GEWORLD.NET:
ათიოდე წლის წინათ ბრიტანულ «ტაიმში» დაიბეჭდა 80 წლის ტრაუდლ იუნგის ინტერვიუ. ამ იმპოზანტურ ქალბატონთან საუბარი, ალბათ, არავის დააინტერესებდა, რომ არა მისი შრომითი ბიოგრაფიის ერთი ეპიზოდი: იგი 1942 წლიდან ჰიტლერის პირადი მდივანი იყო. ფრაუ იუნგი დეტალურად აღწერდა «სხვა ჰიტლერს», თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც მისი ინტერვიუს დასასრულია: «მე მგონი, მივხვდი, როგორ შეძლო ჰიტლერმა ამდენი ადამიანის აყოლიება. ის ამბობდა: «აკეთეთ, რასაც გეუბნებით, პასუხს მე ვაგებ». ასეთმა პოზიციამ ბევრი მოხიბლა».
«თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს კრიმინალები, რადგანაც, რომ არ მოეკლათ კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა,» _ ეს კი ვანო მერაბიშვილმა განაცხადა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას 2005 წლის 10 ნოემბერს.
მანამდე იყო სააკაშვილის «ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში»!
11 ივლისს კნოლევში კიდევ ერთი ბავშვი დაობლდა. მაღაზიაში შესულ 25 წლის ახალგაზრდა ქალს კარებში გავლილი ტყვია საფეთქელში მოხვდა. გაუბედურებული დედა, რომელსაც გულში ჰყავდა ჩაკრული სულთმობრძავი შვილი, მოატყუეს. «გამწარებული დედა ვიყავი, სისხლიანი ფეხშიშველი დავრბოდი, სულ დავთხუპნე ჰოსპიტლის კედლები. მცველებს ვეხვეწებოდი, შემიშვით, ჩემი შვილი დამანახეთ-მეთქი. იმედს არავინ მაძლევდა. შემდეგ ერთმა მითხრა: «ნუ გეშინია, გული ამუშავდა, 8-საათიანი ოპერაცია იქნება, აპარატზეა შეერთებულიო». დაახლოებით ორი-სამი საათის შემდეგ მითხრეს _ «იქითა მხარეს გადაიყვანეს, კომპიუტერზე შეაერთებენ და გადაიღებენ, რა ხდებაო». შემდეგ გარეთ გამომიტყუეს და მითხრეს _ «თბილისიდან რეანიმობილი ჩამოვა და თბილისში გადავიყვანთ, იქ აპარატურა მეტიაო». თბილისში რომ შემოვედით და დიდი დიღმისკენ გადმოუხვიეს, იქ, სადაც ნინოს ქმრის ოჯახია, მაშინ მივხვდი, რომ დაღუპული ვიყავი».
მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეგობრობაში შემჩნეულმა presa.ge-მ ამ ტრაგედიის ამსახველი ინფორმაცია ისე დაიწყო, თითქოს ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ქალი კი არ მოეკლათ, არამედ მთავარი ახალი ამბავი მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვა ყოფილიყო! «ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი კვლავ საშიშ ზონად რჩება. საზღვარზე განლაგებული ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილებაში ხელს უშლიან. ხშირ შემთხვევაში კი მოქალაქეები საკუთარი ახლობლების მოსანახულებლად საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ ოკუპანტების მიერ «დადგენილ» წესს ვერ აკმაყოფილებენ».
presa.ge-ს შევახსენებთ, რომ ფატი კობერიძე საკუთარ ქალიშვილს ვეღარასოდეს მოინახულებს და «ოკუპანტების მიერ დადგენილი წესი» აქ არაფერ შუაშია. მას შვილი მოუკლეს მაღაზიაში და არა საზღვრის გადაკვეთისას. თუმცა presa.ge ვერც მეორე აბზაცში იცლის დაღუპულისთვის და კვლავ საქმის «კერვას» აგრძელებს: «ოკუპანტებს რუსეთის ხელისუფლების მიერ მითითებული აქვთ, საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ მოექცნენ ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. რუსი ოკუპანტების ქმედებები აგრესიულია მაშინაც კი, როდესაც საზღვართან ახლოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებიან. ერთი მსგავსი ინციდენტი გუშინ მოხდა».
