Home რუბრიკები საზოგადოება სკამთაყვანისმცემელთა ქვეყანა

სკამთაყვანისმცემელთა ქვეყანა

699

GEWORLD.NET:
წერილი მეორე: “ეშმაკის პრეზიდენტი” და ეროვნული უთანხმოების მიზეზები
პირველი წერილი დავით აფრასიძის იმ შეკითხვით დავასრულეთ, რომლითაც პროფესორი თავის რექტორსა და თანამოაზრეს _ გიგი თევზაძეს მიმართავს: _ რისი ბრალია, რომ არ არის ასეთი თანხმობა? ანუ აინტერესებს, რა უშლის ხელს ეროვნულ თანხმობას.

ეროვნული თანხმობის არარსებობის პრობლემა პირველად არ დასმულა და მაინცდამაინც “ნაცხელისუფლების” მხარდამჭერი ამ ორი “ინტელექტუალურად ამხსნელის” განმარტების მოლოდინში არ უღამდება თვალები საზოგადოებას. ბუნებრივია, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. დიდი ორიგინალობით არ გამოირჩევა თევზაძის პასუხი, წინათაც არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი მოსაზრებები, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ ახსნას უძებნის გამოჩენილი პროფესორი ამ თანხმობა-უთანხმოებას:
“ახლა ეს თანხმობა უფრო მეტად არსებობს, ვიდრე 2007 წელს. 2007 წელს ნაციონალური პოლიტიკური კონსენსუსი უფრო არ იყო და ბევრი სწორედ ამ კონსენსუსის არარსებობის გამო დადიოდა ნოემბრის მიტინგებზე. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მარტივად იმის თქმა _ ყველა ეს პოლიტიკოსი და მიტინგებზე მისული ხალხი რუსეთის აგენტია, არასწორია. რა თქმა უნდა, მათი დიდი უმრავლესობა არ არის რუსეთის აგენტი და არც რუსეთის მხარდამჭერი. მაგრამ 2007 წელს მართლა ორად იყო გაყოფილი აზრი და იმიტომაც მივიდა იმდენი ხალხი მიტინგებზე. ამიტომაც იყო მხარდაჭერა, ამიტომაც გააკეთეს ინტელექტუალებმა ასე განზე გამდგომი შეფასებები: ისიც ცუდია, მაგრამ მე იმიტომ მივდივარ, რომ ის ან ეს ცუდი გამოვასწორო. ომმა თითქოს გააქრო ასეთი დისკუსიის შესაძლებლობა. რუსეთმა და ბურჯანაძემ კი იმის ჩვენება მოახერხეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ეროვნული თანხმობა. ეს ჩანს თუნდაც იმ ხალხის რაოდენობიდან, ვინც იმ მიტინგზე მივიდა და ვინც 27 მაისს (სინამდვილეში 28 მაისს. _ ბ. მ.) გამოვიდა და თქვა, რომ ესაა ორი მხარე და ჩვენ ორივე მხარეს არაძალადობისკენ მოვუწოდებთო. ეს, ცხადია, არ იყო რუსეთის მხარდაჭერა, უბრალოდ, ამ ხალხმა აჩვენა, რომ ჯერჯერობით ეროვნული კონსენსუსის არსებობაზე ლაპარაკი ადრეა”.
