Home რუბრიკები საზოგადოება ნუ გაიღიმებთ, ჩიტი არ გამოფრინდება!

ნუ გაიღიმებთ, ჩიტი არ გამოფრინდება!

აღიარებათა სერიალის მორიგი ეპიზოდი შინსახკომმა სულ ახლახან შემოგვთავაზა “ფოტორეპორტიორთა საქმის” მაგალითზე. ოთხი დაკავებულიდან ერთი შინ გაუშვეს (შაჰინ აივაზოვი), მეორე ბრალდებას უარყოფს (ზურაბ ქურციკიძე), მესამემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა (გია აბდალაძე), მეოთხემ კი (ირაკლი გედენიძემ) ბრალი აღიარა.  ნათია გედენიძე კი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომდე გაათავისუფლეს.
ხელისუფლებას კარგიც ხომ უნდა დაუნახო – სხვა თუ არაფერი, ცოლ-ქმრის ერთად დაპატიმრებას და ბავშვების უპატრონოდ დაყრას ცოლის გამოშვება არჩიეს. ჰუმანური საქციელია, მაგრამ სამი შვილის დედა – მაია თოფურია ჯერაც ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არც მას უღიარებია. სიმართლე უფრო მარტივი და პროზაულია; ერთადერთი აღიარება, როგორც ჩანს, სწორედ მეუღლის გათავისუფლების პირობით მიიღეს ირაკლი გედენიძისგან.

აღიარებათა უკვე ნაჩვევ კასკადში საზოგადოებას ყურადღების მიღმა დარჩა თავად სააკაშვილის კომენტარი, რომელშიც დიდი სტალინის ანალოგიით (“ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლი!”) მისი დაბადების დღეს დაბადებული სააკაშვილი ბრძანებს: “ჩემი შვილიც რომ დაკავდეს ამით, დაე, დააკავონ ჩემი შვილიც, მაგრამ ეს არ არის პარანოია, ეს, უბრალოდ, კანონის უზენაესობაა და ყველას თანასწორუფლებიანობაა. ისაა, რომ ჩვენ საქართველოში მერიტოკრატია შევქმენით”.
ვენედიკტოვმა შეიძლება არც იცოდეს საქართველოში გამეფებული “კანონის უზენაესობისა” და “თანასწორუფლებიანობის” შესახებ. შესაძლოა, არც იმაზე ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რა მერიტოკრატია ჰყავს დღეს საქართველოს. იქნებ სწორედ ამიტომ ურჩევნია საქართველოს პრეზიდენტს უცხოეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსულ ჟურნალისტებთან ხანგრძლივი ინტერვიუები, ხოლო ქართველ ჟურნალისტებთან საუბარს გაურბის. განა რომელიმე ჩვენი ჟურნალისტი გაუშვებდა შანსს ხელიდან, ჩაჰკითხვოდა იმაზე, რასაც ასე იოლად აჯერებს აქაურობის არმცოდნე სტუმრებს?
თუმცა, ტერმინს “მერიტოკრატია” მეტად საგულისხმო ისტორია და აწმყო აქვს და მას მოგვიანებით მივუბრუნდეთ, ახლა კი სააკაშვილის კომენტარს ჩავუღრმავდეთ. ეს რომ “პარანოია არ არის”, ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფსიქიატრის კომპეტენციაში შეჭრის უფლებას თავს ვერ მივცემ. ვერც მისი შვილის (უცნობია, ედუარდს გულისხმობდა თუ ნიკოლოზს) შესაძლო დაკავებაზე ვისაუბრებთ, მით უფრო, რომ სააკაშვილის ვერსიით, მისი ძალიან ბევრი ნათესავი უკვე მოხვდა გამოძიების ქვეშ და მათ პრობლემები შეექმნათ. ბადრი ბიწაძის გარდა, მის რომელიმე ნათესავს რომ პრობლემა შექმნოდა, ამის შესახებ უთუოდ ინფორმირებული ვიქნებოდით.
ნუ დავწვრილმანდებით, გაცილებით მნიშვნელოვანია ის აღიარებითი ჩვენება, რომელსაც ამ ინტერვიუში თავად სააკაშვილი იძლევა: “მისი (იგულისხმება ირაკლი გედენიძე) დაკავების შესახებ ნახევარი საათით ადრე გავიგე. აქამდე საქმე უკვე მზად იყო და ეს საჩვენებელია. ანუ, ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა საქმე ჩემს გარეშეც მომზადდეს და ეს სწორიცაა”.
ყურადღება მიაქციეთ: საქმე უკვე მზად ყოფილა (?!) და შემდგომ ფრაზაში ც ნაწილაკის ხმარება “ჩემს გარეშე”-სთან სწორედ საპირისპიროზე მიგვითითებს. გამოდის, რომ, როგორც წესი, საქმეები მის გარეშე არ მზადდება, მაგრამ ათასში ერთხელ “შესაძლოა მის გარეშეც მომზადდეს”. ვერაფერს იტყვი, ეს, ალბათ, ქართული “კანონის უზენაესობის” ნაციონალური თავისებურებაა.
ჟურნალისტური კორპუსი ღელავს და არცთუ უსაფუძვლოდ; თუ ფოტოგრაფია სამშობლოს ღალატი შეიძლება იყოს (?!), მაშინ ტექსტი ტერორისტულ აქტად შეიძლება შეფასდეს, ტე­რორისტებს კი ადგილზე ანადგურებენ. არაო, ბრძანა ხელისუფლებამ, ფოტოები კი არა, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების ფოტოპირები გადასცეს დაკავებულებმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურსო.
კეთილი და პატიოსანი, ჟურნალისტები არ არიან ვალდებული, მთელი ქართული კანონმდებლობა ზეპირად იცოდნენ, მაგრამ არც ერთ იურისტს არ დაუსვამს შეკითხვა: რატომ არ არის დაკავებული პრეზიდენტის კანცელარიის თუნდაც ერთი მუშაკი, ვისაც სამსახურეობრივად ევალება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაცვა და სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფა?
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იურისტი ნინო კალანდაძე საჯაროდ აცხადებს, რომ საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებზე ხელი მიუწვდება სამინისტროს აბსოლუტურად ყველა თანამშრო­მელს (ე.ი. ფოტორეპორტიორსაცო!). რატომ არ აკავებენ კალანდაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის საჯაროდ გადაცემისთვის? სპეცსამსახურები ხომ გვარიან ძალისხმევას ახმარენ იმ პირთა დადგენას, ვისაც შეიძლება ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებაზე! და მეორეც: პარლამენტის წევრობაგამოვლილი მინისტრის მოადგილისთვის მეტისმეტი ხომ არ არის ქართული კანონმდებლობის არცოდნა?
იურისტ ნინო კალანდაძისთვის უცნობია, რომ საქართველოს მოქმედი კანონი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” 28-ე მუხლით პირდაპირ მოითხოვს: “სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის გასაცემად პირის შემოწმებას ერთი თვის ვადაში ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”.
იქვე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ შემმოწმებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა თანამდებობის იმ პირთათვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის თაობაზე.
როგორც ირკვევა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს არ ანაღვლებს და საიდუმლო დოკუმენტებს, ვისაც არ ეზარება, ყველას აცნობს. თუმცა ნინო კალანდაძისა რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა მთელ ამ ისტორიაში ვერც ვანო მერაბიშვილის უწყება გამოიყურება კარგად.  იმავე კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლს უშუალოდ მას ავალებს: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმ-მართველობის ყველა ორგანოში, აგრეთვე, იმ დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და საწარმოში, რომელთაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ ამგვარი კონტროლი განეხორციელებინა, სახელმწიფო საიდუმლოებას “ნებისმიერი თანამშრომელი” ვერ გაეცნობოდა და, თუ ეს მაინც მოხდებოდა, შესაბამისი სახელმწიფო მოხელე, სულ მცირე, სამსახურეობრივი გულგრილობისთვის მაინც უნდა მიეცათ პასუხისგებაში.
