Home რუბრიკები პოლიტიკა ნეოჯვაროსნობა ცეცხლით და მახვილით, ანუ დემოკრატიის M-16

ნეოჯვაროსნობა ცეცხლით და მახვილით, ანუ დემოკრატიის M-16

GEWORLD.NET:
1096 წელს რომის პაპ ურბან II-ს ინიციატივით მუსლიმანთაგან წმინდა ქალაქის _ იერუსალიმის და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ომები დაიწყო. ეს იყო ქრისტიანული რელიგიით შენიღბული ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული ომები, ევროპაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ რომ განაპირობა. კერძოდ, იმ დროისთვის ევროპაში უამრავი ღარიბი რაინდი დადიოდა, თავს ძარცვა-გლეჯით რომ ირჩენდნენ. ასევე მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ამიტომ ორგანიზებული ლაშქრობა მუსლიმანთა წინააღმდეგ, რომელთა ზღაპრულ სიმდიდრეზეც მითები ყვებოდნენ, თითქმის ერთადერთი შანსი იყო გაღატაკებული მოსახლეობისთვის სიმდიდრის მოსაპოვებლად. თავის მხრივ, პაპს იმედი ჰქონდა, რომ ამ ლაშქრობების შედეგად მისი ძალაუფლება და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლები გაიზრდებოდა.
ჯვაროსნული ომები, ანუ დაპყრობები ქრისტიანობის სახელით საუკუნეები გაგრძელდა. ჯვაროსნების მცდელობამ _ დაპატრონებოდნენ აღმოსავლურ სამყაროს, კრახი განიცადა და დამარცხებულებმა დატოვეს აღთქმული მიწა.
პარადოქსია, მაგრამ “ჯვაროსნული ომები” ახალი ენერგიით დღესაც მიმდინარეობს აღმოსავლური სამყაროს წინააღმდეგ. თითქოს ცივილიზებული დასავლეთი XXI საუკუნეშიც იმავე მეთოდით აგრძელებს ცხოვრებას. თუკი ჯვაროსნებისთვის რელიგია იყო საფარველი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, დღეს ამერიკა აღმოსავლეთში არსებული სიმდიდრეების დაპატრონებას დემოკრატიის სახელით ცდილობს.
“დემოკრატიული იმპერიალიზმი”
ცივ ომში საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ აშშ მსოფლიოს ერთპიროვნულ ლიდერად გადაიქცა, რამაც მისცა შესაძლებლობა, განეხორციელებინა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დემოკრატიის, როგორც გამარჯვებული იდეოლოგიის, ექსპორტი. სინამდვილეში ამერიკამ წამოიწყო ვესტერნიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს არადასავლური საზოგადოების “უნივერსალურ ცივილიზაციასთან” ზიარებას, ამერიკული ფასეულობების “ნებაყოფლობით” თუ ძალდატანებით დანერგვას, ერთი სიტყვით, _ სრულმასშტაბიანი ექსპანსია დემოკრატიის სახელით ჰეგემონიის დასამყარებლად.
ზოგადად ჰეგემონია ისეთივე “მხცოვანია” როგორც კაცობრიობა, მაგრამ ამერიკის სწრაფვა პირველობისკენ გამოირჩევა თავისთავადობით, გლობალური მასშტაბებითა და განხორციელების საშუალებებით. უდიდესი ფინანსური რესურსები, უძლიერესი სამხედრო შესაძლებლობები და ყველასთვის საოცნებო “ამერკული დემოკრატია” მას აძლევს შესაძლებლობას, იქონიოს ზეგავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, დაამყაროს “მსოფლიო წესრიგი”, შეცვალოს არასასურველი რეჟიმები “დემოკრატიის სახელით”, რადგან სწორედ  თეთრი სახლის მიერ “დემოკრატიის სახელით” ხელდასმული მარიონეტები უზრუნველყოფენ ამერიკის ინტერესების გატარებას თავიანთ ქვეყნებში.
