GEWORLD.NET:
«ის ჩემი პრეზიდენტი არ არის» – საქართველოს ბევრი მოქალაქე ამ ფრაზას 2008 წლიდან ჯიუტად იმეორებს. თუ მათი თანამოსაუბრე სააკაშვილს «ჩვენს პრეზიდენტს» უწოდებს, მას აუცილებლად შეუსწორებენ, გამეორების შემთხვევაში კი შეიძლება დატუქსონ კიდეც; მსგავსი სცენები თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ უნახავს. საინტერესოა, რომ ამ ადამიანების არგუმენტაციაში მთავარი ადგილი იურიდიულ საკითხებს უჭირავს; მათთვის ამოსავალი წერტილია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბება და ხელისუფლების უზურპაცია, ხოლო სააკაშვილის მორალური უფლება – პრეზიდენტად იწოდებოდეს, უფრო სწორად კი მისი არარსებობა, მათთვის მეორეხარისხოვანი თემაა. ახლახან ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი დამატებითი არგუმენტი მიიღეს, ნინო ბურჯანაძის სენსაციური განცხადების სახით, რომელიც «Эхо Москвы»-ს ეთერში გააკეთა.
ვინ გააყალბა არჩევნები?
«მე ვთვლი, რომ 2008 წლის იანვარში ჩვენ დასავლელ მეგობრებთან ერთად საბედისწერო შეცდომა დავუშვით. ჩვენ, ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური იყო, მაგრამ ამაზე თვალი დავხუჭეთ. მშვენივრად მახსოვს, ჩვენი დასავლელი მეგობრების ასეთი… დაჟინებული რჩევები, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეცხადებინა მეორე ტური,» – თქვა ნინო ბურჯანაძემ «Эхо Москвы»-ს კორესპონდენტთან საუბარში.
თუ ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მისგან, ფაქტობრივად, გამომდინარეობს ის, რომ 2008 წლის იანვარში საქართველოში უცხო სახელმწიფოების მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი არალეგიტიმური უზურპატორია, რომლის გაჩერება ხელისუფლების სათავეში ერთი წამითაც არ შეიძლება.
ნინო ბურჯანაძის ინტერვიუს ეს მონაკვეთი აშკარად დეტალურ განხილვას საჭიროებს.
სიტყვები «ჩვენ ყველამ ვიცოდით», ზოგადად, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე «ჩვენ ვფიქრობდით» ან «ჩვენ ვგრძნობდით», ძალიან დიდი ალბათობით, ეს გულისხმობს იმას, რომ არსებობდა (არსებობს?), რაღაც კონკრეტული დოკუმენტები (საარჩევო კომისიის ოქმები და სხვ.), რომლიდანაც ნათლად გამომდინარეობს, რომ სააკაშვილს პირველ ტურში არ გაუმარჯვია. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი იყენებს ზმნას «ვიცოდი» (ვიცი), ნინო ბურჯანაძე კი მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და ინტერვიუში სწორედ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე საუბრობს, ეს, როგორც წესი, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ის არა ჭორებს და ხილვებს, არამედ გაცილებით სერიოზულ წყაროებს ეყრდნობა. კითხვა: «თუ იცოდი, საიდან იცოდი?” და მისი თანმდევი «სად არის დოკუმენტები, რა წერია იქ?» ამ კონტექსტში სავსებით ლეგიტიმური ხდება.
