Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: 26 მაისის დარბევამ ბურჯანაძეს სულზე მოუსწრო

ვასილ ჭიჭინაძე: 26 მაისის დარბევამ ბურჯანაძეს სულზე მოუსწრო

GEWORLD.NET:
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ გვესაუბრება საქართველოს ყოფილი დესპანი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში, დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

– ბატონო ვასილ, შეიძლება ეს კითხვა, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რომ ვაკვირდები, სიმართლე გითხრათ, ხანდახან ვერ გამიგია, მართლა ცუდადაა ჩვენი საქმე თუ პირიქით, – როგორც «ნაცელიტა» გვარწმუნებს, საქართველო მალე დუბაი და სინგაპური გახდება. თქვენი აზრით, რა ხდება დღეს ქვეყანაში, საით მივდივართ?
– კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, ერთობ რთულია, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ისეთი რეალობა გვაქვს ქვეყანაში, რომ პასუხი ძალიან მარტივი და კონკრეტული შეიძლება იყოს: ხდება ის, რომ საზოგადოება აღარ არის საქართველოში და ქვეყანა დაემსგავსა უიმედო ავადმყოფს, რომელმაც იცის, რომ განწირულია, მაგრამ მაინც, სადღაც კიდევ აქვს იმედი, რომ სასწაული მოხდება… როგორ და რა შეცდომებით მივედით ამ მდგომარეობამდე, ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია თქვენი გაზეთის ფურცლებზეც…
– თქვენი აზრით, ნინო ბურჯანაძისა და მისი თანამოაზრეების წვლილი რამდენად დიდია იმ საყოველთაო ნიჰილიზმსა და უიმედობაში, რომელიც დღესდღეობით გამეფებულია საქართველოში?
– არ ვიცი, ვინ რამდენად დამეთანხმება, მაგრამ მე, პირადად დარწმუნებული ვარ, ნინო ბურჯანაძემ თავიდანვე იცოდა, რომ იმ იაფფასიან პოლიტიკურ ავანტიურას, რომელიც მან «კრების» სახელით წამოიწყო და რომლის სიბინძურეშიც, სხვათა შორის, არაერთი ღირსეული ადამიანიც გარია, არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა; მეორეს მხრივ კი, მან ისიც კარგად იცოდა, რომ 25 ნოემბრის დიდი იმედგაცრუების შემდეგ, როცა კრება უშედეგოდ დაიშალა, ბურჯანაძის ავტორიტეტი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამიტომ რეალურად მას ერთადერთი გზა რჩებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე დასარჩენად, – როგორმე პროცესები ისე უნდა წარმართულიყო, რომ ხელისუფლებისთვის «ნერვებს» ემტყუნა და ძალა გამოეყენებინა… სამწუხაროდ, მან ამას მიაღწია, მაგრამ ის, რაც საბოლოოდ 26 მაისის ავბედითი მოვლენების სახით ვიხილეთ, ალბათ, თვით ბურჯანაძისთვისაც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მმართველმა გუნდმა მეტისმეტად დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და გააკეთა ის, რაც მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რეალურად არ სჭირდებოდა…
– თქვენ ფიქრობთ, რომ 26 მაისის სისხლიანი დარბევა ნინო ბურჯანაძის მიერ იყო პროვოცირებული?
– პროვოცირებული, ცოტა არ იყოს, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ფაქტია: რომ არა 26 მაისის დარბევა და მთელი ის დავიდარაბა, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვა, ბურჯანაძე სერიოზულ ჩიხში ექცეოდა; მას მხოლოდ ორი გამოსავალი რჩებოდა – ან უნდა წასულიყო ღია დაპირისპირებაზე ხელისუფლებასთან, რაც მისთვის უთუოდ ტრაგიკული შედეგით დამთავრდებოდა, ან უნდა დაეშალა აქცია, რაც ასევე იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობა მისი მხრიდან. ეს მას ძალიან კარგად ესმოდა. ამდენად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 26 მაისის დარბევამ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ სულზე მოუსწრო ნინო ბურჯანაძეს. ღმერთმა მაპატიოს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ვფიქრობ, რეალობამ სწორედ ამაში დაგვარწმუნა…
– ე.ი. თქვენ 26 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბურჯანაძეს აკისრებთ?