აქამდე ვიცოდით, რომ ხალხი 2007 წლის მიტინგებზე უსამართლობამ და ღირსების შელახვამ გამოიყვანა; ასევე, _ იმ გაცრუებულმა იმედებმა, ასე უხვად რომ ჩაუნერგეს “ვარდების რევოლუციის”, სინამდვილეში კი სასახლის კარის გადატრიალების მოთავეებმა. დღევანდელი კატასტროფული ვითარების ფონზე იქნებ დიდი ვერაფერი, მაგრამ ძნელი დასავიწყებელია ის აღვირახსნილი ქმედებები, რასაც ხელისუფლება მაშინ სჩადიოდა. კერძო საკუთრების ხელყოფით დაწყებული და ქუჩაში ახალგაზრდების უმოწყალოდ ჩახოცვით დამთავრებული _ ყველაფერი იკადრეს გუშინდელმა პლებეებმა, ახალი ელიტის ჩამოყალიბების გზაზე ყველასა და ყველაფერს რომ ანადგურებდნენ. აღარაფერს ვამბობ ქონების მოხვეჭის იმ ბინძურ მეთოდებზე, პირველ ხანებში ველური მეთოდებით რომ ახორციელებდნენ, შემდგომ კი საკანონმდებლო ცვლილებებით მოქმედების არეალიც გაიფართოეს…
ხალხი ქუჩაში უსამართლობამ გამოიყვანა. რა შუაშია ნაციონალური კონსენსუსი, როცა ყველამ კარგად იცოდა, ერთი და იგივე ნოტარიუსი შუაღამისას როგორ აფორმებდა მილიონიან ქონებას ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ პირებზე? გასაგებია, “კონსენსუსი” ის იქნებოდა, თუკი ეს ხალხი ქონებას ყოველგვარი სასამართლო დავის გარეშე, მართლა ნებით აჩუქებდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. ისინი ხომ ამას იმსახურებდნენ, ისინი გამარჯვებული იყვნენ, საკუთარ ხალხზე გამარჯვებული.
ვიცი, ოპონენტები მეტყვიან, რომ ის ქონება უკანონო გზით მოიპოვა იმ ხალხმა და უნდა ჩამოერთმიათო. არ გამოვრიცხავ, რომ მათმა ნაწილმა მართლაც მაქინაციებით მოიხვეჭა სიმდიდრე, მაგრამ შენ თუ კანონიერების სადარაჯოზე დგახარ და კანონის უზენაესობას აღიარებ, რატომ მიმართავ ბარბაროსობას და რატომ ანგრევ კერძო საკუთრებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე? აი, აქ დარწმუნდა ხალხი, რომ გულ-გვამში გამჯდარი ძალაუფლების წყურვილით გონებაგამშრალი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადამიანის ყველა უფლებას გადათელავდნენ საკუთარი მიზნის მისაღწევად.
კარგია, თუ იმაში მაინც არის დარწმუნებული პროფესორი თევზაძე, რომ “ყველა ეს პოლიტიკოსი და მიტინგებზე მისული ხალხი” რუსეთის აგენტები არ არიან. უბედურება მაშინ გენახათ, ხელისუფლება რომ დარწმუნებულიყო თითოეული მათგანის აგენტობაში. “მტრის ხატის” მოძებნით, შენი უსამართლობის წინააღმდეგ გამოსული ხალხის “მეხუთე კოლონად” გამოცხადება ყველაზე მარტივი (და სულელური) გამოსავალია. ესეც სცადეს, მაგრამ ის პოლიტიკოსები, ვისაც დოკუმენტური ფილმები მიუძღვნა “გვარამია ფიქჩერზსმა”, ახლაც პოლიტიკაში არიან, გვარამია კი “რა? სად? როდის?” შოუს ამარა დატოვეს და პეპელა-ჰალსტუხიანი შემოგვღიმის ტელეეკრანიდან. არ დაუფასეს დამსახურება… რატომ არ გაასამართლეს თუნდაც ერთი მათგანი ამ საშინელი _ სამშობლოს ღალატის _ ბრალდებით? იმიტომ, რომ ეს ბრალდება მხოლოდ პიარისთვის სჭირდებოდათ და რეალური გამოძიება საქართველოს სასამართლო სისტემის პირობებშიც კი ყველაფერს ნათელს მოჰფენდა.
