გერმანიაში გრძელდება შეიარაღებულ ძალებში ნეონაცისტური დაჯგუფების აღმოჩენასთან დაკავშირებული სკანდალი. მან დატყმის ქვეშ დააყენა თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლაიენის ავტორიტეტი და ნათლად აჩვენა, რომ პრობლემები, რომლებსაც გერმანელი საზოგადოება მთლიანობაში დაძლეულად თვლიდა, კვლავინდებურად აქტუალურია.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბუნდესვერის ოფიცერი ფრანკო ა. ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა, თანაც ეს სირიელი ლტილვილის სახელით უნდა გაეკეთებინა, რათა გერმანიაში ქსენოფობიის ზრდა გამოეწვია. გამოძიების ვერსიით, ტერაქტის სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო ყოფილი ფედერალური პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი და იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი _ ორივე აქტიურად უჭერს მხარს ლტოლვილების მიმართ რბილი პოლიტიკის გატარებას. ფრანკო ა.-ს შესაძლო თანამზრახველად კიდევ ერთი ოფიცერი დასახელდა.
სკანდალი გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა მიმართვა და მომხდარში ბუნდესვერის სარდლობა დაადანაშაულა. თავდაცვის მინისტრის აზრით, ფრანკო. ა-ს რადიკალური ნაციონალისტური შეხედულებები მეთაურებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. ყველაზე ნეგატიური რეზონანსი კი “ცდფ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა, ფონ დერ ლაიენმა თქვა: “არმიას სამხედრო მოსამსახურეების მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ყველა დონეზე სუსტი მეთაურები გვხვდება”. ამან სამხედროების მკვეთრად კრიტიკული რეაქცია გამოიწვია; ბევრმა მათგანმა ჩათვალა, რომ მინისტრი პასუხისმგებლობას თავს არიდებს.
ეს სკანდალი არ შემოიფარგლება შიდაუწყებრივი დაპირისპირებით, მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვე რჩება, ხოლო მმართველი ძალის პოზიციები არც ისე დამაჯერებელია. ანგელა მერკელი ცდილობს, დაიცვას კრიტიკისგან მინისტრი, რომელთანაც არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ ხანგრძლივი მეგობრობაც აკავშირებს. 2013-ში სწორედ მერკელმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ თავდაცვის მინისტრად, პირველად გერმანიის ისტორიაში, ქალი, შვიდი შვილის დედა ურსულა ფონ დერ ლაიენი დაინიშნა. ეს არ არის ამ ფიგურასთან დაკავშირებული პირველი სკანდალი, 2015-ში ყურადღების ცენტრში მისი დისერტაცია აღმოჩნდა – ფონ დერ ლაიენს ბრალი პლაგიატში დასდეს. საინტერესოა, რომ ანალოგიურმა ბრალდებამ 2011-ში გერმანიის თავდაცვის მინისტრის _ კარლ–თეოდორ ცუ გუტენბერგის კარიერა შეიწირა. ფონ დერ ლაიენი მაშინ “გადარჩა”, თუმცა იმის ალბათობა, რომ უსიამოვნება მომავალშიც მოხდებოდა, საკმაოდ მაღალი იყო, რადგან მას კანცლერის პოსტზე მერკელის ერთ-ერთ სავარაუდო “მემკვიდრედ” განიხილავენ. აქედან გამომდინარე, ფონ დერ ლაიენს არაერთი მოწინაღმდეგე ჰყავს _ არა მხოლოდ და არა იმდენად ოპოზიციაში, რამდენადაც სახელისუფლო გუნდში. ეს ეპიზოდი წინასაარჩევნო ბრძოლის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მაგრამ ამავე დროს ის ძველ პრობლემებზე მიუთითებს.