– ბუნებრივია, მისი, როგორც მთელი ამ პროცესების სათავეში მყოფი ადამიანის, პასუხისმგებლობა თავისთავად დიდია, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მას არამც და არამც არ სურს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე მას თავის არც ერთ განცხადებაში მინიშნების დონეზეც კი არ უთქვამს, რომ გარკვეული შეცდომები მისი მხრიდანაც იყო დაშვებული, რომ სწორედ ამ შეცდომებმა მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე…
პირიქით, იმ უბედურების შემდეგ, რაც 26 მაისს დატრიალდა, კიდევ ჰყოფნის თავხედობა და იმის ნაცვლად, რომ შერცხვენილი და თავლაფდასხმული სადმე სოროში იმალებოდეს, გამოდის და აქეთ გვამუნათებს, ხალხია მშიშარა და არ გამოვიდა ქუჩაში, თორემ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიყავითო. აი, ასეთია დღეს ლოგიკა იმ ადამიანისა, რომელმაც ჯერ იყო და ხალხს თავი ლიდერად შეასაღა, დაარწმუნა ყველა, რომ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებდა და მერე, როცა საქმე საქმეზე მიდგა, პიპინია ერისთავივით კისრისტეხით გამოასწრო საკუთარ დაცვას მოვლენათა შუაგულიდან. მგონი, აქ უკვე ზედმეტია რაიმე პასუხისმგებლობის აღებაზე საუბარი…
– გასაგებია, მაგრამ ბურჯანაძე ერთადერთი არ იყო, ვინც 26-ში საკუთარ «ცხენს» გამოასწრო «პორტ არტურიდან».
– საქმეც ისაა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმ ავბედითი მოვლენების შემდეგ ხალხმა დაინახა, რომ პოლიტიკური ელიტა საქართველოში მკვდარია. მეტიც, ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთ თავს ლიდერებს უწოდებდნენ, რეალურად არასოდეს ყოფილან ლიდერები; არამედ ეს იყო ფსევდოელიტა, რომელმაც თავისი პოლიტიკური საქმიანობის ვერც ერთ საფეხურზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ეს არის ხაზგასასმელი, მით უფრო, ერთ-ერთი, თავის თავზე ძალიან შეყვარებული პოლიტიკური გაერთიანება, «ეროვნული ფორუმის» სახელით ცნობილი, თავის უკანასკნელ განცხადებებში საზოგადოებას გულწრფელად მიმართავს, რომ მათი ყველაზე დიდი შეცდომა თურმე იყო: ერთი ის, რომ თავის დროზე მათ დახიეს პარლამენტის მანდატები, ხოლო მეორე ის, რომ უარი თქვეს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინათ თავად გუბაზ სანიკიძემ გააკეთა, რაც პირადად ჩემთვის მოულოდნელი იყო…
არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ისეთი აღიარებაა, საიდანაც მხოლოდ ერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ, – ის მართლაც უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. უბრალოდ, ამ ადამიანებმა თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას და აღიარონ ბოლოს და ბოლოს, რომ მათ არ ეყოთ შინაგანი ინტელექტუალური ენერგია, არ ეყოთ ნდობა საზოგადოების მხრიდან და შესაბამისად, მათი ასპარეზობა პოლიტიკურ სარბიელზე, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, დასრულებულია.
– თქვენ თქვით, რომ პოლიტელიტა საქართველოში მკვდარია, ეს კი თავისთავად ქმნის ახალ ძალთა გამოჩენისა და პოლიტიკურ სპექტრში მათი დამკვიდრების საჭიროებას. თქვენი აზრით, დღევანდელ ვითარებაში რამდენად არსებობს ამის პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში?
