნება თუ არა იგი საბოლოოდ კონსტიტუციაში გათვალისწინებული და რა სახის კონსტიტუციას მივიღებთ, თუ კი ვენეციის კომისიის მითითებები მასში ზედმიწევნით აისახება, „საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის ავჭალის წინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა.
მამა გიორგი (რაზმაძე): პატიოსანი და თავმოყვარე ხელისუფალი რომ გვყავდეს, ვერცერთი სახელმწიფო და მით უმეტეს რაღაც უცხოეთის კომისიები ვერ გაბედავდა უზნეობის მოხვევას, მაგრამ სამწუხაროდ ამ უნამუსო ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის „რეკომენდაციები” ღვთის რჯულზე მაღლა დგას. ეს ეხება მთავრობასაც, პარლამენტსაც და მთლიანად მმართველ გუნდს. არაფერს ვამბობ ე.წ. არასამთავრობოების მეხუთე კოლონაზე, რომლებიც პირდაპირ ფულს იღებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. რაც შეეხება კონკრეტულ „რეკომენდაციას”, ღვთის რჯულში, წმინდა წერილში პირდაპირ წერია, რომ ქორწინება არის წმინდათა წმინდა. უფალი თავად მივიდა ქორწილში, აკურთხა და წყალი ღვინოდ გადააქცია. ანუ, ეს რას ნიშნავს, ამ სასწაულით ღმერთმა დაადასტურა, რომ ადამიანების გამრავლება ღვთისგან კურთხეულია და ეს ყველაფერი უფლის ნებით ხდება; და დღეს ვინც ამბობს, რომ ქალის ქალზე ან კაცის კაცზე ქორწინება ნორმალურია, რომ არაფერი ამაში ცუდი არ არის და სოდომია ოფიციალურად უნდა დაკანონდეს, კეთილი ინებონ, ჩავიდნენ ისრაელში. ნახონ და კარგად დაათვალიერონ სოდომ-გომორი, რომელსაც დღესაც ცეცხლი უკიდია…
– ჩვენს შემთხვევაში რა სახის უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს „სექსუალური უმცირესობების” უფლებების გაზრდას, ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას?
– ჩვენ ხომ ევროპის გზას ვადგავართ, (ეს ოფიციალურად დეკლარირებული პოლიტიკაა) და რაც ევროპაში ხდება, აქაც უნდა დაკანონდეს, – ერთსქესიანთა ქორწინება, მერე ამ „ერთსქესიანი წყვილებისთვის” შვილის აყვანის უფლების მინიჭება… დღეს შეიძლება გვეუბნებიან, რომ არავინ არაფერს გვაძალებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ფარისევლური პოლიტიკაა. აბა წინდაწინვე რომ უთხრან საზოგადოებას, რა პროცესები მიდის და რის დაკანონებას აპირებენ, რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდება ევროკავშირი? ვინ დაუჭერს მხარს პოლიტიკურ ძალას, რომელიც დასავლელი ცისფერი კომისრების მიერ იქნება მართული?! ეს ვენეციის კომისია კიდევ გატენილია „ნეოლიბერალი” გლობალისტებით და სინამდვილეში ისინი რეკომენდაციებს კი არ იძლევიან, თითს უქნევენ ჩვენნაირი ვასალი სახელმწიფოების ხელისუფლებებს. აბა ამათმა გაბედონ და რამე ისე არ შეასრულონ… არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ კი ამ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზროვნების უნარი შერჩენია და სჯერა, რომ ღმერთი არსებობს, უნდა მიხვდეს, რა სამარცხვინო მდგომარეობაშია. უნდა გააცნობიეროს, რომ ვენეციის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების მითითებებით სახელმწიფოს მართვა ჩვეულებრივი ღალატია და ადრე თუ გვიან ხალხი ამას არ აპატიებთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოებთ, რომ ქართველ ერს ღირსება შევუნარჩუნოთ. ამისთვისაა ეკლესია, ამისთვისაა სამღვდელოება და ხალხი, რომელიც რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ უნდა შეეგუოს ამ სიბინძურეს…
– საღი აზროვნების უნარი ახსენეთ, ხელისუფლებაში ხედავთ საღ ძალებს?
– დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მეორე დღეს კი გავარდნენ და პატრიარქთან დადგნენ. ეს ადამიანები საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან და იმის წარმოჩენას ცდილობენ, რომ ვითომ ეკლესიურები არიან. სინამდვილეში მათი ცხოვრება სიბილწითაა აღსავსე და არ არსებობს მათთვის არაფერი წმინდა. შემიძლია, გულზე ხელი დავიდო და ვთქვა, რომ ნებისმიერი ხელისუფალი დღეს სიბილწით ცხოვრობს. სინდისი არააქვთ მათ ელემენტარული შერჩენილი იმიტომ რომ, როცა ადამიანი მიდის და გარკვეულ უცხოურ ძალებს ელაპარაკება საკუთარი ქვეყნის გარყვნაზე, მას სინდისზე უკვე ხელი აქვს აღებული. ეს ერთი და მეორეც, საქართველოს რომ ნორმალური ხეისუფლება ყავდეს, ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრძალავდა. ყოველ შემთხვევაში, დაინტერესდებოდა და გამოიძიებდა, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, რა ძალები დგას მათ უკან და რა მიზანს ემსახურებიან.
– ეს, ალბათ დამეთანხმებით, რომ გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და მის პოლიტიკურ გარანტორ დასავლურ ძალებს შორის. რამდენად არის მზად ამისთვის ჩვენი ხელისუფლება?
– ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს როდესაც აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა მართოს, ის მზად უნდა იყოს ყველა გამოწვევისთვის, მიუხედავად იმისა, რა სირთულეებსაც არ უნდა იწვევდეს ეს. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ქვეყნის გარყვნისთვის. ახლა რამდენიც უნდა იძახონ, ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანიაო, გეიაღლუმები და ცისფერების ქორწინება ქართველი ხალხისთვის არასოდეს იქნება მისაღები. ეს არის რეალობა. თუმცა მათთვის ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და მთავარი ის კი არ არის, ხალხი რას ფიქრობს, მთავარია ვენეციის კომისია რამდენად კმაყოფილია, რამდენად შეესაბამება კონსტიტუცია ევროსასამართლოს სტანდარტებს…
– ვთქვათ, თუ კონსტიტუციაში არ განისაზღვრა ოჯახის ცნება და შეიქმნა ერთსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონების შესაძლებლობა, რა ფორმით უნდა დაუპირისპირდეს ამას საზოგადოება?
– სამწუხაროდ დღეს საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა და ჟინი დაკარგულია. განსაკუთრებით ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რა არის რეალურად პრობლემა. ამასწინათ ვიღაც დაკავებული რეპერების გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. თავსხმა წვიმაში იდგნენ. ასეთი ჟინი, ასეთი მონდომება და რისთვის… მე რის თქმა მინდა, კი თუ უსამართლობა ხდება, საზოგადოება უნდა დაირაზმოს, მაგრამ რა არის მთავარი? როდესაც შენს ღირებულებებს, ფასეულობებს და ეროვნულ იდენტობას ხელყოფენ, ხმას არ იღებ, შეიძლება რამე ერთსულოვნებაზე საუბარი?! ჩემი აზრით, დღეს საკითხი ასე უნდა დადგეს: ქართველ ხალხს ჭირდება ევროპა, რომლის სწორებაც ბოდიში და უკანალზეა თუ ზნეობრივად ამაღლებული საქართველო, როგორიც დავითის და თამარის დროს იყო. აი, ეს არის მთავარი და ამაში უნდა იყოს ერთსულოვნება, თორემ სხვა ყველაფერი მსგავს საკითხებთან შედარებით წვრილმანია. ვიღაცის „რეკომენდაციებით” მართვა კიდევ ჩვეულებრივი ღალატია, რისთვისაც ნებისმიერმა ხელისუფალმა შესაბამისი პასუხი უნდა აგოს…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია