Home რუბრიკები საზოგადოება ჯანსუღ ჩარკვიანი : გალაკტიონ ტაბიძეა კომუნისტური გადმონაშთი? გიორგი ლეონიძეა გადმონაშთი თუ სიმონ...

ჯანსუღ ჩარკვიანი : გალაკტიონ ტაბიძეა კომუნისტური გადმონაშთი? გიორგი ლეონიძეა გადმონაშთი თუ სიმონ ჩიქოვანი?

GEWORLD.NET:
ჯანსუღ ჩარკვიანი პოეტია და ამით ყველაფერია ნათქვამი, რადგან პოეზია ქართველი კაცის ბუნებაშია ჩაწნული, პოეტობა კი ადამიანების სულთა მბრძანებლობაა, მაგრამ იგივ მონობაა თავისა (მეპატიოს ვაჟა ფშაველას ასეთი თავისუფალი ინტერპრეტირება). გასულ პარასკევს ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი “საქართველო და მსოფლიოს” მასპინძლობდა.

– ბატონო ჯანსუღ, თვლა არ აქვს, იმდენი ინტერვიუ ჩამოურთმევიათ თქვენთვის. თუ დარჩა ისეთი შეკითხვა, რომელსაც ჩვენი ამქრის წევრებისგან ელოდით, მაგრამ არ უკითხავთ?
– თქვენ ამას რომ მეკითხებით, უკვე ესაა იშვიათობა. ეს ერთი. ახლა, მთავარი: ჩემი ლექსები შეტანილი იყო სასკოლო სახელმძღვანელოებში. არც ერთ ჟურნალისტს არ უკითხავს, რატომ ამოიღეს ჩემი ლექსები სასკოლო სახელმძღვანელოებიდან.
რომ ეკითხათ, ვუპასუხებდი: ვინც გადაწყვიტა, რომ ჩემი ლექსები ესწავლათ ბავშვებს, იმას, ალბათ, ძალიან ვუყვარდი. ვინც უარმყო, იმას, ალბათ, ვძულვარ. ღმერთმა შეუნდოს ყველა მოძულეს, თუმცა სიძულვილით ქვეყანა არ აშენებულა.
– მაგრამ სწორედ ქვეყნის მოძულეებმა მაინცდამაინც თქვენი ლექსი ჰიმნად რომ აიტაცეს, ეს როგორ იყო?
– 40 წლის წინათ ვწერდი:
ძლივს, ძლივს ამოდის
მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.
ამ ლექსზე ჩემმა შვილმა მამუკა ჩარკვიანმა შესანიშნავი სიმღერა შექმნა. ამ სიმღერით შეუვარდნენ ყოფილ პრეზიდენტ შევარდნაძეს…
მე ლომებზე ვწერდი ამ ლექსს, რაინდებზე, მამულიშვილებზე, დღეს კი კურდღლების ქვეყანაში ვცხოვრობთ და აღარაფერი მიკვირს.
– ის “პოეტური ქმნილებანი”, რომლებითაც შეცვალეს თქვენი ლექსები სახელმძღვანელოებში, ფარდი თუ იყო თქვენი შემოქმედების?
– არ ვიცი. რამდენიმე კაცი მითხრეს, ვისაც, როგორც პოეტებს, მართალი გითხრათ, არ ვიცნობ. შეიძლება მართლაც კარგია ან შემტანს მოსწონს, მაგრამ ერთი რამ მიკვირს და ამას პირველად არ ვამბობ: იაკობ გოგებაშვილის “დედაენას”, რომელიც სხვადასხვა ვარიანტებით გამოდის, აწერია “იაკობ გოგებაშვილის “დედაენის” მიხედვით. შე უბედურო, ასეთი გენიოსი გყავდეს ქვეყანაზე და იმის “მიხედვით” აკეთებ? არ იყო ღირსი დიდი იაკობი, რომ აღორძინების ხანაში ბავშვებს მისი “დედაენით” ესწავლათ მშობლიური ქართული?! “აი იათი” დაეწყოთ, რომელიც ორივე მხრიდან ერთნაირად იკითხება.
