GEWORLD.NET: ფოტორეპორტიორების – გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის დაპატიმრება, ჟურნალისტების უმრავლესობამ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის მორიგ მცდელობად აღიქვა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებმა კიდევ უფრო გაამყარა. მასმედიის წარმომადგენლები დაპატიმრებულების მიმართ სოლიდარობას პერმანენტული აქციებით გამოხატავენ, თუმცა ჟურნალისტებს შორის უკვე აქტუალური გახდა კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?.. «საქართველო და მსოფლიოს» საკუთარ მოსაზრებებს «ალია ჰოლდინგის» ჟურნალისტები: დიმიტრი ტიკარაძე და დიტო ჩუბინიძე უზიარებენ.
დიმიტრი ტიკარაძე,
«ალია ჰოლდინგის» პასუხისმგებელი რედაქტორი:
ვაპირებთ ვიდეორგოლების დამზადებას, რომლის ძირითადი ,,მესიჯი» იქნება შემდეგი: მე ვარ ჟურნალისტი, ესე იგი, მე ვარ ჯაშუში. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს «დანაშაულს», ჩვენ ვაღიარებთ ჯაშუშობას. თუ მხოლოდ და მხოლოდ აღიარება არის მტკიცებულება, მოვიდნენ და ყველანი დაგვიჭირონ
– «ალია ჰოლდინგმა» დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების გასათავისუფლებლად აქტიური კამპანია დაიწყო. კონკრეტულად რა მოთხოვნები გაქვთ?
– ჩვენ ვითხოვთ საქმეზე «გრიფით საიდუმლოს» მოხსნას და დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, ვინ აღიარა და ვინ არა დანაშაული, სოლიდარობის აქციებსა და დაკავებულების მხარდაჭერას ვაგრძელებთ. რადგან ყველამ კარგად იცის, დღეს ჩვენს საპატიმროებში «აღიარება» როგორც ხდება. ვხედავთ, რა ზეწოლის პირობებში არიან დაპატიმრებულები, ამიტომაცაა სწორედ ჩვენი სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი მიზანი, მათ ჩვენი მხარდაჭერა დავანახოთ.
ვაპირებთ ვიდეორგოლების დამზადებას, რომელთა ძირითადი ,,მესიჯი» იქნება შემდეგი: მე ვარ ჟურნალისტი, ესე იგი, მე ვარ ჯაშუში. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს «დანაშაულს», ჩვენ ვაღიარებთ ჯაშუშობას. თუ მხოლოდ და მხოლოდ ეს აღიარება არის მტკიცებულება, მოვიდნენ და ყველანი დაგვიჭირონ, ვინც ამ კლიპში მივიღებთ მონაწილეობას.
– აქციებზე გაჩნდა კითხვა: «ვინ იქნება შემდეგი?». არსებობს თუ არა დღეს რეალურად ასეთი საფრთხე? ხელისუფლება ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ დაპატიმრებულები საჯარო მოხელეები არიან და თავისუფალ მედიას საფრთხე არ ემუქრება.
– მართალია, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ დაპატიმრებულები საჯარო მოხელეები იყვნენ, თითოეული ჩვენგანი კარგად იცნობს ირაკლი გედენიძეს, ზურა ქურციკიძესა და გია აბდალაძეს და ყველამ იცის, რომ ისინი ფოტორეპორტიორები არიან. შეიძლება საზოგადოება მოატყუონ, თითქოს დაპატიმრებულები ჩინოვნიკები არიან და მედიასთან საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით სიმართლე!
შეიძლება ითქვას, – ეს არის მესიჯი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ხვალ და ზეგ ჩვენც მოგვადგებიან და ვერაფერს გავხდებით. ხვალ მე, ჟურალისტი დიმიტრი ტიკარაძე, რომ დამიჭირონ, ესეც გაუვათ. ამ ხელისუფლებას სჩვევია ასეთი რაღაცები, რამეს ისეთს გააკეთებს, საზოგადოების რეაქციას დააკვირდება და, როცა ბრძოლას მოიგებს, თავისას აგრძელებს.
– რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ, მაგრამ შეხვედრის შედეგით ბევრი ჟურნალისტი უკმაყოფილო დარჩა.
– შეიძლება პირდაპირ ამ სიტყვებით ითქვას, ვანო მერაბიშვილი «გვეკაიფა». მე პირადად ამ შეხვედრიდან შედეგს არც ველოდებოდი, უბრალოდ, ჩემთვის, ინფორმაციის თვალსაზრისით, იყო ეს შეხვედრა საინტერესო და გავიგეთ, რომ თურმე მერაბიშვილსა და შს თანამშრომლებს ტელევიზორისთვისაც არ უყურებიათ და ისიც არ იცოდნენ, რომ საქმეს «გრიფით საიდუმლო» ადევს.
– რატომ იყო დახურული შეხვედრა, რომელსაც მხოლოდ შსს-ს მიერ შერჩეული ჟურნალისტები ესწრებოდნენ?
– ვფიქრობ, შს მინისტრთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო საჯარო. მას უნდა დასწრებოდნენ ჟურნალისტები და ვანო მერაბიშვილი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რაც გაბედა დახურულ შეხვედრაზე.
– რამდენად არიან ჟურნალისტები სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ?
– სოლიდარულები რომ არ ვიყოთ, ამდენიც არ შევიკრიბებოდით, თუმცა გაცილებით მეტი სოლიდარობა გვჭირდება.
– საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეთ, მათი მხრიდან თუ მოჰყვა გამოხმაურება?
– საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ გამოდიან და ხმამაღლა არ ლაპარაკობენ ამის შესახებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ისინი სერიოზულად არიან ამ საქმით დაინტერესებულნი. სხვადასხვა დიპლომატიური წრის წარმომადგენლისგან ჩვენ გვაქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს.
დიტო ჩუბინიძე,
«ალია ჰოლდინგის» ჟურნალისტი:
ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე ისეთი ხალხი მივიდა, პირადად მე, დიტო ჩუბინიძე, არც ერთ მათგანს პატივს არ ვცემ. ამ ჟურნალისტების მოტივია გრანტების მოზიდვა და ფულის შოვნა
– როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ფოტორეპორტიორების დაპატიმრება?
– ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ძველი ქართული ანდაზის ჭეშმარიტებას, რომ «მგელი არ მოშლის მგლობასა, კაი ყმა – მამაცობასა». კაი ყმისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს მთელი ჯაშუშომანია მიხეილ სააკაშვილის მანიაკალურ ვნებებთან რომ არის დაკავშირებული, ცხადია. სამივე ფოტორეპორტიორზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღებას გია აბდალაძეზე გავამახვილებ, რადგან ჩემი მეგობარი და «ალია ჰოლდინგის» რეპორტიორია. ეს არის უწესიერი და ვაჟკაცური პიროვნება, რომელიც ყოველთვის ცხელ წერტილებში მუშაობდა და სააკაშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო, რომ 26 მაისის სასაკლაო, როცა ქუჩაში ეყარა ათობით დასახიჩრებული და დასისხლიანებული ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მიცვალებული, ამ ფოტორეპორტიორებმა გადაიღეს და ეს ყველაფერი მათი წყალობით საერთაშორისო საზოგადოებამ იხილა. სააკაშვილმა შური იძია ამის გამო. გედენიძე მისი პირადი ფოტოგრაფი იყო და მარტო მისი დაჭერა ხელს არ აძლევდა, ეს ყველაფერი რომ შეეფუთათ, ისე აჩვენეს, თითქოს რაღაც აგენტურული ჯგუფი მოქმედებდა.
ჩვენი მიზანია მათი გათავისუფლება. უკვე ხელმოწერები შევაგროვეთ და თავდებში ვუდგებით გია აბდალაძეს, რომ არ დაემალება გამოძიებას. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დამოკიდებულია სააკაშვილის ახირებაზე. მას უნდოდა დარბევის ამსახველი ფოტოების თვალიერებით პირადი სიამოვნება მიეღო, მაგრამ მას ეს სიამოვნება ჩამწარდა, რადგან ფოტოები უცხოეთშიც გავრცელდა. მან ეს ვერ გათვალა და ამიტომ ისჯებიან ეს ბიჭები. რა გეგმაზე საუბრობენ, ვის რაში აინტერესებს სააკაშვილის «დრაკულას ციხესიმაგრის» გეგმა?
