GEWORLD.NET:
გასული საუკუნის 30-იანი წლების ეგვიპტეში გათხრების დროს მუმია იპოვეს. შეიკრიბნენ მსოფლიოს ცნობილი ეგვიპტოლოგები და თავს იმტვრევენ, ცდილობენ, გაარკვიონ, რომელი ფარაონია, მაგრამ ვერაფერი დაადგინეს. მიიწვიეს საბჭოთა მეცნიერებიც და აი, კაიროში ტყავის ქურთუკიანი სამი სპეციალისტი ჩავიდა.
– მუმიასთან მარტო დაგვტოვეთ, – სთხოვეს მათ დანარჩენებს.
მეორე დღეს გამოდიან და აცხადებენ:
– იგი ფარაონი რამზეს 25-ეა.
ყველა განცვიფრებულია:
– როგორ გაიგეთ?
– თვითონ აღიარა. დიდი დრო კი დაგვაკარგვინა ამ ნაძირალამ.
(დისიდენტური ანეკდოტი)
საქართველოში დღეს არსებულ რეალობას თუ გავიაზრებთ, პოლიტიკური ფონი და ამ ფონზე მიმდინარე პროცესები ნამდვილად გვაძლევს აღიარებაზე, როგორც სამართლებრივ ტერმინზე, მსჯელობის, მისი განხილვისა თუ განზოგადების საფუძველს.
დანაშაულის აღიარება, როგორც ბრალდების დამადასტურებელი ქმედება, სამართლის ისტორიაში ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდიდანაა ცნობილი. რომაელი იურისტები მას «მტკიცებულებათა დედოფალს» (ლათინურად Regina probationum) უწოდებდნენ. ამ დროს სამართალში მიცემული პირის მიმართ უკვე ზედმეტი ხდებოდა სხვა დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, აღარ იყო საჭირო სამხილები და ასე შემდეგ. რამდენად სამართლიანად იყო მიღებული ეჭვმიტანილისგან დანაშაულის აღიარება, როგორი ხერხებით ხდებოდა ეს და გამოიყენებოდა თუ არა ამგვარი მეთოდი ყველა დანაშაულის გამოძიების დროს, სხვა საკითხია, თუმცა მაინც ვიტყვით, რომ რომაულ მართლმსაჯულებაში დანაშაულის გამოძიება-მოკვლევის საკმაოდ მრავალი, აღიარებისგან განსხვავებული ხერხი და ფორმა არსებობდა.
დასავლური თემიდა და ქართული სამართალი
უნდა ითქვას, რომ იურისპრუდენციაში მეტ-ნაკლებად საკამათოდ მიჩნეული «დანაშაულის აღიარების» ფენომენი ზოგიერთ დასავლურ სახელმწიფოშიცაა მიღებული. მაგალითად, ინგლისურ-ამერიკული სამართლებრივი სისტემის თანახმად, პროკურორი მოსამართლის მონაწილეობით უთანხმდება ბრალდებულს, რათა მან ბრალდების უფრო «რბილი» ნაწილი აღიაროს, ან დამატებითი ცნობები გაამჟღავნოს, სამაგიეროდ კი იგი მნიშვნელოვან შეღავათებს ღებულობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრალდებული დგას არჩევანის წინაშე – წარდგენილი ბრალდებების გათვალისწინებით აღიაროს დანაშაული და ამით შეიმსუბუქოს სავარაუდო სასჯელი ან არ აღიაროს დანაშაული და დაელოდოს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანას. იტალიაში დანაშაულის აღიარება ცნობილია «პატაჯამენტოს», ხოლო ესპანეთში – «კონფორმიდადის» სახელწოდებით. შინაარსობრივად მსგავსი კანონია ესტონეთშიც, სადაც დანაშაულის აღიარება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბრალდებულს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, მასში დანაშაულის აღიარებისა და მის საფუძველზე საპროცესო შეთანხმების პროცედურა 2004 წლის დეკემბრიდან არსებობს. ქართველი სამართალმცოდნეების აზრით, ის, რომ ქართული კანონი სრულყოფილი არ არის, ეს პრობლემის ერთი მხარეა; მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასამართლო პროცესის დროს მოქმედი კანონის მოთხოვნებიც ხშირად ირღვევა.