საკმაოდ საინტერესო ფორმულირებაა «დაჟინებული რჩევები» (რუსულად ეს ჟღერდა როგორც «навязчивые советы»). ეს ერთგვარი შუალედია უბრალო «რჩევებსა» და «ზეწოლას» შორის, თუმცა არსებითად ეს არაფერს ცვლის, თუ «დასავლელმა მეგობრებმა» (აქ, ალბათ, ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინის წარმომადგენლებს არ გულისხმობდა) «იცოდნენ», რომ სააკაშვილს პირველი ტური არ მოუგია და ამის მიუხედავად, ეწინააღმდეგებოდნენ მეორე ტურის გამართვას, მათი მოხსენიება «მეგობრებად» ფრიად უადგილოდ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები ამოძრავებდა მათ (სტაბილურობის შენარჩუნება და სხვ.). ნაკლებად სავარაუდოა, ნინო ბურჯანაძემ კონკრეტული «მეგობრების” გვარები ან თანამდებობები დაასახელოს, თუმცა სიტუაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზრზენი ჩანს. ბურჯანაძის განცხადების მიხედვით, დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, აქტიურად უჭერდნენ მხარს არჩევნების შედეგების გაყალბებას და საქართველოს კანომდებლობის დარღვევას, ძნელია ამას, საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის გარდა, რაიმე სხვა უწოდო.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევას ამ კონტაქტების დროს, მას ყველაზე კარგად, ალბათ, სისხლის სამართლის 309-ე მუხლის 1 პუნქტი აღწერს: «უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე». ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვნია, თუ რა სახე ჰქონდა ამ სავარაუდო კონტაქტებს დასავლელ პარტნიორებთან: იყო ეს უბრალოდ აზრთა თავისუფალი გაცვლა ლანჩის დროს თუ საუბრები უფრო სერიოზულ ფორმატში, შესაბამისი სტენოგრამებითა და ჩანაწერებით? თუ ბურჯანაძე სიმართლეს ამბობს, გამოდის, რომ საქმე ნამდვილ შეთქმულებასთან გვაქვს, რომლის შედეგად თავზე არალეგიტიმური მმართველი დაგვასვეს.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მორალური და, შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ სიტუაციაში, უპირველეს ყოვლისა, თავად ნინო ბურჯანაძეს ეკისრება, რომელიც იმ დროს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ამ ინტერვიუში ის საკუთარი თავის წინააღმდეგ ერთგვარ «ჩვენებას» აძლევს და გამორიცხულია, ეს არ ესმოდეს. თუმცა, ამავე დროს, ის სააკაშვილსაც «ძირავს» და ეს შეიძლება კამიკაძის ტაქტიკას შევადაროთ: აფეთქდე, რათა მოწინააღმდეგე გაიყოლო.
რა მოხდებოდა, თუ…
მთელ ამ ისტორიას, პოლიტიკურის გარდა, ადამიანური განზომილებაც აქვს. ცხინვალთან დაღუპული ასობით ჯარისკაცი, ათი ათასობით დევნილი, ბავშვები, რომლებიც მშივრები იძინებენ; ავადმყოფები, რომლებიც კვდებიან იმის გამო, რომ მკურნალობის ფული არ აქვთ – მთელი ამ კოშმარის მიღმა, რომელიც ქვეყანაში ბოლო სამწელიწად-ნახევარია სუფევს, კონკრეტული ადამიანების ტრაგედია დგას.
2008 წლის იანვარში ნინო ბურჯანაძეს პრინციპულობა რომ გამოევლინა და კანონისთვის ეერთგულა, მთელი ეს უბედურება, ძალიან დიდი ალბათობით, არ მოხდებოდა. სამხედროებიც ცოცხლები იქნებოდნენ, სამაჩაბლოს მკვიდრნიც იცხოვრებდნენ თავიანთ სახლებში და, სავარაუდოდ, ამდენი დამშეული და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანიც არ ივლიდა ქუჩაში; ალბათ, ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შეგეძლო ქვეყნისთვის ყოველივე ეს აგერიდებინა, მაგრამ ვერ მოახერხე. ეს, იდეაში, იმდენად მძიმე ჯვარია, რომ მის ზიდვას მტერსაც კი არ ვუსურვებ.
ყოველივე ეს რაღაცით მაგონებს ერთ ძველ ისტორიას: როდესაც პანდორას (საარჩევნო?) ყუთი გახსნეს, ადამიანებს თავს უამრავი უბედურება დაატყდა, როდესაც დახურეს, მასში მხოლოდ იმედი დარჩა.
«სამწუხაროდ, მეც (იგულისხმება «დასავლელ მეგობრებთან» ერთად. – რედ.) მაშინ არჩევანი სტაბილურობის სასარგებლოდ გავაკეთე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საბედისწერო შეცდომა იყო, რადგან ამ მოჩვენებითმა სტაბილურობამ 2008 წლის აგვისტომდე მიგვიყვანა,» – თქვა ნინო ბურჯანაძემ ამავე ინტერვიუში. საინტერესოა, მართლაც იდგა თუ არა მაშინ ე.წ. სტაბილურობა რეალური საფრთხის წინაშე?
