მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება საქართველოში საწვავის ფასზე არ აისახება, _ მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტ პაატა ბაირახტარს.
“მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ამ ეტაპზე შემცირებულია, მაგრამ საქართველოში ბენზინის ფასებს ბაზარზე კონკურენცია კი არ განსაზღვრავს, არამედ მსხვილი ნავთობკომპანიების მოთხოვნები”, _ განუცხადა პაატა ბაირახტარმა “სპუტნიკ-საქართველოს”. მისი თქმით, როდესაც ნავთობის ფასმა მსოფლიოში ლამის მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო 1 დოლარის ღირებულებამ _ თითქმის 2,8 ლარს, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი საგრძნობლად არც მაშინ შეცვლილა და მხოლოდ რამდენიმე თეთრით განსხვავდებოდა დღეს არსებულისგან.
“თუ დღეს ბაზარზე არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ იმ სხვაობას, რომელიც მცირე და დიდი ბრენდული კომპანიების ფასებს შორის არსებობს და 23-25 თეთრს შორის მერყეობს. ეს ძალიან დიდი სხვაობაა და რამდენიც უნდა ვისაუბროთ, რომ მათ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება სხვადასხვა თანხა უჯდებათ, მსგავსი ტიპის სხვაობა შეთანხმებებისა და არაჯანსაღი კონკურენციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”, _ ვარაუდობს პაატა ბაირახტარი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის 1 მაისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-რენტ ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51,66 (-0,07) დოლარი/ბარელზე, ნიუ-იორკში (NYMEX) _ Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა _ 48,84 (-0.49) დოლარი/ბარელზე.