GEWORLD.NET:
«მედიანიუსის» ცნობით, ხვალ მიხეილ სააკაშვილი პერუში ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას დაესწრება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილი ლათინოამერიკელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩადის, ასეთი სიხშირით ამას არც ერთი ევროპული, აზიური, გნებავთ აფრიკული სახელმწიფოს მეთაური არ აკეთებს. რატომ იზიდავს ასე სააკაშვილს ლათინური ამერიკა? პროპაგანდისტული არხებისა და მათთან გათანაბრებული პოლიტოლოგების ვერსიით, სააკაშვილი ამ ვოიაჟების დროს ჰერაკლეს მსგავს გმირობებს სჩადის. კერძოდ კი, მნიშვნელოვან კონტაქტებს ამყარებს, პოტენციურ ინვესტორებს ხვდება, რეგიონის სახელმწიფოების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პრევენციას ახდენს და რეფორმების ადგილობრივ გამოცდილებას ეცნობა. არის მეორე, გაცილებით ფართოდ გავრცელებული ვერსია, რომ სააკაშვილი ამ ვიზიტების დროს, უბრალოდ, ერთობა და საბიუჯეტო სახსრებს არნახული გაქანებით ფლანგავს.
თუმცა შესაძლოა, არის კიდევ ერთი, ფსიქოლოგიური ხასიათის მიზეზი, რომლის გამოც სააკაშვილის გული ლათინური ამერიკისკენ მიიწევს. საქმე ისაა, რომ მის მიერ საქართველოში დამყარებული რეჟიმი ყველაზე მეტად სწორედ ლათინოამერიკულ ანალოგებს მოაგონებს, ხოლო მისი ურთიერთობა ვაშინგტონთან ამ მრავალტანჯულ რეგიონში ჩამოყალიბებულ თამაშის წესებს ეფუძნება. მართალია, დრო გადის და ლათინური ამერიკა იცვლება, მაგრამ მასში ჯერ კიდევ შემორჩენილია ბევრი რამ, რაც მოაგონებს «ბანანურ დიქტატურებს», «ჩვენს ძაღლისშვილებს», მოკლედ, – მთელ იმ უბედურებას, რომელსაც ამდენი კარგი ადამიანის სიცოცხლე და მომავალი შეეწირა.
მიხეილ სააკაშვილი ლათინურ ამერიკაში რომ დაბადებულიყო, ის უდავოდ წარმატებული პოლიტიკოსი გახდებოდა. იქ მას ბევრი რამ მიესადაგება: მმართველობის სტილი, მისი ესთეტიკა და ერთობ ავადმყოფური ეთიკა და პოეტიკაც კი. წარმოიდგინეთ, 1967 წლის 21 დეკემბერს, სადღაც იქ, თუნდაც იმავე პერუში, დაიბადებოდა ბიჭი სახელად მიგელი, გაიზრდებოდა, უმაღლესში ჩააბარებდა (Universidad Nacional Mayor de San Marcos), ცხადია, ნათესავების დახმარების გარეშე; ივლიდა ექსკურსიებზე «ინკების დაკარგულ ქალაქ» მაჩუ-პიქჩუში და ირბენდა გასაუბრებებზე აშშ-ის საელჩოში (აქეთ – ინკები, იქით – იანკები…), შემდეგ – სწავლის გაგრძელება შტატებში, ჭარმაგი კურატორების გამოცდილი ხელები, რომლებიც ახალგაზრდა მიგელისგან, როგორც რბილი თიხისგან აბსტრაქტული ქანდაკებების მსგავს უცნაურ ფიგურას გამოძერწავდნენ… გამოვტოვოთ მიგელის ბიოგრაფიის რამდენიმე საეჭვო ფურცელი, რომლებიც წინამორბედ დიქტატურებთან მის თანამშრომლობას ასახავს და მაშინვე მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ: ლოზუნგებით (და ვინ იცის კიდევ რით) გაბრუებული ბრბო ნიკოლას დე პიეროლას ავენიდაზე (რუსთაველის პროსპექტის ანალოგი), «კაქტუსების რევოლუცია»… რაც მთავარია, ყველაფერი ეს ჩვენგან შორს მოხდებოდა. მაგრამ განგება, იდუმალი და დროდადრო სასტიკი რამ არის, პერუს ნაცვლად მიგელის ისტორია და, საერთოდ, მთელი ეს მაჩუ-პიქჩუ რატომღაც საქართველოში განვითარდა.