“აი ვარდიო” მაშინ არავის უფიქრია. “აი ვარდი” ამ ქვეყნისაა. შემაძულეს, ბიჭო, ვარდი! წითელი ფერი თვითონ შეიძულეს, თითქოს წითელი ვარდით სააკაშვილი არ შევარდა პარლამენტში!
ფერების შეძულება რა საშინელებაა! ვინ არიან ესენი, საიდან გაჩნდნენ?! იქნებ, მშობლები არცა ჰყოლიათ ამათ?
– თქვენი პოემა “რწმენის კედელი” დაიწერა და გამოქვეყნდა იმ დროს, როცა თქვენი ხელდასმით “ცისკარმა” ჯერ გურამ ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანი” გამოაქვეყნა, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია” და ასე შემდეგ. არ იყო მაშინ ცენზურა?
– საოცარია – ცენზურა მაშინ იყო, თუ იყო, მაგრამ დათმობაზე რომ მიდიოდნენ, ეტყობა, ფიქრობდნენ – თუ რედაქტორი ვაჟკაცია, თუ პოეტი ვაჟკაცია, თუ პროზაიკოსი ვაჟკაცია, მაშინ ჩვენც უნდა გავბედოთ და ამათ შევეხიდოთო. ჭეშმარიტი მწერლობის ფასი როგორ არ იცოდნენ! ფაქტია, რომ ასე იყო. მაგრამ საწინააღმდეგო ფაქტებიც იყო, რა თქმა უნდა.
მაგალითად, სომხებმა ყველაფერი ქართულის წართმევა რომ მოინდომეს (ასეთი რამ დრო და დრო ემართება მათ ერთ ნაწილს), “ცისკარში” რეზო ჯაფარიძის წერილი დავბეჭდეთ. ტირაჟი მზად იყო, როცა ერთმა პოლიგრაფისტმა სტამბიდან დამირეკა: – ბატონო ჯანსუღ, იქნებ, ამოხვიდეთ, ჟურნალის მთელ ტირაჟს წვავენო. ავედი, რა თქმა უნდა, სტამბა გაზეთ “კომუნისტის” შენობაში იყო და ისღა მოვახერხე, რომ ექვსი ცალი გადავარჩინე: ორი მე დავიტოვე, თითო-თითო წავუღე რეზო ჯაფარიძესა და აკაკი ბაქრაძეს (მისი წერილიც იყო იმ ნომერში), ორიც საჯარო ბიბლიოთეკაში მივიტანე. ასე რომ, არსებობს ჟურნალის ეს ნომერი და მსურველს შეუძლია წაიკითხოს.
ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანს” თავდაპირველად ერქვა “მარცხნივ და მარჯვნივ”. ეს ნიშნავდა, თქვენი დედაცო! იმ მოთხრობაში ყველაფერი მაშინდელი ცეკას პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის გარშემო ტრიალებდა, რაც შეიძლება გადაულახავ ბარიერად დაგვხვედროდა წინ, და ამიტომ ვურჩიე გურამს, მოდი სათაური შევუცვალოთ და პატიოსანი თვალით დანახული ქვეყანა ვაჩვენოთ ხალხს-თქო. “თვალმა პატიოსანმა” გაამართლა.
მოთხრობა დაიბეჭდა. დამიბარა მაშინდელმა ცეკას მდივანმა იდეოლოგიის დარგში მიხეილ გოგიჩაიშვილმა, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა. მითხრა, რომ ამ პუბლიკაციისთვის ვიმსახურებთ მკაცრ საყვედურებს (იყო მაშინ პარტიული სასჯელს ასეთი ზომა). კი, ბატონო-მეთქი, მაგრამ გურამ ფანჯიკიძეს გაანებეთ თავი, ის რა შუაშია, იმან კი დაწერა, მაგრამ დაბეჭდვით მე დავბეჭდე და პასუხი მხოლოდ მე უნდა ვაგო, იმას შეეშვით-მეთქი.