ახალი ჯვაროსნული ომები დემოკრატიის სახელით
ჯვაროსნებთან ამერიკის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მსგავსება თვალშისაცემია. კერძოდ, ჯვაროსნებმა, რომლებიც ქრისტიანებისა და წმინდა მიწის დაცვაზე აცხადებდნენ პრეტენზიას, ახლო აღმოსავლეთის კოლონიზაციის შემდეგ მთლიანად დატოვეს ფეოდალური წყობა და გამდიდრების სურვილით შეპყრობილებმა ადგილობრივი მუსლიმანი, ებრაელი და ქრისტიანი მოსახლეობის ექსპლუატაცია გააჩაღეს. ამრიგად, ჯვაროსნები ევროპელი კოლონისტები იყვნენ, რომლებიც სხვის ქვეყნებში ომობდნენ და მიზნად ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ძარცვა-გლეჯას ისახავდნენ.
იგივე სიტუაციაა დღესაც ერაყსა და ავღანეთში, სადაც, წლებია, “მოდერნიზებული” კოლონიური რეჟიმია დამყარებული. ერაყის ოკუპაციის რეალური მიზანი, არა ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის შეცვლა ან მის “ხელთარსებული” ატომური იარაღის განადგურება, არამედ ერაყის ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. იმავე მიზანს ემსახურება “დემოკრატიის ჭურვებით” ლიბიის დაბომბვაც, რასაც უკვე ათი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ასევე, ამერიკის სასიცოცხლო ამოცანას და დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენს ირანში “დემოკრატიის ექსპორტი” და იქ აიათოლების თეოკრატიული მმართველობის შეცვლა დემოკრატიული ხელისუფლებით. სინამდვილეში კი გაზისა და ნავთობის უდიდესი რესურსები, ამ ქვეყანას რომ გააჩნია, მთავარი სამიზნეა “ამერიკული დემოკრატიისა”. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ავღანეთსა და ერაყში განცდილი მარცხისა და ლიბიის წინააღმდეგ ომში  NATO-ს მიერ გამოვლენილი უუნარობის ფონზე, სამხედრო თვალსაზრისით, საკმაოდ ძლიერი და ანტიამერიკული ისტერიით შეპყრობილ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ამერიკის ხელისუფლებამ მისთვის სასურველი პოლიტიკური ცვლილებების მოხდენა შეძლოს.
ამერიკის ექსპანსიონისტური პოლიტიკა ცალყბად ანგელა მერკელმაც გააკრიტიკა: “ჩვენ 2001 წლიდან ვხედავთ, რომ ე.წ. ვესტმისტერული დემოკრატიის ექსპორტი ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ გამოვა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ პროცესს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, როგორ უნდა მოხდეს ის და, კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში, რა არის საჭირო, რადგან ამ დახმარებით პირიქით _ ქვეყნებს ხელი არ შევუშალოთ… არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება და ეს გაეროს კონვენციაა ადამიანის უფლებების შესახებ”.
“ყოვლისმომცველი ამერიკული სული”
ამერიკის ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე არ მოხდება. მაგრამ, ადგილობრივი ტრადიციების იგნორირებით, შეცვალოს ახლო აღმოსავლეთის ბუნება, დიდ წინააღმდეგობებს აწყდება, რაზეც, სხვა რომ არაფერი, ისლამურ სამყაროში მიმდინარე პროცესებიც მეტყველებს, რადგან კულტურული ასიმილაცია მიუღებელია კონსერვატიულად მოაზროვნე მუსლიმანური სამყაროსთვის, ვინაიდან ეს პროცესი გულისხმობს რწმენის _ ისლამის პრინციპების უარყოფას ამერიკული ფასეულობების სასარგებლოდ. ისლამი კი ისეთივე მნიშვნელობისაა აღმოსავლეთის მუსლიმანებისთვის, როგორიცაა ამერიკელებისთვის თავისუფლება და დემოკრატია. სწორედ იდეოლოგიური ინტერვენცია და მიუღებელი ფასეულობების თავსმოხვევა იწვევს წინააღმდეგობებსა და კონფლიქტს, რაც საბოლოო ჯამში რელიგიური ექსტრემიზმის სახეს იღებს.