მაგალითად, არის საკმაო რაოდენობის შემთხვევები, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სასამართლო პროცესის დროს საქმის არსებითი განხილვა, ფაქტობრივად, აღარ ხდება. არადა, სწორედ მოსამართლემ უნდა დაადგინოს – წარმოდგენილია თუ არა უტყუარი მტკიცებულებები პირის ბრალის დასადასტურებლად და ხომ არ არის დანაშაულის აღიარება რაიმე ზეწოლის შედეგი, ხომ არ არის აღიარება მიღწეული ისეთი პირისგან, რომელიც, ფაქტობრივად, უდანაშაულოა.
ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რამდენიმეჯერ გატარებული რეფორმის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს. ამასვე გვიკიჟინებენ ევროსტრუქტურების წარმომადგენლებიც. რასაკვირველია, ხარვეზების მხრივ გამონაკლისი არც დანაშაულის აღიარების საკითხია. საქართველოში დღეს ძალიან ხშირად ადამიანის უფლებები სწორედ ისეთ ეჭვმიტანილთა (ბრალდებულთა) მიმართ ირღვევა, რომელთა შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულითაა კვალიფიცირებული. არადა, საბჭოური სამართლის სტანდარტების მიხედვით, ასეთი ქმედება პოლიტიკურ დანაშაულს წარმოადგენდა.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში კანონის მოთხოვნებს ზუსტად ასრულებენ და მათი პრინციპებიდან გადახვევა არ ხდება. ცხადია, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ შეცდომაც არის და შეცდომაც: ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია გამოძიებისა და სასამართლო შეცდომის საჯაროდ გაცხადება, ასევე – საჯაროდ ბოდიშის მოხდა და კომპენსაციის გადახდა; ზოგიერთ შემთხვევაში კი – განსასჯელის ან მსჯავრდებულის სრული რეაბილიტაცია; აქედან გამომდინარე, ყველა შედეგით, – უსამართლოდ რეპრესირებულის ან მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ. სამართალდამცავი ორგანოს ის წარმომადგენელი კი, რომელმაც თავისი ქმედებით უდანაშაულო ადამიანის უფლებები შელახა, მკაცრად ისჯება. მაგრამ ვიმეორებთ: ასე ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში…
ავთვისებიანი 314-ე მუხლი
ამბობენ, რომ ისტორია ხშირად მეორდება. ცხადია, ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს არა ადრე მომხდარ მოვლენათა ზუსტი ასლი, არამედ მათი შინაარსობრივი გამეორება მცირედ შეცვლილი სახით. ეს შეეხება დანაშაულის აღიარებასაც: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში დღეს ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ეჭვმიტანილებს (ბრალდებულებს), რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულითაა კვალიფიცირებული. როგორც ზემოთ ვთქვით, ასეთი ქმედება პოლიტიკურ დანაშაულს წარმოადგენდა – საბჭოთა სტანდარტების შესაბამისად: თუ ადრე 58-ე მუხლი იყო, დღეს 314-ეა «ჯაშუშობის» ბრალდება (კიდევ კარგი, 307-ე მუხლი, ანუ «სახელმწიფოს ღალატი», გააუქმეს).
ნამდვილად მართალნი არიან ის ქართველი სამართალმცოდნეები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც 314-ე მუხლის დისპოზიციის შეცვლას ან მის საერთოდ გაუქმებას მოითხოვენ. საფუძველი ისაა, რომ მუხლის პირველ ნაწილში საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია; მაგალითად: «საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა», მაგრამ რა არის «სხვა ინფორმაცია» და რას ნიშნავს «საქართველოს ინტერესების საზიანოდ», განმარტებული არ არის. შესაბამისად, ბრალმდებელს შეუძლია ამ მუხლს მოარგოს ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა. მაგალითად, თუ მოქალაქე მწვავედ გააკრიტიკებს ხელისუფლებას თავის სტატიაში, გაგზავნის უცხოეთის ორგანიზაციაში ან მოამზადებს რაიმე ანალიტიკურ გამოკვლევას, რომელიც ხელისუფლებას არ მოეწონება.