ეს ამბავი მიუტანიათ მჟავანაძისთვის, თან უთქვამთ, რომ გურამ ფანჯიკიძეც დავიბარეთ და იმან განგვიცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანი რა შუაშია, მე დავწერე და პასუხი მე უნდა ვაგო. გაანებეთ ჯანსუღს თავიო.
მჟავანაძეს, იცით, რა უპასუხია? ორივეს თავი გაანებეთ, ეგეთი ძმობა მე ჯერ არ გამიგიაო.
იყო ასე და არ ვთქვა, არ შემიძლია.
ახლა ყველგან უბედურებას ეძებენ. ამ ძებნა-ქექვაში იქამდე მიდიან, რომ სტალინსა და ჰიტლერს ადარებენ ერთმანეთს. სირცხვილია! ჰიტლერი ებრაელებს ხომ მთლიანად გაწყვეტდა, მაგრამ შენ გგონია, სტალინის სამშობლოს დედას არ უტირებდა ბოლომდე? შენ კი სტალინის ძეგლს ანგრევ მის სამშობლო ქალაქში?!
– ესე იგი ჰიტლერის საქმეს აგრძელებ?
– ასე გამოდის… მე მაინც, იცი, ხალხზე ვარ უფრო ნაწყენი. გორში უნდა ეყვირათ. ან როგორ უსიტყვოდ დაანებეს ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის იმ უბრწყინვალესი მემორიალის აფეთქება, რომელზეც ღმერთი იყო გამოსახული ანგელოზებით. რის გადმონაშთს ბჟუტურობ, შე უბედურო, ვისი გადმონაშთი ხარ! არ წაუკითხავთ არაფერი, აზრზე არ არიან! ესე იგი, იმ დროში რომ დავიბადეთ, გადმონაშთები გვქვია? გალაკტიონ ტაბიძეა კომუნისტური გადმონაშთი? გიორგი ლეონიძეა გადმონაშთი თუ სიმონ ჩიქოვანი? ეგებ, კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, ლადო ასათიანი თუ მირზა გელოვანი, რომელიც ფრონტის წინა ხაზიდან წერდა:
მე დავბრუნდები, ო, დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ!
საბჭოთა პოეტებიდან პირველი ლექსი ლენინს გალაკტიონმა უძღვნა. გალაკტიონ ტაბიძეს ამხანაგი ვლადიმერ ილიჩი ფეხებზე ეკიდა, მაგრამ ამ ერთი უბედური ლექსით გზა გაუკვალა თავის გენიალურ პოეზიას. შენ ამაზე ილაპარაკე – ამ პოეზიაზე. ესენი რაღაცებს მიედ-მოედებიან, ოღონდ შეურაცხყოფა მოგაყენონ. ესაა საშინელება. დღეს რომ არის, ასეთი სიძულვილით სავსე ქვეყანა არც მინახავს, არც გამიგია.
– “რწმენის კედელს” ახლა დაწერდა ჯანსუღ ჩარკვიანი?
– ახლა ვერ დავწერდი. ისეთი უბედური დრო იყო მაშინ, რომ, თუ დაცარიელდებოდა სოფლები, დაიღუპებოდა საქართველო. მაშინ დავწერე იმიტომ, რომ ხმა ამომეღო და ხალხსაც გაეგო, რომ საქართველოა გადასარჩენი. გლეხი არის პიროვნება, ვისგანაც იწყება საქართველო. ახლა რა უნდა დაწერო, ვისთვის უნდა დაწერო, როცა სოფელი აღარ არსებობს და ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია, იარსებებს თუ არა.
– სამაგიეროდ სინგაპურიზაციაზე ლოცულობს და ტურიზმის მექად საქართველოს გადაქცევას ნატრობს.
– შეიძლება შენ ტურიზმზე გაგიჟდე და ხევსურეთში წაიყვანო, აჩვენო კოშკები. ხალხი რომ არ არის იქ, შატილში ხუთი მოსახლე რომ ცხოვრობს, თუშეთი რომ დაცარიელდა, რა ვუთხრათ, სად მივიყვანეთ?
