Home რუბრიკები საზოგადოება მამუკა ღლონტი: თავისუფლება _ კოჭოიას! freedom to kotchoia!

მამუკა ღლონტი: თავისუფლება _ კოჭოიას! freedom to kotchoia!

GEWORLD.NET:
ბოლო დროს განვითარებულმა ჯაშუშურმა ისტერიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი, როგორც ჩანს, სარკასტულ განწყობაზე დააყენა და, ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების გათავისუფლების შემდეგ, დედაქალაქის ცენტრში ორენოვანი პლაკატებით აღჭურვილი დაჟინებით მოითხოვდა ასევე აგენტურულ საქმიანობაში ბრალდებული კოჭოიას (მერაბ ყოლბაიას) გათავისუფლებას. ამის თაობაზე და კიდევ _ როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, მამუკა ღლონტი «საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრა.

_ ბატონო მამუკა, ფოტორეპორტიორების გათავისუფლების შემდეგ რატომ მოითხოვეთ მაინც და მაინც ჯაშუშობაში ბრალდებული კოჭოიას გათავისუფლება?
_ კოჭოიას გათავისუფლება იმიტომ მოვითხოვე, რომ კოლეგებისთვის მიმენიშნებინა _ დღეს ტყუილად ვზეიმობთ გამარჯვებას, არაფერი არ დამთავრებულა, მედიას შეეძლო უფრო მეტისთვის მიეღწია, მაგრამ მიმაჩნია, რომ შუა გზაზე გავჩერდით.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტების ბრძოლა აღარ გაგრძელდება?
_ დარწმუნებული ვარ, აღარ გაგრძელდება ან რაღაც მცირე პერიოდი იაქტიურებენ და შემდეგ გაჩუმდებიან, რადგან ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
15 ივნისი გაიხსენეთ, როცა დიღომში ჟურნალისტებს სცემეს, მთელი პრესა აღელვებული იყო, საქმე სასამართლოსაც გადაეცა, მაგრამ მერე ბოდიში მოიხადეს, დამტვრეულ კამერებს დაგიბრუნებთ და დამნაშვეებს დავსჯითო, დაგვპირდნენ. დღეს მედიიდან ვინმეს ახსოვს ეს ამბავი?
_ თქვენ ამბობთ, რომ ჟურნალისტები ისევ გაჩუმდებიან და ამ საქმესაც დაივიწყებენ. თქვენ ხომ არ აპირებთ, მაგალითი უჩვენოთ კოლეგებს?
_ მე მედიას გაერთიანებისკენ მოვუწოდე, წავედი და «კოჭოიას აქცია” მოვაწყვე მოწოდებით «თავისუფლება _ კოჭოიას!”. მომავალში კიდევ გავაკეთებ რაღაცას, მაგრამ მარტო მე რას შევძლებ? კარგი იქნება, თუ მედია გაერთიანდება, რათა უფრო ორგანიზებულები ვიყოთ, ოღონდ ეს უნდა იყოს მედიის ორგანიზაციული ტიპის გაერთიანება და არა _ პიროვნული, ვინაიდან ასეთი გაერთიანებები ბევრი შექმნილა და შედეგი მაინც არ მოჰყოლია.
_ თქვენ თქვით, რომ მედია ტყუილად ზეიმობს გამარჯვებას, ამ დღებში ბევრს კამათობენ, იყო თუ არა ფოტორეპორტიორების გათავისუფლება ჟურნალისტებისა და მთელი ქართული საზოგადოების წარმატება…
_ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გამარჯვება იყო, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ციხიდან დავიხსენით და მოვახერხეთ, მსოფლიოს გაეგო სიმართლე, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ბრძოლა გაგვეგრძელებინა.
მე ვამბობ ასეთ რამეს: მედიამ დაჭრა დათვი, შეეძლო, მაგრამ არ მოკლა. გაბრაზებული, დაჭრილი დათვი კი ბევრს დაგლეჯს და გააუბედურებს. მედიას არ ეყო გონიერება, მოეკლა დათვი.
_ გონიერება თუ ძალა?