გარდა ამისა, გასარკვევია თვით ტერმინები «უცხო ქვეყნის დაზვერვა», «უცხოეთის ორგანიზაცია». თუ საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელი ღიად დაელაპარაკება, წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ და სადაზვერვო უწყების სამსახურებრივ მოწმობებს, ამ დროს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში ასე იშვიათად ხდება. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ადამიანმა გაარკვიოს, ვისთან აქვს საქმე? რაც შეეხება ტერმინ «უცხოეთის ორგანიზაციას», აქ საქმე საერთოდ აბსურდულ სიტუაციასთან გვაქვს: 314-ე მუხლით აპრიორი ჩანს, რომ ყოველი ასეთი ორგანიზაცია (ცენტრი, ფონდი, თუნდაც გაზეთის რედაქცია) უკვე მტრულადაა შეფასებული. არადა, უამრავი უცხოეთის ორგანიზაცია არსებობს და, თუ მათთან დაკავშირებას გადაწყვეტ, ყოველი მათგანის «საეჭვო და მტრული» წარმომავლობა როგორ უნდა გაარკვიო? როგორ უნდა გაიგო, არის თუ არა, ვთქვათ, რომელიმე დასავლური ორგანიზაციის მოსკოვში არსებული ფილიალი რუსეთის ФСБ-სა და ГРУ-ს გავლენის ქვეშ? ანდა რომელი ორგანიზაცია დაწერს თავის ვებსაიტზე – იცოდეთ, კრემლის აგენტურას ვემსახურები და ჩვენთან თანამშრომლობით რაც მოგივათ, საკუთარ თავს დაბრალეთო?!
ვფიქრობთ, ამ მხრივ გადასახედია საქართველოს კანონიც «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ», რომელიც მიღებულია 15 წელზე მეტი ხნის წინათ და მასში საკმაოდ ბევრი საბჭოური აზროვნების გადმონაშთია დარჩენილი. შესაბამისად, ამ სამართლებრივი აქტის ბევრი მუხლის დებულებები მოძველდა, საჭიროა მათი განახლება, «გადემოკრატიულება» ან ამოღება. არ შეიძლება მხოლოდ რომელიღაც ჩინოვნიკის ხუშტურების საფუძველზე გასაიდუმლოვდეს, მაგალითად, გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელთა სია ანდა უცხოელი სტუმრის ვიზიტის პროგრამა, რომელთა გაცნობა ჟურნალისტებისთვის პრესსამსახურების მიერ სავალდებულოა. განა რა ზიანი მიადგება ამით სახელმწიფოს ინტერესებს?
საერთოდ, ჯაშუშობის ბრალდების წაყენების ფაქტებს თუ გავაანალიზებთ, ერთ ასეთ ტენდენციას შევამჩნევთ: ამგვარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში იმ პირების დადანაშაულება უფრო ადვილია, რომლებიც ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევიან, თანამედროვე კომუნიკაციების წყალობით მჭიდრო კავშირი აქვთ საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესენი არიან ჟურნალისტები, მეცნიერ-მკვლევარები, ექსპერტ-პოლიტოლოგები, გარკვეული სფეროს სახელმწიფო (სამხედრო) მოსამსახურეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. სახელმწიფო მოსამსახურეების შემთხვევაში, მდგომარეობა საკმაოდ სპეციფიკურია: სიტუაცია მძიმდება, თუ მათ ამა თუ იმ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური საკითხების მიმართ ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ, შესაბამისად, მათ მიმართ ნდობის ხარისხი იკლებს.
ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, დღესაც საზღვარგარეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მასალის გაგზავნა-გამოქვეყნების ფაქტზე «ძლიერნი ამა სოფლისანი» მეტად მწვავე რეაქციას აკეთებენ. ვაი მათ, ვისაც ხელისუფლების რისხვა თავს დაატყდება! უკეთეს შემთხვევაში, ამუშავდება პროპაგანდისტული მანქანა, მოხდება იარლიყების მიწებება (სამშობლოს სახელს უტეხს!), რაღაც კუდებს გამოაბამენ (თურმე უცხოეთის დელეგაციის ვიზიტის პროგრამას საზღვარგარეთ ინტერნეტით აგზავნიდა!), თუ რაიმე ფულია მიღებული, თანხას უსაშველოდ გაბერავენ (მან უცხოეთიდან პირად ანგარიშზე გამოგზავნილი ათი ათასობით დოლარი აიღო!), შეგიქმნიან სამსახურებრივ პრობლემებს, უარეს შემთხვევაში კი ჯაშუშად შეგრაცხავენ და აღმოჩნდები «იქ, სადაც ჯერ არს».
სამწუხაროდ, სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ნაწილი მზად არ არის, ამგვარ მომენტებში ხელისუფლების მოქმედებას კრიტიკულად შეხედოს და პროსამთავრობო მასმედიის მიერ მიწოდებული დამახინჯებული და კუდგამობმულ-გაბერილი ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. «ჰო, შეიძლება მართლაც ჯაშუშია… აბა, რა, საზღვარგარეთ ინფორმაციას აგზავნიდა და სანაცვლოდ ფულს იღებდა,» – იტყვის ობივატელი. არადა, დღეს რომ საზღვარგარეთთან სატელეფონო და ინტერნეტკავშირი შეუზღუდავია, დღეს რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ინფორმაციის მიწოდება (გინდაც კრიტიკული ხასიათისა) და გაცვლა ჩვეულებრივი მოვლენაა, დღეს რომ საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შეზღუდული არ უნდა იყოს, დღეს რომ შრომის ანაზღაურება და ფულის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშებზე ხდება, რა არის ამაში საეჭვო და გასაკვირი?
ერთი რამ ნამდვილად ცხადია: საქართველოს მართლაც ჰყავს მტრულად და არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოები, ზოგი შორსაა, ზოგი – ძალიან ახლოს. ასეთ პირობებში, ცხადია, უმნიშვნელოვანეს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ამოცანას ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ამ დროს აუცილებელი ხდება შესაბამისი სპეციალური სამსახურების გაძლიერება, მათი უფლებების გაზრდა, პარალელურად კი აუცილებელი ხდება მათდამი მკაცრი კონტროლის განხორციელება, რადგან პოტენციურად სწორედ ეს ორგანოები შეიძლება იქცეს კანონის დამრღვევად.
ბევრს მიაჩნია, რომ, როცა ხელისუფლება საკუთარ თანამოქალაქეებს 314-ე მუხლით სჯის, აქ საქმე ეხება არა იმდენად დანაშაულს, არამედ ძალაუფლების დაკარგვის შიშს: მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ მმართველი არადემოკრატიული რეჟიმი ყოველთვის ცდილობს, საზოგადოების ყურადღება «მტრის ხატზე» გადაიტანოს; უფრთხის სხვაგვარად მოაზროვნეებსაც – ემანდ ჩემი შავი საქმეები არ გამჟღავნდეს და გამჭვირვალე არ გახდესო…
ძალიან ხშირად დღევანდელი ფრაზეოლოგია ჩვენი ისტორიიდან კარგად ცნობილ ლოზუნგებს მოგვაგონებს: «ბელადი მოგვიწოდებს…. იყავი პატრიოტი… ირგვლივ მტრები გვარტყია… სიფრთხილე გამოიჩინე…»! ეს მოწოდებები, მათი მიზნიდან და იდეიდან გამომდინარე, დღევანდელ სიტუაციას გარკვეულწილად ეხმიანება. თუ ადრე დასავლეთი იყო მტრული, ახლა ჩრდილოეთია. გინდა არ გინდა, გრძნობ ერთგვარ «დეჟა ვიუ»-ს!
