Home რუბრიკები პოლიტიკა კანდელაკის საფერფლე და საქართველოს კონსტიტუცია

კანდელაკის საფერფლე და საქართველოს კონსტიტუცია

საფერფლე

პარლამენტარებმა გასული კვირა საკმაოდ პათეტიკურ ნოტაზე, საფერფლის სროლით დაიწყეს. აჟიოტაჟმა ამ და სხვა უმნიშვნელო ინციდენტების გარშემო ხელი შეუშალა საზოგადოებას, კონცენტრირება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მოეხდინა, რომელიც ცალსახად ცხადყოფს, რომქართულმა ოცნებამძირითადი კანონი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

ნაციონალი, შემდგომ კი “ევროქართველი” (პრინციპში, რამ გაყო, მაგრამ მაინც) გიორგი კანდელაკი მაღალი საბრძოლო თვისებებით არასოდეს გამოირჩეოდა. 2008 წლის 22 დეკემბერს ის ტელეკომპანია “კავკასიის” სტუდიაში კოკა გუნცაძემ ისე გატყეპა, რომ ხელის განძრევა ვერ მოახერხა (უფრო სწორად, სცადა ჭიქის აღება, მაგრამ არ დასცალდა). მიუხედავად ამისა, კანდელაკმა არ გაითვალისწინა საბრძოლო ხელოვნება აიკიდოს ლეგენდარული ფუძემდებლის, მორიჰეი უეშიბას, შეგონება: “პროგრესი მოდის მათთან, ვინც ყოველდღე ვარჯიშობს. საიდუმლო ტექნიკაზე იმედის დამყარება კარგს არაფერს მოიტანს” და იმედი ქართველი პოლიტიკოსების ვიწრო წრეში გავრცელებულ საიდუმლო ტექნიკას _ საფერფლის ტყორცნას დაუკავშირა.

ქართული დემოკრატიის ისტორიაში საფერფლის გამოყენების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, მეხუთე მოწვევის პარლამენტში მოხდა. “ახალგაზრდა რეფორმატორები” მაშინ პარლამენტის შენობაში თავს ახლახან გარდაცვლილ ვახტანგ რჩეულიშვილს დაესხნენ (“ცისფრები” უწოდა და იმიტომ). ისინი ბევრნი იყვნენ, რჩეულიშვილი კი _ მარტო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია; მიხეილ მაჭავარიანმა საფერფლე ესროლა და თავი გაუტეხა. ამ ნივთის სროლა, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ძლიერ უყვარდა მიხეილ სააკაშვილს, თავის დროზე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მან ზურაბ ჟვანია სწორედ საფერფლით მოკლა, შემდეგ კი _ იმაზე, რომ საფერფლე კიდევ ერთ პრემიერმინისტრს, გრიგოლ მგალობლიშვილს, ესროლა (და მოარტყა). საფერფლეს არაერთ სხვა ინციდენტთან დაკავშირებითაც ახსენებდნენ და, შესაძლოა, ამიტომ გიორგი კანდელაკმა ჩათვალა, რომ მის გამოყენებას იოლად მოახერხებს. თუმცა სამგზის დეპუტატმა აშკარად არ გაითვალისწინა ჯერ კიდევ მუსასი მიამოტოს (1584-1645) მიერ ჩამოყალიბებული წესი: “ყველა ნივთის უკან აღმასვლისა და დაცემის რიტმი დგას. ამას ნათლად უნდა ხედავდე”. სწორედ ამ დროს ჩამოკრა უბედურების ზარმა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატებს _ ვანო ზარდიაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის დეპუტატთა ე.წ. სათათბირო ოთახში მოხდა: კანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა და ის შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. დასისხლიანებული კახიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასე დასრულდა გიორგი კანდელაკის მიერ საფერფლის სროლის საიდუმლო ტექნიკის პრაქტიკული გამოყენების მცდელობა. შაოლინის მონასტერში იტყვიან, “ვეფხვის სტილი აგრესიულია, გველის სტილი _ ნატიფი, ვირის სტილი კი _ იოლად ამოსაცნობი”.