თუმცა თავი დავანებოთ კანონებს. ისინი თვით კანონმდებელსა და მათ აღმასრულებელს არ აინტერესებს. მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას აღარ სჯერა ამ “ჯაშუშური სერიალების”. თვით თეა თუთბერიძეც კი იძულებული გახდა, ეთქვა, რომ ამდენი “მგელი, მგელის” ძახილით მოსახლეობა ნამდვილი მგლის მოსვლასაც აღარ დაიჯერებს. დიახ, მასაც სააკაშვილივით წამოსცდა, “მართლა მგელი რომ მოვიდეს, აღარავინ დაიჯერებსო”!
ნებისმიერმა ჟურნალისტმა იცის, ფოტორეპორტიორი ისეთ რეჟიმში ცხოვრობს, მას რომ იმ ღონისძიების შინაარსი ჰკითხო, რომელსაც იღებდა, ვერ მოგიყვება. მისი მთავარი ამოცანაა, არ დაკარგოს კადრი, აკრიფოს ვიზუალი და შემდეგ ღონისძიებაზე მიასწროს. ფოტო მეხსიერების დოკუმენტია, უფრო სწორად, დოკუმენტირებული მეხსიერებაა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ბევრს ეცადნენ, ეს მეხსიერება ამოეშანთათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
ერთხელ, ბავშვობაში ნათესავთან წიგნებს ვათვალიერებდი. ერთ-ერთში უცნაურ სურათს გადავაწყდი: ჯგუფურ ფოტოებზე ზოგიერთი სახე მელნით იყო დაფარული. ამიხსნეს, რომ ეს ადამიანები “ხალხის მტრები” აღმოჩნდნენ, ამიტომ ყველა ფოტოზე მათი სახეები ამოიშალა. უმჯობესი იყო, თავად ეს წიგნები აეკრძალათ, რადგან ზოგიერთ ფოტოზე იმდენი მელნით დაფარული სახე აღმოჩნდა, რომ სულ რამდენიმე კაციღა იცნობოდა. სიტყვამ მოიტანა და საბჭოთა რეჟიმიც კი არ ერჩოდა იმ ფოტოების გადამღებთ, რომელზეც “ხალხის მტრები” აღმოჩნდნენ.
მშრალ შიმშილობაზე მყოფმა გია აბდალაძემ სააკაშვილს მიმართა: “ბატონო მიხეილ, მეოთხე დღეა, თქვენი უშუალო ბრძანებით პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა, ვფიქრობ, რამ გაგა­ღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამისთვის ვისჯებით?! ბატონო მიხეილ! მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ – თავს გავწირავ ჩემი სიმართლისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მართალი!
სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მედიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ხალხს. მე მართალი ვარ!!! მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია!!! ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით!!!”.
ეს სულისშემძვრელი წერილი სხვა ყველაფერთან ერთად იმაზეც მეტყველებს, რომ გია აბდალაძეს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიბრძნე შერჩენია. მერიტოკრატია, რომელსაც სააკაშვილი ახსენებდა, ერთგვარად უპირისპირდება არისტოკრატიასა და დემოკრატიას. მართვის ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველაზე ნიჭიერი ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ, მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური მდგომარეობისა.
“საყოველთაო თანასწორობის” მომხრენი ვარაუდობენ, რომ მერიტოკრატია ბიუროკრატიას განდევნის და საზოგადოების სტრუქტურას შეცვლის. სააკაშვილმა სწორედ ამ იდეების აპოლოგეტი ნეოკონსერვატორების გასაგონად ამცნო მსოფლიოს, რომ საქართველომ ეს ამოცანა უკვე დაძლია. ასეთი გლობალური მიზნების მიღწევის გზაზე კი რა ფასი აქვს თუნდაც ოთხი ფოტორეპორტიორის სიცოცხლეს?
ნანა დევდარიანი
P.S. პირველად ტერმინი მერიტოკრატია ინგლისელმა სოციოლოგმა მაიკლ იანგმა გამოიყენა 1958 წელს ანტიუტოპიაში “მერიტოკრატიის აღზევება 1870-2033”. მის მიერ აღწერილ ფუტურისტულ საზოგადოებაში პიროვნების მდგომარეობას მისი ინტელექტის კოეფიციენტი განსაზღვრავს. წიგნში ეს სისტემა რევოლუციას იწვევს: ხალხი ამხობს მისგან იზოლირებულ, ცინიკურ ელიტას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here