«იცოდე, თუ არ აღიარებ…»
წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: საქართველოში დემოკრატიული რევოლუციის მესამე წელიწადი დგას. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი თბილისს სტუმრობდა, რომელმაც საქართველო «დემოკრატიის შუქურად» მონათლა… ერთ-ერთი საჯარო მოხელე ხელისუფლების ერთ-ერთ უმაღლეს სტრუქტურაში ზის კომპიუტერთან და თავის მოვალეობას ასრულებს – ამზადებს უცხოური და ქართული პრესის ანალიტიკურ მიმოხილვას, რომელიც ყოველდღიურად ეგზავნება არამხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებს, არამედ უცხოეთის ზოგიერთი სახელმწიფოების საელჩოებსაც. ბოლო ხანს მის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ მასალებში აშკარად ჩანს პრესაში ასახული ქართული სინამდვილის უარყოფითი მხარეები, ხელისუფლებისადმი გამოხატული კრიტიკა. თვითონაც პირადადაც არცთუ ისე იშვიათად გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება ქვეყანაში მომხდარი ზოგიერთი გახმაურებული მოვლენისადმი… აშკარაა, რომ მისი თვალსაზრისი მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ პოზიციას. არადა, საზოგადოების მღელვარება მატულობს, ამას ემატება ერთ-ერთი ღონისძიება გადამეტებული ძალის გამოყენებითა და ადამიანთა საკმაოდ დიდი მსხვერპლით. მთავრობა ნერვიულობს. საჭიროა უკიდურესად უარყოფითი საინფორმაციო-პოლიტიკური ფონის გადაფარვა…
და აი, ერთ დილას საჯარო მოხელის სამუშაო ოთახში მოულოდნელად შეცვივდებიან სპეცსამსახურების წარმომადგენლები, წინასწარ გაფრთხილებულ ტელეჟურნალისტებთან ერთად. მას აპატიმრებენ ჯაშუშობის ბრალდებით… იმავე დღეს უპრეცედენტო ამბავი ხდება: ერთიმეორის მიყოლებით ტელეეთერში გამოდიან სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები და აცხადებენ: მისი დანაშაული დამტკიცებულია, ის ჯაშუშია, ის ფულს იღებდა უცხო სახელმწიფოსგან… ყველა სხვა მოვლენამ უკანა პლანზე გადაიწია. ეროვნული მასმედია და მსოფლიო მასზე ლაპარაკობს: «სი-ენ-ენი», «როიტერი», «ასოშეიტედ პრესი»… უარყოფითი ფონი განეიტრალებულია.
რა მდგომარეობაშია ამ დროს ოთხ კედელს შორის გამოკეტილი ეჭვმიტანილი? მისთვის ხომ ყოველივე ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ნიშნავს. მთავარი კითხვაა: რისთვის? რა დანაშაული ჩავიდინე? ძალზე დამთრგუნველია თავისუფლების აღკვეთა, თანაც ჯაშუშობის, სახელმწიფოს ღალატის აბსურდული ბრალდებით… მიუხედავად ამისა, იგი ცდილობს, გაერკვეს სიტუაციაში, უარყოფს წაყენებულ ბრალდებას… მასზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა: ხვდებიან, დარწმუნებით ესაუბრებიან, მოუწოდებენ, აღიაროს არჩადენილი დანაშაული, ხაზგასმულად თავაზიანად მიმართავენ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი უკიდურეს ხერხს მიმართავს: კაბინეტში ადვოკატის გარეშე მასთან საუბრისას თითქოსდა შემთხვევით კომპიუტერის დისპლეიზე დაკავებულის ოჯახის წევრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს ჩართავს და ჩაილაპარაკებს: «შენი თავი თუ არ გენანება, ცოლ-შვილი მაინც შეიბრალეო».
ბრალდებულისთვის, როგორც სპეცსამსახურების ისტორიის კარგი მცოდნისთვის და როგორც იურისტისთვის, ყველაფერი ნათელი ხდება. ეს ნიშნავს: «იცოდე, შენი ოჯახის წევრებს თვალს ვადევნებთ, ყველა ნაბიჯი ვიცით. თუ არ აღიარებ…».
გრძელდება უძილო ღამეები, მტანჯველი ფიქრები, შემდეგ კვლავ შეგონება და სულში ხელების ფათური: «აღიარე და შეღავათებს მოგცემთ…, ცოტა ხანი იჯდები და გარეთ გახვალ…».
