ანკარა ბრიუსელს მოუწოდებს, საბოლოოდ განსაზღვროს სურს თუ არა ევროკავშირს თურქეთის თავის წევრად ხილვა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ტელეარხ Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ილდირიმმა აღნიშნა, რომ ევროპა არ მიისწრაფვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ ევროკავშირთან დადებული საიმიგრაციო ხელშეკრულების ფარგლებში.
„ჩვენ ევროკავშირს მოვუწოდებთ, გულწრფელი იყოს ჩვენი ევროკავშირში შესაძლო წევრობის საკითხთან დაკავშირებით. მათ უნდა განსაზღვრონ, სურთ თუ არა ჩვენი ხილვა ევროკავშირში. მიიღონ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ კი ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენს გეგმებს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით“.– განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ევროკავშირი არ ასრულებს თავის დანაპირებს ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაზე, რომელსაც თურქეთთან საიმიგრაციო ნაკადის კონტროლის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.
„ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა და ვიზალიბერალიზაცია – ეს დანაპირები არ სრულდება. სამი მილიარდი ევროს ნაცვლად ჩვენ ევროკავშირისგან 790 მილიონი ევრო მივიღეთ. ვფიქრობთ, ევროკავშირი თავის დანაპირებს არ შეასრულებს“. – დასძინა ბინალი ილდირიმმა.