მთავარი მაინც სხვაა _ ხელისუფლება და მისი იდეოლოგები, მიუხედავად მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებისა, მაინც ვერ მიხვდნენ, რას და რატომ აპროტესტებდა ხალხი. ამას იმ დროზე ვამბობ, რომელსაც პატივცემული პროფესორები მიმოიხილავენ, ანუ 2007 წლის აქციებს ვგულისხმობ. ახლა კი კარგად ჩასწვდნენ ხალხის უკმაყოფილების მიზეზს და “ნაცების” აგრესია ყოველგვარ მასშტაბს გასცდა. არც მაშინ დაუკლიათ ცემა-ტყეპა ამ “ეროვნული კონსენსუსის ხელისშემშლელებისთვის”. შემდეგ კი, როცა პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომა აიძულეს, “ყველა ის ხელკეტი მე მომხვდაო”, ფარისევლურად იკატუნებდა თავს “ეშმაკის პრეზიდენტი”. მაშინდელი ოპოზიციის სიდედლის გამო ისევ სკამთაყვანისმცემელი სააკაშვილი მოგვევლინა ქვეყნის მმართველად და მართლა “მეორედ მოსვლა” დაიწყო.
აგვისტოს ომზე, რომელმაც “თითქოს გააქრო ასეთი დისკუსიის (ისიც ცუდია, მაგრამ მე იმიტომ მივდივარ, რომ ის ან ეს ცუდი გამოვასწორო) შესაძლებლობა”, პირველ წერილშიც ვისაუბრე. ამ ომმა, ტრაგედიად რომ იქცა არამხოლოდ სახლკარდაკარგული დევნილი ადამიანებისთვის და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც მძიმე დაღი დაასვა, დისკუსიის შესაძლებლობა კი არ გააქრო, პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა მისი აუცილებლობა. პრეზიდენტის საქციელმა გორში და მთავრობისა თუ პარლამენტის წევრების ქვეყნიდან დაოთხილმა გაქცევამ ხალხი განსაკუთრებით დაზაფრა _ თურმე გარე აგრესიის პირობებში ქვეყანა სრულიად დაუცველი ყოფილა. რისი იმედი უნდა ჰქონოდათ უბრალო ადამიანებს, როცა ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ზრუნავდა?
ნუ იფიქრებთ, რომ ნიშნისმოგებით ვლაპარაკობ. ჩვენ ხომ ეროვნული კონსენსუსის არარსებობის მიზეზების გარკვევა გვინდა. რომელი ჭკუათმყოფელი მოიწონებს ხელისუფლების ასეთ საქციელს, როცა სასახლის ბუნკერში დამალული პრეზიდენტი თავისივე თანაგუნდელებს _ მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს _ დედაქალაქში დაბრუნებისკენ მოუწოდებს? ამ დროს ხალხი და ხელისუფლება ერთად უნდა დამდგარიყო და იმ უაზრო “სარკო-სარკოს” სამარცხვინო ყვირილი არც დასჭირდებოდათ. ქვეყნისთვის თავდადების მაგალითი კი ხელისუფალთ უნდა ეჩვენებინათ. აი, მაშინ კი ეს ერთსულოვნება მართლა უკან დაახევინებდა ყველაზე ძლიერ არმიასაც კი.
აგვისტოს ომმა “დისკუსიის შესაძლებლობა” კი არ გააქრო, ხალხი უფრო მეტად დააფიქრა იმაზე, თუ ვის ხელშია ჩვენი ქვეყანა. “მთავრობა არ ჩამოიშალაო,” _ ისეთი სიამაყით გვამცნო “გამარჯვებულმა მთავარსარდალმა”, თითქოს თითოეული ქართველის ოცნება მხოლოდ მათი ჩამოუშლელობა ყოფილიყო. სინამდვილეში კი სწორედ ამ ომმა ჩამოშალა მთავრობაცა და მთავარსარდალიც, რომლებმაც თავიც მოიჭრეს და ქვეყანასაც დიდი სირცხვილი აჭამეს. ამის შემდეგ რა ეროვნულ კონსენსუსზე შეიძლება ლაპარაკი?