კარგი იქნება, თუ სან-მარტინის მოედანზე ხეტიალისა და ინკების პირამიდების ნანგრევებზე ბოდიალის ნაცვლად, სააკაშვილი პერუში ყოფნისას ციხეში შეივლის და ყოფილ პრეზიდენტს – ალბერტო ფუხიმორის მოინახულებს. მათ, სავარაუდოდ, ერთმანეთისთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი. ფუხიმორის ისტორია ერთობ შაბლონურია და, საერთოდ, ეს ახალი გენერაციის დიქტატორები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან: ყველაფერი ნეოლიბერალური რეფორმებითა და ტოტალური პრივატიზაციით იწყება, ხოლო სრულდება «სიკვდილის ესკადრონების» შექმნითა და მთელი ქვეყნის წამებით.
საპატიმროში სტუმრობის დროს, სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი რეფორმების შესახებ მოუთხროს, მთელ რიგ ეპიზოდებში ასე ძალიან რომ ჰგავს ფუხიმორის მიერ პერუში დატრიალებულ უბედურებას. ბატონ ალბერტოს კი, თავის მხრივ, შესაძლებლობა მიეცემა, უცხოელ სტუმარს გაუზიაროს თავისი მოსაზრებები მარადიულ თემაზე «Как выжить в тюрьме». დელეგაციის სხვა წევრები, ორი დიადი პიროვნების ბაასს ხელი რომ არ შეუშალონ, ამ დროს, ალბათ, სხვა კამერაში შეივლიან და ფუხიმორის რეპრესიული მანქანის მთავარ ჭანჭიკს – ვლადიმირო მონტესინოსს მოინახულებენ, რომელსაც საარაკო არაკაცობისთვის 25 წელი აქვს მისჯილი. ფუხიმორი ციხიდან რომც გამოუშვან (მოხუცდა, ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა), ეს ტიპი ნებისმიერ შემთხვევაში გისოსებს მიღმა დარჩება, ცნობილი კინოგმირის როლში შეჭრილი ვლადიმერ ვისოცკი რომ იტყოდა: «Будет сидеть» – არა რა, ვიზიტი ციხეში ნამდვილად სასარგებლო იქნება.
«ახალი გენერაციის დიქტატორები» ვახსენე და, შესაძლოა, ის ძველი, სისხლიან ხიშტებზე დაყრდნობილი გენერლები, ზოგადი ორანგუტანგობის მიუხედავად, რაღაცნაირად უფრო «პატიოსნები», უფრო თანმიმდევრულები იყვნენ, ვიდრე ეს ახალი, აღვირახსნილი დემაგოგები არმანის ჰალსტუხებით. ცხონებული სომოსა პირდაპირ ამბობდა: «დემოკრატია ჩემს ქვეყანაში თოთო ბავშვია. განა შეიძლება ბავშვს ყველაფერი მისცე, რასაც მოითხოვს? თუ თოთო ბავშვს ხორციან ღვეზელს მისცემთ, ამით მოკლავთ». ეს, ცხადია, საზიზღარი პოზიციაა, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ის გაცილებით გულწრფელია, ვიდრე მუდმივი ტყუილი დემოკრატიის აყვავებაზე და სამართლიანობის ზეიმზე.