რაც მოხდა, იმას «ინციდენტს» რომ უწოდებ და თან პირდაპირ სხვისკენ გაიშვერ ხელს, ამას ჟურნალისტიკასთან რა აქვს საერთო? სხვათა შორის იმავე «საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა» სულ სხვაგვარად შეაფასეს მომხდარი: «მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის დეტალები გაურკვეველია და საქართველოს პოლიციის შემდგომი გამოძიების საგანს წარმოადგენს, საქართველოს შსს-მ მისიას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ეს იყო «შემთხვევითი სროლა». მათი თქმით, სროლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, მომხდარი იარაღის შემთხვევითი გავარდნის შედეგი იყო».
presa.ge კი ამ ინფორმაციას ასე «თარგმნის»: «სადამკვირვებლო მისია ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო შეიარაღებული პირი _ მოქალაქე თუ რუსი ჯარისკაცი. საზღვარზე მხოლოდ რუსი სამხედროები იმყოფებიან და იქ მათი მეთვალყურეობის გარეშე შეიარაღებული ადამიანები ვერ გადაადგილდებიან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ქალბატონის სიცოცხლე სწორედ მათ შეიწირეს».
ერთი სიტყვით, მკვლელი (თუნდაც გაუფრთხილებლობით!) ან მოქალაქეა, ან რუსი ჯარისკაცი. იმაზეც მადლობა, რომ ნინო კობერიძეს ტროტილი და ავტომატი არ დაუდეს, რომ მისი მოკვლა ამით გაემართლებინათ, როგორც ეს ვაზაგაშვილისა და რობაქიძის მკვლელობის შემთხვევაში იკადრეს!
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ გასროლა ქართული პოლიციის პოსტიდან მოხდა. არსებობს ეჭვმიტანილიც. იგი არც სამოქალაქო პირია და არც რუსი ჯარისკაცი. საზოგადოება აღარ ტყუვდება ამგვარი დეზინფორმაციებით. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები იმდენად მომრავლდა, რომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მათი მიჩქმალვა ვეღარ ხერხდება. სულ ახლახან კუდ-ის მთვრალმა თანამშრომელმა ორი ახალგაზრდა მოკლა წინანდლის პარკში. ამჯერად დამნაშავეთა დასჯას სამხატვრო აკადემიის რექტორი, ლოიალობით განთქმული გია ბუღაძეც ითხოვს, რადგან ერთ-ერთი გარდაცვლილი მისი სტუდენტი იყო.
ვერსიის, რომ 26 მაისს, დარბევის შემდეგ ხელებშებორკილი ადამიანები მაღაზიის სახურავზე ავიდნენ და იქ დენმა დაარტყათ, თვით შსს-შიც აღარავის სჯერა, ისევე, როგორც შარშან ზუგდიდში პოლიციელის მიერ მოკლული 60 წლის ნუგზარ მანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიისა. პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ ისინი მეზობელ მამა-შვილს აშველებდნენ, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლიციის თანამშრომელმა გაისროლა და მანიას გარდაცვალება სწორედ ამას მოჰყვა.
თვითმხილველები კი აცხადებენ: «2 პოლიციელი ბიჭს სცემდა, ის კი ეხვეწებოდა, _ თავი დამანებეთ, ისედაც პირობითი სასჯელი მაქვს და ზედმეტი პრობლემები არ მინდაო. ამ დროს სახლისკენ ნუგზარ მანია მოდიოდა. ამ ამბავს ისიც შეესწრო და ბიჭს გამოექომაგა: _ რას შვრებით, მხეცები ხომ არა ხართ, რატომ ურტყამთო! – შენს საქმეს მიხედეო, _ უკმეხად უპასუხეს და ხელი ჰკრეს. ამასობაში ნუგზარის შვილი მოვარდა და პოლიციელებს წესრიგისკენ მიუთითა. პოლიციელმა ნუგზარს ხელი სახეში გაარტყა, მერე იარაღი ამოიღო, მიუშვირა და პირდაპირ უთხრა, _ მოგკლავო. შემდეგ მართლა დაუმიზნა. ნუგზარი ჩაეჭიდა და ჩხუბი დაიწყეს. ამ დროს შელიამ ისროლა და ეს კაცი ჩაიკეცა. ტყვია მუცელში მოხვდა. ამის შემდეგ პოლიციელები უცებ ჩასხდნენ მანქანაში და სწრაფად მოსწყდნენ აქაურობას. ეს კაცი მიწაზე დაჭრილი ეგდო. პოლიციელებს ვიღაც გამვლელმა მიაძახა: _ კაცი მოკალით და ახლა საავადმყოფოში წაყვანაც არ გინდათო? შემოაბრუნეს მანქანა და ნუგზარი მანქანაში ჩაასვენეს. მომეჩვენა, რომ პოლიციელი ნასვამი იყო».