– ნასახლარზე, ნასოფლარზე, სასაფლაოზე. ელდარ შენგელაიას და რეზო გაბრიაძის “არაჩვეულებრივი გამოფენაში” “ტინტორენტოს” ბიუსტების გამოფენადქცეულ სასაფლაოზე…
– სიტყვის თავისუფლება მაშინ კი არ არის, შენ რომ საკუთრად გაქვს 8 ტელევიზია, ოპოზიციას კი – ორი, მარტო თბილისს რომ ფარავს, თავისუფლება იყო 70-ათასიანი ტირაჟის მქონე ჟურნალი “ცისკარი”, სადაც რასაც გვინდოდა, იმას ვწერდით და ვბეჭდავდით, და ამის სათავეში იდგა პირველი რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე, რომლის გზასაც ვაგრძელებდი თითქმის 12 წლის მანძილზე. ჭაბუას არც ეგონა, რომ “დათა თუთაშხიას” დავბეჭდავდი. მე ვუთხარი, არა მარტო დავბეჭდავ, არამედ სეთურის სოფლისა და ციხის ამბები გააძლიერე და ისე გამოვაქვეყნებ-მეთქი. გავამწვავებინე. თავიდან დაწერა.
პარლამენტში რომ ვიყავი, მივდექ-მოვდექი და გამოვკითხე კოლეგები. იცით, რა გაირკვა? უმეტესობას არ წაეკითხა “დათა თუთაშხია”, კინოფილმი ჰქონდა ნანახი…
– რუსთაველის ეროვნული პრემიით დაწყებული მრავალი სამწერლობო პრემიის ლაურეატი ხართ. ერთ-ერთი მათ შორის, თუ არ ვცდები, რუსულენოვან მწერალთა საზოგადოების პრემიაა. რუს მწერლებთან თქვენს დამოკიდებულებაზე მინდა შეგეკითხოთ.
– ეს საზოგადოება ყოველწლიურად საქართველოში ატარებს ხოლმე ფესტივალს. იქ არიან გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ქართულ და რუსულ პოეზიას, მეგობრულ ურთიერთობას ხელი შეუწყვეს თარგმანებით ან სხვა საშუალებით.
ერთხელ რუსულ გაზეთს მივეცი ინტერვიუ და ვუთხარი: არ გეგონოთ, რომ მე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ვიჩოქებ ლენინის, ხრუშჩოვის თუ ბრეჟნევის რუსეთის წინაშე. ჩემი რუსეთია პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი, ჩემი რუსეთია ბელა ახმადულინა, ევგენი ევტუშენკო, ანდრეი ვოზნესენსკი, რიმა კაზაკოვა, იუნა მორიცი, იური რიაშენცევი, რობერტ როჟდესტვენსკი, სხვები და სხვები.
რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც ურთიერთობა უნდა გქონდეს! რატომ უნდა ვიყოთ გამორჩეულები და მხოლოდ ჩვენ რატომ უნდა ვიგინებოდეთ და ვილანძღებოდეთ?! არ შეიძლება სულ ერთ ტანკში შეძრომა.
– რომელსაც აწერია, Made in USA?
– არ შეიძლება! ჩვენ სულ გვგონია, რომ, თუ ვართ ერთი ვიღაცის, ჩვენი ბედნიერებაც ესაა. არავისიც არ უნდა იყო! უნდა ეკუთვნოდე შენს თავს და გახსოვდეს, “ვისი გორისა ხარ!” მაგრამ ყველასთან საერთო უნდა გამონახო.
– რუს მწერლებთან თქვენი ურთიერთობის რომელიმე ეპიზოდს ხომ არ გაიხსენებთ? აგენტობად, მგონი, არ ჩაგითვლიან…
– მოსკოვში ვართ, მწერალთა ყრილობაზე: ნოდარ დუმბაძე, თამაზ ჭილაძე, არჩილ სულაკაური და მე. ცხადია, საღამოობით ვიკრიბებით და პურსა ვჭამთ. წინადადება შევთავაზე, არ გვინდა ფულის შეგროვება, მოდი, ყოველი დღის მასპინძელი ცალ-ცალკე ვიყოთ-მეთქი. ყოველ საღამოს რუს მწერლებს ვიწვევდით, ჩვენს სამეგობროს. ფაქტობრივად, ერთი და იგივე ხალხი იყო.