პრეზიდენტ ოლანტა მოიზეს ჰუმალა ტასოს ძია სემის ახალ მარიონეტს (ჯერჯერობით) ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მეტიც, მისგან შეიძლება გამოვიდეს რაღაც უგო ჩავესის ან ბოლივიელი ევო მორალესის მსგავსი, მთელი რიგი მისი იდეები ამ ორი ლიდერის პროგრამებს მოაგონებს. მართალია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰუმალა ჩავესის ფიგურისგან მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობდა და რადიკალური ლოზუნგები ერთობ შეარბილა, თუმცა ცნობილი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა მიიჩნევს, რომ ახალი პრეზიდენტი «დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და, ჩავესის მსგავსად, ავტორიტარული ხელისუფლების ჩამოყალიბებას აპირებს». ლიოსა, ერთის მხრივ, შესანიშნავი მწერალია, მეორეს მხრივ კი – უხეირო პოლიტიკოსი, 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მომავალმა დიქტატორმა ფუხიმორიმ სწორედ მას (მოულოდნელად) მოუგო. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ცნობილი მწერლის ვარაუდი ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია: ჰუმალა მებრძოლი კაცია, ოფიცერი, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო კონფლიქტში ეკვადორთან (1995 წ.) და სხვა სახიფათო თავგადასავლებში. ასე რომ, ის საფრთხეს არ გაექცევა (მაგალითად, ეკვადორულ თვითმფრინავს, ნამდვილს თუ წარმოსახვითს) და ამით მაინც აარიდებს პერუს მოქალაქეებს სამარადჟამო სირცხვილს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ (და არა იმდენად) ოლანტა ჰუმალასთან ან თუნდაც მის ლათინოამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა, არამედ – აშშ-ის წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობა. თუნდაც დერეფანში, თუნდაც ბუფეტის დახლთან. ამისთვის კი ის, სავარაუდოდ, არა მხოლოდ პერუს პრეზიდენტის, არამედ იროკეზების ტომის შამანის ინაუგურაციაზეც ჩავიდოდა.
ძნელად წარმოსადგენია, რომ აზერბაიჯანის ან სომხეთის ლიდერები წელიწად-ნახევრის განმავლობაში კოსტა-რიკის, კოლუმბიისა და პერუს პრეზიდენტების ინაუგურაციაზე ჩავიდნენ; ილჰამ ალიევი და სერჟ სარქსიანი, ალბათ, გაცილებით სერიოზული საქმეებით არიან დაკავებულნი და არ სურთ, რომ ერთობ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა სააკაშვილისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, გამუდმებით ამტკიცოს, რომ ის «თავისიანია» ძია სემის სამყაროში (მარიონეტების თეატრში?) და ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი ვიზიტები, სავარაუდოდ, ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ისე, ურიგო არ იქნება, თუ სააკაშვილი სინგაპურის ყოფილი პრემიერის – ლი კუან იუს მემუარებს გადაიკითხავს, რომლის მიბაძვასაც ასეთი დაუცხრომელი და უნაყოფო ენთუზიაზმით ცდილობს. ის კაცი ყველანაირად ცდილობდა, ამერიკელები სინგაპურის საშინაო საქმეებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულები ყოფილიყვნენ. «მე მეშინოდა(!), რომ ბრიტანული გავლენა თანდათან, მაგრამ განუხრელად შემცირდებოდა, ხოლო ამერიკული – გაიზრდებოდა, – წერს ლი კუან იუ, – ინგლისელები იმპერიას გარკვეული თავაზიანობით მართავდნენ, ამერიკელები კი სულ სხვანაირად იქცეოდნენ, მე ვხედავდი, თუ როგორ ეპყრობოდნენ ისინი სამხრეთვიეტნამელ ლიდერებს და ტაილანდისა და ფილიპინების მთავრობებსაც კი». სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთის აზიურ კოლონიებში (საკუთრივ ბრიტანული წყაროების თანახმად) შიმშილმა და ეპიდემიებმა ათეულობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ინდოელი მკვლევარების დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 1942-43 წლების შიმშილი, რასაც 5 მილიონი ადამიანი შეეწირა, ბრიტანულმა ადმინისტრაციამ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, განგებ დაუშვა. თუმცა, ალბათ, უნდა დავუჯეროთ ბრძენ მოხუცს, ლი კუან იუს და ვაღიაროთ, რომ ამერიკელებთან შედარებით, ბრიტანელები მართალაც თავაზიანობისა და ეფექტური მენეჯმენტის განსახიერებას წარმოადგენდნენ.