“რუსეთმა და ბურჯანაძემ კი იმის ჩვენება მოახერხეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ეროვნული თანხმობა,” _ ამბობს პროფესორი თევზაძე. პირველ წერილში დავსვი ეს შეკითხვა და ახლა გავიმეორებ _ რა შუაშია რუსეთი ან ბურჯანაძე? იქნებ მე არ მესმის და ვინმემ ამიხსნას, ის ხალხი, თუნდაც ათასი კაცი ყოფილიყო, ისეთს რას აპროტესტებდა, რაც ხელისუფლებისთვის უცნობია? გასაგებია, რომ ხელისუფლების იდეოლოგებისთვის “ნაცების” თითოეული ნაბიჯი მოსაწონია, მაგრამ ხალხის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ვისი ბრალია?
ხელისუფლება თავისი არაადამიანური პოლიტიკის გამართლებას ყველგან ეძებს, საკუთარი შეცდომების აღიარებას კი ვერ ახერხებს. ეს რომ შეძლოს, ჯერ ქვეყნის ინტერესების პირადულზე მაღლა დაყენება უნდა ისწავლოს, რაც, ცხადია, უკვე გამორიცხულია.
ამიტომაც დასჭირდა ცნობილ რეჟისორს _ რობერტ სტურუას მასზე თავდამსხმელებისთვის ამგვარად ეპასუხა:
„…არ გიკვირთ, ასე რატომ გააფთრდნენ სწორედ ის ადამიანები, ვის ხელშიცაა ჩემი ბედკრული ქვეყანა? რატომ გაჰკივიან დუჟმორეულნი სწორედ ისინი, ვინც საქართველოში ყველაზე ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს (რაც გინდა, სულო და გულო, შენია)? ნუთუ იმიტომ ღელავენ, რომ ასეთი ჰუმანისტები არიან და ასე უყვართ მოყვასნი თვისი?! არა მგონია! წლევანდელი 26 მაისი სულ სხვას გვეუბნება!
მაშინ რა, ასე არაადამიანურად შესტკივათ გული აფრიკელი ველური ტომის შვილის გამო? ვერ მოგვატყუებენ _ არ დაგავიწყდეთ, შენიანს თუ უმოწყალოდ ექცევი, სხვას ვერ შეიყვარებ!
და როცა “ბარამბოს” რედაქტორის ბოროტებისგან შეცვლილ სახეს შევხედე, ყველაფერს მივხვდი! კონკიას დები გამახსენდა _ გამწარებულებმა ბროლის ქოში რომ ვერ მოირგეს! იციან, გრძობენ, ვინ არის ამ ქოშის ჭეშმარიტი მფლობელი და შხამიან ოფლში იწურებიან! იციან და პირველად რეალურად ხვდებიან, რა უბადრუკი დასასრული ელით.
‎მეც ვიცი, არა, მჯერა, არა, მწამს _ ადრე თუ გვიან ჩამოვა სხვენიდან ჩემი დაკონკილი საქართველო და ღიმილით მოირგებს იმას, რაც მას ასე უნამუსოდ წაგლიჯეს დედინაცვალმა და მისმა ნეობოლშევიკებმა“.
როცა მსოფლიოში ცნობილ ხელოვანს პროტესტის ამგვარად გამოხატვის სურვილი უჩნდება, მიზეზი შენს თავში უნდა ეძებო. მხოლოდ ასე შეძლებ შენი შეცდომების დანახვას და, თუ კარგად ჩასწვდები მის სიღრმეს, იქნებ კატასტროფაც აიცილო თავიდან. მაგრამ, თუკი ხელისუფლება იმგვარი ფორმით ეცდება მის გალანძღვას, როგორც ეს უშიშროების საბჭოს მდივნისა და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის _ გიგა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა “მოახერხა”, რასაც რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურის პასუხიც მოჰყვა და შემდეგ მისი გატაცებაც და საქმის გარჩევაც, მაშინ ნუღარ ელოდება, რომ ოდესმე მოხერხდება ეროვნული კონსენსუსის მიღწევა.
რაც შეეხება 28 მაისს ორივე მხარისთვის არაძალადობისკენ მოწოდებას, ეს ხალხის გულისთქმაა და მისი გამოხატვით მხოლოდ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკა კი არ დაგმო, ოპოზიციასაც მიუთითა, რომ ამგვარი ქმედებები მისთვის მიუღებელია და მხარს არ დაუჭერს.