დადგა ჩემი მასპინძლობის დღე. კარგი სუფრა გავშალე რესტორანში. მაშინ თბილისში ასეთი წესი იყო: სუფრის ხარჯის გასტუმრება მოსწრებაზე იყო. რომელიმე სტუმარი სუფრიდან შეუმჩნევლად გაიპარებოდა, გადაიხდიდა დანახარჯს და ასევე შეუმჩნევლად შეუერთდებოდა მეინახეებს. პურობის დასასრულს მასპინძელი ანგარიშის გასასწორებლად ოფიციანტს რომ იხმობდა, ყველაფერი გასტუმრებული დახვდებოდა.
ჰოდა, ვიქეიფეთ. შესანიშნავი საღამო იყო – ძმობის, მეგობრობის, ლექსისა და სიმღერის ზეიმი. შუა სუფრიდან გავიპარე, გადავიხდი ფულს, ვინმემ არ დამასწროს-მეთქი. საქმეში ხარ? ბელა ახმადულინა რომ მოსულა, წინასწარ სამი ათასი მანეთი დაუტოვებია, დანახარჯი აქედან აიღეთო!
ეს რა ჰქენი, ბელა-მეთქი? ისე მოვიქეცი, როგორც ქართველები იქცევითო, მიპასუხა!
ეს ერთი. ახლა მეორე.
ბელამ ლექსების წიგნი “Сны о Грузии” მიიტანა მოსკოვის ერთ-ერთ გამომცემლობაში. დაბლოკეს. არ გამოუცეს. აქედან შევუთვალეთ, ჩამოდი, ჩამოიტანე ის წიგნი და ჩვენ გამოვცემთ-თქო. “მერანში” დავბეჭდეთ.
მოსკოვში რუსულად თარგმნილი ჩემი ლექსების ერთტომეული უნდა გამოცემულიყო. დამირეკეს, კორექტურაა წასაკითხი და ან ჩამოდი, ან ჩამოვალთო.
მოვიპატიჟე. ჩამოვიდნენ. ერთი კვირა ვიგრიალეთ.
– ამასობაში კორექტურაც გასწორდა?
– კორექტურაც გასწორდა უმაღლეს დონეზე… ერთხელ ვიტალი კოროტიჩმა დამირეკა კიევიდან, ვიცი, კიევური კატლეტები და ლუდი რომ გიყვარს, მოჰკიდე ხელი ირმას და ჩამოდიო. ჩავედით – ლუდზე კი არა, მეგობრის დაძახილზე. ასე წავედით მე და არჩილ სულაკაური თბილისს დაძმობილებულ საარბრიუკენში გერმანელ პოეტ ბუხგორნის მიწვევით… იყო ასეთი მეგობრობა და არასოდეს მიგრძვნია, რომ ეს არის საბჭოთა, ის გადამთიელი.
დღეს ჩემს რუს მეგობარ მწერლებზე ცოტა ნაწყენი ვარ, რადგან არ იღებენ ხმას ისე, რისი ღირსიც ჩვენი მეგობრობა იყო.
– ჩვენი ბრალიც ხომ არ არის?
– ჩვენი ბრალიცაა. მაგრამ თქვი, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ: ამ ხელისუფლებას კი არ ვემხრობით, მაგრამ მითხარით, რა დააშავა ამ ხალხმა – ერთმა, მეორემ?
თუმცა რა? სხვას რას უსაყვედურებ, როცა ქართველი ხალხის ერთობა ვერ ჩამოყალიბდა. მორწმუნეობაზე თავს რომ ვდებთ, იმაზეც ვიფიქროთ, რას ნიშნავს ერთი, ერთობა: ღმერთია ის. და თუ ქვეყანა არ გაერთიანდა, ანუ არ გაღმერთიანდა, არაფერი გამოვა. მარტო მწარე შეძახილებითა და გინებით არაფერი გვეშველება. საქმეა საჭირო. 200 ათასი კაცი რომ გამოვა და – უშედეგოდ, აღვშფოთდებით, მოგვატყუეს და უკან გაგვიშვესო. მაგრამ არ უნდა დაამადლო, ბიჭო, – რომ გამოხვედი. შენ გგონია, რომ გამოხვედი და გათავდა? არა! უნდა დადგე მანამდე, სანამ ეს უბედურება არ მოგვშორდება.
