GEWORLD.NET:
ამბობენ, ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენო. რაკი არჩევნების თემას უნდა შევეხო, მავანი ამ ანდაზას ავტორისთვის განკუთვნილად აღიქვამს (რაკი 2003 წელს მთელი ორი თვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდით), მაგრამ აქვე უნდა გავაფრთხილო: 2003 წლის ე. წ. ვარდების რევოლუციით თავი სწორედ იმ პოლიტიკოსებმა ჩამოიხრჩვეს, რომლებმაც ბოლო წლებში ყველა ხერხი სცადეს, და ისევ იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. სიტყვამ მოიტანა და, ზოგიერთი ამას ხმამაღლა არ ამბობს, – რადიკალური გზის მომხრეა, მაგრამ მანაც იცის, რომ არჩევნებს იქით გზა არ აქვთ.
«რვიანის» შემდეგ დარჩენილმა ექვსეულმა სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა და კოალიციური უმრავლესობისკენ მსვლელობის სტარტი აიღო. ახალი, საგანგებოდ ვადაგასული სააკაშვილისთვის მორგებული საპარლამენტო მოდელის მიხედვით, კოალიციური უმრავლესობა კოალიციურ მთავრობას შექმნის და პრემიერ-მინისტრიც თავისი ეყოლება. ამას რა სჯობსო, იტყვის ოპოზიციურად განწყობილი მკითხველი, მაგრამ მას კითხვა უნდა შევუბრუნო: რატომ დააკარგვინეთ საქართველოს რვა წელიწადი?
2003 წლის რევოლუციური არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა ექვსი პარტია შემდეგი პროცენტული განაწილებით:
სახელისუფლო ბლოკი – 21,32%;
«დემოკრატიული აღორძინების კავშირი» – 18,84%
«ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» – 18,08%;
ლეიბორისტული პარტია – 12,04%;
«ბურჯანაძე – დემოკრატები» – 8,79%;
«ახალი მემარჯვენეები» – 7,35%.
ამ მონაცემებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ ექვსეულიდან (ისევ ექვსეული!) ვერც ერთი ვერ ფლობდა გადამწყვეტ უმრავლესობას და მეტიც, ერთ რომელიმე სუბიექტთან გაერთიანების შემთხვევაშიც კი ვერავის მოახვევდა თავს საკუთარ გადაწყვეტილებებს. ერთი სიტყვით, ისინი განწირულნი იყვნენ კოალიციური უმრავლესობისთვის, რომლისთვისაც ახლა ხანგრძლივი მარათონის დაწყება უწევთ. შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე წელიწად-ნახევარი რჩებოდა და ყველაფერზე შეიძლებოდა ამ დარჩენილ დროში შეთანხმება. მაგრამ ეს არ შედიოდა რევოლუციონერთა გეგმებში, რომელთაც მთლიანად მიტაცებული ხელისუფლება უნდოდათ და დასავლეთის მხარდაჭერით კიდეც მიაღწიეს ამას.
მათ, ვინც მხოლოდ ახლა «მიხვდა», რომ ძალაუფლების უზურპაცია ცუდი რამ ყოფილა, უნდა შევახსენო, რომ 2003-ში ხალისიანად დააბიჯეს კონსტიტუციას და დღესაც ამაყობენ იმით, რომ რევოლუციაში მიიღეს მონაწილეობა.
არც იმის დავიწყება ივარგებს, რომ არჩევნების გაყალბების გამო «აღშფოთებულებმა» სწორედ იმ ბანაკში ამოყვეს თავი, რომელიც 1995-დან 2002 წლამდე თავად აყალბებდა ყველა დონის არჩევნებს. ისე მოხდა, რომ 2003 წელს მათ შედეგები არავინ დაათვლევინა და რევოლუციაც სწორედ მაშინ მოხდა.
«მოქალაქეთა კავშირი», რომლიდანაც მიიღო დასაბამი დღევანდელმა მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის კარგა გვარიანმა ნაწილმა, მშვენივრად ფლობდა არა მარტო გაყალბების მექანიზმს, არამედ დასავლელი მეგობრების დარწმუნების უნარსაც, რომ მორიგი მტერი არჩევნების გზით აპირებდა ქვეყნის რუსეთისთვის დაბრუნებას. დასავლეთს არწმუნებდნენ, რომ არჩევნებში ჩარევისა და მისი შედეგების კორექტირების გარეშე ქვეყანა დაიღუპებოდა. დასავლეთიც თვალს ხუჭავდა ამ მანიპულაციებსა და გაყალბებულ არჩევნებზე. გამოჩენილმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა ჰაროლდ ლასკიმ ერთხელ სიმწრით თქვა: «კაპიტალისტური დემოკრატია არასოდეს მისცემს საშუალებას თავის ამომრჩეველთა კორპუსს, გადავარდეს სოციალიზმში საარჩევნო ურნების შემთხვევითი განაჩენით»!
