Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ ტატიშვილი: ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად უნდა იყო განწყობილი

ვახტანგ ტატიშვილი: ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად უნდა იყო განწყობილი

GEWORLD.NET:
ბატონი ვახტანგ ტატიშვილი, საქართველოს დამსახურებელი არტისტი, ღირსების ორდენოსანი, ანსამბლ «ივერიის» ერთ-ერთი დამფუძნებელი და უხუცესი წევრი და, რაც მთავარია, უპოპულარულესი მსახიობი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დაგვთანხმდა ინტერვიუს ჩამორთმევაზე.

– ბატონო ვახტანგ, თქვენ, თქვენს ანსამბლ «ივერიას» საქართველოში გიცნობდნენ და გაფასებდნენ არა მარტო როგორც უმაღლესი რანგის შემოქმედებით კოლექტივს, შესანიშნავ მომღერლებსა და მსახიობებს, არამედ, ამასთან ერთად, როგორც გაბედულ ადამიანებს, ვისაც ყოველთვის შეგეძლოთ მართალი, კრიტიკული სიტყვის თქმა. რატომ გაუჩუმდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას?
– სხვა არის, როცა კოლექტივთან ერთად მუშაობ, როცა შევთანხმდებით – ვინ, რა, როგორ გავაკრიტიკოთ. როცა მარტო ხარ, შეიძლება შეგეშალოს, ვერ გაიგებ, ვის – რა უნდა შენიშნო და სწორი ხარ თუ არა.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად უნდა იყო განწყობილი, შენი სიტყვა მიაწვდინო, რათა გაითვალისწინოს, თორემ, ჩვენ ჩანაფიქრს ვერ იგებენ. ხანდახან ისე გამოდის, რომ ვისაც აკრიტიკებ, იმასაც წყინს და იმასაც, ვისი სახელითაც აკრიტიკებ. ხელისუფლებაზეც ვამბობ და ოპოზიციაზეც.
ჩვენ შორიდან დამკვირვებლები ვართ, თორემ მოვლენებში ღრმად ჩახედვის პრეტენზია არ გვაქვს, არც არავინ ჩაგვახედებს. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ხელოვნებას. თუ რაიმე აშკარა ფაქტს დავინახავთ, რასაკვირველია, გვერდს არ ავუვლით და აღვნიშნავთ ისე, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი პროფესია, ჩვენი შემოქმედების სპეციფიკური ხერხები და საშუალებანი.
რადიკალური განწყობილება – შენ გადადექი და შენ მოდი – ჩვენთვის დამახასიათებელი არ არის. ამიტომაც არ შევდივარ არც ერთ პარტიაში, რადგან მაშინ იძულებული ვიქნები მაინცდამაინც დავეთანხმო პარტიის გადაწყვეტილებას და გავჩუმდე. იქნებ არ მინდა, ისე ვიაზროვნო, როგორც მთავაზობენ?
პატარ-პატარა შენიშვნები, კბენა არის ზოგჯერ საჭირო და აუცილებელიც, რათა უარესი არ დაგვემართოს.
ჩვენ ვართ ქართველები, ერთი ხალხი და ერთი ერი, ამიტომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთმანეთის გადაშენება ხომ არ უნდა გვინდოდეს? რადიკალური დამოკიდებულება ჩვენი საქმე არ არის, პოლიტიკოსები არ ვართ. ტყუილად ხომ არ გვქვია არტისტები?!
«ივერია» აკრიტიკებდა კომუნისტებსაც, უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება, არის ამის დამადასტურებელი ჩანაწერები. ვაკრიტიკებდით გამსახურდიას. მერე მოვიდა შევარდნაძე, არც იმისთვის დაგვიკლია ხელი. ახალი მთავრობისთვისაც გაგვიკრავს კბილი.
ყოველთვის ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა, სააშკარაოზე გამოგვეტანა პატარ-პატარა ნიუანსები.
– და როცა დიდი პრობლემები იჩენდა თავს?
– როცა ხალხი მასობრივად გამოდის რაღაცის წინააღმდეგ, აუცილებლად უნდა ვიყოთ იქ. არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ ვეთანხმებით ყველა გამომსვლელს, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ხალხმა თავის გვერდზე დაინახოს ისინი, ვინც უყვარს, ვისიც სჯერა და ვისაც აფასებს. და არა მარტო გასამხნევებლად და ტაშის დასაკვრელად, არამედ იმიტომაც, რომ, თუ ხალხს რაღაც შეეშლება, ესეც ვუთხრათ.