გერმანელი ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ულტრამემარჯვენე რადიკალების გავლენა არმიაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2011 წელს საყოველთაო გაწვევა გაუქმდა. ექსტემისტების აღმოჩენა და ნეიტრალიზება სამხედრო კონტრდაზვერვას ევალება. ახლა ის 230 ეპიზოდს სწავლობს, რომელთა დიდი ნაწილი ნაცისტური ეპოქის სიმბოლოების გამოყენებას ეხება. შარშან კონტრდაზვერვამ 149 ასეთი შემთხვევა შეისწავლა, მსვლელობა 56 საქმეს მიეცა, შეიარაღებული ძალების რიგებიდან კი 19 სამხედრო დაითხოვეს. ზოგიერთი ინციდენტი შემოიფარგლებოდა იმით, რომ მთვრალი ახალგაზრდა ჯარისკაცები “ზიგ ჰაილს” ყვიროდნენ ან ნეონაცისტურ მუსიკალურ ჯგუფებს უსმენდნენ. ასეთ დროს მეთაურების უმრავლესობა ცდილობს, “დაინდოს” სამხედროები და ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუშალოს, თუნდაც იმიტომ, რომ მან პრობლემა შეიძლება ყველა ზემდგომ ოფიცერს შეუქმნას. თანამედროვე გერმანიაში ნაცისტური წარსულის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულების გამო, ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შეიძლება ძალიან სერიოზული სკანდალში გადაიზარდოს.
ექსტრემისტი ულტრამემარჯვენეების გამოვლენას ბუნდესვერის რიგებში ხელს უშლის ერთი საინტერესო გარემოება: საყოველთაოდ ცნობილია, რომ გერმანელებს კანონის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ხანდახან მათ “სამართლებრივ ცნობიერებაზეც” კი საუბრობენ. ერთი მხრივ, სპეციალური ინსტრუქცია ავალდებულებს სამხედროებს, მოახსენონ მეთაურებს კოლეგების საეჭვო ქცევისა და ექსტრემისტული იდეების შესახებ. მაგრამ, მეორე მხრივ, მე-12 მუხლი კანონში ბუნდესვერის შესახებ ავალდებულებს მათ, ამხანაგური სოლიდარობა გამოავლინონ. ეს მუხლი ქმნის ერთგვარ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ “ხვერლს” მათთვის, ვისაც არ სურს “ჩამშვებად” ჩათვალონ. ჯარისკაცები ხშირად არიდებენ თავს კოლეგების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამით ზოგიერთი ინციდენტის გამოძიებას შეუძლებელს ხდიან.
გერმანელი სამხედროებისთვის ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როდესაც ბუნდესვერის როგებში ჩარიცხულმა პირველმა მოხალისეებმა 1955-ში ფიცი დადეს, ეს კაიზერის არმიის ტრადიციული წესის მიხედვით გააკეთეს. რაც შეეხება დამოკიდებულებას ვერმახტის მიმართ, “გენერალური ხაზი” ამ მხრივ კანცლერმა კონრად ადენაუერმა ჩამოაყალიბა, რომელმაც 1952 წლის 3 დეკემბერს ბუნდესტაგში თქვა: “მინდა, ფედერალური მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ ვაღიარებთ ყველა მებრძოლს, რომელიც მაღალი სამხედრო ტრადიციების ერთგულებით იბრძოდა. დარწმუნებულნი ვართ, რომ გერმანელი ჯარისკაცის მაღალი რეპუტაცია და დიდი მიღწევები ცოცხალია ჩვენს ერში და ასეთად დარჩება, წარსულში მიყენებული შეურაცხყოფის მიუხედავად. ჩვენი საერთო მიზანი უნდა გახდეს გერმანელი ჯარისკაცის მორალური ღირებულებების შეერთება დემოკრატიასთან”. ზოგადად, გერმანიაში საკმაოდ ხშირია ნაცისტური პარტიის და “სს”-ის მიერ ჩადენილი დანაშაულისგან ვერმახტის გამიჯვნის მცდელობა, რომელიც სხვადასხვა წიგნში, ფილმსა თუ გამოსვლაში ჩანს. მაგრამ ამავე დროს, ბუნდესვერის წარმოჩენა ვერმახტის პირდაპირ მემკვიდრედ მიუღებლად ითვლება. სავარაუდო ტერაქტის აღკვეთის შემდეგ, ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა ფოლკერ ვიკერმა ყაზარმებში ტოტალური ჩხრეკის ჩატერების ბრძანება გასცა, რომლის დროს ვერმახტის არაერთი ნიშანი აღმოაჩინეს და ამან სკანდალი კიდევ უფრო გაამძაფრა.
