სერგეი ესენინი, ანდრეი ბელი, ვიქტორ გოლცევი, იური ტინიანოვი, პავლე ანტოკოლსკი, ნიკოლოზ ზაბოლოცკი, ლეონიდ ლეონოვი, ბორის პასტერნაკი… _ ეს იმ ცნობილ ადამიანთა სახელებია, რომლებიც უზომოდ შეყვარებულნი იყვნენ საქართველოზე და შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, ქართველ მეგობრებთან სტუმრად ჩამოსულიყვნენ.
ცალკე ისტორიაა ბორის პასტერნაკი და საქართველო. მან ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ კი დევნის პერიოდში, 1959 წელს, მეორე სამშობლო ჰპოვა ჩვენს ქვეყანაში. იგი, საქართველოსთან და ქართველ პოეტებთან ურთიერთობით, შეიძლება ითქვას, მეორედ დაიბადა. პირველი სტუმრობის შემდეგ გამოცემულ მის პოეტურ კრებულს ასეც ერქვა _ “მეორედ დაბადება”.
ბორის პასტერნაკმა შესანიშნავად თარგმნა ქართველი პოეტების ნაწარმოებები, განსაკუთრებით ეს ბარათაშვილის შემოქმედებაზე ითქმის.
პასტერნაკს გაუმართლა ქართველ მთარგმნელებშიც. XX საუკუნის არც ერთი დიდი რომანი არ არის ქართულად ორჯერ თარგმნილი, “ექიმ ჟივაგოს” ორი განსხვავებული თარგმანი კი, აკაკი ბრეგაძისა და ნოდარ ნონიაშვილის მიერ შესრულებული, თითქმის ერთდროულად გამოვიდა. სხვადასხვა დროს პასტერნაკის ლექსები თარგმნეს სიმონ ჩიქოვანმა, თამაზ ჩხენკელმა, მორის ფოცხიშვილმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ირაკლი სურგულაძემ, თედო ბექიშვილმა, ტარიელ ჭანტურიამ და სხვებმა.
პასტერნაკი ოთხჯერ იყო საქართველოში.
პირველი, ყველაზე შთამბეჭდავი ვიზიტი 1931 წლის ზაფხულში შედგა. 13 ივლისს მან რუსული და ქართული კლასიკური ლიტერატურიდან კარგად ნაცნობი მარშრუტი გამოიარა _ ჩრდილოეთ კავკასიიდან, დარიალისა და მლეთის გავლით. 14 ივლისს, გამთენიისას, იგი თბილისში იყო, საღამოს პაოლო იაშვილსა და სხვა ცისფერყანწელებს შეხვდა.
მეორე დღეს ქართველ მეგობრებთან ერთად მცხეთას ესტუმრა, მოინახულა ჯვარი; აგვისტოში კი კოჯორში ისვენებდა, სასტუმრო “კურორტის” მე-8 ნომერში. კოჯრიდან პოეტი აბასთუმანში წაიყვანეს, შემდეგ _ ბორჯომსა და ბაკურიანში, სადაც იმხანად გიორგი ლეონიძე ისვენებდა, ბოლო წერტილი ქობულეთი იყო, იქ პაოლო იაშვილი მასპინძლობდა პასტერნაკს.
ამ პერიოდიდან პასტერნაკის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საქართველომ. მან გამოსცა წიგნი “ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები”.
მოგვიანებით მისი ქართველი მეგობრები რეპრესიებს შეეწირნენ, მაგრამ პასტერნაკი ბოლომდე ერთგული დარჩა მათი _ ტიციანსა და პაოლო იაშვილს ხშირად დიდი გულისტკივილით იხსენებდა. სიკვდილამდე ბალიშის ქვეშ ჰქონდა ტიციან ტაბიძის წერილები და მეგობრობას აგრძელებდა მის ოჯახთან. ის, რომ “ექიმი ჟივაგოს” წერა მან ტიციანის ფურცლებზე დაიწყო, რომლებზეც, 1937 წლის რეპრესიები რომ არა, ტიციანი, ალბათ, არა ერთ შედევრს შექმნიდა და შესძენდა ქართული პოეზიის საგანძურს… მაგრამ არ დასცალდა, ნინა ტაბიძემ კი ისინი ბორისს უსახსოვრა. ბუნებრივია, პასტერნაკისთვის ეს მხოლოდ ფურცლები არ იყო.
და შეიქმნა რომანი “ექიმი ჟივაგო”, ნაწარმოები, რომელმაც კლასიკური რუსული პროზა დაასრულა, შეცვალა ქვეყანა და ადამიანები. მაშინდელმა ოფიციოზმა ამ ნაწარმოებს ატომური ლიტერატურული ბომბი უწოდა. ის ყველაზე დიდი “სამხილი” აღმოჩნდა 68 წლის პასტერნაკის წინააღმდეგ. მწერალი აიძულეს, უარი ეთქვა ნობელის პრემიაზე და “პრავდაში” გამოაქვეყნებინეს ერთგვარი მონანიების წერილიც.
1959 წლის თებერვალ-მარტში პასტერნაკი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. თბილისიდან გამგზავრებისას კი დაძრული მატარებლიდან გადმოსძახა ნინო ტაბიძეს: “ნინა, არსად მივდივარ, მე თქვენს სახლში დავრჩი, იქ მეძებეთ!”. პასტერნაკი დღესაც იქ არის _ ტიციან ტაბიძის სახლში, სადაც მას თბილად იგონებენ და ტიციანის შვილიშვილის, პროფესორ ნიკოლოზ ანდრიაძის ოჯახი მეგობრობას განაგრძობს ბორის პასტერნაკის შთამომავლებთან.
დარეჯან ანდრიაძე