– ჟურნალისტები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ. შედეგმა კი ჟურნალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
– სია შეადგინა ვანო მერაბიშვილმა და ის ჟურნალისტები შეარჩია, ვინც მას სურდა. ჩვენ არავის დავუპატიჟებივართ შეხვედრაზე. რა შედეგი უნდა მიგვეღო? ისეთი ხალხი მივიდა ვანო მერაბიშვილთან, პირადად მე, დიტო ჩუბინიძე, არც ერთ მათგანს პატივს არ ვცემ, შორენა შავერდაშვილსა და ზვიად ქორიძეს პატივს არ ვცემ.
– მაგრამ მათი შს მინისტრთან შეხვედრის მოტივი ხომ დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების გათავისუფლება იყო?
– ამ ჟურნალისტების მოტივია გრანტების მოზიდვა და ფულის შოვნა. ესენი იმ კატეგორიის ხალხია, «არც მწვადს რომ წვავენ და არც – შამფურს»; ხან ვანოს «ეკოკეტებიან» და ხან – თავისუფალ მედიას. აირჩიონ ბოლოს და ბოლოს – ვის «კარში თამაშობენ» და ვის მხარეს არიან.
– თქვენ გქონდათ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის სურვილი? იმ ჟურნალისტებისგან განსხვავებით, როგორ მოიქცეოდით, რას ეტყოდით მინისტრს?
– რომ გითხრათ, მერაბიშვილთან შეხვედრის დიდი სურვილი მქონდა-თქო, ტყუილი იქნება. მას რა უნდა ველაპარაკო? მერაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის ეს საქმე. მას არ დაუჭერია ეს ხალხი. ისინი სააკაშვილმა დაიჭირა. მერაბიშვილი არ წყვეტს ამას, ვინ ეკითხება მას ფოტორეპორტიორების გათავისუფლებას? კაცმა თქვა, არ ვიცი, თუ ჯაშუშები იყვნენ, ახლა გავიგეო.
მაგრამ, ვანო მერაბიშვილს რომ შევხვედროდი, ვეტყოდი, თუ კაცობის ნატამალი შეგრჩენია, გამოუშვი, ხომ იცი, ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან, უპირველესად კი – გია აბდალაძე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად უდანაშაულოა-თქო.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამივე დაპატიმრებულმა ბრალი აღიარა. ამ შემთხვევაში მაინც გაგრძელდება აქციები?
– 1937 წელს ყველა დაპატიმრებული საუკეთესო ქართველი აძლევდა აღიარებით ჩვენებებს ბერიას სასამართლოს, გამოძიებისა და პროკურატურის თანამშრომლებს, ეს მხოლოდ ზეწოლის შედეგია. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მათგანზე ზეწოლა განხორციელდა. მეუღლე იყო დაპატიმრებული და, მოგეხსენებათ, ცოლის ციხეში ყოფნა კაცისთვის რას ნიშნავს. დანარჩენებსაც რაიმე მიზეზს გამოუნახავდნენ.
ჩვენება, რომელიც აბდალაძემ მისცა, მიღებულია უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად. ვვარაუდობ, რომ როგორც მას, ასევე მის ოჯახს ყოვლად ამაზრზენი ფორმებით დაემუქრნენ. ვაჟკაცი კაცისთვის კი, მოგეხსენებათ ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ კაცი ხარ, ნებისმიერ დანაშაულს «აღიარებ».
აღსანიშნავია, რომ ეს, ამ ხელისუფლებისთვის, ჩვენების მიღების ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია.
– რა ფორმით გაგრძელდება ჟურნალისტების ბრძოლა?
– მშვიდობიან ბრძოლას გავაგრძელებთ. როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება.
მოამზადაშორენა ცივქარაშვილმა