ინციდენტი ამით თითქოს ამოიწურა, მაგრამ აქ შეიძლება დაისვას სავსებით ლოგიკური კითხვა: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, ოთარ კახიძეს, ჩვეულებრივი მოქალაქე გაუხეთქავდა თავს? _ მას, დიდი ალბათობით, დააკავებდნენ და დასჯიდნენ: სააკაშვილის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ციხეში ჩასვამდა; დღევანდელი, ალბათ, დააჯარიმებდა, თუმცა ეს ფაქტი სამართლებრივი რეაგირების გარეშე ნებისმიერ შემთხვევაში არ დარჩებოდა. ახლა კი არავის დასჯიან. როგორც ჩანს, ხელისუფლება გვთავაზობს, დაველოდოთ მომენტს, როდესაც ფსიქოპათი საფერფლით ვინმეს სიცოცხლეს გამოასალმებს.

დამატებითი პიკანტურობა ამ ისტორიას იმან შესძინა, რომ კანდელაკმა ზიანი თანაგუნდელს მიაყენა. პრინციპში, “სამიზნე #1” _ ვანო ზარდიაშვილი შეიძლება მათ თანაგუნდელად ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. ის სააკაშვილის მმართველობის წლებში ადეიშვილის ხელქვეითი იყო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში მუშაობდა, თუმცა ყველაზე სკანდალური 2010_12 წლების პერიოდი გამოდგა, როდესაც ზარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი გახლდათ. მას ყოფილმა თანამშრომლებმა ბრალი დასდეს, რომ 2012 წლის არჩევნების წინ ორგანიზებას უწევდა მანდატურების მომზადებას პოსტსაარჩევნო მიტინგების დასარბევად (იხ. “ახალი თაობა”, 08.11.2012), უზრუნველყოფდა მათ მობილიზებას “ნაცმოძრაობის” აქციებზე დასასწრებად და “ოცნების” აქციებზე მისვლას უკრძალავდა (“ტვ 9”, 27.10.12), მონაწილეობდა სასამართლოს შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებაში და ა.შ. როგორ მოხვდა ეს ადამიანი “ქართული ოცნების” სიაში, დღემდე ამოუხსნელია. მართალია, ნაციონალების ციტირება ძალიან ცუდ ტონად ითვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მიზანშეწონილია. ირმა ნადირაშვილმა ზარდიაშვილს შეახსენა, რომ ის ადეიშვილის მდივან-რეფერენტი იყო: “შემდეგ გიგი უგულავას კანცელარიის გამგე იყავით, შემდეგ იუსტიციის ყოფილი მინისტრის _ ზურაბ ადეიშვილის რეკომენდაციით, საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსად დაგნიშნეს. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის “მეცხრე არხი” გვიყვებოდა, როგორ აგზავნიდით ძალით “ნაციონალური მოძრაობის” მიტინგებზე ადამიანებს და, ვინც არ მიდიოდა, სამსახურიდან აგდებდით. მინდა, გულწრფელად გკითხოთ: რა უფრო სასაცილოა _ მე საკუთარ წარსულს რომ არ ვემიჯნები და ვამაყობ, თუ თქვენ, “ქართული ოცნების” პირველ მოწინავე რიგებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს რომ იცავთ და დამოუკიდებელ სასამართლოზე გველაპარაკებით?!” (“ინფო 9”).

მოკლედ, ამ თვითგამოცხადებულმა ვილჰელმ ტელმა საფერფლე ადეიშვილის მდივანრეფერენტს სტყორცნა და მოადგილეს მოარტყა.

საბედნიეროდ, ამ ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ რეპრესიული აპარატი გამოიყენონ, თუმცა იმის თქმა, რომ ახალი ხელისუფლება ძალადობაზე უარს ამბობს, არ შეიძლება. საქმე ის კი არ არის, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, ყოველ შემთხვევაში მათ დიდ ნაწილს, შეუძლიათ მოყვასს აგრესიულად და დაუნდობლად მოექცნენ (ნამდვილად შეუძლიათ), არამედ ის, რომ ძალმომრეობა, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკის ქვაკუთხედი, არსად გამქრალა.

“ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა, გაეტანა ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სურდა, და მან ეს გააკეთა ისე, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესის შესახებ დებატების გამართვაზე პრაქტიკულად უარი თქვა (განხილვა აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებდა). გაუნაწილებელი მანდატების გადაცემა პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის შესაძლებელს ხდის “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტზე კონტროლის შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მხარს (მაგალითად) ამომრჩეველთა მხოლოდ მესამედი დაუჭერს. “ეს არის ის მცირე ბონუსი, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობას პოლიტიკურ სისტემაში, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ოდნავ მოგვიანებით დასძინა, _ ეს სისტემა უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს, ერთი მხრივ, პლურალიზმსა და, მეორე მხრივ, სისტემის სტაბილურობის ინტერესებს შორის”. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ირაკლიმ ფრიად ოსტატურად გამოიყენა სიტყვა “სისტემა”, ამ განცხადებაში მეტი ცინიზმია, ვიდრე პესტიციდი თურქულ ბოსტნეულში.

ეს მხოლოდ ერთი (თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი) საკითხია, მთლიანობაში კი, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პერიოდში მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაიტანს ყველა იმ მუხლს, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ისეთი რედაქციით, როგორიც სურს, ხოლო პროცესის სხვა მონაწილეებს, ფაქტობრივად, “შირმის” როლის შესრულება და მეორეხარისხოვან საკითხებზე დისკუსიების გამართვა შესთავაზა.

ის, რომ დასკვნით ეტაპზექართული ოცნებასაკონსტიტუციო კომისიაში, ფაქტობრივად, მარტო დარჩა, ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს პროცესის ლოგიკური დასასრული და დიქტატის ბუნებრივი შედეგია. უმჯობესია, ყველამ იცოდეს, რომ ამიერიდან საქმექართული ოცნებისინტერესებზე მორგებულ ძირითად კანონთან გვექნება და არა კონსენსუსის შედეგად მიღებულ, მეტნაკლებად დაბალანსებულ დოკუმენტთან.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველაზე კარგად ამ დღეებში გიორგი მარგველაშვილის გარემოცვის, “ნაცმოძრაობის”, “ევროპული საქართველოსა” და მათთან აფილირებული არასამთავრობოების ხმა ისმის. ეს საზოგადოებას აბნევს და მის დიდ ნაწილს პასიური პოზიციის დაკავებისკენ უბიძგებს, რადგან არ სურს, ჩამოთვლილ ძალებთან, თუნდაც ირიბად, ასოცირებული იყოს. ივანიშვილის “გენიალური მიგნება” სწორედ ეს არის. მან ამ ჯგუფებს ტრიბუნა იმისთვის დაუთმო, რომ ხელისუფლების კრიტიკა მათი პათოლოგიური ამბიციების მხარდაჭერად წარმოჩენილიყო.

“საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური მოწყობის თაობაზე მიღებული იქნება ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე”, _ ნათქვამი იყო “ქართული ოცნების” 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში. დღეს ეს პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში ამტკიცებს.

როდესაც გიორგი კანდელაკი კოლეგას საფერფლეს ესროდა, სავარაუდოდ, არ ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ადამიანი მოეკლა, ძალზე პრიმიტიული ინსტინქტებით ხელმძღვანელობდა და სავარაუდო შედეგები გააზრებული არ ჰქონდა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მმართველ პარტიას არ შეუძლია, საკუთარ თავს შეზღუდვა დაუწესოს, თუნდაც ნაწილობრივ დაუქვემდებაროს კონტროლს ემოციები თუ მადა და ასეთ მომენტში ნამდვილად ემსგავსება ჰალსტუხიან ნეანდერტალელს საფერფლით ხელში. ასეა თუ ისე, კონსტიტუციის გაუპატიურებით სააკაშვილის სტილში “ქართულმა ოცნებამ” გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთპარტიული რეჟიმის ჩამოყალიბებისა და, შესაბამისად, გარდაუვალი კრახის მიმართულებით.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here