ამ «შემთხვევით» განაჩენზე საუბრისას ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისე გაერთო, რომ მისი უნებლიე აღიარებითი ჩვენება გაცილებით უფრო მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ფოტორეპორტიორების გამოქვეყნებული აღიარებანი:
«2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩემი «თავის ტკივილი» გახდა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადასალახავად ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. მაშინ ცხარე კამათი მქონდა სააკაშვილთან, რომლისგანაც კატეგორიულად მოვითხოვდი, ყველაფერი ეღონა იმისათვის, რომ «ახალ მემარჯვენეებს» (რომლებსაც მაშინ სხვა ოპოზიციონერებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ), აუცილებლად გადაელახათ საჭირო პროცენტული ბარიერი და პარლამენტში შესულიყვნენ! მახსოვს სააკაშვილის სიტყვები, რომელსაც არ სურდა «ახალი მემარჯვენეების» მოხვედრა «მრეწველთა პარტიის» წარმომადგენლებთან ერთად: «შენ რა, არჩევნების გაყალბებას მთავაზობ?! «ახალმა მემარჯვენეებმა» ხომ ბარიერის გადასალახავად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს»?! და მაშინ, პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვთქვი: «დიახ, თუკი საჭიროა! ამ შემთხვევაში არჩევნების ფალსიფიკაცია და ხმების, პროცენტების მომატება ოპოზიციური პარტიებისათვის ცოდვა არ არის, რადგან ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიზაციის პროცესს»! კიდევ დავძინე, რომ გადაჭრით უარს ვამბობდი ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეობაზე».
ეს ციტატა მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ ნუ დავწვრილმანდებით და მხოლოდ იმას მივაქციოთ ყურადღება, რომ არჩევნების ფალსიფიკაცია «დემოკრატიის ხათრით» დასაშვები ყოფილა. იბადება კითხვა: მაინც ვინ უნდა გადაწყვიტოს, ვის მოემატოს პროცენტები? ნიშნავს თუ არა ბურჯანაძის სიტყვები იმას, რომ დღევანდელ პარლამენტში «შეშვებული» პარტიები სწორედ ამ გზით აღმოჩნდნენ იქ? და, რაც მთავარია, ნინო ბურჯანაძის ჩასატარებელი რომ იქნეს არჩევნები, ამ სქემით «აზეიმებდა» დემოკრატიას საქართველოში?
ყურადღება მიაქციეთ, რომ ბურჯანაძე ხმას არ იღებს 2004 წლის არჩევნების მონაწილე სხვა პარტიაზე, რომლის 12%-იანი სტაბილური რეიტინგი 1998 წლიდან პოლიტიკაში ჩახედულმა ყველა პიროვნებამ იცის. მათი უფლებების დარღვევა სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა, თუმცა 2003 წლის არჩევნებში ბოლო ადგილზე გასულ «ახალ მემარჯვენეებზე» მზრუნველ მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს ლეიბორისტები არც გახსენებია. მათ ხომ შესაშური თანმიმდევრულობით ხან ხელისუფლება არ უშვებს პარლამენტში და ხან – ოპოზიცია! არც იმას ამბობს, რომ «ახალ მემარჯვენეებს» მაშინ ხელისუფლებასთან ჩინებულ ურთიერთობაში მყოფი ბადრი პატარკაციშვილი ლობირებდა. მისი ერთი და მაჟორიტარული წესით გახდა პარლამენტის წევრი (2003 წლის 2 ნოემბერს), ხოლო მეორე და «ახალი მემარჯვენეების» სიით გავიდა 2004 წლის «გზაში დაწეულ» პარლამენტის არჩევნებში.
ნურავინ მოტყუვდება სააკაშვილის შეცხადებით: «შენ რა, არჩევნების გაყალბებას მთავაზობო?!» ის, რაც ვაკის რაიონში მაჟორიტარული წესით კენჭისყრისას იკადრა «მოქალაქეთა კავშირმა» სხვა კანდიდატის – დავით სალარიძის მიმართ, არავის დავიწყებია. სააკაშვილის შტაბის წევრებმა «კავკასიის» პირდაპირ ეთერში მაგიდაზე დაუყარეს სალარიძეს საარჩევნო ბიულეტენების დასტები – შენი იყოს, არ გვჭირდებაო!