ალტერნატიული ისტორია ცოტა მსუბუქი ჟანრი კი არის, მაგრამ, ალბათ, მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე პრინციპულად დაუჭერდა მხარს მეორე ტურის გამართვას, ასი ათასობით ადამიანი, რომელიც მაშინ ქუჩაში იყო გამოსული, დემოკრატიას კბილებით დაიცავდა და იმ მომენტში სავსებით ლეგიტიმურ (ბურჯანაძის) ხელისუფლებას გვერდით დაუდგებოდა.
რას გააკეთებდა სააკაშვილი, თუ ნახავდა, რომ ხელისუფლებას კარგავს? თავის მომხრეებს ქუჩაში გამოიყვანდა? საინტერესოა, რამდენი გაჰყვებოდა. შეიარაღებულ ამბოხს მოაწყობდა? მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისგან ისეთივე სამხედრო ლიდერი გამოვიდოდა, როგორც ნუგზარ წიკლაურისგან – დალაი-ლამა, თანაც ამ შემთხვევაში ის ყოვლად არალეგიტიმური, საზოგადოებისგან მოკვეთილი ფიგურა გახდებოდა. ცხადია, სავარაუდო დესტაბილიზაციის გამომწვევი ყველა ფაქტორის ჩამოთვლა ასეთ მოკრძალებულ ფორმატში არ გამოგვივა, თუმცა შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დესტაბილიზაციის საფრთხობელას იმ მომენტში აქტიურად სწორედ «დასავლელი მეგობრები» იყენებდნენ და გადამწყვეტი ბურჯანაძისთვის სწორედ მათი პოზიცია გახდა.
სააკაშვილი საკუთარი ძალებით ქვეყნის რამდენადმე მასშტაბურ არევას, ალბათ, ვერ მოახერხებდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები მკაცრად გააფრთხილებდნენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. თუმცა პრობლემის არსი, სავარაუდოდ, ისაა, რომ უცხოელ «მეგობრებს» იმ მომენტში არა სტაბილურობა, არამედ სააკაშვილი სჭირდებოდათ.
ამ მოვლენებიდან შვიდ თვეში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.
დემოკრატიის პრინციპების უზენაესობაზე მაღალფარდოვან საუბარს თავი რომც დავანებოთ და სიტუაციას პოლიტიკური პრაგმატიზმის გადასახედიდან შევხედოთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ 2008 წლის იანვარში ნინო ბურჯანაძე, ალბათ, მშვენივრად აცნობიერებდა, რომ შეუძლია სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილოს, თანაც ისე, რომ კანონიც და უამრავი ადამიანის მხარდაჭერაც მის მხარეზე იქნება. პრინციპში, ეს იყო ღია გზა ხელისუფლების მწვერვალისკენ, ჯეკ-პოტის მოხსნის შანსი, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გვიღიმის. თუმცა იყო «დაჟინებული რჩევებიც» დასავლეთიდან. იქნებ ზეწოლაც? ან სულაც მუქარა? შეიძლება ათწლეულები გავიდეს ისე, რომ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღოთ.
ფაქტი კი ისაა, რომ თავისი განცხადებით ნინო ბურჯანაძემ აღიარა ის, რომ დიდი ვალი მართებს ქართული საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არ თვლის.
ლოგიკას თუ მივყვებით, როგორც მოიყვანა სააკაშვილი მეორე ტურის გვერდის ავლით ხელისუფლების სათავეში, ალბათ, ისევე ლამაზად უნდა წაიყვანოს. საინტერესოა, რას აკეთებს ბურჯანაძე ამ მიმართულებით ბოლო დროს და რა რესურსებს ფლობს.