_ მედიას გონიერება არ ეყო. მედიას ძალიან დიდი ძალა აქვს. ჟურნალისტების ნაწილი მიეცა თვითკმაყოფილებას, ნაწილმა კი სხვა თემებზე მუშაობა გააგრძელა და ვფიქრობ, ამ ადამიანების უმრავლესობა, უბრალოდ, ვერ ხვდება, რომ ხვალ იგივე განმეორდება, ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად საკმაოდ კარგად მომზადებული იქნება და ასეთ მიამიტურ შეცდომებს აღარ დაუშვებს. შემდგომში დაპატიმრებული კოლეგა-«აგენტების” დახსნა ჟურნალისტებს უკვე გაუჭირდებათ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულმა ფოტორეპორტიორებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და სხვა ჯაშუშების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. საზოგადოება შიშობს, რომ შესაძლოა დაჭერების სერია გაგრძელდეს. არ გეშინიათ, რომ კოჭოიას მხარდაჭერისთვის თქვენც დაგიჭირონ?
_ მე დაჭერის საშიშროება, კარგა ხანია, მემუქრება. უკვე შეგუებული ვარ იმ ფაქტს, რომ შეიძლება რაიმე მოტივით დამიჭირონ, იქნება ეს აგენტების მხარდაჭერა თუ რაიმე სხვა მიზეზი. რამდენიმე წელია, ეს საშიშროება ემუქრება ტელეკომპანია «მაესტროს” ნებისმიერ თანამშრომელს.
_ ფიქრობთ, რომ დღეს ჟურნალისტების დაპატიმრების სერიოზული საფრთხე არსებობს?
_ რა თქმა უნდა, არსებობს. ხომ ნახეთ, ერთ დღეს დააპატიმრეს ოთხი ფოტორეპორტიორი და მათი ჯაშუშობის დასამტკიცებლად ტელევიზიით რაღაც სისულელეები გვაჩვენეს. შეიძლება აქამდე ხელისუფლებას ოდნავ გონებაგანუვითარებლებად მივაჩნდით, მაგრამ ახლა უკვე კარგად მოემზადებიან. საქმეს ისე შეაკოწიწებენ, რომ, საქართველოში თუ ვერა, უცხოეთში მაინც აუხვიონ ვინმეს თვალი. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ჟურნალისტების დაპატიმრების საშიშროება ყოველთვის იარსებებს.
_ ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს. მიზანი სანახევროდ, მაგრამ მაინც მიღწეულია. ახლა როგორ უნდა მოიქცეს მედია, რა უნდა გავაკეთოთ ჟურნალისტებმა?
_ ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი არ უნდა დავანებოთ, სანამ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის დამადასტურებელ თუნდაც ერთ მტკიცებულებას მაინც არ წარმოგვიდგენენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა ჯაშუშებსაც არ დააპატიმრებენ.
_ რატომ იყავით თავიდანვე სკეპტიკურად განწყობილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრისადმი?
_ ის ჟურნალისტები, ვინც მინისტრს შეხვდნენ, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები არიან. მათ კრიტიკა დაიმსახურეს იმის გამო, რომ შეეძლოთ მეტი პრინციპულობა გამოეჩინათ და, ამას გარდა, უნდა მოეთხოვათ, რომ შეხვედრა საჯარო ყოფილიყო.
_ ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების «აღიარებითი ჩვენებები” გავრცელდა. თქვენ რას აღიარებდით?
_ მე მაქვს მემორანდუმის იდეა, ჟურნალისტებმა მივმართოთ საზოგადოებას და წინასწარ დავწეროთ ასეთი ტექსტი: დამიჭერენ თუ არა, ვაღიარებ ყველაფერს, ოღონდ არ დაიჯეროთ! ასევე მოვიქცეოდი მეც, რასაც მთხოვდნენ, იაპონიის აგენტობიდან დაწყებული, კაიროში აფეთქების მოწყობით დამთავრებული, ყველაფერს «ვაღიარებდი”. ვინაიდან დღეს საქართველოში არც აღიარებას აქვს აზრი და არც არაღიარებას.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here