რა დაემართებოდა სინგაპურს აშშ-ის ყოვლისმომცველი კონტროლის ქვეშ რომ აღმოჩენილიყო? ქვეყნების ჩამონათვალი თავად ლი კუან იუმ შემოგვთავაზა.
სამხრეთ ვიეტნამი: ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული სახელმწიფო XX საუკუნის ისტორიაში. როდესაც კომუნისტები 1975-ში საიგონის ასაღებად დაიძრნენ, მოსახლეობის ნაწილი ტაშით ეგებებოდა, ნაწილი ინდეფერენტულად სახლებში იჯდა, ამერიკელების მიერ საგულდაგულოდ გაწვრთნილი, მოწინააღმდეგეზე უფრო მრავალრიცხოვანი არმია კი უკანმოუხედავად გარბოდა. სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უყვარდა კომუნისტები, სულაც არა, მაგრამ, იმ არაადამიანურ მარიონეტულ რეჟიმთან შედარებით, რომელიც საიგონში იჯდა, ისინი ნაკლებ ბოროტებად მიაჩნდათ.
ტაილანდი: პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ, შეიძლება ცეცხლმოკიდებულ ტაილანდურ ბორდელს შევადაროთ; ათეულობით სამხედრო გადატრიალება, დიქტატურა, კაცისკვლა და სრული დებოში, რაც ბოლო, 2008 წლის გადატრიალების შემდეგ კვლავინდებურად გრძელდება.
ფილიპინები: პერმანენტულმა ომმა სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბოლო 40 წლის მანძილზე 150 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 2 მილიონი – დევნილად აქცია; ყოველივე ამას ბოლო არ უჩანს. ორი ათწლეული (ზუსტად ის პერიოდია, რომელზეც ლი კუან იუ წერს) ქვეყანას ფერდინანდ მარკოსი მართავდა. მიჩნეულია, რომ ის დამნაშავეა რამდენიმე ათასი ადამიანის სიკვდილში, მისი მმართველობის წლებში ციხეებში ათი ათასობით პოლიტპატიმარი იჯდა.
ცხადია, რეჟიმი, რომელიც ლი კუან იუმ სინგაპურში დაამყარა, უნაკლო და უცოდველი ნამდვილად არ იყო, თუმცა აშშ-ის კონტროლქვეშ მყოფ მარიონეტულ რეჟიმებთან შედარებით, ის უწყინარ საბავშვო ბაღს თუ შეედრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები აიძულებდა სინგაპურის ხელისუფლებას, ვაშინგტონის ინტერესები გაეთვალისწინებინა, ის ყოველთვის ცდილობდა, მკაცრად დაეცვა დისტანცია და «სინგაპურული სასწაულის» ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა.
აშშ-ის გავლენა სინგაპურზე ნამდვილად არსებობდა (და არსებობს), თუმცა ყოვლისმომცველი ის არასოდეს ყოფილა. ეს საკმაოდ საინტერესო სიტუაცია იყო; მედალს ორი მხარე ჰქონდა. ლი კუან იუს და მის თანამოაზრეებს შტატები სჭირდებოდათ როგორც ჩინეთის (და, გარკვეულწილად, სსრკ-ის) შემაკავებელი ფაქტორი და ისინი ხელს უწყობდნენ იმას, რომ ვაშინგტონს რეგიონში აქტიურად ემოქმედა, თუმცა მათ არასოდეს მოსვლიათ აზრად ქვეყნის მართვის სადავეების ამერიკელებისთვის ჩაბარება და უნებისყოფო მარიონეტებად გადაქცევა. თუ სინგაპურულ გამოცდილებაზე სერიოზულ საუბარს ვაპირებთ (არა მგონია, ვინმე ამას აქტუალურად მიიჩნევდეს), იქნებ იმ გარემოების გათვალისწინებით დავიწყოთ, რომ ძია სემის დისტანცირება საშინაო საქმეებისგან ხანდახან სასარგებლოა.
თუმცა ასეთ გლობალურ თემებზე მსჯელობა, ალბათ, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც მთელი ეს მაჩუ-პიქჩუ, რომელიც ჩვენს თავს ამჟამად ხდება, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება.
დიმიტრი მონიავა