ასეთია ჩემი აზრი.
ჩვენი, არტისტების, მთავარი საქმე მაინც ის არის, რომ გავამხიარულოთ ხალხი, კარგ ხასიათზე დავაყენოთ, სასიამოვნო სიმღერები მოვასმენინოთ.
ხალხთან რომ იყო, უნდა იცოდე, რისთვის ხარ. მაგალითად, სტადიონზე რომ შეიკრიბა დიდი მასა, მეც იქ ვიყავი. დამინახეს, რომ იქა ვარ. მაგრამ რისთვის ვიყავი? იქ ყოფნისას ამის პასუხი ვერ მივიღე.
იმ ჯაჭვშიც ვიდექი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეიკრა. ვიდექი როგორც გაბრაზებული კაცი. მაგრამ მერე რა?!
რუსეთიც გამიკრიტიკებია – ჟირინოვსკიზეც დამიწერია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მაღალმხატვრული რამ. უფრო ისეთი იყო, საუბრისას რომ იტყვი ან ესტრადაზე წაუმღერებ. რასაც გრძნობ და რასაც ხედავ, იმას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლი, ოღონდ უნდა გესმოდეს, რა ხდება და ზედმეტი არ დაიბრალო.
– ვინ იყო იმ ტექსტების ავტორი, რომლებსაც თქვენ ახმოვანებდით?
– სულ ჩემი ტექსტებია. მაგალითად СНГ -ს გაშიფვრა, СПИД -ზეც მქონდა და ა.შ., იუმორის კუთხით, ცხადია.
– ხომ არ გაგვიშიფრავთ ათას მეერთედ? როგორ წავიკითხოთ СНГ?
– Не дай Бог, მოვა ისეთი დიქტატორი, რომელიც იქნება Сталин Наполеонович Гитлер. სპიდი კი ასე იშიფრებოდა: სექსისთვის პრეზერვატივი იქონიე, დებილო. და ასე შემდეგ.
– ესტრადაზე საიდან მოხვედით?
– ბავშვობიდან ვმღეროდი და ვმაიმუნობდი, ასე ვთქვათ. სკოლაშიც და პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტშიც, რომელიც დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით. თბილისში რუსულ სკოლაში ვასწავლიდი ფიზიკას. ორი წელიწადი საბჭოთა ჯარში, გროზნოში ვმსახურობდი, იქაც ვმღეროდი. მაგრამ ყველა ჯარისკაცულ საქმეს ვასრულებდი – იარაღის გაწმენდა, სროლები, განწესი, ყარაულში დგომა…
– გაუპტვახტში ხომ არ მოხვედრილხართ?
– არა. წესიერი ჯარისკაცი ვიყავი.
– ჯარისდროინდელი რომელიმე სიმღერის ტექსტი თუ გახსოვთ?
– ჩვენს ნაწილში, მაგალითად, იყო სამზარეულო – кухня, რომელსაც საშველი არ დაადგა და გაზი ვერ გაიყვანეს, შეშის ცეცხლზე ვამზადებდით ჯარისკაცების სადილ-ვახშამს და მთელი ჩვენი ნაწილი შეშის დაჭრასა და დაპობაზე ცდებოდა. მერე მთელი ეს блок питания    მწყობრიდან გამოვიდა. ასეთ ამბებზე ვწერდი «ჩასტუშკებს»…
– ხომ არ გახსოვთ რომელიმე?
– კი, ბატონო:
Проведем вам газ на кухную,
Обещали часто нам,
Взорвалься наша кухня,
Раскололась пополам.
ეს რომ ვიმღერე ნაწილში, ისეთი ტაში ატყდა, რომ თქვენი მოწონებული. ზამპოლიტმა (იყო ასეთი თანამდებობა საბჭოთა არმიაში) მკითხა, ვინ დაგიწერაო. გამოვუტყდი, რომ ავტორი მე ვიყავი. СНГ -ზე კი ხაზანოვმა მკითხა, საავტორო კონცერტზე რომ ვიყავით მოსკოვში, მაშინ, ვინ დაგიწერაო, რა მაგარი რაღაცააო. იმას უწერდნენ, გამორჩეული ავტორები მუშაობდნენ ხაზანოვის დონის მსახიობებზე. ძალიან გაუკვირდა და არ დაიჯერა, რომ ჩემი ნაწვალები იყო.