გადამდგარი გენერალ-მაიორი გერდ-ჰელმუტ კომოსა (ვერმახტში 1943-45 წლებში მსახურობდა, ბუნდესვერში კი _ 1956 წლიდან) თავის მოგონებებში წერს, რომ ვიდრე ბუნდესვერის რიგებში მიიღებდნენ, მას და სხვა კანდიდატებს ჰკითხეს, რა დამოკიდებულება ჰქონდათ იმ ოფიცრების მიმართ, რომლებმაც 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. “ჩვენს თაობაში მათ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, ზოგი მოღალატედ თვლიდა, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ სტალინგრადისა და კურსკის შემდეგ აუცილებელი იყო მოქმედება, _ წერს კომოსა, _ მაგრამ მათ, ვინც არ ამბობდა, რომ ამ ოფიცრების მოქმედება ცალსახა მოწონებას ან, როგორც მინიმუმი, პატივისცემასა და აღარებას იმსახურებდა, ბუნდესვერში არ იღებდნენ”.
კავშირს ვერმახტსა და ბუნდესვერს შორის საკადრო პოლიტიკაც უზრუნველყოფდა. როდესაც ადენაუერს 50-იანებში ჰკითხეს, როგორ აფასებს ბუნდესვერში ვერმახტის ოფიცრების მოზიდვას, მან ირონიით უპასუხა: “ვშიშობ, რომ 18 წლის გენერლებით ნატოში არ შეგვიშვებენ”. საინტერესოა, რომ ვერმახტის ყოფილ ოფიცრებს სოციალისტური გერმანიის არმიაშიც იღებდნენ, დაახლოებით 500-მდე იყვნენ, 12 მათგანი გენერალი გახდა. სულ კი არმიის დაარსების პერიოდში სოციალისტური გერმანიის 17500 ოფიცრიდან 4700 ვერმახტის ვეტერანი იყო (რიგითებისა და უნტერ-ოფიცრების ჩათვლით). საწყის ეტაპზე ეს უფრო დიდი რაოდენობა იყო, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში, თუმცა ახალი არმიის ბირთვის შექმნის შემდეგ, აღმოსავლეთგერმანულმა პოლიტბიურომ მათი ძირითადი ნაწილის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო, დასავლეთ გერმანიაში ანალოგიურ პროცესს ადგილი არ ჰქონია. “ცივი ომის” წლებში გფრ-ისა და გდრ-ის პროპაგანდა ძველი მილიტარისტული ტრადიციების ერთგულებას ერთმანეთს აბრალებდა. საინტერესოა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის არმიაში უფრო მეტი ძველი სიმბოლო იყო _ ფორმის ელემენტები, მარშები, მათ შორის ჩირაღდნებით და ა.შ., მაშინ, როდესაც დასავლეთში ამერიკულ არმიას ბაძავდნენ.
1976-ში ბუნდესვერში ე.წ. რუდელის სკანდალმა იფეთქა. მეორე მსოფლიო ომის გამოჩენილი მფრინავი, თავისი ულტრამემარჯვენე შეხედულებებით ცნობილი ჰანს–ულრიხ რუდელი ბუნდესვერის ოფიცრების შეხდვედრაზე მიიწვიეს და მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. ამის გამო გადააყენეს ლუფტვაფეს ორი გენერალი, ხოლო თავდაცვის მინისტრი გეორგ ლებერი უმწვავესი კრიტიკის სამიზნე გახდა. სერიოზული პრობლემები შეექმნა თავდაცვის მინისტრ (1992-98) ფოლკერ რუჰეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ცნობილი ნეონაცისტი მანფრედ რედერი 1995-ში ჰამბურგის სამხედრო აკადემიაში სათანამშრომლოდ მიიწვიეს; ამასთანავე, ის სამხედროებისგან შემოწირულობებს იღებდა. კიდევ ერთი, წარსულთან დაკავშირებული სკანდალი 1980 წელს მოხდა, როდესაც კრიგსმარინეს მთავარსარდლის (1943-45) გროს-ადმირალ კარლ დენიცის დაკრძალვაზე, არაერთმა ოფიცერმა სამხედრო ფორმით მისვლა დააპირა.
“იუგოვ”-ის მონაცემებით, გამოკითხული გერმანელების 45% მიიჩნევს, რომ ექსტრემიზმი ბუნდესვერის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. უმრავლესობა თვლის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს არმიაში განვითარებულ პროცესებზე პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა მის გადადგომას მხარს მხოლოდ 24% უჭერს (წინააღმდეგია 68%). მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანელ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს წარსულის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოვლენა მართებთ, რადგან ერთი მცდარი ნაბიჯიც კი შეიძლება კარიერის დასრულების ფასად დაუჯდეთ.
ლუკა ნემსაძე