– სამწუხაროდ, მე ამ პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ვინაიდან დღეს იმდენად ჩამკვდარია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, იმდენად დაქსაქსულია საზოგადოება და დემორალიზებულია ის პოლიტიკური ფლანგი, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი ჰქვია, რომ, სიმართლე გითხრათ, ასეთ ვითარებაში თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია რაიმე სერიოზული ოპოზიციური მოძრაობის, გაერთიანების ან სხვა მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბება. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში შეიქმნება საამისო სიტუაცია, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ, სანამ ქვეყანაში მკვდარი ფსევდოპოლიტელიტის წარმომადგენლები ოპოზიციის ლიდერებად იწოდებიან, პოლიტიკა ყოველთვის იქნება ფულის კეთებისა და ხალხის გაბითურების საშუალება, ანუ ბიზნესი და არა – ქვეყნის უკეთესი მომავლის, კეთილდღეობის საწინდარი…
– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ მოვლენებს. ვთქვათ, ოპოზიცია სუსტია და ვერაფერს უხერხებს ხელისუფლებას, სად არის ხალხი, რომელსაც სამშობლოს ართმევენ და მთავარ სულიერ საზრდოს – სარწმუნოებას უგინებენ? რატომ ითმენს საზოგადოება ამდენ დამცირებას? თქვენი აზრით, ამის მიზეზიც ოპოზიციის სისუსტეა?
– როდესაც ვამბობ, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პირდაპირ თუ ირიბად, ეს საზოგადოების სისუსტესა და დაქსაქსულობასაც გულისხმობს, რადგან ოპოზიცია საზოგადოების გარეშე არ არსებობს, ასევეა ხელისუფლებაც. ერთიც და მეორეც ხალხიდან მოდის, ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოპოზიცია და ყველა ხელისუფლება საკუთარი ხალხის სარკეა, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ხალხს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს…
– ჩვენ მაინც რით დავიმსახურეთ ასეთი ხელისუფლება?
– მე კითხვას პირიქით დავსვამდი: რით არ დავიმსახურეთ?.. (იცინის).
– შეიძლება ეს კითხვა დასაწყისშივე უნდა დამესვა, მაგრამ რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე რა აზრის ხართ?
– ეს ძალიან სათუთი და ფრთხილი თემაა, ვინაიდან აქ საქმე ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას; ამიტომ გადაჭრით რამის თქმა ძნელია; მაგრამ, მეორეს მხრივ, ის სკანდალი, რომელიც ამ კანონის მიღებას მოჰყვა, ტყუილუბრალოდ რომ არ ატეხილა, ესეც ფაქტია. ჩემი აზრით, თვითონ კანონში მაინცდამაინც ისეთი არაფერი წერია, რომ თავი გავიგიჟოთ და ხვალვე ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები დავიწყოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიღმა გაცილებით უფრო სერიოზული ამბები იმალება. არ არის გამორიცხული, ამ კანონით ხელისუფლება რაღაც ძალიან დიდი და მტკივნეული მოვლენისთვის გვამზადებდეს, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა და, რაც მთავარია, პრინციპულობა.
– რისთვის შეიძლება გვამზადებდნენ?
– დღესდღეობით ამაზე საუბარი მარჩიელობას დაემსგავსა და ვფიქრობ, ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. მით უფრო, რომ პოლიტიკური ნოსტრადამუსებისა და ლელა კაკულიების ეპოქა, კარგა ხანია, დასრულდა ქართულ პოლიტიკაში და ახლა წინ სულ სხვა რეალობაა. ისე, ერთი რამ ნამდვილად ფაქტია და, მგონი, ამაში ყველა დამეთანხმება, რომ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ისეთი კანონების მიღებაც, რომლებმაც ხვალ და ზეგ შეიძლება სულ მთლად დაგვავიწყოს რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით მიღებული ეს რაღაც ე. წ. კანონი.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here