ადვოკატი, ფაქტობრივად, უძლურია სახელმწიფო სადამსჯელო აპარატის წინაშე. იგი იძულებულია, რეალურად შეაფასოს სიტუაცია და თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დანაშაულის აღიარება ურჩიოს: «დღეს საქართველო დემოკრატიის შუქურაა, ხელისუფლება უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს. ამჟამად დანაშაულის აღიარება მძიმე სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა… ახლა მთავარია, ჩქარა გათავისუფლდე, სიმართლის დამტკიცება კი მოგვიანებითაც შეიძლება».
დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ბრალდებულისგან პრინციპული თანხმობა უკვე მიღებულია. რომელიღაც კაბინეტში მზადდება აღიარების ტექსტი; იწერება სახეწაშლილი, ზეწოლასთან ნაბრძოლი და ძალაგამოლეული ადამიანის აღიარების ვიდეომასალაც; იქმნება აღიარებაზე მორგებული დაკითხვის ოქმიც, რომელიც, ბუნებრივია, სავსეა დამახინჯებული და არმომხდარი ფაქტებით, კუდმობმული და გამოგონილი მოვლენებით, გაბერილი ამბებით. მე შენ გეტყვი და «მამხილებელი მასალების» ნამდვილობის დადასტურების მიზნით დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩაატარებენ?! მართალია, საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი, მაგრამ არაფერია, გრიფი «სრულიად საიდუმლო» მას წლობით შეინახავს გარეშე თვალისგან. სასამართლოც დახურულია, თანაც საქმის არსებითი განხილვა არ მოხდება.
კიდევ კარგი, რომ საქმის ფიგურანტად მარტო ის შერაცხეს და სხვა არავინ;
კიდევ კარგი, რომ სხვისთვის ცილი არ დაუწამებია და სინდისი სუფთა აქვს;
კიდევ კარგი, რომ გაურკვეველი «უცხო ქვეყნის» სასარგებლოდ «ჯაშუშობდა»…
კიდევ კარგი, რომ საზოგადოებას მისი ჯაშუშობისა არ სჯერა…
აი, ასეთია დანაშაულის აღიარების ერთ-ერთი სავარაუდო სურათი, ერთ-ერთი ვერსია, რომელიც, ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე «შპიონომანიისთვის».
შესაძლოა მავანმა, რომელიც მხარ-თეძოზეა წამოწოლილი და ტელევიზიით დანაშაულის აღიარებას ისმენს, თქვას: «ეეე, პრინციპული არ ყოფილა, ნებისყოფა სუსტი ჰქონია, მაინც გატყდაო». ალბათ, გარკვეული სიმართლე მის ნათქვამში არის, მაგრამ, სანამ მავანი საკუთარ ტყავზე არ გამოცდის იმ უბედურებას, იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, სანამ პირადად არ გაიაზრებს იმ ჯოჯოხეთური ბრალდების შესაძლო შედეგს, მანამ ძნელია მასთან საუბარი.
მუნდირის ღირსება
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ სამართალდამცველი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის შეცდომის აღიარება საკმაოდ რთულია. ეს გასაგებიცაა, რადგან ამ დროს დღის წესრიგში დგება მისი პროფესიონალიზმი, განათლების დონე, სახელი, ავტორიტეტი და ღირსება… განა ბოლო წლების საქართველოში რომელიმე მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი გვინახავს, რომ გამოსულიყოს, საჯაროდ ეღიარებინოს შეცდომა, პატიება ეთხოვოს და გადადგომა გამოეცხადებინოს? ასეთი ფაქტები საქართველოს უახლეს ისტორიაში არ არსებობს ან იშვიათია. არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი ქვეყანა «დემოკრატიის გზაზე კვლავ გიგანტური ნაბიჯებით მიდის», რეფორმები ღრმავდება და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს. განა ასეთ დროს შეცდომის დაშვებაზე შეიძლება ლაპარაკი? «ძლიერნი ამა სოფლისანი» ყოველთვის «მართლები» არიან. არადა, სიმართლის თქმა და შეცდომის აღიარება თანამდებობის პირს ხომ სწორედ ღირსებას მატებს.