რას ნიშნავდა ეს აბრევიატურა, უკვე გითხარით. მაგრამ ალექსანდრე ბასილაიას, ჩვენი ხელმძღვანელის, ბუთხუზას კონცერტზე შევცვალე და გაშიფვრის ახალი ვარიანტი წარვადგინე: Саше, настоящему грузину, сверхмощное наше гау…  და მთელი დარბაზი ამყვა და ტაშის გრიალში დაამთავრა – მარ-ჯოს!
– «ივერია», თქვენ, სხვებთან ერთად ქართული იუმორის მოდის დამდები იყავით. ხომ არ მძლავრობს დღეს საქართველოში პრიმიტიული პროვინციული იუმორი, რომლის უგემოვნებო ნიმუშებს ტელეეკრანიდან გამუდმებით გვთავაზობენ?
– იუმორი ისეთი ფენომენია, რომელსაც ყოველ დღე ვერ შექმნი. არის იუმორის კარგი მაგალითები – «ღამის შოუ», «შუა ქალაქში», «კომედი შოუც».
ზოგი ძალიან ნიჭიერია, ზოგი, ასე ვთქვათ, «სრედნი». მაგრამ ერთმანეთს ავსებენ.
მომღერლებიც ასე არიან – ძიებაში. ჩვენც ასე ვიყავით – ჩვენც გვაკრიტიკებდნენ. რაც კარგია, დარჩება. რაც არა – დაივიწყებენ.
– ვასიკო ოდიშვილს «მაესტროს» ეთერში თუ უსმენთ?
– კი, როცა საშუალება მაქვს. ძალიან ნიჭიერად მიჰყავს «ყოველდღიური აბები»…
ესტრადა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დღევანდელურია, რაც გუშინ მოხდა, შეგიძლია უცებ გამოიტანო სცენაზე. შტრიხებით შემოხაზო სურათი. სკეტჩით, სიმღერით… ჩვენ გვქონდა ასეთი რაღაცეები, მაგალითად «რწყილსა და ჭიანჭველაში», რომელიც რამდენჯერმე გადავაკეთეთ იმ დროის აქტუალურ საკითხებთან შეფარდებით.
– ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე სპექტაკლ «ხანუმაში» ექსპრომტად ისეთ ფრაზებს ჩაურთავდნენ, რომლებიც სწრაფი და გონებამახვილური რეაქცია იყო გუშინდელ ამბავზე, ან პრობლემაზე, რომელიც თბილისში სალაპარაკოდ იყო გამხდარი. იხოცებოდა დარბაზი სიცილით.
– გენიალურად აკეთებდნენ.
– თქვენს კოლექტივში ძალიან ნიჭიერი ადამიანები იყვნენ…
– გეთანხმებით. ჩვენთან სიმღერის, ვოკალის დატვირთვა მოდიოდა თემურ წიკლაურზე, ნუგზარ კვაშალზე, მანანა თოდაძეზე. დანარჩენები – ზოგი ვუკრავდით, ზოგი წავიმღერებდით, ვისაც რისი ნიჭი გვქონდა, იმას ვაკეთებდით. მაგრამ ბუთხუზი ბასილაია რომ არ ყოფილიყო, არაფერს ფასი არ ექნებოდა, შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა, არაჩვეულებრივ მელოდიებს წერდა. ამიტომ არის, რომ მისი ბევრი სიმღერა დღესაც შემორჩა.
სპექტაკლების ლიბრეტოების, პიესების ავტორი ჯემალი იყო, ბაღაშვილი. ლექსებსაც ის წერდა.
ვთანამშრომლობდით გოგი ცაბაძესთან, მორის ფოცხიშვილთან და ა.შ. დავდგით «ჩხიკვთა ქორწილი», «არგონავტები», «თოვლის ბებო» (ორი ჯუჯა  მაშინ გამოჩნდა – მე და ნუგზარ კვაშალი). სერიოზული სპექტაკლი იყო «ფიროსმანი».
ჩემი მთავარი დატვირთვა იუმორი იყო. იმდენად სატირული არა, უფრო – იუმორისტული, თუმცა არც სატირა გვაკლდა. ასე მოვდიოდით.
– ამ სპექტაკლებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად რომელი მიგაჩნიათ?