И вновь продолжается бой
ნელი და ერთობ მოუქნელი საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ბურჯანაძე სააკაშვილის წინააღმდეგ 26 მაისის შემდეგ აწარმოებს, მისი ყველა ხარვეზის მიუხედავად, მიზანს გარკვეულწილად მაინც აღწევს. ამას თავად სააკაშვილიც აღიარებს: «მათ მოაწყვეს ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, მასკარადი სავალალო შედეგებით თბილისის ცენტრში. მათ მიზანს მიაღწიეს. ჩვენ გარკვეული დროით ნეგატიური ახალი ამბების ზოლში მოვხვდით, რამაც, ალბათ, მორალური კმაყოფილება მოუტანა მათ, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა» («Эхо Москвы”). მართალია, სააკაშვილი მეტწილად საუბრობდა (მისი თქმით) «ადგილობრივი ოპოზიციის რუს სპონსორებზე» და არა – კონკრეტულად ბურჯანაძეზე, თუმცა მთავარი ისაა, აღიარა, რომ უცხოური მედიის ტონალობა მის რეჟიმზე საუბრის დროს აშკარად უარესობისკენ შეიცვალა. სააკაშვილის ძველი მეგობრები კი იძულებული არიან, რთული სქემები გამოიგონონ იმისთვის, რომ მის ბოლოდროინდელ ქცევას ახსნა მოუძებნონ (ყველაზე სახასიათო ამ მხრივ, ცნობილი ექსპერტის – თომას დე ვაალის ბოლოდროინდელი ვირაჟებია).
ამასთანავე, ბურჯანაძე ასე თუ ისე ახერხებს ძველი კონტაქტების გამოყენებას და ევროპელ პოლიტიკოსებს აქტიურად ხვდება. მათი გაღიზიანება სააკაშვილის ქმედებით კი იზრდება. როგორც ჩანს, სწორედ ევროპელების დაჟინებულმა მოთხოვნამ, 26 მაისის მოვლენების გამოძიება ჩაეტარებინა, უბიძგა სააკაშვილის ხელისუფლებას მიტინგის დარბევის მონაწილე 16 პოლიციელი დისციპლინარული წესით დაესაჯა. ამან 26 მაისის სადისტური დარბევით შეძრწუნებული საზოგადოება, ცხადია, ვერ დაამშვიდა, ხოლო სახალხო დამცველმა ეს სანქციები არასაკმარისად მიიჩნია. თუმცა მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ ყინული დაიძრა და სააკაშვილმა თუნდაც ერთი, მცირე ნაბიჯით უკან დაიხია. რამდენად დიდია ნინო ბურჯანაძის წვლილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ მზარდი ნეგატიური განწყობის დამკვიდრებაში, ძნელი სათქმელია, თუმცა მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში ის ნამდვილად ასრულებს.
ეს «ცვლილებები დასავლეთის ფრონტზე», რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუმცა მთავარი მაინც შიდაქართული სიტუაციაა; ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ გარე ზეწოლით და ევროპული გაზეთების ნეგატიური სათაურებით, ცხადია, შეუძლებელია. შინ კი საკმაოდ უცნაური სიტუაცია გვაქვს: ნინო ბურჯანაძემ და მისმა მომხრეებმა 26 მაისის შემდეგ სააკაშვილის ყველაზე შეურიგებელი ოპონენტების მანტია მოირგეს, ხოლო ოპოზიციური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი რადიკალურადაა განწყობილი, მაგრამ მათ შორის სტრატეგიული ალიანსის ჩამოყალიბება ვერა და ვერ მოხერხდა.
მთავარი პრობლემა, ალბათ, ნდობის დეფიციტია, ხოლო მისი გადაჭრის გზები საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მდებარეობს. თუ პროპაგანდის მთავარი მიზანი ადამიანის დარწმუნებაა, ხოლო რეკლამა მიზნად მასში ამა თუ იმ სურვილის გაღვივებას ისახავს, ნდობის გაძლიერებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტარს იყენებენ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რა სტრატეგიას აირჩევს ბურჯანაძე ამ მიმართულებით, მისი პერსპექტივების შეფასება შესაძლებელი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება.
შესაძლოა, რებუსის გასაღები გულწრფელობაშია; არა კომპრომატების ფრიალში ან ტოტალური სააგიტაციო კამპანიების ჩატარებაში, არამედ ჩვეულებრივ ადამიანურ გულწრფელობაში, რომლის აჩრდილმა «Эхо Москвы”-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიელვა. თუ ბურჯანაძე მოახერხებს, ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქვაკუთხედად აქციოს (ეს, სხვათა შორის, არც ისე იოლი ამოცანაა), მისი წარმატების შანსები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დიმიტრი მონიავა