დასავლეთის ქვეყნებში სამართალდამცველი ორგანოებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება დემოკრატიული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს. ჯერ კიდევ 1894 წელს, როცა ფრანგულმა თემიდამ გენერალური შტაბის ოფიცერი ალფრედ დრეიფუსი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრა, გაასამართლა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაშინაც კი, 100-ზე მეტი წლის წინათ, ფრანგ სამართალდამცველებს, სამხედრო პირებსა და პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე ეყოთ იმის გამბედაობა, რომ «მუნდირის ღირსება» შეენარჩუნებინათ და დაშვებული შეცდომა ეღიარებინათ: 1906 წელს დრეიფუსი გაამართლეს და სრულიად უდანაშაულოდ სცნეს; მას მოეხსნა ყველანაირი ბრალდება, საჯაროდ ბოდიში მოუხადეს, არმიაში აღადგინეს და საპატიო ლეგიონის ორდენითაც დააჯილდოვეს.
დღეს თითქოსდა ანაქრონული გამოთქმა «მუნდირის ღირსება» განზოგადებულ ცნებადაა მიჩნეული და თითქმის ყველა დარგის მუშაკების ქცევის წესებს უკავშირდება. თუმცა მასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად მაინც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები იგულისხმებიან. სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჯერჯერობით ნამდვილად არ გვიტოვებს იმის იმედს, რომ ვინმე მაღალი თანამდებობის პირი ჩადენილ გადაცდომას აღიარებს და ამ მოტივით თანამდებობიდან გადადგება. ეს შეუძლებელია: საქართველოს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა მსოფლიოში ხომ სამაგალითო და მისაბაძია.
დასკვნების მაგიერ
საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოება ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი მაშინ იქნება, როცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა დამყარებული იქნება კანონის უზენაესობაზე, როცა დაცული იქნება ბალანსი სახელმწიფოს, საზოგადოებისა და პიროვნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს შორის; როცა სახელმწიფო, საზოგადოება და პიროვნება ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებელია.
მიუღებელია საზოგადოებაში შიშის დანერგვა, შანტაჟი, მიზანმიმართული პროპაგანდა-აგიტაცია საკუთარი მოქალაქეებისგან მტრის ხატის შესაქმნელად. მიუღებელია პიროვნებაზე ზეწოლა და მისი უფლებების შელახვა, როცა დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებ, როცა მსოფლიოში წარმატებული ქვეყნის სახელით ამაყობ.
აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების, საერთაშორისო სტრუქტურების რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების სრულყოფის საქმეში. საჭიროა მოძველებული კანონების გადასინჯვა და ზოგიერთი გაურკვეველი დებულების დაზუსტება, ტერმინების განმარტება და მათი გამოყენების სფეროს განსაზღვრა.
უნდა გაძლიერდეს საზოგადოების კონტროლი ე. წ. დახურული ორგანოების მიმართ. ამ მხრივ ქმედითი ძალისხმევა უნდა განახორციელონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ბოლო მოვლენებმა აშკარად გვაჩვენა, თუ რა დადებითი როლის შესრულება შეუძლია საზოგადოების ძალთა გაერთიანებას სიმართლის დაცვისა და ობიექტურობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სფეროში.
ალბათ, უნდა შეიქმნას რაღაც ნდობის ჯგუფის მსგავსი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ინფორმაციის (მასალის, დოკუმენტის) გასაიდუმლოების კრიტერიუმებს, შეიმუშავებს კანონის შესაბამის დებულებას.
და ბოლოს, ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს საკუთარი შეცდომების დანახვა და მათი გამოსწორება, მიეჩვიოს თვითკრიტიკას და მეტი ყურადღება დაუთმოს საზოგადოებრივ აზრს ამა თუ იმ პრობლემის მიმართ. სწორედ ამ შემთხვევაში იქნება დემოკრატიული რეფორმები წარმატებული და არა ისე, როგორც დღესაა – «გარეთ მტრისა და შიგნით მოყვრის თვალის დაბრმავების» პრინციპით.
სიმონ კილაძე