სწორად მიმხვდარა ბატონი თევზაძე, ხალხი “გამოვიდა და თქვა, რომ ესაა ორი მხარე და ჩვენ ორივე მხარეს არაძალადობისკენ მოვუწოდებთო”. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ხალხი ორივე მხარეს _ სექტებად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს _ ემიჯნება, როცა ისინი ძალადობას მიმართავენ, რადგან ამ შემთხვევაში უბრალო ადამიანები იღუპებიან _ მომიტინგეები და პოლიციელები, რომლებიც, წესით, მშვიდობიანად უნდა თანაარსებობდნენ. ხელისუფლებამ კი ხალხი და წესრიგის დამცველები ერთმანეთს დაუპირისპირა.
ის ტრაგედია, რაც 25-26 მაისის ღამეს მოხდა, კიდევ დიდხანს შეგვახსენებს თავს. ნუ იფიქრებთ, რომ ზარზეიმებით, სტოუნებით, ბოტებითა და სტინგებით ამოშლით ხალხის მეხსიერებიდან იმ საშინელი ღამის კადრებს, ხოლო სპეცრაზმელებით გარშემორტყმული აღლუმისა და დამოუკიდებლობის ოცი წლისთავის ზეიმის ალყაში ჩატარებას რა აზრი ჰქონდა, მართალი გითხრათ, არ მესმის. ხალხს რუსთაველის პროსპექტზე მხოლოდ სპეციალური საშვებით უშვებდნენ და ეს თუ ეროვნული თანხმობის მიღწევას ემსახურებოდა, მართლა გაუგებარი ხდება თვით ამ თანხმობის არსიც კი.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სამართალდამცავებისა და ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა, უპირობოდ შეიძლება ითქვას, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. პოლიციელი ადამიანში შიშის გრძნობას კი არ უნდა იწვევდეს, არამედ, უპირველესად, _ უსაფრთხოების განცდას. ახლა კი ყველამ იცის, რომ პოლიციელის უნდა ეშინოდეს, რადგან მას ყველაფრის უფლება აქვს, დაუცველი ადამიანის პირისპირ მდგარს, და პასუხიც არ მოეთხოვება უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში. სხვას რას მივაწეროთ პოლიციის სამმართველოში მიყვანილი, ნაცემი და დამცირებული ადამიანისთვის ჯერ ულვაშების აგლეჯა და მერე, მაპატიეთ და, პირში ჩაფურთხება? პირდაპირ მაინც გითხრან “ნაცხელისუფლებამ” და მისმა იდეოლოგებმა, რომ პოლიციურ სახელმწიფოს აშენებენ და იქნებ მართლა მოიწონოს ხალხმა ამგვარი სახელმწიფო.
აი, ამიტომ ვერ ვაღწევთ ასე აუცილებელ ეროვნულ თანხმობას. მიზანი გვაქვს სხვადასხვა _ სკამთაყვანისმცემელი ხელისუფლება ძალაუფლების განმტკიცებასა და სიმდიდრის მოხვეჭას ცდილობს, ხალხს კი მშვიდი ცხოვრება და ელემენტარული არსებობა სჭირდება. ორივე ერთად არ გამოდის. ამიტომაც იმართება პერიოდულად “მაძღრების, გაუმაძღრებისა და მშივრების ომი” (ლაშა ბუღაძე). “ნაცხელისუფლება” საკუთარ უძლეველობაში დასარწმუნებლად მშვიდობიანი, მაგრამ ურჩი ხალხის დასჯასაც არ ერიდება და თან უკვირს, რატომ არ მოსწონთ, ბოლოსდაბოლოს, ვცემთ, ხომ არ ვხოცავთო.
თუ ასე აპირებენ ეროვნული თანხმობის მიღწევას, ძალიან ცდებიან. ასე მხოლოდ სიძულვილს მოიმკიან. უკვე მოიმკეს კიდეც და ამიტომაც არიან განსაკუთრებით აგრესიულები. თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.
ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here