სააკაშვილი რომ არც 2012 წელს აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მიმნიჭებელი ცვლილებების სიმარდითაც დაამტკიცა. მან საქვეყნოდ აჩვენა ამომრჩეველთა 80%-ზე მეტს, რომ მათი ნება არ აინტერესებს. შესაბამისად, არც მათი ხმების ამარა აპირებს არჩევნებზე გასვლას.
იქნებ ჩვენს დასავლელ მეგობრებს უნდათ, 2012 და 2013-ში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს საქართველოში? მაშინ რატომ დახუჭეს თვალი 26 მაისზეც და იმ «უხამს წინადადებებზეც», რომლებიც ხელისუფლებამ ულტიმატუმის ფორმით მიუგდო ოპოზიციურ «რვიანს»? რატომ არ ჩანს იმგვარი თუნდაც ფინანსური მხარდაჭერა, როგორიც რევოლუციონერებსა და მათ «შტატიან» არასამთავრობო სექტორს გაუწიეს 2002-2003 წლებში? რატომ ხდება, რომ «ახალგაზრდა იურისტები» 2003 წელს თითქმის ყველა სარჩელს იგებენ, ახლა კი ისე «დაკარგეს» კვალიფიკაცია, რომ მათ სარჩელს «დამოუკიდებელი» სასამართლო არც კი იღებს ხოლმე?
იქნებ ხალხს უნდა სამართლიანი არჩევნები? ზოგადად, ალბათ, უნდა, მაგრამ 2003 წლის მაგალითიც კარგად ახსოვს, როცა მის მიერ მიცემული ხმები გაყალბებულად ჩათვალეს და მისივე სახელით «რევოლუციური შოუ» მოაწყვეს ქვეყანაში. Show must go on! იგი გრძელდება და მასში მონაწილეობა სხვისი თანამდებობისთვის ვერაფერი ბედენაა.
და კიდევ ერთი ფრაგმენტი ბურჯანაძის ინტერვიუდან: «რაც შეეხება 2008 წლის არჩევნებს – დიდი ეჭვი არსებობს მის სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ უკან დაიხია. მაშინ ვიცოდი, რომ მეორე ტური უნდა შემდგარიყო, მაგრამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ელემენტარულად ვერ შეძლეს თავიანთი ბიულეტენების დაცვა ადგილებზე და ფორმალურად მე დამიდეს სასამართლოებისა და ცესკოს დასკვნები, რომელთა ანულირებაც, ცხადია, არ შემეძლო. რა დასამალია, მაშინ მსოფლიო თანამეგობრობაც გვიჭერდა მხარს და, ალბათ, გახსოვთ ჩემი არაერთი განცხადება, რომ პირადად მე და მსოფლიო თანამეგობრობამაც დიდი შეცდომა დავუშვით – როცა ჩვენ, ყველამ ვიცოდით, სამართლიანობა მეორე ტურის გამართვას მოითხოვდა, მაგრამ არჩევანი სტაბილურობის სასარგებლოდ გაკეთდა! ეს დიდი შეცდომა იყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეალური სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე. დემოკრატიის გარეშე სტაბილურობა ავტორიტარიზმს წააგავს, სადამდეც, სამწუხაროდ, მოვედით კიდეც. და ყველა ჩვენგანი, მათ შორის მეც, ამის საფასურს ვიხდით».
სამწუხაროდ, ავტორიტარიზმამდე ჯერ კიდევ 2003 წლის 22 ნოემბერს მივედით და არა 2008 ან 2011 წელს. თუმცა ყველას თავისი კალენდარი აქვს! 2004 წელს პანაშვიდზე ერთ-ერთი მაჟორიტარი შემხვდა. ყველას გასაგონად ხმამაღლა დავუძახე: «გაყალბებულ არჩევნებში სამართლიანად გამარჯვებულ მაჟორიტარ დეპუტატს ვახლავარ-მეთქი»! «ჩუ, არავინ გაიგოსო»! – გამოწია ყელი. «ჩუმად შენ იყავი, მე გასაჩუმებელი არაფერი მაქვს-მეთქი,» – მივუგე. ნინო ბურჯანაძეც იმ «გაყალბებული» არჩევნების წყალობით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
ნანა დევადრიანი