– «ფიროსმანი», თუმცა ყველას თავისი წილი წარმატება ჰქონდა. განსაკუთრებით, – «ჩხიკვთა ქორწილს», რომლის მიხედვით ფილმი გადავიღეთ, ხუთი წლის წინათ «ჩხიკვთა ქორწილის» 100 სპექტაკლი დაიდგა მოსკოვის ცირკში.
– შესაძლებლად მიგაჩნიათ, ახლაც რომ გაგრძელდეს ურთიერთობა რუსეთის შემოქმედებით წრეებთან?
– რატომაც არა?! მე მგონი, დღეს ბოდიში გვაქვს მოსახდელი ჩვენც, მარტო რუსეთთან კი არა, საერთოდ: თუ რამე დავაშავეთ, გვაპატიეთ; თუ რამე დაგვიშავეთ, თქვენც მოიხადეთ ბოდიში. სანამდე უნდა ვუცადოთ რუსეთს, როდის გახდება დემოკრატიული?..
– დღეს რომ შემოგთავაზონ, რომელ სპექტაკლს აღადგენდით?
– გავიმეორებდი «არგონავტებს», რომელიც ცოტა ხანს იყო სცენაზე. ცუდი ამბავი შეგვემთხვა მაშინ – თემურ წიკლაურს გარდაეცვალა შვილი.
– შეიძლება, რომ «ივერია» გამეორდეს?
– შეიძლება.
– ვითომ?
– ჩვენი ანსამბლი ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა გაიარა. ზოგი ამერიკაშია, ზოგი – რუსეთში: სოსო პავლიაშვილი, ავთო მამაცაშვილი, ზურა ცისკარიძე და ბევრი სხვა.
სულ პირველად კვარტეტი ვიყავით: ბუთხუზ ბასილაია, ჯემალ ბაღაშვილი, გოგი ლეონიძე და მე. ახლა ორნიღა დავრჩით: ჯემალი და მე.
შემდეგ თემური შემოგვემატა, ძმები კვაშალები, ანსამბლი «ნატვრის ხე» – რომა რცხილაძის ხელმძღვანელობით… და ასე შემდეგ.
– ფიქრობთ რომელიმე ახალ პროექტზე?
– არა. არაფერს არ ვდგამთ. ახლა ყველაფერი გაძნელდა. თუ სპონსორი არ გამონახე, ვერაფერს გააკეთებ.
– სპონსორი კი არ ჩანს…
– თანაც, რაც მთავარია, ჩვენ ცოტა მოვბერდით, ჩვენი სიტყვა ვთქვით. მოვიდნენ ახლა სხვები – ჰა ბურთი და ჰა მოედანი.
– ანუ, როგორც აკაკი წერეთელი ამბობდა: «ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე»?
– დიახ.
– მაშ, თქვით ბატონო ვახტანგ, თქვენი დასკვნითი სიტყვა – რას გვეტყვით მაყურებელს, იმათ, ვინც ყოველთვის სიხარულით მოვდიოდით თქვენს კონცერტებსა და სპექტაკლებზე და ვავსებდით დარბაზებს?
– დიდი ვასო გოძიაშვილის არ იყოს, «ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ»… ჩვენი სიყვარული მაყურებლის მიმართ არ გამქრალა. მინდა, რომ ყველას უყვარდეს ერთმანეთი. მართალია, ეს ძნელი მისაღწევია დღევანდელ დაპირისპირებულ გარემოში, მაინც ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი. ჩემი აზრით, ბოლოს და ბოლოს, სიყვარული გაიმარჯვებს:
მთავარია სამი რამე
დედამიწაზე – სიყვარული, სიკეთე და სილამაზე.
ტყუილად არ ვმღერით ამას მე და ნუგზარ კვაშალი.
– ესე იგი, ფარდა არ დაშვებულა?
– არა. მზად ვართ, დავეხმაროთ ყველას, ვინც მოისურვებს, ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. ისე, რომ იცოდეთ, წლეულს, ნოემბერში 70 წლისა ვხდები. ბევრი იუბილარი ვგროვდებით: ჯემალ ბაღაშვილი სამოცდაათის გახდება, თემურ წიკლაური 65-ის, ნუგზარ კვაშალს 60 შეუსრულდება – სულ «კრუგლი დატებია». რა ვიცი, შეიძლება რაღაც კონცერტიც კი დავდგათ… რაღა თქმა უნდა, თუ სპონსორი ვიპოვეთ…
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here