– დადგე იქ, “სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოზი”?
– დიახ.
და ჯანსუღ ჩარკვიანი ასე ამთავრებს ინტერვიუს:
– ხომ გახსოვთ, აკაკი წერეთლის ბრწყინვალე სტროფი-ვედრება:
დედაშვილობამ, ბევრ არ გთხოვ,
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა – ფირუზ, ხმელეთ – ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო.
რამ დააწერინა, ამისი ღმერთი არ იყოს! მე რა ვქნა, მე, ვინც აკაკის გზით დადის, თორემ ესენი სადაც წავლენ, იქ იქნება მათი სამშობლო. ამათ მშობლიური მიწა არ გააჩნიათ. ქვეყანას მართავენ არაეროვნული ადამიანები და ესაა ჩვენი უბედურება.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
სახლი ჯვარცმულთა
ბნელმა მოიცვა დედამიწა
და ვერა ხვდებით,
რად გინდათ ფარი, როცა დგეხართ
ჩაგებულ ხმლებით.
ავაზაკის წინ, მუხლმოყრილი
მონა ხარ, მონა,
იუდამ იცის ოცდაათი
ვერცხლისა წონა.
მაშ იუდაზე უარესი
ვით გავჩნდით ხალხი?
მალე ჩვენს მიწას დაერქმევა
“ჯვარცმულთა სახლი”.
სულს, არაწმინდას, თუ განწმინდავს –
სიმართლე ღვთისა,
დღეს საქართველო, ჩვენმა მტერმა
გაითავისა.
აღიარე რომ ცოდვილი ხარ,
სავსე ხარ ცოდვით,
შენ გგონია, რომ მარადისობ
და აქვე ცხონდი.
იმ ძველ ტიკებში, ახალ ღვინოს
ჩაასხამ ვეღარ,
გადახმა ფესვი, შენ რომელსაც
წყევლიდი დღე-ღამ.
სიკეთეს ებრძვის ბოროტება,
იმარჯვებს კიდეც.
რასაცა დასთეს, დიახ, დიახ
იმასვე მკიდე.
 
დღეს, ავყიათა სიყვარულით,
რას ვეტყვით მოდგმას,
ჩვენ აღარ ვეძებთ სათნოებას,
არყოფნის დრო დგას.
შენ ხარ, ურწმუნო, ესე იგი
შენს მიწას მოწყდი,
შენ მხოლოდ ის გწყინს, უმადურო, –
მე შენგან რომ მწყინს.
აღარ არსებობს სისხლის წყარო, –
ისიც კი დაშრა,
შენ, არ იტირო, ძველებურად
იძახე – “ვაშა”.
ისე გაქრები, არ გექნება
ის ძველი კერა,
საგონებელშიც ვერ იქნები,
ვერა და ვერა.
მადლობა უფალს, რომ ქართულად
დამწყევლი ვეღარ,
შენ მშობლიურად ვერასოდეს
ვერ ამოღერღავ.
ახლა, მივმართავ მონებსა და
მივმართავ მუნჯებს,
ნუთუ არ გახსოვთ ძველი სისხლი,
ძველი საუნჯე.
ღვთიშობლის კარზე, დამიჯერეთ –
უფალი მოდგა,
გადავარჩინოთ, ცრემლიანი, –
ცოდვილთა მოდგმა.
უფალი ჩვენსკენ ნუ გგონია
არ იხედება,
გზაა მართალთა,
უღმრთოთა გზა წარიხვეტება.
და თუ დავბრმავდით, არ ჩაგვთვალეს
მხილველთა ღირსად,
ბრმა ვერ იქნება ვერასოდეს
მეგზური ბრმისა.
ჯანსუღ ჩარკვიანი
 
 
 
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here