ამ ერთ ეპიზოდში სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მაგრამ პოლიციელებს ხომ უფროსობამ უთხრა: «ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღიო»! ყველაფერი კი 2003 წლის 22 ნოემბერს დაიწყო, როცა «ვარდოვანმა» რევოლუციონერებმა «უსისხლო რევოლუციის» მითის დასამკვიდრებლად საგულდაგულოდ მიჩქმალეს დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის მკვლელობა. მათ რევოლუციურ ეიფორიაში მყოფი პირები ჯავშანტრანსპორტიორით დაეჯახნენ.
2004 წელს ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციებს შეეწირნენ ოთარ გველუკაშვილი, ანტონ კუკულავა, დიკო ბარქაია, ზაზა ფანცქელაძე, ევგენი და ომეხ აფრასიძეები, ხვიჩა კვირიკაშვილი, ალექსანდრე გომაშვილი, ბუტა რობაქიძე, მურთაზ ქარდავა, თემურ ხუბუნია, სულხან ლომიძე. 2005 წელს მოკლულთა სია ასეთია: აკაკი კორკოტაშვილი, ავთო გუმაშვილი, ვახო გუმაშვილი, ვახტანგ მარგოშვილი, ვარლამ ნემსიწვერიძე, ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა, თემურ ცეკვავა, თამაზ კურკუმული, ალექსანდრე თაბაგარი, ხვიჩა მელაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მანჯავიძე, ლევან გულუა, რეზო სარჯველაძე, ვლადიმერ ხოშტარია. 2006 წელი: მურად გორგაძე, რომან სურმანიძე, მარად ართმელაძე, სანდრო გირგვლიანი, გია თელია, ჯემალ ჩაფიძე, ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზი კიზირია, ვალერი ბენდელიანი, ზურაბ ვაზაგაშვილი, საშა ხუბულოვი, მიხეილ ბერძენიშვილი, გელა ცინდელიანი, ხვიჩა კოკაია, ჯაბა ჯაბანიშვილი, ვალერი ფხაკაძე. 2007 წელი: მიხეილ კირაკოსიანი, გიგა ჭარბაძე, ალექსანდრე ხოსიტაშვილი, ოლეგ მესხიძე. 2008 წელი:
თენგიზ გოგია, როლანდ მახარაძე, გიორგი გამცემლიძე, როინ შავაძე, ნატა ჯიჭონაია, ალექსანდრე კვეზერელი, ზურაბ მათნაძე. 2009 წელი: გია კრიალაშვილი, ჯიმი მეგრელიძე.
არ კმარა?!
ამ სიიდან ერთ ნაწილს ისე მოუსწრაფეს სიცოცხლე, რომ შვილები არ დარჩენია, მეორე ნაწილის ობლები კი «მონანიების» გმირის, ქეთევან ბარათელის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომელიც მკვდარსაც კი ვერ აპატიებს მამის მოკვლას. თუმცა «მონანიებაში» არის ერთი საგულისხმო ეპიზოდიც, რომელსაც «ვარდების რევოლუციის» შემდგომ წლებში ნაციონალური არხები ეთერში არ უშვებდნენ. ციხის კარზე მისული ბარათელის ცოლ-შვილი რიგში დგას. ამ დროს კადრში სწრაფად შემოდის ბავშვიანი ქალი: «გამატარეთ, ბავშვიანისთვის ურიგოა!»
და უკვე სარკმელთან მისული ციხის თანამშრომელს პატიმრის გვარს ეუბნება: «სააკაშვილი, მიხეილი»!
ჰიტლერის პირადი მდივანი ციხისა და ბანაკების გამოვლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე: «მე მგონი, მივხვდი, როგორ შეძლო ჰიტლერმა ამდენი ადამიანის აყოლიება. ის ამბობდა: «აკეთეთ, რასაც გეუბნებით. პასუხს მე ვაგებ».
ასეთმა პოზიციამ ბევრი მოხიბლა».
სულ ახლახან სირიაში მასობრივი უწესრიგობისას ბრბომ 120 პოლიციელი მოკლა. ამ ფაქტს «მასობრივი ჟლეტის» კვალიფიკაცია მიეცა.
პოლიციელებო! გაითვალისწინეთ, არც სააკაშვილს და არც მერაბიშვილს არ უთქვამთ, რომ პასუხს აგებენ!
ნანა დევდარიანი