ისლამზე მსჯელობისას პოლიტოლოგი ელ პაისი ამბობს: “ანომიის თავიდან ასარიდებლად მუსლიმანებს ერთი გზა დარჩათ, რადგან მოდერნიზაცია ვესტერნიზაციას გულისხმობს… დასავლური ცივილიზაციის პირველობა იმთავითვე უნდა იყოს გათავისებული, რათა მისგან ისწავლონ”.
როგორც ცნობილია, ამერიკისთვის ყველაზე ძლიერ წინაღობად ტერორიზმი იქცა, რასაც, წლებია, ებრძვის, მაგრამ უშედეგოდ. ორი სრულმასშტაბიანი ომი ერაყსა და ავღანეთში და ამ ომის შედეგად ისლამურ სამყაროში შექმნილი სამხედრო პლაცდარმები არ აღმოჩნდა საკმარისი ტერორიზმის დასამარცხებლად. უფრო მეტიც, ამერიკის ანტიტერორისტული პოლიტიკის გააქტიურებასთან ერთად ძლიერდება ტერორიზმიც. მართალია, ბენ ლადენის ლიკვიდაცია ძლიერი დარტყმაა “ალ ქაიდასთვის”, მაგრამ არა მომაკვდინებელი. ამიტომ ტერორიზმი დღესაც მსოფლიოსთვის ისევ გლობალურ საფრთხედ რჩება,  მაგრამ შტატები პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის მანკიერ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას  ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი: “როდესაც ამერიკულ დემოკრატიას, როგორც თავისუფლების იდეალურ ფორმას, ამერიკული გაგებით, თავს ვახვევთ ახლადფეხადგმულ დამოუკიდებელ ხალხებს, ჩვენ ამით ფესვებშივე ვუხშობთ მათ საკუთარი თვითმყოფადი განვითარების შესაძლებლობას”.
თუმცა ამერიკელი “ვესტერნისტები” არ ითვალისწინებენ იმ რეალობას, რომ მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე მიიღწევა და არადასავლური საზოგადოებისთვის არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს საკუთარი კულტურის, ტრადიციების უარყოფა და ყველა დასავლური ფასეულობებისა თუ ჩვეულებების ათვისება.
მაგრამ ამერიკის ექსპანსიონისტური პოლიტიკისთვის “ვესტერნიზაცია”, “დემოკრატიის ექსპორტი” თუ “უნივერსალური ცივილიზაცია” არის იარაღი მსოფლიო ჰეგემონიის დასამყარებლად და მნიშვნელობა არ აქვს, მიზანი  მახვილით, M16-ით თუ ტანკით მიიღწევა, მთავარია, აღმოსავლეთში არსებული ბუნებრივი რესურსების ათვისება.
ზურაბ ჯამბურია
P.S. რომის პაპმა ურბან II-მ 1095 წელს შემდეგი სიტყვებით მოუწოდა ევროპელებს ჯვაროსნული ლაშქრობების დასაწყებად: “გასწიეთ წმინდა საფლავისკენ. გაათავისუფლეთ წარმართებისგან და დაიმორჩილეთ ეს მხარე. იქაურ მიწას რძე და თაფლი სდის. იერუსალიმი უნაყოფიერესი მხარეა. იგი არის დედამიწის ჭიპი და მეორე სამოთხე. გიწვევთ იგი მიწა, ელოდება განთავისუფლებას და განუწყვეტლივ გთხოვთ დახმარებას”.
ამერიკასა და დასავლეთის ქვეყნებს დღესაც იზიდავს აღმოსავლეთის მდიდარი ბუნებრივი რესურსები, სადაც, მართალია, “რძე და თაფლი” არა, მაგრამ ნავთობი და გაზი და ზოგან ოპიუმიც უხვად მოიპოვება.
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here